შაბათი, 20.04.2024, 03:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ქალი, რომელსაც არგენტინის პრეზიდენტი აღმერთებდა
15:09
ქალი, რომელსაც არგენტინის პრეზიდენტი აღმერთებდა
ევიტა პერონი
ევიტა პერონზე დღესაც ლეგენდები დადის. მისსა და პოლკოვნიკ ხუან პერონის სიყვარულზე არაერთი რომანი დაიწერა და არაერთი ფილმია გადაღებული. "ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სამხრეთ–ამერიკული სერიალები საპნის ოპერებია და ცხოვრებაში ასე არ ხდებაო, – წერდა იტალიელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი, – ასეთებს მე ვპასუხობ: წაიკითხეთ პერონისა და ევიტას ისტორია და მერე ასე აღარ ილაპარაკებთ–მეთქი". 

ფელინი მოხიბლული იყო პერონისა და ევიტას სასიყვარულო ისტორიით. დიდ მაესტროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სურდა, ამის შესახებ ფილმის გადაღება. "ამ ამბის უნიკალურობა ისაა, რომ ყველაფერი ეს სინამდვილეში მოხდა", – ამბობდა ფელინი. 

გაცნობა 

მსახიობი ევა დუარტე განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა. მას არ მიუღია სპეციალური სამსახიობო განათლება, ამიტომ დიდად გაიოცა, როდესაც მოახსენეს, რომ მისით თავად პოლკოვნიკი ხუან დომინგო პერონი იყო დაინტერესებული. პერონი არგენტინული სამხედრო ელიტის ერთ–ერთი ლიდერი და მმართველი ხუნტის წევრი იყო. პერონი ოფიცერთა ორგანიზაცია გოა–ს დამაარსებელი გახლდათ. ამ ჯგუფმა 1943 წელს შეძლო სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, თუმცა პერონს ჯერჯერობით შრომის მინისტრის მოკრძალებული თანამდებობა ეკავა. მიუხედავად ამისა, გასაოცარი იყო, რომ ამ რანგის კაცი მეორეხრისხოვანი მსახიობით დაინტერესდა. 

– პოლკოვნიკმა პერონმა შემოგითვალათ, რომ სურს, დღეს, საღამოს რესტორანში დაგპატიჟოთ. 

– გადაეცით ბატონ პოლკოვნიკს, რომ სიამოვნებით მივიღებ მის მოწვევას. 

რესტორანში ევიტამ ყურადღებით შეათვალიერა მამაკაცი. მის წინ იჯდა ტიპური სამხედრო, ბრგე, კარგად ნავარჯიშევი და ძლიერი. მისი თვალები ერთგვარი გაუბედაობით შესცქეროდნენ ევიტას. 

– მოხარული ვარ, რომ თქვენი გაცნობის საშუალება მომეცა, – პერონს ენა ებმოდა, ლოყები კი აჭარხლებოდა. 

ევიტამ გაიღიმა, თუმცა არ მალავდა გაოცებას. ყველაფერს მოელოდა, მაგრამ არა იმას, რომ პოლკოვნიკი პერონი ვიქტორიას ეპოქის ქალიშვილივით გაწითლდებოდა. პერონი ქალს თვალს ვერ უსწორებდა, თან სულ ნიკაპზე ისვამდა ხელს, ეტყობოდა, რომ ღელავდა. 

– მე გადმომცეს, რომ ჩვენი თეატრის სისტემატური სტუმარი გახდით, – ევამ კეკლუცად გაიღიმა, – მოგწონთ ჩვენთან? 

– ძალიან, ძალიან მომწონს. 

– მაშ, ბატონი პოლკოვნიკი თეატრალია? – ევამ ყელი მოიღერა. 

– იცით რა... – პერონმა ცხირსახოცი ამოიღო და გაოფლილი შუბლი მოიწმინდა. 

– თამამად, თამამად, ბატონო პოლკოვნიკო, – გაამხხნევა ის ევიტამ. 

– საქმე ისაა, რომ მე თეატრისა ბევრი არაფერი გამეგება. 

– მართლა? 

– მეტსაც გეტყვით, თეატრში ჩვეულებრივ ვიწყენ ხოლმე, ასე მეჩვენება, რომ მსახიობებს სივრცე არ ჰყოფნით. 

– ვერაფერი გავიგე. 

– "კომედიაში" მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ თქვენ გნახოთ, ევა. 

წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. პირველი ისევ ევა მოეგო გონს და გაიღიმა. 

– გინდათ მითხრათ, რომ ჩემმა სამსახიობო ტალანტმა მოგხიბლათ? 

– მე თქვენ მომხიბლეთ, თქვენ ყველაზე საუკეთესო ქალი ხართ მსოფლიოში. 

– დიდი მადლობა ბატონ პოლკოვნიკს ასეთი კომპლიმენტისათვის. 

– ეს კომპლიმენტი კი არა, სიმართლეა. 

– გინდათ, მითხრათ, რომ მამაკაცების კომპლიმენტების უმრავლესობა ტყუილია? 

პერონმა ღვინო დაისხა და ხარბად შესვა. ევა ღიმილით შესცქეროდა მას. 

– შეიძლება ასეც იყოს, – პერონმა ხმაურით შეისუნთქა ჰაერი, – კომპლიმენტებს ვეუბნებით ქალს, როდესაც გვსურს, ვასიამოვნოთ და მეტი არაფერი. როდესაც ქალი გვიყვარს, მას სიმართლეს ვეუბნებით. 

– მართლა? 

– მე თქვენ მიყვარხართ, ევა... სიცოცხლეს არ დავიშურებ თქვენთვის. 

რად გინდა ეს კახპა! 

პერონისა და ევიტას შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. როდესაც პერონმა გამოაცხადა, ევიტაზე დაქორწინება მსურსო, ამან მთელი არგენტინული ელიტა გააოგნა: 

– რად გინდა ეს კახპა! განა, არგენტინელ ოფიცერს ასეთი ცოლი უნდა ჰყავდეს? 

ევა დუარტე (1919–1952) დედით ბასკი გახლდათ. ის საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა, თუმცა უკანონო შვილი გახლდათ. ევას დედა იმ სახლში მოახლე იყო და მეპატრონემ ის საყვარლად გაიხადა. მამამ ევიტა შვილად აღიარა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ვითარება შეიცვალა. კანონიერმა შვილებმა ევიტას მემკვიდრეობაში ყოველგვარ წილზე უარი უთხრეს. 

გოგონა ბედის საძიებლად ბუენოს აირესში გაემგზავრა. ის თეატრ "კომედის" მსახიობი გახდა, პარალელურად მღეროდა ესტრადაზე და თამაშობდა რადიოპიესებში. ევიტას არ ჰქონდა სამსახიობო განათლება, სამაგიეროდ საოცარი ენერგიით გამოირჩეოდა და მამაკაცების მოხიბვლის იშვიათი უნარი გააჩნდა. 

ევიტას უამრავი საყვარელი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ მდიდარი და გავლენიანი ხალხიც, რომელთა წყალობითაც ქალმა სცენაზე თავი დაიმკვიდრა, თუმცა ევიტას ესმოდა, რომ არც ერთი მათგანი ცოლად არ შეირთავდა. 

– მათ მხოლოდ გასართობად ვჭირდები. მათთვის მხოლოდ თოჯინა ვარ, რომელსაც გაეთამაშები და შემდეგ გადააგდებ, – ამბობდა ის. 

მოულოდნელად ქალის ცხოვრებაში სოლივით შეიჭრა პერონი – პერსპექტიული სამხედრო და არანაკლებ პერსპექტიული პოლიტიკოსი. პერონის გალანტური საქციელი ღიმილისმომგვრელი მაგრამ სასიამოვნო იყო. მასში, იყო რაღაც რაინდული, ის, რაზეც ევიტას წიგნებში წაეკითხა და რაც ეგონა, რომ სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. 

პერონი თავს ევლებოდა ქალს, თვალებში შესციცინებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. თავდაპირველად ევა ფიქრობდა, რომ მორიგი მდიდარი და გავლენიანი კადრი "მოჩანგლა". თუმცა, რაც უფრო ხშირად ხვდებოდა პერონს, რწმუნდებოდა, რომ ეს ასე არ იყო. პოლკოვნიკს ის ძალიან უყვარდა და მის ცოლად შერთვას აპირებდა. ევამ პირველად იგრძნი რაღაც სინდისის ქენჯნის მსგავსი. პერონისადმი მან ერთგვარი სიბრალულიც კი განიცადა. ასეთი გრძნობა უჩნდება უფროს დას საყვარელი უმცროსი ძმისადმი. 

– ხუან, – უთხრა ერთხელ ევამ, – ჩვენ უნდა დავშორდეთ. 

– რატომ, ფისო? 

– შენ სამხედრო და პერსპექტიული პოლიტიკოსი ხარ, მე კი ერთი უბრალო მსახიობი. ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება. ეს დაასამარებს შენს კარიერას. 

– მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ შედეგს, – იყო პასუხი. 

– მაგრამ, ხუან.. 

– ევა, გემუდარები, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. 

ქალმა იცოდა, რომ პერონი მის ცოლად შერთვას აპირებდა. იცოდა ისიც, რომ პოლკოვნიკის მეგობრები ამ არჩევანს ძალზე აგრესიულად შეხვდნენ. ამიტომ, როდესაც პერონმა ცოლობა შესთავაზა, სიამოვნებისაგან გაიბადრა. 

– ევა, – ყრუდ წარმოთქვა პერონმა, – გამომყევი ცოლად. 

– ცოლად? მე? 

– ძლივს გავბედე ამის თქმა. 

– მართლა? რატომ? 

– შენ ათი თავით ჩემზე მაღლა დგახარ. 

– ეს შენ დგახარ ჩემზე ასი თავით მაღლა. შენ პოლკოვნიკი და მთავრობის წევრი ხარ. 

– შენ მაინც ჩემზე მაღლა იდგები, პრეზიდენტიც რომ გავხდე, მაინც. მაშ, თანახმა ხარ? 

ევას თვალები გაუბრწყინდა, სახე გაუნათდა. 

– პირდაპირ მითხარი, ჰო თუ არა? 

– ჰო, ჰო, – წარმოთქვა ქალმა და გადაეხვია. 

მამაკაცს ზურგში ხელის წაკვრა სჭირდება 

ცოლქმრობაში მუდამ ერთი იმორჩილებს მეორეს. პერონ–ევიტას წყვილში უდავოდ ქალი მბრძანებლობდა. ევა ჭკვიანი ქალი იყო, ამიტომ მიხვდა, რომ ისეთი ტიპის მამაკაცზე, როგორიც პერონი იყო, აშკარა მბრძანებლობა არ გაუვიდოდა. პერონს არც ჭკუა აკლდა, არც ნიჭი და არც ამბიცია, ამასთან, საშინლად ვერ იტანდა, როდესაც მასზე უფროსობდნენ. ამიტომ ევიტას ისე ეჭირა თავი, თითქოს პერონის მოსწავლე და მიმდევარი იყო. ქალი დიდხანს და მოთმინებით უსმენდა ქმარს. ბევრი რამ, რასაც პერონი ამბობდა, მისთვის სიახლე იყო. პერონი ღრმად იცნობდა ჰიტლერისა და მუსოლინის შრომებს, აგრეთვე ინგლისელი თუ ამერიკელი მოღვაწეების წიგნებს. ევიტამ ქმრისგან ბევრი სიახლე შეიტყო. პერონი მასზე ბევრად განათლებული გახლდათ. მიუხედავად ამისა, ქალი ახერხებდა, ისე წაეყვანა საუბარი, რომ პერონი უნებლიედ მის აზრებს გამოთქვამდა, თანაც პოლკოვნიკი ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე იყო. 

– ევა არა მარტო ჩემი ცოლი, არამედ მოსწავლე, თანამებრძოლი და მიმდევარია, – ამბობდა პერონი. 

ევამ მოხერხებულად შეძლო კიდევ უფრო გაეღვივებინა ქმარში ამბიცია და პატივმოყვარეობა. მამაკაცს ხომ ზურგში ხელის წაკვრა სჭირება. ცოლისაგან წაქეზებულმა პერონმა განიმტკიცა თავისი მდგომარეობა მმართველ ხუნტაში, მაგრამ ევას ესმოდა, რომ მარტოოდენ ეს საკმარისი არ იყო. 

– გადი ხალხში, შეიტყვე მათი ჭირ–ვარამი, მიდი მუშებთან, ადამიანურად დაელაპარაკე, დღეს ამის გარეშე შეუძლებელია წარმატებული პოლიტიკური კარიერა, – არწმუნებდა ევა ქმარს. 

პერონმაც დაუჯერა. მივიდა მუშებთან, დაესწრო მათ შეკრებას, მოთმინებით მოისმინა მათი საჩივრები, შემდეგ კი მგზნებარე სიტყვითაც მიმართა. მუშებმა ის ტაშით გააცილეს. ეს რამდენჯერმე განმეორდა. შემდეგ პერონი ფერმერებთნაც მივიდა. მალე ის უბრალო ხალხის გმირად გადაიქცა. 

– მთავრობის წევრთაგან პერონი ერთადერთია, რომელიც ხალხზე ზრუნავს. ის უნდა იყოს არგენტინის პრეზიდენტი! – მუსირებდა ხალხი. 

პერონი ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად გადაიქცა. ის ყველაზე რეალური კანდიდატი გახდა პრეზიდენტის პოსტზე. 

როგორ გაათავისუფლა ხალხმა თავისი გმირი 

პერონის პოპულარობის ზრდამ შეაშფოთა მისი მეგობრები. ზედმეტად პოპულარული პოლკოვნიკი, რომელიც სიამოვნებით ჩნდებოდა მუშათა თავყრილობებზე, მმართველ ელიტას ძვალივით ეჩხირებოდა ყელში, ამიტომ ის დააპატიმრეს. ბევრს ეგონა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა სამუდამოდ დამთავრდა. 

ევიტას ესმოდა, რომ კანონიერი გზით ქმრის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა. სასამართლო, როგორც ასეთი, არგენტინაში არ არსებობდა. ის კანონს კი არა, მმართველი უმცირესობის ინტერესებს იცავდა. ახლა ამ უმცირესობას პერონის ციხეში ამოლპობა სურდა. რჩებოდა ერთადერთი გზა – სახალხო პროტესტი და პოლკოვნიკ პერონის გათავისუფლება. 

– მუშები და გლეხები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან მათი ქომაგი ხუან პერონი, – ცხარედ ამბობდა ევიტა. 

შემდგომში ზოგიერთი მწერალი ამტკიცებდა, რომ თითქოს მადამ პერონმა მოაწყო დემონსტრაციები, რომლებმაც მთელი არგენტინა მოიცვა. ასეთი ვერსიაა გაჟღერებული გახმაურებულ კინოსურათში "ევიტა". ეს არაა სწორი. მართალია, ქალს გულით სურდა, ასეთი დემონსტრაციების მოწყობა, მაგრამ საამისოდ არც ბერკეტები გააჩნდა და არც – გამოცდილება. "დემონსტრაციები სტიქიურად გაიმართა", – წერდა ჟორჟ უგარი, რომელსაც ნამდვილად ვერ დავაბრალებთ პერონისადმი სიმპათიებს. ეს მართლაც ასეა. 

ბუენოს აირესის ქუჩებში 300 000–მდე ადამიანი გამოვიდა. პოლიციის ყველა მცდელობა, ჩაეხშო პროტესტი, ამაო გამოდგა. მანიფესტანტებს მგზნებარე სიტყვით ევიტა პერონმა მიმართა: 

– მმართველ უმცირესობას არ სურს, აიტანოს თავის გარემოში მართალი, პატიოსანი ხალხი, ისინი, ვინც უბრალო ადამიანებზე ზრუნავენ! ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს პარაზიტები, პატივი სცენ ხალხის ნებას! საქმე მხოლოდ პერონში როდია! საქმე ჩვენს ღირსებას ეხება! 

ქალის მგზნებარე სიტყვამ თავისი ეფექტი იქონია. დემონსტრაციები არგენტინის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. საბოლოოდ ხელისუფლებამ დათმო. პერონი გაათავისუფლეს. 

პოლკოვნიკი პრეზიდენტი ხდება 

გათავისუფლებული პერონი გაათკეცებული ძალით შეუდგა მოღვაწეობას. ხელისუფლებამ მის ჩასაძირად ყველა მეთოდი გამოიყენა – დაწყებული ძალადობიდან, დამთავრებული მოსყიდვით. პოლკოვნიკი ამან ვერ შეაშინა. პერონს ძალ–ღონეს ისიც მატებდა, რომ ევიტა ვაჟკაცურად ედგა გვერდში. 



– შენ პრეზიდენტი უნდა გახდე! გახსოვდეს, წაგების უფლება არ გაქვს! 

ევა კოლოსალურ სამუშაოს ასრულებდა. ის საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო, მდივანიც, მრჩეველიც. მისი სიტყვები პერონზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენდა. პოლკოვნიკი თვით მისთვისაც შეუმჩნევლად ცოლის გავლენის ქვეშ ექცეოდა. 

– გახსოვდეს, შენ წინააღმდეგ მოქმედებს უზარმაზარი სახელმწიფო აპარატი და დიდი ფული! გაიმარჯვებ მხოლოდ მაშინ, თუ უბრალო ხალხი მხარს დაგიჭერს! 

პერონიც ხვდებოდა მუშებს, ფერმერებს, მასწავლებლებს. ხშირად დღეში რამდენიმე მიტინგზე უწევდა გამოსვლა. არაქათგამოცლილი ერთიანად ოფლში იყო გაწურული, მაგრამ ევიტას სიტყვები ძალას მატებდა. 

– ეგრე, ყოჩაღ! აბა, მიდი! მიდი! 

ამ სიტყვებზე პერონს თითქოს მეორე სუნთქვა ეხსნებოდა. ის, თითქოს არაფერიო, მორიგ მიტინგზე მიდიოდა, რათა კიდევ ერთი მგზნებარე სიტყვა წარმოეთქვა. 

– მე ვამაყობ შენით, ხუან! მე ვამაყობ შენით! 

ევიტას საოცარი ალღო ჰქონდა. ზუსტად შენიშნავდა ხოლმე, თუ როდის გამოეცლებოდა პერონს ძალა. ასეთ შემთხვევაში ქალი ხუმრობით განმუხტავდა ატმოსფეროს. სახლში მისვლისთანავე ევიტა ქმარს თავისი ხელით გაკეთებული ვახშმით უმასპინძლდებოდა.

– ბოდიში, კარტოფილი ცოტა მიმეწვა, ბოდიში. 

პერონი ნეტარებით იღიმებოდა. ვახშმის შემდეგ ისინი საუბრობდნენ. ევიტა თავაზიანად, მაგრამ საოცრად ზუსტად აფიქსირებდა იმ შეცდომებს, რაც საჯარო გამოსვლისას ქმარმა დაუშვა. 

– შენ მართალი ხარ, ასე არ უნდა მეთქვა, – კვერს უკრავდა ქმარი. 

საპრეზიდენტო არჩევნებში პერონმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. პოლკოვნიკი არგენტინის პრეზიდენტი გახდა. 

პერონი პრეზიდენტი 

პერონმა პირობა შეასრულა. ყველაფერი გააკეთა არგენტინაში ეროვნული მრეწველობის აღმავლობისათვის. მუშებისათვის უფასო სანატორიუმები გაიხსნა. ევიტა ქმარს კვლავაც გვერდში ედგა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოფიციალური პოსტი არ ეკავა, ხშირად ჩნდებოდა კონგრესში თუ ოფიციალურ მიღებებზე. ევიტას გავლენა ქმარზე კვლავაც უდიდესი იყო. 

ქალის ბევრი ნათესავი წამყვან პოსტზე დაინიშნა. არგენტინულ საზოგადოებაში მანამდე არ არსებობდა ესოდენ გავლენიანი პირველი ლედი. ევიტა დადიოდა ხალხში, ხვდებოდა მუშებს. განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ევიტამ საკუთარი ფონდი დააარსა. არგენტინის ფილანტროპულმა საზოგადოებამ ამის გამო ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი. ეს მას ძვირად დაუჯდა. პერონმა ხსენებული საზოგადოება დაშალა. 

ევიტა აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაშიც. მან ქმარს შესთავაზა, მჭიდრო კონტაქტები დაემყარებინა ესპანეთთან. 

– ფრანკოს რეჟიმი იზოლაციაშია. ისინი სიამოვნებით წამოვლენ ჩვენთან კავშირზე. დღეს არგენტინას შეუძლია, ესპანელებს დახმარება გაუწიოს. 

– მერე, რას მოგვცემს ეს? 

– თუკი გავააქტიურებთ ჩვენს პოლიტიკას ევროპაში, ამით განმტკიცდება არგენტინის საერთაშორისო მდგომარეობა. 

მალე ევიტა ესპანეთში გაემგზავრა. დიქტატორმა ფრანკომ ის ზარზეიმით მიიღო. სწორედ ევიტა პერონის ვიზიტმა მოამზადა წინამძღვრები ესპანეთ–არგენტინის ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების დასადებად. პარალელურად ევიტა შვეიცარიისა და საფრანგეთის პირველ პირებსაც შეხვდა. მალე ამ ქვეყნებთან სათანადო ხელშეკრულებებიც გაფორმდა. 

ევიტა დიდად განაპირობებდა პერონის საკადრო პოლიტიკასაც. როგორც ცნობილია, ომის შემდეგ არგენტინაში ბევრმა ჰიტლერელმა პოვა თავშესაფარი. იქ იყვნენ ისინიც, ვინც იძულებულნი იყვნენ, ნაცისტებთან ეთანამშრომლათ. მათგან უნდა გამოვყოთ ხორვატი უსტაშები, რომლებმაც მალე წამყვანი როლი დაიკავეს არგენტინის სახელმწიფო აპარატში. მოხდა ისე, რომ ევიტამ პირადად გაიცნო რამდენიმე უსტაში ლიდერი. შემდეგ ქალი თავად პოლკოვნიკ ანტე პაველიჩს შეხვდა. პაველიჩმა მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. 

– ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა, – უთხრა ევიტამ ქმარს. 

პერონმაც პირადად ინება უსტაშთა წინამძღოლთან შეხვედრა. მალე პაველიჩი მისი პირადი მრჩეველი გახდა ეროვნული უშიშროების საკითხებში. ბევრმა ხორვატმა ემიგრანტმა წამყვანი პოსტები დაიკავა არმიასა თუ პოლიციაში. ევიტა ამას ძალზე უწყობდა ხელს. ხორვატებისადმი ქალს განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა. 

ავადმყოფობა და სიკვდილი 

ევიტას სამართლიანად უწოდებდნენ პერონისტული დრაკონის მეორე თავს. მართალია, მას არავითარი ოფიციალური პოსტი არ ეკავა, მაგრამ ფაქტობრივად ქვეყნის მეორე პირი იყო. ეს არგენტინულ არისტოკრატიას ძალიან აღიზიანებდა. სამაგიეროდ ევიტას უბრალო ხალხი აღმერთებდა. ცოლის პოპულარობა კი ავტომატურად სწევდა პერონის რეიტინგსაც. 

ევიტა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქმრის მეორე საპრეზიდენტო არჩევნებს. წარმატება სრული იყო. პერონმა ათი პროცენტით მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე პირველი არჩევნებისას. "რომ არა მისის პერონი, პოლკოვნიკი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა", – წერდა "ნიუ იორკ ტაიმსი" 

მალე მთელი არგენტინა შეძრა ახალმა სამწუხარო ამბავმა. ევიტა პერონს კიბო აღმოაჩნდა. მუშები და გლეხები მასობრივად მიდიოდნენ ეკლესიებში, რათა ევიტას ჯანმრთელობისათვის ელოცათ. როდესაც გამოაცხადეს, ევიტას ოპერაცია გაუკეთესო, ამას მთელი არგენტინა დაძაბული ადევნებდა თვალს. ექიმთა მცდელობა ამაო გამოდგა. ევიტა პერონი გარდაიცვალა. 

პრეზიდენტი პერონი ბავშვივით ღრიალებდა. ასე დამწუხრებული ის არავის ენახა. "ევიტა ჩემი მარჯვენა ხელი იყო. მისი სიკვდილით მე მარჯვენა დავკარგე", – ამბობდა იგი. 

ეპილოგი 

1955 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად პერონი დაამხეს. დაიწყო ემიგრაციის ხანგრძლივი პერიოდი. პერონმა თავი შორეულ ესპანეთს შეაფარა. ის მეორედ დაქორწინდა, თუმცა ბოლომდე სათუთად შეინახა ევიტას ხსოვნა. პერონს ახსოვდა ისიც, რომ არგენტინის კანონიერი პრეზიდენტი იყო და რომ უკანონოდ გააძევეს ქვეყნიდან, ამიტომაც გააფთრებით იბრძოდა დასაბრუნებლად. 

1973 წელს პერონი კვლავ პრეზიდენტი გახდა. იმ დროისათვის მას უკვე ახალი ცოლი ჰყავდა, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნა ხანმოკლე გამოდგა. 1974 წელს ხუან პერონი გარდაიცვალა. ევიტას პორტრეტი მას მუდამ მაგიდაზე ედო. პერონის უკანასკნელი სიტყვები იყო: "ევიტა, მე შენთან მოვდივარ..." 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1892 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები