ოთხშაბათი, 24.04.2024, 20:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როგორ იქცა ხულიგანი კინოვარსკვლავად
15:08
როგორ იქცა ხულიგანი კინოვარსკვლავად
ჟან რენოჟან რენო ფრანგულ კინოში კლასიკოსადაც ითვლება და ავანგარდისტადაც. მას ერთნაირად კარგად შეუძლია ითამაშოს კინოკლასიკაში და ახალგაზრდა რეჟისორის კინოექსპერიმენტშიც. ის დღეისათვის ყველაზე პოპულარული ფრანგია ამერიკულ კინემატოგრაფიაში. 

ჟან რენოს მშობლები წარმოშობით ესპანელები იყვნენ. როდესაც ესპანეთის ხელისუფლებაში გენერალი ფრანკო მივიდა, ოჯახი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ამისათვის იდეალური გარემო მაროკო გახლდათ. სწორედ იქ დაიბადა 1948 წლის 28 ივლისს ხუან მორენო, რომელიც მთელმა მსოფლიომ ჟან რენოს სახელით გაიცნო. 

მაროკო იმ პერიოდში ემიგრანტების იდეალური თავშესაფარი იყო. გარემო, სადაც მომავალი მსახიობი იზრდებოდა, ინტერნაციონალური იყო – ებრაელები, იტალიელები, არაბები, ფრანგები. შესაბამისად, რენომ მათი კულტურა კარგად იცოდა. ერთხელ მომავალმა მსახიობმა კედელზე არაბულად ისეთი შინაარსის წარწერა გააკეთა, რომლის გამოც მაროკოს ხელისუფლებამ მისი ოჯახი ლამის ქვეყნიდან გაასახლა. 

ჟანს მსახიობობა პატარაობიდანვე იზიდავადა. თამაშობდა ფეხბურთს, ხულიგნობდა და ჯიბგირობდა კიდეც, მაგრამ როცა ეკრანზე ახალი ფილმი გამოვიდოდა, კინოთეატრში შესვლას ვერავინ ასწრებდა. 

პირველად სცენაზე 12 წლის ასაკში გამოვიდა, როცა სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. როგორც კი პირველი აპლოდისმენტები დაიმსახურა, მაშინვე გადაწყვიტა, ეს საქმე მთელი ცხოვრება ეკეთებინა. ჟან რენო ჯერ კიდევ მსახიობობაზე ოცნებობდა, როდესაც მის გარშემო სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მაროკოში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო, ამას დაემატა ისრაელ–არაბეთს შორის საომარი სიტუაცია და მომავალი მსახიობის ოჯახმა თავი საფრანგეთს შეაფარა. 

1967 წელს რენოს ოჯახი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ეს ქალაქი იდეალური აღმოჩნდა ჟანის ნიჭის წარმოსაჩენად. არავის ეგონა, რომ არატიპური გარეგნობის, დიდი თვალებისა და ფრანგულის საშინელი აქცენტის გამო მას თეატრალურ ინსტიტუტში მიიღებდნენ, მაგრამ სტუდენტობა ძალიან მარტივად მოახერხა. ახალგაზრდა კაცს ფინანსურად უჭირდა, ამიტომ ლექციების შემდეგ ხან – მტვირთავად, ხანაც მძღოლად უწევდა მუშაობა. 

ჟან რენო მიხვდა, რომ წარმატებისათვის მას საფრანგეთის მოქალაქეობა სჭირდებოდა, რომლის მისაღებად სამხედრო სავალდებულო სამსახური აუცილებელი იყო. მსახიობობა აქაც გამოადგა. როცა სამხედრო ნაწილში გაიგეს, რომ ის მომავალი მსახიობი იყო, ტანკის ნაცვლად სცენაზე გაამწესეს და ჯარის ნაწილის კულტურული მხარე მიანდეს. 

ჯარში გატარებული 2 წელი საუკეთესო პერიოდი იყო ფიქრისა და ფრანგული უნარ–ჩვევების გამომუშავებისათვის. პარიზში თავის დამკვიდრებისათვის კი იდეალური გარემო ბოჰემური საზოგადოება იყო. თამბაქო, ალკოჰოლი, ჰიპური ჩაცმულობა და ლამაზი ქალები – ეს ყველაფერი ის აქსესუარები აღმოჩნდა, რამაც ჟან რენოს გზა გაუკვალა მაღალი საზოგადოებისაკენ. კარიერაც ნელი, მაგრამ დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. 

რენოს წილად ხვდა ბედნიერება, ივ მონტანისა და რომი შნაიდერის გარემოცვაში ეთამაშა, მაგრამ საყოველთაო აღიარება მოგვიანებით ეწვია, როდესაც რეჟისორ ლუკ ბესონს შეხვდა, რომელიც მომავალში მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. 

"1981 წელს ერთ–ერთ კომედიაში სინჯებზე მიმიწვიეს. გამბედაობისათვის ცოტა დავლიე. როდესაც რეჟისორმა რაფაელ დელპარიმ ასეთ მდგომარეობაში მიხილა, ჩემი გასინჯვაც კი გადაიფიქრა. ამ დროს მისმა თანაშემწემ, ვიღაც ლუკ ბესონმა თქვა, როლისათვის ზუსტად ეს ტიპაჟი გვჭირდებაო. მართალია, ამ ფილმზე არ დამამტკიცეს, მაგრამ ერთ კვირაში ლუკ ბესონმა დამირეკა და თავის შავ–თეთრ ფილმში როლი შემომთავაზა. ჰონორარი სასაცილო იყო – 100 დოლარი, მაგრამ მე დავთანხმდი. მივხვდი, რომ ლუკ ბესონი ჩემთვის ახლობელი პიროვნება იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენ დავმეგობრდებოდით", – იხსენებს მსახიობი. 

მას შემდეგ, რაც ჟან რენომ ლუკ ბესონის ფილმ "ცისფერ უფსკრულში" მიიღო მონაწილეობა, მასზე ჰოლივუდშიც ალაპარაკდნენ. "ამერიკული კინემატოგრაფია სულ სხვა განზომილებაა. თავიდან ძალიან გამიჭირდა ოკეანის გადაღმიდან შემოთავაზებების მიღება. რატომღაც ამერიკელი რეჟისორები ჩემში სიცილიელ ბანდიტს, არაბ განგსტერს და მექსიკელ ქურდბაცაცას ხედავდნენ. ჩემთვის კი ასეთი ტიპაჟები მიუღებელი იყო. ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს ვითამაშებ ადამიანს დამაჯერებლად, რომელიც ბანქოში ცოლს წააგებს. ამაში ჰოლივუდიც დავარწმუნე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა საინტერესო როლები", – აცხადებს მსახიობი ერთ–ერთ ინტერვიუში. 

ჟან რენოს პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს ცოლმა მსახიობს საკითხი ასე დაუყენა – ან ჩვენ (მათ უკვე ორი შვილი ჰყავდათ), ან კარიერა. კინოს ჟან რენოს ცხოვრებაში დიდი დრო მიჰქონდა და ოჯახს სათანადო ყურადღებას ვეღარ უთმობდა. მაშინ მსახიობმა ოჯახს კინო არჩია, თუმცა მოგვიანებით ასეთი გადაწყვეტილების გამო არაერთხელ ინანა. "ეს ალბათ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი კარიერისტული ამბიციების გამო შვილებს ყურადღება მოვაკელი. ისინი იზრდებოდნენ, ყალიბდებოდნენ პიროვნებებად და მე მათ გვერდით არ ვიყავი", – აღნიშნავს სინანულით ჟან რენო. 

ვარსკვლავურმა დაავადებამ მსახიობის სულში გზა ადვილად იპოვა. წარმატებული ფილმების შემდეგ ჟანი სასმელს მიეძალა, მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და სასიყვარულო თავგადასავლებასც არ იკლებდა. მთელი ცხოვრების გატარებას ხანმოკლე რომანებში აპირებდა, რომ არა ერთი ჯადოსნური დღე. 

პარიზის ქუჩებში სეირნობისას გოგონა შენიშნა, რომელიც, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ რენომ მაშინვე თავი დაკარგა. წამოეწია უცნობ გოგონას და მთელი თავისი პოპულარობა გამოიყენა იმისათვის, რომ კაფეში დაპატიჟებაზე მისგან თანხმობა მიეღო. ეს უცნობი გოგონა წარმოშობით პოლონელი ნატალი დიშკევიჩი აღმოჩნდა. რომანი მალე ქორწინებით დაგვირგვინდა. მეორე ქორწინებაში რენოს კიდევ ორი შვილი შეეძინა. ბედნიერი მსახიობი ინტერვიუებში ამაყად ამბობდა, რომ უბედნიერესია და თავისი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. 2001 წლის დასაწყისში წყვილი გაიყარა. 

მესამე ცოლი, რუმინელი მოდელი და მსახიობი სოფი ბორუკი, ჟანმა წვეულებაზე ნახა და ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც წლების წინ პარიზის ქუჩაში ნატალის დანახვისას. ჟანმა იშვიათი სითავხედე გამოიჩინა და უცნობ ქალბატონს პირდაპირ მიეჭრა: "თქვენ ყველაზე ლამაზი ქალი ხართ, ვინც კი ოდესმე მინახავს. როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე ჩემს თავს ვუთხარი, აი, ვინ არის ჩემი მომავალი ცოლი", – ასეთი სიტყვებით წარდგა ქალის წინაშე. 

ამ რომანტიკულმა სიტყვებმა გაჭრა და 2006 წელს რომანტიკული ქორწილიც გაიმართა. ჟან რენოს მეჯვარე საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახლდათ. მსახიობმა მესამე ცდაზე ოჯახური იდილია მოიპოვა. ახლა რენოსათვის პრიორიტეტი მხოლოდ ოჯახია. "კინო ჩემი სამსახურია, ხოლო ოჯახი – მთელი ცხოვრება. ოჯახი უნივერსალური წამალია, რომელიც ყველაფერზე ეფექტურია. ძალიან მიყვარს ცოლის მიერ მომზადებული კერძები. ის ჩემთვის პირველი მზარეულია მთელ პლანეტაზე. მადლობა სოფის იმისათვის, რომ ახალი ცხოვრება მაჩუქა, საკუთარი თავი ახლებურად დამანახა და ცხოვრება სხვანაირად შემაყვარა", – ამბობს ბედნიერი ჟან რენო. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1070 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები