ოთხშაბათი, 24.04.2024, 19:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ამერიკული ჯაზის შავი ჰერცოგი
15:00
ამერიკული ჯაზის შავი ჰერცოგი
დიუკ ელინგტონი ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ჯაზის ისტორიაში და, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, სრულიად ამერიკულ სამყაროში – საუბარია ამერიკელ კომპოზიტორსა და პიანისტზე, დიუკ ელინგტონზე. როცა გარდაიცვალა, იგი კიდევ უფრო დააფასეს, რადგან მისი მუსიკის თემატური ვარიაციები ბესტსელერებად იქცა. 

მუსიკოსი თავის სტილსა და ხმოვანებას ჯაზის ნაცვლად ამერიკულ ხმოვანებას უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ელინგტონის თანაგუნდელების დიდი ნაწილი დამოუკიდებლადაც თვალსაჩინონი იყვნენ, სწორედ დიუკის დამსახურება იყო მათი წარმოჩენა ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ საორკესტრო გუნდში. 

ედვარდ კენედი ელინგტონი, მოგვიანებით დიუკ ელინგტონი, 1899 წლის 29 აპრილს ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში, საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამა – ედვარდ ელინგტონი თეთრ სახლში მსახურთუფროსად მუშაობდა, დედა – ლეისი კენედი კი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. ამგვარად, ბიჭს მუსიკალური ნიჭი, რომელიც ბავშვობიდანვე გამოავლინა, დედისგან ერგო მემკვიდრეობით. 

ედვარდს დედა განსაკუთრებით უყვარდა და თითოეულ მის რჩევა–დარიგებას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებოდა. "დედაჩემი ძალიან ლამაზი და დახვეწილი ქალი იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი მამაზე", – იხსენებდა მუსიკოსი. 

1906 წელს ელინგტონი სკოლის პარალელურად ფორტეპიანოს კლასშიც შეიყვანეს. მანამდე 5 წლის ბიჭუნა ქალაქის ტაძრის გუნდში მიაბარეს, რადგან შეამჩნიეს, რომ არაჩვეულებრივი ჟღერადი ხმა ჰქონდა. 

დედამისი შვილს მხოლოდ დახვეწილი გემოვნებისა და მანერების მქონე მასწავლებელს თუ მიაბარებდა. ბიჭუნას აკრძალული ჰქონდა დაბალი ფენის ბავშვებთან თამაში და გართობა, რის გამოც ყოველთვის ნაკლებად გახსნილი ბავშვი იყო. დედამ საწადელს მიაღწია – მეგობრებმა ედვარდს საოცრად დახვეწილი ჩაცმულობისა და მანერების გამო ჰერცოგი ანუ დიუკი შეარქვეს, რამაც ბიჭზე მეტად დედა გაახარა. 

დიუკი ფორტეპიანოს გარდა გატაცებული იყო ბეისბოლით. თავისუფალ დროს, რომელიც დედის წყალობით ძალიან ნაკლებად თუ ჰქონდა, საყვარელი სპორტით ერთობოდა. სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა, მის გარეშე არც ერთი მუსიკალური და ინტელექტუალური კონკურსი არ ჩაივლიდა. 

დამამთავრებელ კლასებში მას ნიუ იორკის ხელოვნების ინსტიტუტში სწავლის გაგრძელება შესთავაზეს სრულიად უსასყიდლოდ, მაგრამ უარი განაცხადა, ოჯახის დასახმარებლად და გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ღამის კლუბში გამოსვლა არჩია. 

14 წლის დიუკს საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა. ბეისბოლის მატჩების მსვლელობისას რიგებს შორის მიწის თხილს ყიდდა, რასაც თავმომწონე დედა მდგომარეობიდან გამოჰყავდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, ბედს შეგუებოდა. 

1914 წლის ბოლოს ბიჭუნამ კაფე "სოდა ჯერკში" მიმტანად დაიწყო მუშაობა. მუშაობის პროცესში სულ ღიღინებდა, რაც კაფე–ბარის მფლობელს მხედველობიდან არ გამორჩენია და ბიჭს ღამით გამოსვლა შესთავაზა. 

როგორც იქნა, დიუკმა საწადელს მიაღწია. ამ პერიოდში შექმნა პირველი სიმღერა, რომელიც აღნიშნული კაფე–ბარის სახელითაა ცნობილი. ელინგტონის ერთ–ორ გამოსვლას მალე მოჰყვა მრავალ ცნობილ ბენდთან და მუსიკოსთან ერთად სიმღერა. ერთი წლის შემდეგ კი პერმანენტულად გამოდიოდა ისეთ ცნობილ პროფესიონალებთან, როგორებიც იმ დროისათვის იყვნენ ჰენრი ლი გრანტი და ოლივერ პერი. 

დიუკმა უამრავი კომპოზიცია შექმნა, რომლებიც მოგვიანებით თავის ალბომებში გადაანაწილა. ფორტეპიანოს გარდა უამრავ ინსტრუმენტზე ისწავლა დაკვრა. მსოფლიო პოპულარობის მოპოვება დიუკ ელინგტონის ცხოვრების მთავარ ამოცანად იქცა. თავდაპირველად გამოუცდელი ბიჭი მინიმალურ ანაზღაურებასაც კი თანხმდებოდა. 

დიუკის ადრეული მუსიკალური კარიერა 1917–30 წლებს მოიცავს, რომლებიც არცთუ წარმატებით გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, მას დიდი წარმატება ხვდა წილად პირად ცხოვრებაში. 1918 წელს, სახლიდან წამოსვლის შემდეგ (რაც განპირობებული იყო დედის ზეგავლენისგან თავის დაღწევის მცდელობით), დიუკს საშუალება მიეცა, სკოლისდროინდელ ერთადერთ სიყვარულზე, ედნა ტომპსონზე დაქორწინებულიყო. მაშინ მუსიკოსი მხოლოდ 19 წლის გახლდათ, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება კარგად ჰქონდა გააზრებული და გათავისებული. ელინგტონისათვის, როგორც ამას ყოველთვის აღნიშნავდა, ოჯახი წმიდათაწმიდა იყო. 

1919 წლის 11 მარტს ელინგტონი ბიჭუნას, მარსელ კენედი ელინგტონის მამა გახდა. 

1919 წლის ბოლოს დიუკმა საკუთარი ორკესტრი ჩამოაყალიბა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ექვსი კაცისაგან შედგებოდა. ისინი მაყურებლის წინაშე "დიუკ სერენდერსის" სახელით წარდგნენ. მათი დებიუტი ვაშინგტონის ერთ–ერთ ნაკლებად პოპულარულ კლუბში შედგა, მიღებული ჰონორარი კი მხოლოდ 75 ცენტს შეადგენდა. 

ბენდმა ხელშეკრულება გააფორმა ხმისჩამწერ სტუდია "კაპიტალ რიკორდსთან". ელინგტონი დაუახლოვდა კომპოზიტორსა და არანჟირების ოსტატ ბილი სტრეიჰორნს, რომელსაც ის საკუთარ ალტერეგოს უწოდებდა. წყვილის თანამშრომლობამ სიცოცხლის ბოლომდე გასტანა. აღსანიშნავია, რომ შავკანიანი დიუკის მიერ შექმნილ ბენდში წევრთა უმრავლესობა თეთრკანიანი იყო. 

1923 წელს ორკესტრის პირველი გასტროლი შედგა ნიუ იორკში, ამჯერად შეცვლილი სახელით "ვაშინგტონელები", ბენდის ლიდერად კი დიუკი დასახელდა. პირველი გასტროლის დამთავრებისთანავე ორკესტრის წევრთა რაოდენობა 17 კაცამდე გაიზარდა. მათი ჩანაწერები კი რამდენიმე ათეულ სიმღერასა თუ კომპოზიციას ითვლიდა. 

1930 წელს დიუკი ოჯახთან და ბენდთან ერთად ნიუ იორკში გადასახლდა. ბიჭებმა ხელშეკრულება გააფორმეს "კოტონ კლაბთან" და მათმა ანაზღაურებამ მკვეთრად იმატა. 

1931–35 წლებში "ვაშინგტონელების" პირველი საზღვარგარეთული გასტროლები შედგა. მათ კონცერტები გამართეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად წარმატებული გამოსვლებისა, ბენდმა ფინანსური კრახი განიცადა და რამდენიმე წევრიც დაკარგა, მაგრამ რამდენიმე ჩანაწერის გაკეთება მაინც მოახერხა. 

1935 წელს ბენდმა ევროპაში გასტროლები სასწრაფოდ შეწყვიტა. ამის მიზეზი კი ლიდერის დედის ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. დიუკმა დედას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ძლივს მიუსწრო. 

მშობლის სიკვდილმა ელინგტონი დეპრესიაში ჩააგდო. როგორც ცნობილი გახდა, იგი ნარკოტიკებსაც კი მიეძალა, რასაც თავად საგულდაგულოდ მალავდა და მუსიკალურ სამყაროში გაკეთებულ ორწლიან პაუზას ჯანმრთელობის გაუარესებით ხსნიდა. ბენდის დარჩენილი წევრები გამოსვლებს განაგრძობდნენ. 

სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით ელინგტონი მუსიკას დაუბრუნდა. გასული საუკუნის 40–იანი წლების ბოლოს მან ჩაწერა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა "დახვეწილი ქალბატონი", "კოტონ კლაბის ზღაპარი", "კო–კო" და "კოცნა". ახალი ალბომით "დიუკ ელინგტონი", შეიძლება ითქვას, მუსიკოსმა მსოფლიო გააყრუა. 

დიუკ ელინგტონი ხშირად გამოდიოდა ჯაზის დედოფალ ელა ფიტცჯერალდთან ერთად. 

როგორც აღვნიშნეთ, მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ წარმატებული იყო. მასზე ბევრი ცნობილი ლამაზმანი ნადირობდა, მაგრამ მუსიკოსის მეუღლე მისი ცხოვრების ერთადერთ განუყოფელ ნაწილად დარჩა. 

1965 წელს ელინგტონი ე.წ. პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა. მისი ბოლო ალბომი "თეთრი, შავი და ხორცისფერი" 1966 წლის ბოლოს გამოვიდა. ამის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დიუკი საზოგადოებაში სულ უფრო ნაკლებად ჩნდებოდა. 

1974 წლის 24 მაისს დიუკ ელინგტონი ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა. მის დაკრძალვას 12 ათასი კაცი ესწრებოდა. 



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1185 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები