ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როგორ დაიბრუნა ნანა ფაჩუაშვილმა სტუდენტობაში დანგრეული სიყვარული და რის გამო უარყო ის შვილმა
15:23
როგორ დაიბრუნა ნანა ფაჩუაშვილმა სტუდენტობაში დანგრეული სიყვარული და რის გამო უარყო ის შვილმა
ძნელია, ადამიანები აღაფრთოვანო ისე, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ წაშალო კვალი მათი მეხსიერებიდან. ნანა ფაჩუაშვილი თბილისში, თავისი თაობის ადამიანებში ყველაზე ექსტრავაგანტური და თავისუფალი მსახიობი ქალია, რომელსაც საკმაოდ უხერხულ სცენებში თამაშიც კი არ მორიდებია. როგორია მსახიობის განვლილი გზა – ჯაყოს მომხიბვლელ მარგოდან, პამპერსიან დედაკაცამდე მისი დღიურიდან შეიტყობთ. აქვე შეიტყობთ მისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.

– ყველაზე ძვირფასი პერიოდი, ალბათ, ბავშვობაა, როცა შენზე ზრუნავენ, ყველა თავს გევლება, ყოველი დღე გიხარია და ყოფითი პრობლემების აზრზეც არ ხარ – რა გელოდება წინ. რა ეპიზოდები შემორჩა თქვენს მეხსიერებას იმ წლებიდან?

– ეზოში, მართალია ჩემი თანატოლები, მაგრამ სულ ბიჭები იყვნენ. ამიტომ, გინდა, არ გინდა მათთან ვთამაშობდი. ხშირად მეცვა წითელი შარვალი, ამიტომ შემარქვეს გამადლილა – მაიმუნის სახელი. ერთხელ, ეზოში რაღაცას აშენებდნენ, ფიცრები იყო გადებული. წინ პატარა გუბეც იდგა. 
ველოსიპედით ერთ-ერთ ფიცარზე გავიარე. შუამდე რომ მივედი, ჩატყდა და ტალახში ჩავვარდი. დედა მკაცრი ქალი იყო. შემეშინდა, სახლში ასეთ მდგომარეობაში მისვლა. იქვე, გვერდზე მუშებს ცეცხლი დაენთოთ, მივედი და ცეცხლის გარშემო დავიწყე ტრიალი. ჩემი ჭკუით ტანსაცმელს ვაშრობდი, თან, ისეთი ორთქლი ამდიოდა...
 სახლში შეუმჩნევლად შევედი, მაგრამ როგორ ვერ მიხვდებოდნენ, სიცხე რომ მომცა. რაც შეეხება სკოლის წლებს: პირველი წერილი ჩემს შეყვარებულს მე მივწერე. ჩემი პარალელურკლასელი შემიყვარდა და მთელი სკოლის პერიოდი სულ შეყვარებულები ვიყავით. მათემატიკაში მეხმარებოდა, რადგან ამ საგანში საერთოდ არაფერი მესმოდა. თუმცა, მასწავლებელი ცნობდა მის ხელწერას. მერე მსახიობობა რომ ავირჩიე, მას არ მოეწონა. ეს იყო პირველი ტრავმა, როცა მას დავშორდი. როგორც ყოველთვის, ქალები რჩებიან ტრავმირებული, მაგრამ დარდმა მალე გადამიარა.

– ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ გვარად ადამია ხართ. ფაჩუაშვილი არც თქვენი პირველი მეუღლე იყო და არც მეორე. რატომ მოხდა ასე, რომ ამ გვარს ატარებთ?

– ფაჩუაშვილი ჩემი მამინაცვალი იყო, რომელმაც ხუთი წლის ასაკიდან გამზარდა. თუმცა, მთელი სკოლის პერიოდში ადამია ვიყავი. ჩემმა მამინაცვალმა მამაჩემს შეუთვალა, ისედაც მე ვზრდი და უფლება მომეცი, ჩემი გვარი მივცეო. იმდენად კარგი და მზრუნველი ადამიანი იყო, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დღემდე მამად მოვიხსენიებ და მის საფლავზე დავდივარ. მერე გაჩნდა ჩემი და. ისე ვიყავი გაეგოისტებული, მისი დახრჩობა მინდოდა. მახსოვს, ხელში დასაჭერად რომ მომაწოდეს, ბევრი ვაჯანჯღარე, ლამის ტვინის შერყევა დავმართე. მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა, რაც ჩემმა ოჯახმა მომცა – მამინაცვალმა მართლა არაფერი დამაკლო, მთელი ცხოვრება მომიძღვნა, რა თქმა უნდა, სულ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მეორე ვარ და არა პირველი. სხვათა შორის, ერთი უცნაური რამ მოხდა და ამას, 
პირველად ვამბობ ხმამაღლა. მამის მხრიდან უმცროსი ძმა მყავს, რომელთანაც, სამწუხაროდ, კონტაქტი არ მქონია, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მამასთან არ მქონდა ურთიერთობა. ორი წლის წინ ახალ სახლში გადავედი. მითხრეს, შენს თავზე გვარად ადამიები ცხოვრობენო. ვიფიქრე ავალ, ვნახავ ვინ არიან, ვინ უნდა იხმაუროს, ვინ უნდა ჩამოუშვას წყალი-მეთქი. რომ ავედი, ერთი სიმპათიური ახალგაზრდა კაცი დამხვდა. რემონტს აკეთებდა, მუშები ჰყავდა. რომ ვუთხრი, იცით, მე ადამია ვარ და ძალიან მწყდება გული, რომ ჩემს გვარს ვერ ვატარებ-მეთქი, გაეღიმა. ხელი გადამხვია, გვერდზე გამიყვანა და მითხრა: ნურაფერს მიყვები, ნანა, ყველაფერი კარგად ვიცი შენს შესახებ. შენ ჩემი და ხარო. ისე ცუდად გავხდი, ცრემლები ძლივს შევიკავე. სერიალებში რომ ხდება, ასეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ, ძალიან დავახლოვდით ოჯახებით. იმ სახლში მისი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. ღმერთმა ინება ასე, რომ ერთმანეთი გვეპოვა. განსაკუთრებულად მეძახის დაიკოს და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ამ წლებში ამის გაგონება, როცა იცი, რომ ნამდვილი და ხალასია.

– მსახიობობა, ალბათ, თქვენი ოცნება იყო?

– ოჯახში უნდოდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ერთ მშვენიერ დღეს, ვზივარ ჩემთვის ოთახში. ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებთან უნდა წავიდე. არ ვიცი, ეს ფიზიკა და ქიმია. ვფიქრობ, რა გავაკეთო? უცებ კარი შემოაღო ჩვენი ოჯახის ახლობელმა სიკო დოლიძემ. რა გატირებსო – მკითხა. სამედიცინოზე ჩაბარება არ მინდა-მეთქი. გავიდა მეორე ოთახში ჩემს მშობლებთან და უთხრა: მომეცით ეს ბავშვი. წელს კინომსახიობთა ჯგუფი უნდა გავხსნა და ჩემთან წავიყვანო. მსახიობობაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ძალიან მორცხვი ვიყავი და წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ჩემი თავი მსახიობად. 
ეს იყო ჩემი ჩუმი ოცნება. მერე ბატონმა სიკომ მითხრა: რვა დღეში თუ მოასწრებ და ისწავლი ლექსს, პროზას, იცეკვებ, იმღერებ – გამოცდებს ჩააბარებ, ოღონდ იცოდე მერე არ შემარცხვინოო. დავიფიცე, რომ კარგად ვისწავლიდი და ასეც იყო, პირველი კურსიდან წარმატებული სტუდენტი ვიყავი. გამოცდები იმდენად ცუდად ჩავაბარე – ნამდვილად არ ვიყავი გამორჩეული, რომ ეთერ გუგუშვილმა ბატონ სიკოს უთხრა: ეს გოგო არ მომწონს. ალბათ, თქვენი პროტეჟეა, 
რადგან თქვენ იყვანთ ამ ჯგუფს და, აი ნახავთ, როგორ არ გაგიმართლებთო. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მსახიობი რომ გავხდი, სტურუას სპექტაკლზე „მზიანი ღამე”, სადაც მე ვთამაშობდი, რეცენზია დაიწერა და გუგუშვილმა შემაქო. როცა შევხვდი, ხუმრობით ვუთხარი, ამით თქვენი სიტყვები უკან წაიღეთ-მეთქი. როდის ვთქვი შენზე ცუდი, არ მახსოვსო. თქვენ არ გახსოვთ, სამაგიეროდ მე მახსოვს. ამან ისეთი სტიმული მომცა, ვერ წარმოიდგენთ-მეთქი.

– მაყურებელი უფრო მეტად თამამი სცენებიდან გიცნობთ. როგორც ვიცი, არასდროს გითქვამთ უარი ინტიმურ სცენებში მონაწილეობაზე. თითქმის, ყველა როლს იხდენთ. ალბათ, ამიტომაც, ხართ რობიკო სტურუას რჩეული მსახიობი.

– მესამე კურსს ვამთავრებდი, როდესაც ბადრი კობახიძე სადიპლომო სპექტაკლს დგამდა. მოვიდა და მითხრა: შენი მონაცემები მაწყობს, მაგრამ არ ვიცი, გაიხდი თუ არაო. დავთანხმდი. დამწყები მსახიობი ვიყავი და ყველაფერი, რაც ახალი იყო, მაინტერესებდა. ეს იყო „ადამი და ევა”. მე ვთამაშობდი ევას, კახი კავსაძე – ადამს, ეროსი მანჯგალაძე – ღმერთს, გოგი გეგეჭკორი – ეშმაკს, კარლო საკანდელიძე და ბორია წიფურია – ანგელოზებს. ყველანაირად საპასუხისმგებლო როლი იყო. მე უნდა მეცეკვა, მემღერა. ჩამაცვეს ძალიან თხელი, გამჭვირვალე კოსტიუმი, წინ ფოთოლით, რომელიც განათების ფონზე სიშიშვლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასევე იყო კახი კავსაძეც. პრემიერის შემდეგ მთელი ამბავი ატყდა. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. დამიბარა დეკანმა. ძალიან ცუდად მოიქეცი შიშველი რომ გახვედი. თუ ამ თეატრს თავს არ დაანებებ, ინსტიტუტიდან გაგრიცხავთო. გამრიცხეს, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრი ვარჩიე.
 ერთი წელი ვიყავი ასე. შემდეგ წელს მეოთხე კურსის საგნები ჩავაბარე და კურსი დავხურე. შემდეგ იყო სპექტაკლი, სადაც ასევე თამამი სცენები მქონდა: „რიჩარდ მესამე”, „თუთარჩელა”, ტელესპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები”. როდესაც დიდ რეჟისორებთან მუშაობ და იცი, რომ ეს იქნება შენი წარმატების ის საფეხური, რასაც მაღალი ხელოვნება ჰქვია, აუცილებლად დათანხმდები და ბედნიერი ვარ, რომ რობიკო და თემურ ჩხეიძე ასეთ როლებს მთავაზობდნენ. უკვე ასაკში ვიყავი, როცა ვითამაშე „მილიონერი ქალის ვიზიტში”. აქაც საკმაოდ თამამი კოსტიუმი მეცვა. ჩემი გმირი კაბარეს მოცეკვავეა და უკვე დაინვალიდებული, ყავარჯენზე დაკიდებული ცდილობს, რაც კარგი აქვს, ის გამოაჩინოს.

– მაგრამ თქვენს სავიზიტო ბარათად მაინც მარგოს როლი იქცა. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის მას გახსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლი ძალიან გიყვართ, როგორც ვიცი, მასთან ცუდი მოგონებები გაკავშირებთ. ახლა რომ დადგას „ჯაყოს ხიზნები” სხვა რეჟისორმა, ითამაშებდით?

– ქუჩაში არასასიამოვნო რეპლიკებს მესროდნენ, რასაც ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მაშინ ჩემი მეუღლე ამომიდგა მხარში, მამხნევებდა. მაყურებელს არ უნდოდა ქართველი ქალი ასეთი სახით ეხილა – როგორიც ჯავახიშვილმა წარმოგვიდგინა და ამხელა აგრესია ამიტომაც წამოვიდა. პრემიერის მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი სკოლაში რომ წავიდა, ყველა მარგო, მარგოს ეძახდა. ხათუნამ უარყო – ის დედაჩემი არ იყო, სხვა ნანა ფაჩუაშვილიაო. ჩემი ვაჟი კი, კარგა ხანს არ დადიოდა სკოლაში. იმ დროს მსგავსი რამ ეკრანზე არ გადიოდა. ეს, ისეთი ხერხებით გაკეთებული ტელესპექტაკლი იყო, რომ ტყვიასავით „გაისროლა”, ძლიერად აღიქვა მაყურებელმა. ახლა ვცდილობ, არა ლამაზმანები, არამედ უფრო საინტერესო სახეები შევქმნა. ბოლოს ვითამაშე სპექტაკლში „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო”.
 პირველ მოქმედებაში პამპერსიან მოხუცს ვთამაშობ, მეორე მოქმედებაში შედარებით ჯან-ღონით სავსე ქალს, რომელიც ცნობიერებაში უბრუნდება თავის ადრინდელ მდგომარეობას და ეს გარდასახვაა ჩემთვის საინტერესო. „დარისპანის გასაჭირშიც” საკმაოდ უშნო ქალს ვთამაშობ. ასე რომ, ჩემს შემოქმედებას რამდენიმე ეტაპად დავყოფდი, თუნდაც წლოვანების მიხედვით.

– ჩემთვის თქვენი პირადი ცხოვრებაც ისეთივე მიმზიდველი და დამაინტრიგებელია, როგორც თქვენი როლები. მოგვიყევით თამაზ აფხაიძესა და ტრისტან ყველაიძეზე.

– ტრისტანმა პირველად ინსტიტუტში, ცეკვის გაკვეთილზე დამინახა. მე, ბუფეტში შევამჩნიე, როდესაც ძალიან სიმპათიური ყმაწვილი რძიან ჩაის მიირთმევდა. მეორედ დიდ აუდიტორიაში ვნახე, როიალზე უკრავდა. ტრისტანი ერთი კურსით წინ იყო. ურთიერთსიმპათიები დიდ გრძნობაში გადაიზარდა. მეორე კურსი რომ დავხურე, ზაფხულში დასასვენებლად ბორჯომის ხეობაში გავემგზავრე. 
იქ კიდევ უფრო კარგი ბიჭი დავინახე. სულაც არ ვჩქარობდი გათხოვებას, მაგრამ თამაზმა ძალიან იაქტიურა. რომ ჩამოვედი, ტრისტანს თავი დავანებე და თამაზს გავყევი ცოლად. ორთვე-ნახევრის ფეხმძიმე ვიყავი, ბაქოში გადაღებებზე მიმიწვიეს, სადაც ტრაგედია მოხდა. მთელი გადამღები ჯგუფი სასტუმროში ვიყავით.
 თამაზმა ჩამომაკითხა თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად. აღმოსავლურ ენებზე სწავლობდა, უნივერსიტეტს ამთავრებდა და მერე ირანში მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად. დღე და ღამე იჯდა და მეცადინეობდა. თან, ბაბინებიანი მაგნიტოფონი ჰქონდა ჩამოტანილი. იმ დღეს ყველა იქ ვიყავით. ხელში მიკროფონი ეჭირა, თავის ხმას იწერდა. მაგნიტოფონს თავი ახდილი ჰქონდა. უცებ რაღაცაზე ხელი მოუხვდა და იქვე მოკლა. ვერ ვუშველეთ. ყველაფერი წამებში მოხდა. ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებდი, დავიტოვე. მყავს არაჩვეულებრივი ვაჟი, თამაზ აფხაიძე. მერე თეატრში დავბრუნდი. ახალგაზრდა ვიყავი, ჩემმა წარმატებამ თავბრუ დამახვია, ტრისტანსაც დავუბრუნდი.
 მაშინ, თამაზი სამი წლის იყო. ერთხელ მკითხა: შეიძლება, შენი ბიჭი ვნახო როგორიაო და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მოკლედ, სტუდენტობის სიყვარული რაც დავანგრიე, აღვადგინე. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო, ერთხელ, მე და ჩემმა პირველმა ქმარმა რუსთაველზე ჩავიარეთ. ტრისტანი, ინსტიტუტთან იდგა. მერე ჩვენ რომ დავქორწინდით მითხრა: იცი, მაშინ რა ვიფიქრე? ნანა უნდა გათხოვილიყო, იმიტომ რომ, ეს ბიჭი ჩემზე უკეთესია. მეც ასე მოვიქცეოდი, შენზე კარგ გოგოს თუ ვნახავდიო. ტრისტანთან ქალიშვილი შემეძინა. დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად. გული აწუხებდა. პირველად, ოცდაათი წლის ასაკში მოუვიდა გულის შეტევა სცენაზე. ორი წლის შემდეგ შეტევა გაუმეორდა. სასურველი არ იყო ემოციური ყოფილიყო თამაშის დროს, მაგრამ ვერ შეელია სცენას. სხვათა შორის, ჩვენ ხშირად ვიყავით სცენაზე პარტნიორები. ოცდახუთი წელი იცხოვრა ინფარქტიანმა. თითქოს შიშით არ ცხოვრობდა, მაგრამ მე სულ სტრესში ვიყავი. ძილიც კი არ მქონდა. პირველ იანვარს, ჩემი ვაჟის დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ორ იანვარს ჩემი დაბადების დღეა. ამიტომ არც ახალი წლის დადგომა მიხარია და არც ჩემი დაბადების დღის.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1536 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები