სამშაბათი, 23.04.2024, 14:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » განგსტერი ქალი – ფეი დანაუეის ტრიუმფი
15:04
განგსტერი ქალი – ფეი დანაუეის ტრიუმფი
ფეი დანაუეი
ქერათმიანი ლამაზმანი მწვანე თვლებით, ფეი დანაუეი, ერთი როლით იქცა გასული საუკუნის 60–იანი წლების სიმბოლოდ, როცა ფილმში "ბონი და კლაიდი" ლეგენდარული მძარცველის, ბონი პარკერის როლი ითამაშა. ამის შემდეგ ქალებისთვის ახალი სტილი დამკვიდრდა მოდაში – მოკლე ქერა თმა, ბერეტი და სიგარეტი. 

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი როლი იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თამაშობ გმირს, რომელიც ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის. უამრავ ქალს გაუჩნდა სურვილი, ბონი პარკერს დამსგავსებოდა. 60–იანი წლების ბოლოს ჩემი გმირის გარშემო სრული ისტერია დაიწყო", – იხსენებს მსახიობი ფეი დანაუეი. 

კლაიდის როლის შემსრულებელმა და ფილმის ერთ–ერთმა პროდიუსერმა, უორენ ბიტმა, თავიდან ბონის როლზე ფეი დაიწუნა. მიზეზი სიმსუქნე იყო. გოგონას იმდენად უნდოდა ამ ფილმში თამაში, რომ მოკლე დროში დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით შეძლო იმ ფორმის მიღება, როგორიც უორენ ბიტს სჭირდებოდა. შედეგი ამ წვალებად ღირდა, რადგან 30–იანი წლების ცნობილი განგსტერის მეგობარი ქალის თამაში ფეისათვის ტრამპლინი აღმოჩნდა კინობიზნესში. თუმცა, ოსკარზე წარდგენის მიუხედავად, მსახიობმა ოქროს ქანდაკება მაინც ვერ მიიღო. 

ოსკარი მსახიობმა ათი წლის შემდეგ მიიღო, ფილმისათვის "ტელექსელი", სადაც ფეიმ მმართველი ფემინისტი ქალის როლი ითამაშა. მისი გმირი სენსაციების გამო მზად იყო ყველაფერზე წასულიყო – გაეძარცვა ბანკი, მოეტაცა ბავშვი. ფეი დანაუეი იმდენად მოიხიბლა ოსკარის ქანდაკებით, რომ ის მალე მის თილისმად იქცა. ყველა გადაღებაზე თან დაჰქონდა, მაგრამ თილისმამ ვერ გაამართლა და მეორე ოსკარი აღარ მიუღია. 

ფეი დანაუეი 1941 წელს ფლორიდაში სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. მშობლებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა. დედა შიზოფრენიით იყო დაავადებული, მამა ალკოჰოლიკი გახლდათ. მომავალი მსახიობის ბავშვობის ოცნება იყო რაც შეიძლებოდა მალე გასცლოდა მშობლების სახლს. ამ ოცნების განხორციელების საშუალებას კი მსახიობობაში ხედავდა. ჯერ ფლორიდაში დაამთავრა დრამის ფაკულტეტი, შემდეგ ბოსტონში გადაინაცვლა. პირველი როლი არტურ მილერის პიესაში მიიღო, სახელწოდებით "დაცემის შემდეგ". ვარსკვლავად უკვე მესამე ფილმმა აქცია, რომელიც ლეგენდარული "ბონი და კლაიდი" გახლდათ. 

ჰოლივუდში რთული ხასიათის მსახიობის იმიჯი შეექმნა. ზოგი რეჟისორი ფეის აუტანელ ქალსაც უწოდებდა. მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, მას საინტერესო როლები არ მოჰკლებია. ამგვარი იმიჯი ალბათ მისი როლების დამსახურებაც იყო. ფეი დანაუეი ძირითადად მბრძანებელი, ძალაუფლებიანი, სექსუალურად აგრესიული, ეშმაკი და რთული ხასიათის ქალების როლებს ირჩევდა. 

ის არასდროს ერიდებოდა ეგრეთ წოდებულ არაჰოლივუდურ ფილმებში თამაშს. ამიტომაც თამამად დათანხმდა ალკოჰოლიკის როლს ფილმში "მთვრალი". მთელი ფილმის განმავლობაში მშვენიერი ფეი თმადაუბანელი და არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მსახიობი, როლის გათავისების მიზნით, მთელი გადაღებების პერიოდში სწორედ ასე ცხოვრობდა. 

ფეი დანაუეის პირადი ცხოვრებაც წარმატებული იყო. მას კინოს საუკეთესო მამაკაცები ეტრფოდნენ – მარლონ ბრანდო, სტივ მაკუინი, ჯეკ ნიკოლსონი, მარჩელო მასტროიანი. მის ცხოვრებაში ორი ოფიციალური ქორწინება იყო. პირველად ცოლად გაყვა მომღერალსა და კომპოზიტორს, პიტერ ვოლფს, მეორედ კი ქმრად ფოტოგრაფი ტერი ონილი აირჩია, რომელსაც 1980 წელს გაუჩინა შვილი, ლაიამა. დედობამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსახიობის აზროვნება. ის მზად იყო, შვილის გამო უარი ეთქვა ნებისმიერ წინადადებაზე, ნებისმიერი რაოდენობის ჰონორარზე. 

ასაკთან ერთად მსახიობი ნელ–ნელა ეკრანიდან გაუჩინარდა. მას არ მოსწონდა ის როლები, რასაც სთავაზობდნენ. კვლავინდებურად სურდა, რომ ვნებიანი, თამამი, გიჟური და დაუმორჩილებელი ქალები ეთამაშა. დედისა და ბებიების როლები ნაკლებად ხიბლავდა. ამიტომაც კამერის მეორე მხარეს გადაინაცვლა და რეჟისორობას მოჰკიდა ხელი. საკუთარი ფილმის დასამთავრებლად მსახიობმა ლოს ანჯელესში მდიდრული სახლიც კი გაყიდა. 

გთავზობთ ფეი დანაუეისთან ინტერვიუს, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

– თქვენ კინოში საუკეთესო პარტნიორი მამაკაცებით იყავით განებივრებული. გადასაღებ მოედანზე ვისთან ისურვებდით კიდევ ერთხელ შეხვედრას? 

– დასტინ ჰოფმანთან, ჯონი დეპთან, უორენ ბიტთან, პირს ბროსნანთან... ყველას ვერც კი ჩამოვთვლი. დღემდე ვმეგობრობ ჯეკ ნიკოლსონთან, ის ძალიან აზარტული ადამიანი, გამომგონებელი და ჯამბაზია. ძალიან მომწონდა რეჟისორ სიდნი პოლაკთან მუშაობა, მისი აზრების სიღრმისეული წვდომა. ყველაზე მეტად რობერტ რედფორთან ურთიერთობა გამიჭირდა. ის ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო. არასდროს დამავიწყდება ფილმ "მთვრალის" გადაღებები და ჩემი ახალგაზრდა პარტნიორი მიკი რურკი. 

– თქვენს ფილმებში ბევრი სცენაა ვნებიანი კოცნით. რომელი პარტნიორი უფრო კარგად ფლობდა კოცნის ხელოვნებას? 

– ვცდილობდი, გადასაღებ მოედანზე დაწყებული ურთიერთობები პირად ცხოვრებაში არ გადაზრდილიყო. კოცნა ისეთივე სამსახიობო სამუშაოა, როგორიც სიცილი და ტირილი. ამ დროს ფიქრობ შენი გმირის ემოციებზე. ცდილობ, უკეთესად გადმოსცე ყველაფერი, რაც შენს გმირს აღელვებს. რამდენიმე წელი ვთამაშობდი სპექტაკლში "მასტერ კლასი", რომელიც მარია კალასის ცხოვრებას ეხებოდა. ამ ხნის განმავლობაში თავი ნამდვილი კალასი მეგონა. 

– როდესაც თქვენს წარმატებულ ფილმებს უყურებთ, კმაყოფილი ხართ თქვენი თამაშით? ალბათ სიამოვნებას განიჭებთ, როდესაც საკუთარ სილამაზეს ხედავთ. 

– არც მაშინ და არც ახლა – მით უმეტეს, თავს ლამაზად არ ვთვლი. ეს ჩემი კომპლექსია. ინსტიტუტის პერიოდში შემომთავაზეს სილამაზის კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ ბარიერი ვერ გადავლახე. თუ სულელი ქალი არ ხარ, საკუთარ თავში ყოველთვის იპოვი ნაკლს და კრიტიკულად მიუდგები. ვფიქრობ, ბევრი ლამაზი და ჭკვიანი ქალი არ თვლის, რომ ლამაზია. 

– თქვენ ითამაშეთ ეკრანზე ლეგენდარული ქალი – ბონი პარკერი. ამ განგსტერის თქვენებური ვერსია 60–იანი წლების ბოლოს მისაბაძი გახდა ყველასათვის. ქალები დადიოდნენ თქვენნაირი თმებით, ჩაცმულობით, მანერებით. 

– მართლა ძალიან გამიმართლა, რომ ეს როლი შემხვდა. ვგრძნობდი, ბონი ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. ამიტომაც ღირდა ის ტანჯვა, რომელიც როლისათვის მომიწია. წონაში სასწრაფოდ 10 დღეში დავიკელი. ეს რომ არ გამეკეთებინა, როლზე სხვას დაამტკიცებდნენ. ვფიქრობ, ჩემი გმირის პოპულარობა და ის ფაქტი, რომ ბონი მისაბაძი გახდა, იმ თაობის სულისკვეთებას გამოხატავდა. დრო იყო ცვლილებების. ქალებს მობეზრდათ პასიური როლი და უნდოდათ, ბონისნაირი თავზეხელაღებულები ყოფილიყვნენ. ვამაყობ, რომ ქერა, მოკლე თმები და ბერეტი მოდაში შემოვიტანე, ბონის ეს იმიჯი მე შევუქმენი. რატომღაც განგსტერის შეყვარებული ქალი ასეთი წარმოვიდგინე. 

– ცნობილია, რომ თქვენი ოსკარი ყველგან თან დაგაქვთ. 

– გული დამწყდა, რომ ბონის როლისათვის ოსკარი არ მომცეს. მაშინ ვთქვი, თუ მეორედაც მომეცემოდა შანსი ოსკარის მოპოვების და მივიღებდი, ის სულ ჩემთან იქნებოდა ყველგან. ამ პირობას დღემდე ვასრულებ. სადაც ორ დღეზე მეტი ხნით მივდივარ, ყველგან თან მიმაქვს. საშინლად მძიმეა ეს ქანდაკება, მაგრამ პირობას მაინც არ ვარღვევ. 

– თქვენზე რომ ფილმი გადაიღონ, რომელ ახალგაზრდა მსახიობს ისურვებდით თქვენს როლზე? 

– არ ვიცი, არ მიფიქრია. ახალგაზრდა მსახიობებიდან ძალიან მომწონს კლერ დეინსი. ვფიქრობ, ის მოუხდებოდა ფეი დანაუეის როლს. 

– კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი ცხოვრებით? 

– კი, რატომაც არა! საუკეთესო ფილმები და ჩემი ცხოვრების ორი მამაკაცი. ძალიან ვამაყობ ჩემი ქორწინებებით. დღეს შეიძლება მარტო ვარ, მაგრამ საუკეთესო წლები მაჩუქეს ჩემმა ქმრებმა. შვილი ყველაზე მეტად მიყვარს. დედობა ეს ის გრძნობაა, რომელსაც არაფერი შეედრება. რომ არა დედობა, მე კინოში კიდევ ბევრ როლს ვითამაშებდი, მაგრამ არ ვნანობ, შვილის გამო ეს რომ დავთმე. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1103 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები