პარასკევი, 29.03.2024, 12:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ერთადერთი ქალის ერთგული კინოვარსკვლავი
15:10
ერთადერთი ქალის ერთგული კინოვარსკვლავი
ლინო ვენტურა
არსებობენ მსახიობები, რომლებიც მთელი ცხოვრება კინოში მაგარ ბიჭებს თამაშობენ, ცხოვრებაში კი არაფრით გამოირჩევიან. არსებობენ კომიკოსები, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან მოსაწყენი ადამიანები არიან. მხოლოდ მსახიობების იშვიათი კატეგორიის შემთხვევაში ემთხვევა ეკრანული და ცხოვრებისეული იმიჯი ერთმანეთს. ასეთი მსახიობი გახლდათ ლინო ვავენტურაც.

მაგარი მუშტები 

მთელი მსოფლიო ლინო ვენტურას ფრანგ მსახიობად იცნობს. რეალურად კი ის საფრანგეთის მოქალაქეც კი არ ყოფილა. ლინო იტალიაში, ქალაქ პარმაში, 1919 წლის 14 ივლისს დაიბადა. მამამისი, ჟან ვენტურა, ფეხმძიმე ცოლისგან სხვა ქალთან გაიქცა. მომავალ მსახიობს ანჯელო ბორინის ეძახდნენ. ლინო კი ანჯელინოს შემოკლებული ვერსია გახლდათ, რომლითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 

იმ პერიოდში იტალიის სათავეში ფაშისტები იყვნენ და ომისათვის ემზადებოდნენ. ამიტომ დედამ ლინო მეზობელ საფრანგეთში გადაიყვანა საცხოვრებლად. 1941 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში ლინო იტალიის ხელისუფლებამ მოძებნა და ჯარში წაიყვანა. მას იუგოსლავი პარტიზანების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მსახიობმა დეზერტირობა არჩია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში საკუთარ ოჯახსაც კი ემალებოდა. 

ეს იყო მოგვიანებით, მანამდე კი, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ლინომ გადაწყვიტა, მოკრივე გამხდარიყო. სპორტის ამ სახეობაში მას სერიოზული მიღწევები ჰქონდა. როდესაც ყველაზე დიდი და მომგებიანი კონტრაქტი მიიღო, სწორედ მაშინ წაიყვანეს ჯარში. სპორტს მხოლოდ 1944 წელს დაუბრუნდა. ამჯერად პროფესიული კეტჩი არჩია, ანუ რინგზე ბრძოლა წესების გარეშე. 1950 წელს მან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც კი მოიპოვა. 

ერთ–ერთი ბრძოლის დროს სპორტსმენმა ორივე ფეხი მოიტეხა. სწორედ მაშინ დასრულდა მისი სპორტული კარიერა. 

გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისში ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟაკ ბაკერი განგსტერული ფილმის "იღბლის ძიებაში" გადაღებებისათვის ემზადებოდა. ერთ–ერთი როლისათვის მას სჭირდებოდა სრულიად უცნობი სახე, რომელიც ძალიან ჰგავდა ბანდიტს. რეჟისორის ასისტენტმა შემთხვევით დაინახა სპორტსმენი და გადაღებებზე მიიწვია. 

განგსტერები და პოლიციელები 

თავდაპირველად ლინო ვენტურამ უარი თქვა ფილმში თამაშზე. ის სპორტში პროფესიონალი იყო და თვლიდა, რომ კინოშიც მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ეთამაშათ. ფილმში მონაწილეობას მაშინ დათანხმდა, როდესაც გაიგო, რომ მთავარ როლს მისი საყვარელი მსახიობი, ჟან გაბენი, ითამაშებდა. სწორედ მაშინ აიღო ლინომ თავისი ნამდვილი გვარი ვენტურა და ფეხი შედგა გადასაღებ მოედანზე.

პირველივე ფილმი წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ლინო არ ჩქარობდა შეთავაზებული წინადადებების მიღებას. მას დაშტამპული განგსტერებისა და არამზადების როლებს სთავაზობდნენ. 1960 წელს ლინომ საბოლოოდ მიატოვა სპორტი და მთლიანად კინოში გადაინაცვლა. შედეგად ეკრანებზე ერთმანეთს ცვლიდა ერთიმეორეზე წარმატებული ფილმები "ეშმაკი და ათი მცნება", "მეორე სუნთქვა", "თავგადასავლების მაძიებლები" და სხვა. მსახიობი ნელ–ნელა გამოვიდა განგსტერებისა და არამზადების ამპლუიდან და რთული ხასიათის პიროვნებებს შეეჭიდა. 

გასული საუკუნის 70–იან წლებში ლინომ კომედიურ ჟანრში მოსინჯა ძალები. შემდეგ კი პოლიციელების როლები შეუყვარდა. მან მშობლიურ იტალიაშიც ითამაშა რამდენიმე ფილმში, ძირითადად – მაფიის თავკაცების როლები. 

ჟან გაბენის სიკვდილის შემდეგ ფრანგმა კრიტიკოსებმა მისი ადგილი ღირსეულად მიანიჭეს ლინო ვენტურას. თავად ლინო დიდი მაესტროს, ჟან გაბენის მოსწავლედ თვლიდა თავს და იმას, რომ კინო მისი ცხოვრება გახდა, სწორედ მას უმადლიდა. 

მსახიობს ერთი უცნაურობა ახასიათებდა. ფილმზე მუშაობისას ითხოვდა, რომ მისი როლები უხვსიტყვიანი არ ყოფილიყო. ის სცენარიდან ხშირად იღებდა მონოლოგებს. მან უარი თქვა ფილმებზე "ძველი იარაღი" და "უიღბლო", რომელთა სცენარები სპეციალურად მისთვის დაიწერა. ასევე უარი თქვა სტივენ სპილბერგის ფილმ "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტში" მონაწილეობაზე, რადგან კოსტიუმირებული, ფანტასტიკური ჟანრი არ ხიბლავდა. 

დიდი გულის ადამიანი 

ცხოვრებაში ლინო თავისი დადებითი გმირების სრული განსახიერება გახლდათ. 17 წლის ასაკში მას ფრანგი მეზობელი ოდეტი შეუყვარდა და შეირთო კიდეც. ქორწილიდან მერვე დღეს კი ჯარში წაიყვანეს, მაგრამ ოდეტი მის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე იყო. 

მსახიობი მკაცრად ითხოვდა, რომ ფილმში არ ჰქონოდა კოცნისა და საწოლის სცენები. ის 80 ფილმიდან მხოლოდ ორში დაიყოლიეს, პარტნიორისთვის ეკოცნა. ლინო ცოლის ერთგული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ლამაზმანების პარტნიორობა უწევდა. 

ყველაზე კარგი განტვირთვა მსახიობისათვის სამზარეულო გახლდათ. უგემრიელეს კერძებს ამზადებდა და სტუმრებს ყოველთვის საკუთარი ხელით მომზადებული საჭმელებით უმასპინძლდებოდა. 

თავისი ორი ქალიშვილი იტალიურ ტრადიციებზე აღზარდა, იყო მკაცრიც და გამგებიც. "ის ნამდვილი იტალიელი მამა იყო, ოჯახის ხელმძღვანელი და დამცველი. ჩვენ მკაცრად გვზრდიდა. ქუჩაში დიდხანს ყოფნა გვეკრძალებოდა. ალბათ ამიტომაც მე და ჩემი უფროსი და ადრევე, 18 წლის ასაკში გავთხოვდით. მიუხედავად ამისა, ყველანი ვაღმერთებდით მას. ყველა მოუთმენლად ველოდებოდით დღესასწაულებს, როცა მთელი ოჯახი მაგიდას შემოვუსხდებოდით და მამას მომზადებულ გემრიელ კერძს დავაგემოვნებდით. ჩვენ გვყავდა ყველაზე მკაცრი და ყველაზე გამგები, მოსიყვარულე მამა", – ამბობს მსახიობის ქალიშვილი კლელია. 

ვენტურას ერთ–ერთი ქალიშვილი ინვალიდი დაიბადა. ლინომ გადაწყვიტა, მისი შვილის მსგავსი ბავშვების მფარველი გამხდარიყო. ამ თემაზე მსახიობი არასოდეს საუბრობდა. მან საკუთარი სახსრებით ააშენა ინტერნატი ინვალიდი, ე.წ. შუშის ბავშვებისათვის. ამის შესახებ ჟურნალისტებმა მხოლოდ მსახიობის სიკვდილის შემდეგ შეიტყვეს. 

1987 წლის შემოდგომაზე ლინო ვენტურა ინფარქტით გარდაიცვალა. მაშინ მსახიობი მხოლოდ 68 წლის იყო. წინ კიდევ ბევრი ფილმი ელოდა. "მისი გარდაცვალებით ევროპულმა კინომ მე-20 საუკუნის განგსტერების ოქროს ეპოქა დაასრულა", – წერდა მაშინდელი პრესა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1203 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები