პარასკევი, 29.03.2024, 08:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჟანა მოროს, კატრინ დენევის და ფანი არდანის საყვარელი კაცი
15:03
ჟანა მოროს, კატრინ დენევის და ფანი არდანის საყვარელი კაცი
ფრანსუა ტრიუფოფრანსუა ტრიუფო ფრანგი კინორეჟისორი და მსახიობი, მიმდინარეობა "ახალი ტალღის" წარმომადგენელი გახლდათ. ის მსოფლიო კინოს ისტორიაში შევიდა, როგორც რეჟისორი ფილმებისა "400 დარტყმა", "ველური ბავშვი", "ამერიკული ღამე", "უკანასკნელი მეტრო". მსახიობის ამპლუაში მაყურებელს თავი დაამახსოვრა სტივენ სპილბერგის ფილმით "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი". 

ფრანსუა ტრიუფო 1932 წლის 6 თებერვალს პარიზში, მარტოხელა დედის ოჯახში დაიბადა. ნამდვილი მამის ვინაობა არც იცოდა. დედამ და მამობილმა, როლანდ ტრიუფომ გაზარდეს. სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და მთელ დროს პოეტებისა და შემოქმედი ახალგაზრდების წრეში ატარებდა. მალე ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სამხედრო დისციპლინა მისთვის აუტანელი იყო. თავისუფლებისა და ფანტაზიების სამყაროს მოყვარულმა ფრანსუამ დეზერტირობა არჩია. მას უფროსი მეგობრები დაეხმარნენ და დეზერტირობა დემობილიზაციით შეუცვალეს, როგორც არამდგრადი ხასიათის ადამიანს. 

ჯარიდან თავდახსნილმა ტრიუფომ ფრანგულ გაზეთებში კინოს შესახებ სტატიების წერა დაიწყო. 1951 წელს მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ჟურნალი "კაიე დიუ სინემა", რომელიც დღესაც ყველაზე ავტორიტეტულ კინოჟურნალად ითვლება. ოთხი წლის შემდეგ კი გადაიღო თავისი პირველი ფილმი "შანტრაპა" – სამეფო კარის ახალგაზრდა წარმომადგენლების ისტორიები. მოგვიანებით ცნობილი რეჟისორი და მსახიობი იტყვის, რომ მთელი ცხოვრება იღებდა ფილმებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებსა და ბავშვებზე. 

ავტობიოგრაფიულ ფილმში "400 დარტყმა" ფრანსუა ტრიუფომ შექმნა თავისი პროტოტიპი, ფანტაზიორი ანტუან დუანელი, რომელიც ადამიანური სითბოსა და ყურადღების ნაკლებობას განიცდის. ამ ფილმმა კანის კინოფესტივალზე პრიზი დაიმსახურა. ფრანსუამ ამ ფრანგ ბიჭუნაზე კიდევ გადაიღო ფილმები – "სიყვარული 20 წლის ასაკში", "მოპარული კოცნა", "ოჯახური კერა" და "გაპარული სიყვარული". 

ტრიუფო ქალების მოტრფიალე იყო, მაგრამ ამას პრესისგან საგულდაგულოდ მალავდა. სიცოცხლეში მის რომანებზე ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ. ტრიუფოს ბევრ სასიყვარულო თავგადასავალს ფარდა მისი გარდაცვალების შემდეგ აეხადა. 

პირველი სიყვარული ფრანსუას 14 წლის ასაკში ეწვია. ეს ვინმე ლილიანი იყო. პირველი კოცნაც მას ეკუთვნის. მოგვიანებით თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი ასახა ფილმში "ჯიბის ფული". პირველი ქალი მის ცხოვრებაში ამავე პერიოდში გამოჩნდა. ასაკით უფროსი ჟენევიევა სანტენი პროფესიით მდივანი გახლდათ. ტრიუფოს პირველი სექსუალური გამოცდილება იდეალური არ იყო. თავის მეგობარს მისწერა კიდეც, იმედია, მეორედ ყველაფერი უკეთესად გამოვაო. ტრიუფოს მეორე ქალი კი ნამდვილი გზამკვლევი აღმოჩნდა მისთვის მშვენიერი სქესის სამყაროში. 

პირველი დრამატული რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ლილიან ლიტვინს შეხვდა (სხვათა შორის, მის ცხოვრებაში ლილიანის სახელით 5 ქალი იყო). სიმბოლური იყო, რომ მათ ერთმანეთი კინოთეატრში გაიცნეს. ფრანსუა პირველად შეხვდა ქალს, რომელსაც კინო მის მსგავსად უყვარდა. ტრიუფოს უცნაური გრძნობა დაეუფლა. ლილიანი იმდენად უყვარდა, რომ მისი ნახვისაც კი ეშინოდა. მასთან განშორების შემდეგ ფრანსუამ თვითმკვლელობა სცადა და, საბედნიეროდ, გადარჩა. 

24 წლის ასაკში ტრიუფომ ვენეციაში მსახიობი მადლენ მორგენშტერნი გაიცნო. მათ პარიზში ჩასვლისას იქორწინეს. ქორწინებას ფრანსუასთვის ხელი არ შეუშლია, რომ მალე რომანი გაება თავისი ფილმის, "შანტრაპას" მსახიობ ბერნადეტ ლაფონთან. "ეს რომანი მის ცხოვრებაში ყველაზე იდუმალი იყო. წყვილი ყველგან ერთად ჩნდებოდა, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები იყვნენ. თანაც ფრანსუას ცოლი ჰყავდა, ბერნადეტს – ქმარი. ამიტომაც ამ რომანს აკრძალული უნდა ვუწოდოთ", – წერდა ჟურნალი "პარი მატჩი". 

იმის გამო, რომ ფრანსუა კინოში კრიტიკოსთა რიგებიდან მივიდა, ყოველთვის ცდილობდა, თავისი ყოველი ახალი ფილმით კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ საუკეთესო იყო. მას კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდა – არ შეეძლო, მთავარი როლის შემსრულებელი ქალისთვის სიყვარული არ აეხსნა. ამიტომაც მისი სიყვარულის ისტორიები პირდაპირპროპორციულია მისი ფილმოგრაფიის. 

კატრინ დენევი ფრანსუამ ფილმ "სირენა მისისიპით" გაიცნო, შემდეგ კი თავის ფილმში "უკანასკნელი მეტრო" ათამაშა. მათი ურთიერთობა ძალიან უცნაური იყო. კატრინს ფრანსუასგან შვილის გაჩენა სურდა, მაგრამ კაცი თავს იკავებდა. სამაგიეროდ ტრიუფო მზად იყო, ცოლს გაშორებოდა და კატრინი შეერთო, მაგრამ მოულოდნელად დენევმა მას უარი უთხრა. 

მადლენი ქმრის რომანებს გაგებით ეკიდებოდა. თვლიდა, რომ დიდ შემოქმედს დიდი თავისუფლებაც უნდა ჰქონოდა. დაწმუნებული იყო, რომ ქმრის რომანები არასერიოზული იყო და ამისათვის ოჯახის დანგრევა არ ღირდა, ბოლოს ის მაინც დაბრუნდებოდა სახლში.. სწორედ ამგვარ ოჯახურ ურთიერთობებს მიუძღვნა ტრიუფომ ფილმი "ოჯახური ურთიერთობები". 

ფილმ "ჯულია და ჯიმის" გადაღებებისას ფრანსუა ჟანა მორომ გაიტაცა. მათი რომანი ვნებიანი, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. ჟანა მორომ ტრიუფო მიატოვა და სხვა რეჟისორთან წავიდა. ამ განშორებით გამოწვეული სევდა ფრანსუას ჯულია კრიტიმ გაუქარწყლა. ეს რომანიც ფილმის "451 გრადუსი ფარენგეიტით" დასრულებისთანავე წარსულს ჩაბარდა. 

ქალებით იწყებოდა და მთავრდებოდა ფრანსუა ტრიუფოს ცხოვრება. ერთხელ დაწერა კიდეც: "რატომ არ აქვთ ქალებს ჩვენი ისეთივე სურვილი, როგორც ჩვენ, მამაკაცებს, მათი? პირადად მე ყველანაირი ქალი მიყვარს: ამაყები – თავიანთი სიამაყის გამო, ბურჟუაზიულები – თავიანთი მოდური შლიაპების გამო, მეძავები – თავიანთი თეძოების გამო, მსუქნები – თავიანთი მადის გამო, გამხდრები – თავიანთი ძვლების გამო". 

მსახიობი ჟან კლოდ ბრიალი იხსენებს, რომ ტრიუფოს ყველაზე მეტად უყვარდა კაფეში ფანჯარასთან ჯდომა და ქუჩაში მოსიარულე ლამაზმანების თვალიერება. "ასეთ მომენტებში ხანდახან ხმამაღლა იტყოდა: "ნახეთ, კიდევ ერთი ლამაზი ქალი, რომელიც ჩემი ვერასოდეს გახდება", – იხსენებდა ბრიალი. მას შეეძლო სრულიად უცნობ ქალს ადევნებოდა ქუჩაში, მაგრამ ხმაც კი არ გაეცა მისთვის. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, ფრანსუა მუდამ შეყვარებული იყო და თითქმის ყოველთვის უიმედოდ. 

ფრანსუა ტრიუფოს უკანასკნელი სიყვარული მსახიობი ფანი არდანი გახლდათ. მან ითამაშა დიდი რეჟისორის ორ ფილმში, მათ შორის ცნობილ "მეზობელში". ფანიმ ფრანსუას შვილიც გაუჩინა, რისი უფლებაც რეჟისორმა თავის დროზე კატრინ დენევს არ მისცა. არდანთან რომანის დროს გაირკვა, რომ ტრიუფო ძალიან ავად იყო. საყვარელი ქალი მზად იყო, ფრანსუასთვის მოევლო, მაგრამ მან ამის უფლება მხოლოდ საკუთარ ცოლს მისცა. დიაგნოზი უიმედო აღმოჩნდა – ტვინის კიბო. 

1984 წლის ოქტომბერში ფრანსუა ტრიუფო გარდაიცვალა. მის დაკრძალვას თითქმის ყველა მისი ცხოვრების ქალი დაესწრო. როგორც ამბობენ, ფრანსუა ტრიუფოს ქალების ამალას სათავეში ჟანა მორო ედგა. ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში ტრიუფომ განაცხადა: "მე ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ და იცით, რატომ? ცხოვრებაში ყველა ქალი შევიყვარე, ვინც კი შემხვდა. თითოეულმა მათგანმა თავისი სულის ნაწილი დამიტოვა. თუმცა შინაგანად მაინც კიდევ რაღაცას ველი. მგონია, რომ სიყვარულის შესახებ მაინც ვერაფერი გავიგე. იქნებ ასე უფრო ლამაზია ცხოვრება". 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1965 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები