შაბათი, 20.04.2024, 16:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » კაცი – ლეგენდა: ვიქტორ სუვოროვი
15:02
კაცი – ლეგენდა: ვიქტორ სუვოროვი
კაცი – ლეგენდა: ვიქტორ სუვოროვი
993 წელს "საქართველოს რესპუბლიკამ" გამოაქვეყნა ნაწყვეტები წიგნიდან "აკვარიუმი". ასე გაიცნო ქართველმა მკითხველმა მსოფლიოში ცნობილი მწერალი ვიქტორ სუვოროვი. 

არჩევანი არ იყო შემთხვევითი 

– ფსევდონიმი სუვოროვი შემთხვევით ავირჩიე. როდესაც გამომცემლობაში პირველი წიგნი მივიტანე, რედაქტორმა მითხრა: თუ გინდათ, რომ კარგად გაიყიდოს, რაიმე ხმაურიანი ფსევდონიმი აირჩიეთო. მეც სუვოროვზე შევჩერდი, – ამბობს მწერალი თავის ერთ–ერთ ინტერვიუში. 

მისი ნამდვილი გვარია ვიქტორ რეზუნი. მამით ის უკრაინელია, დედით კი – რუსი. დაიბადა 1947 წელს, ოფიცრის ოჯახში. მამა ბავშვობიდანვე ზრდიდა მას სპარტანული და საბჭოური სულისკვეთებით. ამან განსაზღვრა კიდეც ვიქტორის ცხოვრებისეული არჩევანი. 

– უკვე 5 წლისამ მტკიცედ ვიცოდი, რომ სამხედრო გავხდებოდი, – იგონებდა ის შემდგომში. 

ვიქტორმა დაამთავრა სუვოროველთა სასწავლებელი. ამ დროს გამოჩნდა მისი დაინტერესება ტექნიკითა და ავანტიურებით. ამან განაპირობა ტანკისა და მახნოსადმი სიყვარული: 

– მახნო, როგორც პიროვნება, ახალგაზრდობიდანვე მიზიდავდა. გადავიკითხე სსრკ–ში გამოცემული მთელი ლიტერატურა ამ კაცის შესახებ. განსაკუთრებით მიზიდავდა თვითმხილველთა მონათხრობი ამ მართლაც საოცარ კაცზე, – ამბობს სუვოროვ–რეზუნი. 

მახნოსადმი ინტერესი მას მოწიფულ ასაკშიც შერჩა. ეს მის წიგნებშიც აისახა. 

ინტერნაციონალური მისიით ჩეხოსლოვაკიაში 

მახნოსადმი ინტერესი საბჭოთა სინამდვილის უარყოფას არ ნიშნავდა. ჭაბუკი სუვოროვიც გულწრფელი საბჭოთა პატრიოტი იყო. როგორც ოფიცერი–ტანკისტი, გამოირჩეოდა კარგი მომზადებითა და ერუდიციით. ამ დროს ვითარება ჩეხოსლოვაკიაში გამწვავდა. დაიწყო მოვლენები, რომლებიც ისტორიაში "პრაღის გაზაფხულის" სახელითაა შესული. უკრაინის კომპარტიის მაშინდელი ლიდერი პეტრო შელესტი იგონებს: 

– ჩვენთვის საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობამ და, კერძოდ, ბატონმა დუბჩეკმა კურსი სოციალიზმის ლიკვიდაციისკენ აიღეს. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტანკების შეყვანის შესახებ. 

საბჭოთა კავშირმა ძალის გამოყენებით აიძულა ჩეხები მათ დიქტატს დამორჩილებოდნენ. ერთ–ერთ ტანკს, რომელიც პრაღაში შევიდა, კაპიტანი სუვოროვიც მართავდა. მან საკუთარი თვალით იხილა, რუსების როგორი "მადლობელნი" იყვნენ ჩეხები და სლოვაკები. შემდგომში მწერალმა ეს აღწერა თავის ბესტსელერში "აკვარიუმი". 

– რას მოეთრეოდით აქ? ვინ დაგიძახათ? ვინ დაგპატიჟათ?! – აღშფოთებას გამოხატავდა ყველა, დაწყებული ახალგაზრდებით და დამთავრებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებით. რეზუნს სამუდამოდ დაამახსოვრდა ხანშიშესული კაცი, რომელიც თვალცრემლიანი გაჰყვიროდა: 

– რატომ ჰქენით ეს?! რატომ შემოიყვანეთ ჯარი?! აკი, ომის დროს ჩვენ ძმები ვიყავით. რატომ გააკეთეთ ეს?! რატომ?! 

კაპიტან სუვოროვს მაშინ არ გამოუთქვამს საჯარო პროტესტი, თუმცა იგრძნო, რომ მის სულში რაღაც ჩაწყდა. ფასეულობანი, რომლებიც ბავშვობიდან ჩაუნერგეს, გაცამტვერდა. ამავე დროს, სუვოროვი რეალისტიც იყო. მან იცოდა, რომ ხმამაღლა პროტესტის გამოხატვა ძალიან ძვირი დაუჯდებოდა. ამიტომაც დუმილს ამჯობინებდა. 

შემოსვლა მანეთი ღირს, გასვლა – ორი 

– გაგიგონიათ ოდესმე მაგიური სიტყვა გრუ? არა მგონია. მე, მაგალითად, კარგა ხანს ამაზე არაფერი მსმენოდა. ვიცოდი, რომ არსებობდა სუკი, მაგრამ არაფერი ვიცოდი გრუ–ს არსებობის შესახებ, – წერს სუვოროვი "აკვარიუმში". 

რეზუნი, სხვა ოფიცერთა მსგავსად, ორმხრივი (სუკი, გრუ) ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. მასზე არჩევანი გრუმ შეაჩერა. სუვოროვსაც ოფიციალურად შესთავაზეს გრუ–ში სამსახური: 

– ოღონდ იცოდე, ჩვენთან ასეთი კანონია: შემოსვლა მანეთი ღირს, გასვლა კი – ორი. 

– ეს რაღას ნიშნავს? 

– იმას, რომ აკვარიუმი ღალატს არავის პატიობს. 

– აკვარიუმი? 

– ჩვენ ჟარგონზე ასე ვეძახით გრუ–ს. 

– გასაგებია. 

– ღალატისთვის სასტიკად ვსჯით. ამ მხრივ არსებობს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი კანონები. იურიდიულად მოღალატეს დახვრეტა ეკუთვნის. სინამდვილეში ეს მთლად ასე როდია. გინდა იხილო ფირი, სადაც აღბეჭდილია, თუ რა მოუვიდა ერთ–ერთ მოღალატეს? 

– მინდა. 

რეზუნსაც აჩვენეს ფრიად საინტერესო მასალა. ფირზე გადაღებული იყო, თუ როგორ დაწვეს ცოცხლად გრუ–ს ოფიცერი პენკოვსკი, რომელიც წლების მანძილზე ამერიკელებზე მუშაობდა. რეზუნი თავზარდაცემული იჯდა. როდესაც ფილმი დასრულა, იკითხა: 

– ვინ იყო ეს კაცი? 

– გრუ–ს პოლკოვნიკი. ის ამერიკელებს მიეყიდა და ამისთვის დაისაჯა. აბა, თანახმა ხარ? 

– თანახმა ვარ. 

გაქცევა 

შემდეგ იყო სწავლა ფრუნზეს სახელობის სამხედრო–დიპლომატიურ აკადემიაში. რეზუნი წარჩინებით სწავლობდა. როდესაც აკადემია დაამთავრა, უფროსმა უთხრა: 

– მომილოცავს, ახლა შენ აკვარიუმის ჭეშმარიტი თანამშრომელი ხარ. 

შემდგომში რეზუნი წერდა, რომ გრუ მას საიდუმლო ორდენს აგონებდა. თავდაპირველად მას ეს მოსწონდა კიდეც, მაგრამ ნელ–ნელა ასეთი მდგომარეობა აუტანელი გახდა. 

რეზუნი შვეიცარიაში გაგზავნეს. იქ ის გრუ–ს ლეგალურ რეზიდენტურაში ირიცხებოდა. ჩასვლიდან მეორე დღესვე რეზიდენტმა გამოიძახა: 

– როგორაა საქმეები, გაიჩინე აგენტურა? 

– მე ხომ მხოლოდ გუშინ ჩამოვედი. 

– ხმა, კრინტი! ხვალ უკვე უნდა მომახსენო პირველი შედეგების შესახებ. შეკითხვები გაქვს? 

– არა. 

ასეთი ყაზარმული წესების მიუხედავად, რეზუნი კარგად მუშაობდა. მისით კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. მალე რეზიდენტის ცხოვრებაში მძიმე დღეები დადგა. ერთი–მეორის მიყოლებით მოხდა რამდენიმე ჩავარდნა. გამოიკვეთა ტენდენცია, ყველაფერში რეზუნი დაედანაშაულებინათ. ის უნდა ქცეულიყო განტევების ვაცად და ჯოხიც მასზე უნდა გადამტყდარიყო. 

ბუნებრივია, რეზუნს ეს არაფრით სურდა. კარგა ხნის დაგროვილმა ბოღმამაც ამოხეთქა. რეზუნიც დაუკავშირდა ინგლისელებს და მალე გაუჩინარდა. შემდგომში ლონდონის გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ რეზუნს ოფიციალურად მიეცა პოლიტიკური თავშესაფარი. 

სუვოროვი–მწერალი 

რეზუნი ბუნებით აქტიური ადამიანი გახლდათ, ამიტომ უქმად ჯდომა არ შეეძლო და კალამს მოჰკიდა ხელი. პირველივე წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა. სსრკ–ში ის მოღალატედ გამოაცხადეს და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. 

სსრკ–ში მისი წიგნების გამოცემა მხოლოდ 1990–91 წლებში დაიწყო. სრულად სუვოროვი მხოლოდ სსრკ–ს დანგრევის შემდეგ გამოიცა. ნამდვილი სენსაცია მოახდინა "აკვარიუმმა". მკითხველებმა წიგნი თბილად მიიღეს, სამაგიეროდ, არმიისა და სუკის ვეტერანები ვერ მალავდნენ აღშფოთებას: 

– ესაა ნამდვილი ცილისწამება! სამშობლოს მოღალატე რეზუნი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციებს! 

ჩეკისტები და სამხედრო მზვერავები ამტკიცებდნენ, რომ პენკოვსკი არ დაუწვავთ ცოცხლად, რომ სუკი და გრუ საერთოდ არ ერჩოდნენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უცხოეთში გარბოდნენ. 

ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ განხორციელდა მცდელობა ანტისუვოროვული კამპანიისთვის მეცნიერული ხასიათი მიეცათ. ამაზე თავის გულახდილად განაცხადა თავად პუტინმა: 

– ჩვენ კი არ უნდა ავკრძალოთ სუვოროვის წიგნები, არამედ ვაჩვენოთ ყველას, რომ მათ არაფერი საერთო აქვთ მეცნიერებასთან, რომ არ არსებობს ისტორიკოსი სუვოროვი, რომ ის ჩვეულებრივი გამყალბებელია. 

სუვოროვის წინააღმდეგაც მობილიზებულ იქნა მეცნიერთა მთელი ჯგუფი. გამოქვეყნდა არაერთი სტატია თუ წიგნი, მაგრამ ვერც ერთმა ავტორმა მოიტანა თუნდაც ერთი დამაჯერებელი ფაქტი, რაც სუვოროვის კონცეფციის მცდარობას დაამტკიცებდა. ეს კანონზომიერია. სუვოროვი ხომ სიმართლეს წერდა. 

ეპილოგი 

დღეს ვიქტორ სუვოროვი მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი და მეცნიერია. მისი წიგნები დიდი ტირაჟით გამოდის და კვლავაც ბესტსელერთა სიაში რჩება. პარალელურად სუვოროვი ასწავლის ინგლისის სამხედრო აკადემიაში. ის კვლავაც აქტიურია, როგორც ლიტერატორი და მეცნიერი. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1286 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები