ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ლაიზა მინელი: "რატომ ვცდები მამაკაცებში"
15:01
ლაიზა მინელი: "რატომ ვცდები მამაკაცებში"

ლაიზა მინელიგასული საუკუნის 40–50–იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯუდი გარლენდის ქალიშვილს ცხოვრებაში სხვა ინტერესი, კინოსა და სცენის გარდა, არც არაფერი ჰქონია. პატარაობიდანვე იცოდა, რომ ცხოვრებაში ისეთ რამეს მოჰკიდებდა ხელს, რაც საშუალებას მისცემდა, დედის მსგავსად პოპულარული გამხდარიყო. მან ეს შეძლო და დედას აჯობა კიდეც. ლაიზა მინელიმ დაიპყრო კინოსა და მუსიკის მოყვარულების გულები. 

ლაიზა 1946 წლის 12 მარტს დაიბადა. მამამისი ცნობილი რეჟისორი ვინსენტ მინელი გახლდათ, რომელიც ცნობილი იყო თავისი მიუზკლებით. მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა "ამერიკელი პარიზში" და "ჟიჟი" ოსკარები მიიღო. ლაიზა 4 წლის იყო, როდესაც მყარი ოჯახის ილუზია დაენგრა. მისი მშობლები გაშორდნენ. ამის შემდეგ ჯუდი გარლენდის კარიერა დაღმა დაეშვა. დედამ გადაწყვიტა, ქალიშვილის მომავალზე სათანადოდ ეზრუნა, ამიტომ ფრედ ასტერთან ცეკვის გაკვეთილებზე შეიყვანა. მალე ჯუდი მეორედ გათხოვდა, მაგრამ ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. მარტოდდარჩენილი გარლენდი ვერ შეეგუა არავარსკვლავურად ცხოვრებას და ფულის ეკონომიას. დედა–შვილს ფინანსური პრობლემები ხშირად ჰქონდათ. სასტუმროებიდანაც კი იპარებოდნენ, რათა ფული არ გადაეხადათ. ერთ დროს მაღალი წრის ოჯახი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. 20 წლის განმავლობაში ლაიზამ 20 სკოლა და 4 მამინაცვალი გამოიცვალა. 

ლაიზას კინოდებიუტი 3 წლის ასაკში შედგა ფილმით "დაუვიწყარი ზაფხული". 7 წლის იყო, როცა დედასთან ერთად, რომელიც მღეროდა, სცენაზე ცეკვავდა. 17 წლისამ კი დედასთან ერთად პირველად იმღერა დუეტში. 

დედას არ მოეწონა ქალიშვილის გადაწყვეტილება, როცა ერთ მშვენიერ დღეს ლაიზამ გამოუცხადა, რომ ჰოლივუდში მიდიოდა კინომსახიობის კარიერის გასაკეთებლად. ჯუდის სურდა, ქალიშვილი ესტრადას გაჰყოლოდა. იმდენად არ მოეწონა შვილის მსახიობური ვნებები, რომ უარი უთხრა ყოველგვარ დახმარებაზე. ამიტომაც ითვლება, რომ ლაიზამ კინოსამყაროში გზა სრულიად დამოუკიდებლად გაიკვალა. 

იმისათვის, რომ თავი გაეტანა, ლაიზას მანეკენად და თეატრში რიგით მოსამსახურედ მუშაობა მოუხდა. მალე მიხვდა, რომ სცენაზე უფრო იღბლიანი იყო, ვიდრე კინოში, ამიტომ სიმღერას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. 

1964 წელს ლიაზა მინელი უკვე წარმატებულ მომღერლად ითვლებოდა. მას კონცერტები ჰქონდა ამერიკაშიც და ევროპაშიც. ამის შემდეგ მას როლი შესთავაზეს მუსიკალურ სპექტაკლში "მარჯვენა ფეხით წინ". ბედის ირონიით, პრემიერის წინ სწორედ მარჯვენა ფეხი მოიტეხა და ვეღარ ითამაშა. სანამ გამოჯანმრთელდებოდა, ჩაწერა ალბომი "შენ შექმნილი ხარ სიყვარულისათვის". ალბომი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ლაიზას კონცერტები ანშლაგით მიდიოდა. 

თეატრის სცენას უკვე ვარსკვლავი მინელი მომღერლის რანგში დაუბრუნდა და ითამაშა სპექტაკლში "ფლორა – წითელი საფრთხე", რისთვისაც ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემია "ტონი" მიიღო. ჯუდი გარლენდი კარგა ხანი ვერ ურიგდებოდა შვილის ამგვარ პოპულარობას. როდესაც მსოფლიო პრესა აჭრელდა სათაურებით, რომ ლაიზა მინელის ვარსკვლავის ამობრწყინებამ ჯუდი გარლენდის ვარსკვლავი ჩააქრო, ამაზე ჯუდი მთლად გაგიჟდა და შვილთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ მალე შეეგუა ბედს და ქალიშვილს შეურიგდა. 

ლაიზას კარიერის მომდევნო წარმატებული საფეხური კინო იყო. 1968 წელს მის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა – ითამაშა ფილმში "ჩარლი ბაბლზე" და ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა ავსტრალიელ მუსიკოს პიტერ ალენს. პირველი მნიშვნელოვანი როლი ერთი წლის შემდეგ ითამაშა ფილმში "უნაყოფო გულები" და ოსკარზეც იყო წარდგენილი, როგორც წლის საუკეთესო მსახიობი ქალი. 

დედის მოულოდნელი გარდაცვალება ლაიზამ რთულად გადაიტანა. სიკვდილის მიზეზი საძილე საშუალებების გადამეტებული დოზა იყო. ლაიზას დედის ვალების გასტუმრება მოუხდა. 

ნამდვილი ვარსკვლავური საათი ლაიზას ცხოვრებაში 1971 წელს დადგა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "კაბარე" და მან თავისი ვოკალური და სამსახიობო მონაცემები მთელი სისრულით წარმოაჩინა. შედეგად კი თაყვანისმცემელთა ისეთი არმია გაიჩინა, რომელიც იმ დროს არავის ჰყავდა. ყოველდღიურად ათასობით წერილს იღებდა, სადაც სიყვარულს უხსნიდნენ. ყოველ წერილს მსახიობი სათითაოდ ეცნობოდა. ერთხელ მის ხელთ აღმოჩნდა კონვერტი, რომელშიც წერილი და ვარდის ფურცლები ელაგა. წერილში ეწერა: "ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, თქვენ გვერდით ეკრანზე გამოვჩნდე", – ხელს დამწყები მსახიობი ჯონ ტრავოლტა აწერდა. ეს შეხვედრა წლების შემდეგ შედგა. 

მინელიმ ახალგაზრდა მსახიობს პარტნიორობა შესთავაზა ერთ–ერთ ფილმში. იმ პერიოდში ლაიზას რომანი ჰქონდა მოქანდაკე მარკ გეროსთან, რამაც ხელი შეუშალა ჯონთან რომანის დაწყებაში. ეს ურთიერთობა მხოლოდ ეკრანული პარტნიორობით შემოიფარგლა, თუმცა მოგვიანებით ლაიზამ სინანულით აღნიშნა, რომ სიყვარულით თვალებანთებული ბიჭის გრძნობებზე უარი არ უნდა ეთქვა. 

"კაბარეს" შემდეგ ლაიზა რამდენიმე წარუმატებელ კინოპროექტში გამოჩნდა. წარმატებებს მიჩვეული მინელისათვის ეს ჩავარდნა რთული გადასატანი იყო და მას დეპრესია დაეწყო. ყველაფერი მაშინ გამოსწორდა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ნიუ იორკი, ნიუ იორკი". ფილმში მისი პარტნიორი ახალგაზრდა რობერტ დე ნირო იყო. "ეს ფილმი რომ ჩავარდნილიყო, კინოს საბოლოოდ ჩამოვშორდებოდი. ზედიზედ სამი წარუმატებლობა მეტისმეტია! ასეთ დარტყმას თვით გრეტა გარბოც ვერ გაუძლებდა", – აღნიშნა მაშინ მსახიობმა. 

შემდგომი 20 წელი ლაიზამ კინოში ნაკლებად დასამახსოვრებელი როლები განასახიერა. სამაგიეროდ ალკოჰოლს მიეძალა და საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. მონდომების მიუხედავად, ოჯახური ცხოვრება აღარ გამოსდიოდა. საყვარელ მამაკაცებში ეძებდა სიმშვიდეს და წრფელ სიყვარულს, რეალურად კი აფორიაქებულ ცხოვრებას და ანგარებას იღებდა. 

40 წლის მსახიობს უკვე სამი ქორწინება და მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ისტორიები ჰქონდა. ასაკში შესულმა ლაიზამ "მკურნალობა" ახალგაზრდა მამაკაცებით დაიწყო. მის საყვარლებში 15–20 წლით უმცროსები ფიგურირებდნენ, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როდესაც 2002 წელს მეოთხედ გათხოვდა თავისზე 20 წლით უმცროს დევიდ გეტსზე. ამ ქორწინებამ 16 თვეს გასტანა. ქმართან გაშორების შემდეგ ლაიზამ განაცხადა: "არც ეს სიყვარული იყო ალალი. მთელი ცხოვრება ვეძებ პასუხს კითხვაზე – რატომ ვცდები მამაკაცებში? 60 წლის ასაკშიც კი ვერ მიპოვია ამ კითხვაზე პასუხი". 

ლაიზა მინელის უიღბლო პირადი ცხოვრების მიზეზი ნარკოტიკები და ალკოჰოლი იყო. რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ამ მავნე ჩვევების დაძლევა. მისი ცხოვრება მალე დაემსგავსა დედის, ჯუდი გარლენდის ბოლო წლებს. როდესაც ლაიზა დაფიქრდა, რომ შეიძლებოდა სიცოცხლე დედის მსგავსად დაესრულებინა, ასეთი ფინალი არ მოეწონა, ძალები მოიკრიბა და საბოლოოდ თქვა უარი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. 

"მადლობელი ვარ ელიზაბეტ ტეილორის. მან მირჩია და დამეხმარა, რომ საბოლოოდ უარი მეთქვა სასმელზე და ნარკოტიკებზე. რომ არა ელიზაბეტი, დღეს თქვენ წინაშე აღარ ვიქნებოდი. მას შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ. იმ ჯოჯოხეთს აღარასდროს დავუბრუნდები", – განუცხადა საზოგადოებას მინელიმ. 

ასაკში შესულმა მსახიობმა რამდენიმე სერიოზული დაავადება დაამარცხა, თუმცა გული სწყდება, რომ სიბერე ასეთი მოსაწყენი და ერთფეროვანია. "არ მეგონა, თუ ჩემი სიბერე ასეთი მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა. პარადოქსია, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება ისეთი მშვიდია, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ მამაკაცის გარეშე", – ამბობს ლაიზა მინელი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1204 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები