ხუთშაბათი, 18.04.2024, 03:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » "ფსალმუნებს რომ კითხულობ, შენ პირდაპირ ღმერთს ესაუბრები"
15:05
"ფსალმუნებს რომ კითხულობ, შენ პირდაპირ ღმერთს ესაუბრები"
დედა საბიანა (ასათიანი)
დედა საბიანა (ასათიანი), ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ვახტანგ ასათიანის ყოფილი მეუღლეა. მონაზვნობის აღთქმა მან ახალგაზრდა ასაკში დადო. როდესაც 50 წელს მიაღწია, ჩანაფიქრი აისრულა და ერის ცხოვრება დატოვა. მორჩილების პერიოდში საპატრიარქოში იმსახურა. შემდეგ იყო სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობის წლები. ახლა თბილისში, ზღვის ტერიტორიაზე, ივერთუბნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარია და ცდილობს, კვლავაც კეთილად იღვაწოს. მეც გულთბილად მიმიღო და საინტერესოდ მესაუბრა. 

დედა საბიანა: 

– ბებიაჩემი, არჯევანიძის ქალი, ძალიან მორწმუნე გახლდათ. 105 წელი ისე იცხოვრა, არც სინათლე დაჰკლებია, არც სმენა, არც აზრი და გონება, არც წელში მოხრილა. სულ მათ ოჯახში იყრიდნენ თავს ეპისკოპოსები, მღვდლები. მას დავყავდი ქუთაისის ეკლესიებში და მაზიარებდა. მისი დამსახურებით, სამღვდელოებისა და ეკლესიის მიმართ მეც დიდი კრძალვა მქონდა. ერთხელ, ბებიაჩემმა რაღაც დღესასწაულზე სკოლა გამაცდენინა და ეკლესიაში საზიარებლად წამიყვანა. დედაჩემი მთელი დღე ეჩხუბა, სკოლა როგორ გააცდენინეო. ბავშვობიდანვე მქონდა ხილვები, ჩვენებები. ბატონების გამო ძალიან ცუდად ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი კარგად მღეროდნენ, ამიტომ გიტარა სულ გვქონდა ოჯახში და ფანჯარაზე იყო ჩამოკიდებული. ბატონებისგან მიბნედილი დედაჩემს ხელში რომ ვეკავე და მამშვიდებდა, ამ დროს გიტარამ თავისით ჩამოჰკრა სიმებს, კარგა ხანს ისმოდა წკრიალი. გაოცდა დედაჩემი, დამსვა ძირს და ვინ არისო, იძახდა. არავინ იყო. იმ წუთიდან კარგად გავხდი, გამოვედი ბატონებიდან. 

– მამა ვახტანგი სად გაიცანით? 

– როდესაც მამა ვახტანგი გავიცანი, ის სტუდენტი იყო. მე ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში ვგალობდი. ეკლესიაში რომ შემოვიდა, ყველა მას მიაჩერდა. მაშინ ახალგაზრდა მორწმუნე იშვიათობა გახლდათ. არამარტო ჩემზე, სხვებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შეუღლების შემდეგ თბილისში წამოვედით. იმ წელს უწმინდესი აკურთხეს პატრიარქად და ჩვენც მას ამოვუდექით მხარში. თბილისის სიონში, მე მედავითნე და მგალობელი ვიყავი, მამა ვახტანგი – სტიქაროსანი. წირვის მერე, მთელი დღეები ვიჯექით ტაძრის ეზოში და ვსაუბრობდით. ახალგაზრდა ბიჭები სხვადასხვა საკითხებზე კამათობდნენ, უწმინდესის ქადაგებას აანალიზებდნენ. ჩვენც გვიხაროდა, ახალგაზრდები რომ მოდიოდნენ ტაძარში. მე და მამაომ მაშინ ვთქვით, ხანში რომ შევიდოდით და შვილებს დავაოჯახებდით, მონასტერში წავსულიყავით. 

– ფოფოდიობის პერიოდი როგორი იყო? 

– ფოფოდიობის პერიოდი ძალიან რთული იყო. მოძღვარი მთელი დღის განმავლობაში მრევლთან არის. ზოგი მძიმე აღსარებას ეუბნება, ზოგი ანერვიულებს. საღამოს ძალიან გაღიზიანებული მოდის და ამ დროს მეუღლემ უნდა დაამშვიდოს. ისე უნდა მიუდგეს, ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ხანდახან, დაღლილს რომ აღარ შეეძლო ლოცვების კითხვა, მე მაკითხებდა. თვითონ წამოწვებოდა, მისმენდა და ასე მშვიდდებოდა. 

– თქვენი აღთქმის შესრულებაზე ფიქრი როდის დაიწყეთ? 

– გავიდა წლები. ჩემი ჩანაფიქრი სულ მქონდა გუნებაში. გადაწყვიტე, რომ 50 წლისათვის არ გადამეცილებინა, აუცილებლად წავსულიყავი მონასტერში. ამ ასაკს რომ მივუახლოვდი, სულ მეცხადებოდნენ მაცხოვარი და დედაღმრთისმშობელი. ერთხელ, უწმინდესიც ვნახე სიზმარში, ჩვენს ეკლესიაში მოვიდა და მკითხა, რატომ არ მოდიხარო. 50 წლამდე ეს ბარიერი მაინც ვერ გადავლახე, მრავალი დაბრკოლება მხვდებოდა. მაგრამ აღთქმა უნდა ამესრულებინა. მამა ვახტანგს ვუთხარი, მონასტერში უნდა წავიდე–მეთქი. სად უნდა წახვიდე, რა დროს მონასტერიაო. თვითონ რატომღაც ვერ გადაწყვიტა წასვლა. უკვე ისე იყო მრევლს შეჩვეული, მათ გარეშე არ შეეძლო. არადა, მეც რა უნდა მექნა, აღთქმა მქონდა დადებული და თითქმის ყოველდღე ვახსენებდი, უნდა წავიდე–მეთქი. იმდენად შევუწუხე გული, ერთ დღესაც მითხრა, წადი, მომშორდი, თავი დამანებეო. მისი ეს სიტყვები ლოცვა–კურთხევად ჩავთვალე და მეორე დილას, ის რომ ეკლესიაში წავიდა, მე საპატრიარქოში, უწმინდესთან გავეშურე. ძალიან მიხაროდა სახლიდან რომ გამოვედი. როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობდი თავს ეს ყველაფერი რომ დავტოვე. გავთავისუფლდი, სიმსუბუქე ვიგრძენი. უწმინდესმა რომ მომისმინა, ჭკვიანი ქალი ყოფილხარ, ბრძნული გადაწყვეტილება მიგიღიაო, მითხრა და საპატრიარქოში დამტოვა. მორჩილების პერიოდი იქ გავიარე. დედა პარასკევამ მითხრა, 6 თვე, აქედან ჭიშკრის გადაღმა ფეხის გადადგმა არ შეიძლება, მერე, თუკი გაგიშვებენ სადმე, შეიძლებაო. მეც ასე მორჩილებით ვცხოვრობდი. მზარეული ვიყავი. ყოველ დღე წირვა გვქონდა, ვეზიარებოდით, ლოცვებს ვესწრებოდით. ყოველ საღამოს, გვიან, პატრიარქიც ჩვენთან ერთად ლოცულობდა. უწმინდესი რომ შემობრძანდებოდა, ჩვენ იქ ვხვდებოდით და ვისაც ხელს დაადებდა, იმას უნდა წაეკითხა საღამოს ლოცვები და კანონი. ერთ ღამეს ჩემს შვილიშვილზე ცუდი რამ მესიზმრა. ამის გამო შეცბუნებული, სადღაც უკან ვიდექი. რაღაცნაირად დათრგუნული ვიყავი. იმ საღამოს ბევრი ხალხი იყო. სხვებიც ესწრებოდნენ ლოცვას. უწმინდესი ჩემთან მოვიდა, შენ წაიკითხავო. მიხვდა, რაღაც გულისწუხილი რომ მქონდა. მეც უცებ გამოვედი მდგომარეობიდან, სულ დამავიწყდა ყველაფერი და დავიწყე კითხვა. უწმინდესთან ასე ახლოს ლოცვა არასდროს წამეკითხა. ვნერვიულობდი, რამე რომ არ შემშლოდა. ძალიან კარგი იყო ის პერიოდი, მაგრამ გულში, შინაგანად მაინც არ ვიყავი კმაყოფილი. არაფერი მაკლდა, მაგრამ მაინც სხვა რაღაც მინდოდა. საპატრიარქოში თითქმის ერთი წელი ვიყავი. ერთხელაც, ისევ მორჩილი ვიყავი, რუის–ურბნისის მიტროპილიტმა იობმა (აქიაშვილი) შემომთავაზა, ჩემს ეპარქიაში ხომ არ წამოხვალო. პატრიარქმა მომცა კურთხევა და დროებით წავედი მეუფე იობის ეპარქიაში. მეუფემ ეპარქიის ყველა მონასტერი შემომატარა, სად უფრო მოგეწონება. სურამში ამაღლების სახელობის ეკლესია მომეწონა, მაგრამ ყინწვისში გამიშვა. ეს იყო 2000 წელს. მაშინ იქ, ეკლესიის ქვემოთ დედათა მონასტერი მდებარეობდა და ზამთარ–ზაფხულ, რანაირი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, სალოცავად იქ უნდა ავსულიყავით. ტაძრამდე ტყე არის გასავლელი. ღამის 4–საათზე ზარი ირეკებოდა, ჩქარ–ჩქარა ავდგებოდით და გავდიოდით, ლოცვა უნდა დაგვეწყო. დიდი ძაღლი გვყავდა "ლომა". ის ჩვენზე ადრე მივიდოდა ტაძრის ტერიტორიაზე, დაათვალიერებდა გზას, მერე მობრუნდებოდა და მიგვიძღოდა წინ. ერთხელ, დედა მელანიამ მგლები დაინახა. მას სოფლის ძაღლები ეგონა და ჯოხი აუქნია, რა გინდათ, წადით აქედანო. მართლაც წავიდნენ. ლოცვის შემდეგ რომ ჩამოვიარეთ, ეზოში მგლის კუდი ვიპოვეთ. თურმე ჩვენს ძაღლს ეჩხუბა მგლებთან. ყინწვისში მეუფემ სამონაზვნედ მაკურთხა და ბარბარე დამარქვა. მეუფე თუ მაკურთხებდა, არც ვიცოდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და რასაც დამავალებდნენ, ყველაფერს სიხარულით ვასრულებდი. იქ დედა თეკლა გახლდათ წინამძღვარი. 

– მამა ვახტანგი მონასტერში თუ გაკითხავდათ? 

– მონასტერში მამა ვახტანგი ხშირად მოდიოდა, მრევლიც მოჰყავდა და ძალიან გვეხმარებოდა. ბევრი რამ გაგვიკეთა. 

– კიდევ რომელ მონასტრებში მოგიწიათ მსახურება? 

– 2002 წლის 19 დეკემბერს მეუფემ უკვე სამონაზვნედ მაკურთხა და თებერვალში სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი ჩამაბარა. ტრიალ მინდორზე, ციციშვილების დროს აშენებული დანგრეული ციხე–კოშკები და ეკლესია მდებარეობდა, რომელსაც თითქმის ყველაფერი ახლად ჰქონდა ასაშენებელი. მე, დედა მელანია და ერთი მორწმუნე ქალი, ქეთევანი ახლა უკვე მონასტრის წინამძღვარია დედა ალექსანდრა, ძალიან ავად იყო, კიბო ჰქონდა, დატოვა ყველაფერი, წამოვიდა მონასტერში და კარგად გახდა, სულ განიკურნა. შევუდექით მონასტრის მშენებლობას. გასაკეთებელი იყო წყალი, დენი. ადგილობრივი მოსახლეობა, მხოლოდ ფულს თუ გადავუხდიდით, მაშინ გვეხმარებოდა. მშენებლობა რომ დავიწყეთ, ისე მოხდა, რომ დედა ალექსანდრას ექიმთან მკურნალობა დასჭირდა. დედა მელანიას სიძე გარდაეცვალა, ისიც წამოვიდა და დავრჩი მარტო. ვფიქრობდი, რა მექნა. წავედი ქუთაისში, ჩემს თანაკლასელთან ლალი ლევიძესთან (ახლანდელი მონაზონი ნანა ვეფხვაძე) მივედი და ვთხოვე მომხმარებოდა. ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, არც შვილი ჰყავდა, მორწმუნე იყო და დამთანხმდა. ქუთაისიდან კიდევ ერთი მორწმუნე ქალი – ენძელა წამოვიყვანე. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. კარგად მეხმარებოდნენ. სამწევრისზე მიბმულია ბერძნებით დასახლებული სოფელი, თათანაანთ უბანს უწოდებენ. იქ მცხოვრები ბერძენი ქალბატონი ქმარ–შვილით უანგაროდ გვეხმარებოდა. არაჩვეულებრივი პიროვნება ვერა შენგელია, თავისი შვილით, ასევე ძალიან გვეხმარებოდა. მამაოს თბილისიდან ჩამოჰყავდა მორწმუნე ბიჭები, თავისი მორჩილები. 5 წელი დავყავი იქ. უკვე სამრეკლო უნდა აგვეშენებინა, რომ მეუფე იობმა იქიდან ურბნისში გადამიყვანა წინამძღვრად, სადაც 6 თვე მომიწია ყოფნა. იქ წმიდა ნეოფიტე ურბნელის სახელობის ეკლესიასთან დედათა მონასტერი მდებარეობს. მამა კახაბერი დიაბეტის გამო იმ პერიოდში ცუდად ხდებოდა და რადგან იმ ეპარქიაში დროებით ვიყავი წასული, გადავწყვიტე, ისევ თბილისში დავბრუნებულიყავი. 

– მონაზვნად რომელ მონასტერში აღიკვეცეთ? 

– მონაზვნად, 7 აპრილს, ხარებას სამწევრისის მონასტერში ყოფნის პერიოდში მაკურთხა და საბიანა დამარქვა. აღკვეცას ჩემი ბევრი ახლობელი ესწრებოდა. თეთრი პერანგი მეცვა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, ღრუბლებზე ზევით ვიყავი და შორიდან ვუყურებდი ჩემს თავს. სხეულში თუ ვიმყოფებოდი, არ მეგონა. ამ დროს ისეთი განცდაა, თითქოს, მართლა ხდება ხორციელი გარდაცვალება და სულიერი დაბადება. სიხარულით მივდიოდი ამ გზაზე. მამა ვახტანგი თურმე ძალიან ტიროდა ჩემი აღკვეცის დროს. ასევე უტირია დედაჩემსაც. ძალიან განიცადეს შვილიშვილებმაც, მაგრამ მერე მიეჩვივნენ და პირიქით, უხაროდათ ჩემთან რომ ჩამოდიოდნენ. 

– როგორი უნდა იყოს მონასტრის წინამძღვარი, წარმატებით რომ იმსახუროს? 

– ვფიქრობ, მონასტრის წინამძღვარი, პირველ რიგში, ფსიქოლოგი უნდა იყოს. ყველა ადამიანს თავისებური მიდგომა სჭირდება. ზოგს მოფერება უფრო აკეთებინებს საქმეს, ზოგს – სიმკაცრე. მონასტრის წევრებს ერთმანეთშიც მოსდით უკმაყოფილებები და ეს ყველაფერი წინამძღვარმა უნდა მოაწესრიგოს. მონასტრის ცხოვრების წარმართვა წინამძღვარზეა დამოკიდებული. წინამძღვარი თავისი ეპისკოპოსის მორჩილი უნდა იყოს და საქმეების მოწესრიგება შეეძლოს. თვითონ უნდა იყოს მშვიდი, რომ მისი სიმშვიდე სხავასაც გადაედოს. 

– დედა საბიანა, მონასტერში განსაკუთრებით იგრძნობა უფლის შემწეობა. ღმრთის დიდი წყალობის გამოვლენას, ალბათ, შესწრებიხართ. 

– სამწევრისში მონასტერს რომ ვაშენებდით, ზამთარში, თოვლში, მუშები გვყავდა და გაგვითავდა პროდუქტი. მოსატანად წასვლის დროც არ იყო. ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავით. ამ დროს დიდი მანქანა დატვირთული მოგვადგა. გავგიჟდით, თურმე ყინწვისში მიჰქონდათ, იქ ვერ ასულიყვნენ, მერე ეკითხათ, სხვაგან თუ იყო მონასტერი და მოვიდნენ ჩვენთან. მოგვიტანეს ყველაფერი, მგონი, იმ წელიწადს არაფერი დაგვჭირვებია. ერთხელ, აქ, ნაყინი მოვინატრეთ და იმ დღეს მამაომაც მოგვიტანა, მრევლმაც და ჩემმა შვილმაც, 100 ნაყინი დაგვიგროვდა. 

– ერში დარჩენილ ადამიანებს რას უსურვებთ? 

– ერში დარჩენილ ადამიანებს მოთმინებასა და ლოცვის გაძლიერებას ვუსურვებ. ფსალმუნებს რომ კითხულობ, შენ პირდაპირ ღმერთს ესაუბრები და ის გისმენს. როცა სახარებას კითხულობ, ღმერთი გესაუბრება შენ და ის გასწავლის. ლოცვა პირდაპირი კავშირია ღმერთთან, ამ დროს დიდი მადლი გადმოდის. ამიტომ არ უნდა დაგეზაროთ ლოცვა. შეიძლება, ერის ადამიანს ლოცვისთვის, ფიზიკურად დრო არ ჰქონდეს, მაგრამ შიგნით, გულში სულ უნდა იმეორებდეს იესოს ლოცვას. მგზავრობაში ხარ, თუ საზოგადოებაში და საუბარში არ მონაწილეობ, მაშინაც ილოცე. ესეც შეწირული იქნება უფლის წინაშე. 

დედა საბიანას დედა, მონაზონი სალომე კეზევაძე მონასტრის უხუცესი წევრია. მალე მას 92 წელი შეუსრულდება. ერის ცხოვრებას ის შვილის გარდაცვალების შემდეგ განერიდა. სოფელში განმარტოვდა, სადაც გარდაცვლილი ეპისკოპოსი გამოეცხადა და მონასტრის აშენების კურთხევა მისცა. 

დედა სალომე: – 10 წელიწადია აღკვეცილი ვარ. სოფელ რიონში მაქვს წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი. ჩვენება მქონდა და იმიტომ ავაგე. მეუფე იობის (აქიაშვილი) ნაკურთხია. ცხოვრებაში პატიოსნება, სინდისი, თავმოყვარეობაა მთავარი. მონასტერში ადამიანი ღმერთს თუ იწამებს, იცვლება. ზოგიერთი არ წამულობს. ადამიანს შრომა და გარჯა უნდა უყვარდეს და მაშინ უფალიც შეგვეწევა. 

დედა მელანია 84 წლისაა. მონასტერში ისიც განსაცდელის შემდეგ მივიდა და მადლობს უფალს, რომ ამ გზაზე დააყენა. 

დედა მელანია: – მონასტერში გაჭირვებამ მომიყვანა. 2 წლის განმავლობაში, 13–14 წლის შვილიშვილები, ბიჭები გარდამეცვალნენ – ერთი თოფით და მეორე ავარიაში. ძალიან განვიცადე მათი გარდაცვალება. ვფიქრობდი, რატომ დამემართა–მეთქი ასე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი. ქარელში ებრაელები ცხოვრობდნენ. ასეთ მწუხარებაში მყოფი, მათ ძალიან ვეცოდებოდი და ერთხელაც შემომითვალეს, – ნუ დამწუხრდები, მალე იქნება მეორედ მოსვლა და შენი შვილიშვილები აღდგებიან, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებ ყველაფერსო. მეც ვუთხარი ჩემს შვილს და სიძეს, ეკლესიაში წამიყვანეთ, აბა რას მეტყვიან–მეთქი. 1987 წელი იყო. წამოვედით მცხეთაში. სვეტიცხოველში ჩემი კლასელი იყო მღვდლად. მამა არსენმა რომ დამინახა, მიხვდა, რაღაც გაგჭირვებია, თორემ ჩემს სანახავად არ მოხვიდოდიო. ვუთხარი, შვილიშვილები გარდამეცვალნენ და ძალიან განვიცდი–მეთქი. ღმერთის მოცემული იყო და ღმერთმა წაიყვანაო. ამ სიტყვებმა დამაფიქრა. მერე გამესაუბრა, დამამშვიდა და მომცა სასულიერო წიგნები, ახალი აღთქმა და სხვა. ესენი წაიღე, წაიკითხე, ეკლესიაში იარე და ყველაფერს გაიგებო. მე და ჩემი რძალი გადავშლიდით ლიტერატურას და ვეძებდით, სად ეწერა, მეორედ მოსვლისა და მიცვალებულთა აღდგომის შესახებ. მერე მართლაც მივედი ეკლესიაში, მღვდლის ქადაგებას ყური დავუგდე, მინდოდა გამეგო, რა იყო ღმერთი. როდესაც ეკლესიური გავხდი, რაღაც შევიგრძენი. დავიწყე საეკლესიო ლიტერატურის კითხვა, სადაც რამეს ვნახავდი, ყველაფერს ვიწერდი. ამასობაში, ქარელში ციციშვილების საგვარეულო, პატარა ეკლესია აღადგინეს და იქ დავიწყე სიარული. მაშინ იქ მამა ზურაბ ზეინკლიშვილი მსახურობდა. ის ყინწვისში მონასტერს ხსნიდა და მრევლს გვითხრა, ვის გინდათ წამოხვიდეთო. ვიფიქრე, რახან გვეპატიჟება, მონასტერში სულ მღვდლის გვერდით ვიქნები, წავყვები–მეთქი. 8–ნი გავყევით და გაიხსნა ყინწვისის დედათა მონასტერი. ვცხოვრობდით იქ. მამა ზურაბი გვპატრონობდა. მონასტერში ცხოვრებამ გადამატანინა განსაცდელი, ამ გზას რომ არ დავდგომოდი, უსათუოდ მოვკვდებოდი. 

დედა ნანა (ვეფხვაძე) ერის ცხოვრებაში დედა საბიანას ბავშვობის მეგობარი გახლდათ. მონასტერში, დედა საბიანას დამხმარე რომ დასჭირდა, ქუთაისში დაბრუნდა და თავის მეგობარს თან გაყოლა სთხოვა. დედა ნანაც დათანხმდა და მას შემდეგ მონასტერში ცხოვრობს. 

დედა ნანა: – 8 წელია, რაც მონასტერში ვარ. სამწევრისში, ორთუბანში, ურბნისში ვიყავი და ახლა აქ ვცხოვრობ. მონასტერი საყვარელი ადგილია. ჩვენ ვერც ვგრძნობთ, აქ რომ ვმოღვაწეობთ. ღმერთმა დამიფაროს, აქედან წავიდე. ყველაფერს უნდა გავუძლო. შეიძლება, ცოტა გავბრაზდე, ცოტა გამიბრაზდნენ, მაგრამ ვითომ არ მესმის, ისე უნდა მოვიქცე. როცა წირვა–ლოცვას ესწრები, ლოცულობ და უფალს ადიდებ, მაშინ ისეთი განცდები გაქვს, არ გახსოვს, თუ რამე დარდი გაქვს, ყველაფერი გავიწყდება. როგორც კი გამოხვალ მაგ მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რაღაც არ გაგახსენდეს. მაგრამ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი. ღმერთი ხომ ამბობს, თქვენ, ჩემსავით ჯვარზე ხომ არ გაკრავენო. ჩვენ რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ. თუ მეტს შეგვაძლებინებს, უფალმა იცის. დალოცვილი იყავით. თუ ამ გზაზე დადგებით, გისურვებთ, ბოლომდე მტკიცედ იდგეთ. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1497 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები