ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » შებრუნებით ახდენილი წინასწარმეტყველება
15:04
შებრუნებით ახდენილი წინასწარმეტყველება
რობერტ რედფორდი
ფილმში "უხამსი წინადადება" არის ეპიზოდი, როდესაც დემი მურის გმირი 24 საათი ფიქრობს, როგორ მოიქცეს – გაატაროს თუ არა ღამე მილიონ დოლარად მამაკაცთან, რომელსაც რობერტ რედფორდი ასახიერებს. გამოკითხვებით გაირკვა, რომ მილიონზე მეტი ქალი ზუსტად ერთ წუთში დათანხმდებოდა ამ უხამს წინადადებას, ოღონ ღამე რედფორდთან გაეტარებინათ. 

ის თითქმის ყველა თაობის ქალების ყურადღებას იქცევს. ასაკოვანი მანდილოსნებისათვის რობერტ რედფორდი ქერათმიანინ კეპიანი ბიჭია ფილმიდან "აფიორა", შუახნის ქალბატონებისათვის – ბანკების მძარცველი კოვბოის ქუდიანი მამაკაცი ფილმიდან "ბუჩ კესიდი და სანდეს კიდი", შედარებით ახალგაზრდებისათვის – ბრედ პიტის სიმპათიური პარტნიორი ფილმიდან "ჯაშუშური თამაშები", მათვის, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს – ამერიკის დემოკრატიული მოძრაობის გავლენიანი პირი, ხოლო დამოუკიდებელი კინოს მოყვარულებისათვის – ადამიანი, რომელიც ყოველ წელს სანდესში არტ–ჰაუსის კინოსამყაროს იწვევს და ფესტივალს მართავს. ჰოლივუდში არსებობს აფორიზმი – ყოველ ამერიკელს სურს, იყოს რობერტ რედფორდი. 

ჩარლზ რობერტ რედფორდ უმცროსი 1936 წლის 18 აგვისტოს კალიფორნიაში, სანტა მონიკაში დაიბადა. სკოლაში სწავლისას მომავალი მსახიობი ბეისბოლითა და ჩოგბურთით დაინტერესდა. 15 წლისამ გადაწყვიტა, კასკადიორი გამხდარიყო და ამ იდეით კინოსტუდია "უორნერ ბრაზერსს" მიაკითხა. სტუდიამ რობერტი დაიწუნა, მაგრამ ბიჭმა გული არ გაიტეხა და კასკადიორობას ალტერნატივა მოუძებნა – ხტებოდა ვერტმფრენიდან, მონაწილეობდა ქუჩის რბოლებში. 

ჯერ კიდევ პატარა იყოს მომავალი მსახიობი, როდესაც დედამისს უწინასწარმეტყველეს, შენი შვილი 21 წლისა მოკვდებაო. ეს წინასწარმეტყველება უცნაურად ახდა – 21 წლის რობერტს დედა გარდაეცვალა. დედის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა. მამა ისედაც ნაკლებ ინტერესს იჩენდა ოჯახის მიმართ. მთელ გამომუშავებულ ფულს სასმელსა და გართობაში ხარჯავდა. ცოლის სიკვდილის შემდეგ კი მთლად აიღო ხელი ყველაფერზე. რობერტს გზის გაკვალვა დამოუკიდებლად მოუხდა. 

სპორტული მიღწევების წყალობით, რედფორდი კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში მოხვდა, თუმცა სწავლას ნაკლებ დროს უთმობდა, რის გამოც მალე გამოაგდეს. მომავალმა მსახიობმა გადაწყვიტა, პარიზში წასულიყო, ხატვა ესწავლა და გამდიდრებულიყო. მოგზაურობა ძალიან მოეწონა. ავტოსტოპით მოიარა მთელი ევროპა და ამერიკაში დაბრუნდა. 

ამერიკაში დაბრუნებულს ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული ეწვია. ლოლა ჯინ ვან ვაგენერი სტუდენტი იყო. ერთი ნახვით სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა, რასაც ქალიშვილ შაუნას დაბადება მოჰყვა. 

მას შემდეგ, რაც მსახიობმა გააცნობიერა, რომ უცნაური წინასწარმეტყველება არ აუხდა, მიხვდა, რომ ბედნიერების შანსი ჰქონდა და გადაწყვიტა, ცხოვრება რადიკალურად უკეთესობისკენ შეეცვალა. ჩააბარა ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში და მსახიობის პროფესიას დაეუფლა. 

კინოში რედფორდის დებიუტი 1962 წელს შედგა ფილმით "სამხედრო ნადირობა". პირველი ფილმის შემდეგ კიდევ რამდენიმე სურათში ითამაშა, მაგრამ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენა 5 წლის შემდეგ მოახერხა ფილმში "ფეხშიშველა პარკში". მალევე ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ბუჩ კესიდი და სანდეს კიდი", რომელმაც გაქირავებაში რეკორდული თანხა – 102 მილიონი დოლარი მოიტანა. ამ ფილმმა რედფორდი ვარსკვლავად აქცია. 

გასული საუკუნის 70–იანი წლები მსახიობის კარიერაში საუკეთესო ეტაპი იყო. ზედიზედ გამოდიოდა ისეთი წარმატებული ფილმები, როგორიცაა "კანდიდატი", "აფიორა", "ორი გულის შეხვედრა", "მთელი საპრეზიდენტო ამალა", "კონდორის სამი დღე" და სხვა. 

1980 წელს რობერტ რედფორდმა კინემატოგრაფიული ინსტიტუტი "სანდესი" ჩამოაყალიბა, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება. მსახიობმა რეჟისორის სავარძელშიც გადაინაცვლა და გადაიღო ფილმი "ჩვეულებრივი ადამიანები", რომლისთვისაც ოსკარიც მიიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა. 

მას შემდეგ, რაც 60 წელი შეუსრულდა, მის ცხოვრებაში წარმატებების მეორე ეტაპი დაიწყო. ითამაშა საუკეთესო ფილმებში: "უხამსი წინადადება", "გულთან ახლოს", "ჯაშუშური თამაშები" და "ლომები კრავებისათვის". 

რაც შეეხება რედფორდის პირად ცხოვრებას, 27 წლიანი ოჯახი დაინგრა, მიზეზი – ღალატი. ლოლამ ქმარს ბრაზილიელ მსახიობ სონია ბრაგასთან რომანი ვერ აპატია. მან ქმარს მშვიდად გაყრა შესთავაზა, რათა შვილებისათვის მაქსიმალურად უმტკივნეულო ყოფილიყო ეს პროცესი. შვილები კი რობერტის ცხოვრებაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. "მე გავაკეთე რამდენიმე კარგი ფილმი, მაგრამ, როცა მეკითხებიან, ცხოვრებაში ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლითო, დაუფიქრებლად ვპასუხობ, ეს ჩემი შვილები არიან–მეთქი", – არაერთხელ აღუნიშნავს მსახიობს. 

რობერტის შვილებიდან შაუნა მხატვარი გახდა (რედფორდი ხომ ახალგაზრდობაში მხატვრობაზე ოცნებობდა), დევიდი – სცენარისტია, ხოლო ემი – მსახიობი. შვილების გამო რედფორდი სანერვიულოც ბევრი შეხვდა. ერთი შვილი 5 თვისა დაეღუპა, ის ძილში გარდაიცვალა. შაუნა სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, როდესაც მისმა მანქანამ მართვა დაკარგა და მდინარეში გადავარდა. დევიდს კი თირკმლების გადანერგვის ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. 

ცოლთან გაშორების შემდეგ რობერტ რედფორდმა პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა, მაგრამ ეს პირობა 72 წლის ასაკში დაარღვია. მან 21 წლით უმცროს გერმანელ მხატვარ ქალზე, სიბილა შაგარასზე იქორწინა. სიბილა აბსტრაქტული მხატვრობის წარმომადგენელია. საქორწილო ცერემონია ჰამბურგში, წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში შედგა. 

გთავაზობთ რობერტ რედფორდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან საინტერესო ფრაგმენტებს. 

– მართალია, რომ ერთხელ თქვენ რონალდ რეიგანს პირდაპირ უთხარით, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მსახიობად დარჩებოდა და პრეზიდენტი არ გახდებოდა? 

– დიახ, ეს ჩემი სიტყვებია. არ ვთვლი, რომ რეიგანი ამერიკისათვის კარგი პრეზიდენტი იყო, თუმცა უმცროს ბუშზე უარესი არასოდეს გვყოლია. მე პოლიტიკაში 60–იანი წლებიდან ვარ. მაშინ ეკოლოგიის პრობლემებზე ვლაპარაკობდი. სამწუხაროდ, ახლა უფრო მეტ დროს უგუნური პოლიტიკოსების კრიტიკას ვანდომებ. 

– ვისთან პარტნიორობაზე ოცნებობთ? 

– სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ ერთხელ პოლ ნიუმენთან დუეტში, მაგრამ სამწუხაროდ, ის უქვე ამქვეყნად აღარ არის. სიამოვნებით ვითამაშებდი ბარბრა სტრეიზანდთან ერთად. 

– შეუძლებელია თქვენთან საუბრისას არ გაგვახსენდეს ფილმი "უხამსი წინადადება". თქვენთვის თუ შემოუთავაზებია ქალს უხამსი წინადადება? 

– ეს კითხვა რამდენიმე წლის წინ რომ დაგესვათ, დიდი ენთუზიაზმით გაგცემდით პასუხს, მაგრამ ახლა, როდესაც, როგორც იქნა, ცხოვრებაში ჩემს ყველაზე დიდ სიყვარულს შევხვდი, აღარ მინდა იმის გახსენება, რა უხამსობებს ჰქონია ადგილი ჩემს ცხოვრებაში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. 

– დღემდე ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ითვლებით. 

– პოპულარობა ამერიკულ სოციალურ სისტემაში მთავარ როლს თამაშობს. ვფიქრობ, ადამიანებმა ყურადღება სულ სხვა რამეებს უნდა მიაქციონ, ვიდრე იმას, ვინ არის ყველაზე სექსუალური თუ ლამაზი. ჩემთვის ამ ტიტულებმა დიდი ხანია აზრი დაკარგა. 

– თუ თქვენ მიერ დაარსებულ სანდესის კინოფესტივალს შევაფასებთ, აშკარად არ მოგწონთ ის ყველაფერი, რაც დღეს ჰოლივუდში ხდება. 

– ვთვლი, რომ 80–იანი წლებიდან მსახიობების "გაფუჭება" დაიწყო. მას შემდეგ მსახიობები თავიანთ საქმეს ბიზნესად აღიქვამენ და არა – ხელოვნებად. დღევანდელ ვარსკვლავებს ჰყავთ ბიზნეს–მენეჯერები, პიარ–აგენტები, მდივნები. ისინი თავიდანვე ფიქრობენ, ესა თუ ის ფილმი როგორ იმუშავებს მაყურებელზე. დღევანდელი შოუბიზნესი პიროვნების ინდუსტრიაა. როცა მე ვიწყებდი კარიერას, მაშინ ნიჭის ინდუსტრია იყო. 

– რა არის თქვენი ცხოვრებისეული კრედო? 

– არასოდეს მიიხედო უკან, წარსულისკენ, ეს სახიფათოა. ყოველთვის წინ უნდა იყურებოდე. 



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1114 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები