სამშაბათი, 23.04.2024, 17:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » პუტინის საიდუმლო „მცურავი რეზიდენცია“ და „მისტრალური“ ვნებები
10:34
პუტინის საიდუმლო „მცურავი რეზიდენცია“ და „მისტრალური“ ვნებები
ჯერ, მხოლოდ წინასაკონტრაქტო დოკუმენტების მომზადების პერიოდიც არ არის დასრულებული, რომ ფრანგული ფლოტის „როლს-როისმა"   „მისტრალმა" დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის სამხედრო  და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის.

რუსულ მას–მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „მისტრალის" ტიპის გემ–დოკების აგებას რუსეთში პრობლემები შეექმნა.  რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარ შტაბში განაცხადეს, რომ უახლოესი ათი წელი რუსეთი  ვერ დაიწყებს დამოუკიდებლად „მისტრალის"  მსგავსი ვერტფრენმზიდების მშენებლობას, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, რაც ასევე მოითხოვს დამატებით კონტრაქტზე ხელმოწერას.

რუსეთის შეიარაღების  სახელმწიფო პროგრამის თანახმად, რომელიც  2020 წლამდე პერიოდს მოიცავს, გათვალისწინებულია მხოლოდ ორი „მისტრალის"  შესასყიდი თანხა, ხოლო რუსეთში ანალოგიური გემების ასაშენებელი ფული ამ დოკუმენტით არ არის დაგეგმილი – ეს განaცხადა  საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის მაღალჩინოსანმა  საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან" საუბარისას.

სამხედრო ჩინოსნის სიტყვები ერთგვარად ცხადყოფს, რომ პრობლემები დაფინანსებას და მის  გადანაწილებას ეხება. შეიძლება ამიტომაც, " მისტრალი" გადავიდა გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციიდან, ე.ი. სამოქალაქო ბიზნესიდან  მხოლოდ სამხედროების კასტის – რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „როსობორონექსპორტის" ხელში. 

როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, 2010 წლის 26 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტისათვის უნივერსალური სადესანტო გემების მიწოდების თაობაზე, ისეთი ცნობილი კომპანიების მხრიდან, როგორიცაა ნიდერლანდების კომპანია Schelde Shipbuilding, ესპანური Navantia, ფრანგული DCNS და რუსული  „ზვეზდა". ამ კომპანიებმა ტენდერში წარმოადგინეს  შესაბამისი სადესანტო გემები „როტერდამი", „ხუან კარლოს I", „მისტრალი" და „ტოკტო".

წარმოდგენილი გემებიდან,  ცნობილი იყო რუსეთის სამხედროების დიდი სიმპათიები ფრანგული  „მისტრალის"  მიმართ.

იმავე წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა, ტენდერში გამარჯვებული გემიც და რუსეთში მისი ანალოგის შემქმნელი კომპანიებიც. ეს გემი რუსული სამხედრო ლობისათვის ეგზომ სანატრელი „მისტრალი" გახდა (როგორც უნივერსალურობის სიმბოლოს, პროფესიონალები მისტრალს  „შვეიცარიულ დასაკეც დანას" ეძახიან), ხოლო კომპანიებიდან – ფრანგული გემთსაშენი გიგანტი DCNS და რუსული გაერთიანებული გემთსაშენი კორპორაცია.

 „მისტრალის" გამარჯვება ტენდერში,  ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ იმითაც კი ახსნა, რომ რუსეთმა საფრანგეთის  მეხუთე რესპუბლიკას „მადლობა გადაუხადა" მისი  მხარდაჭერისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში.

მაგრამ ამას გარდა, არის სხვა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთაც განაპირობეს რუსეთის არჩევანი „მისტრალის" სასარგებლოდ. კერძოდ, საქმე შემდეგშია: ჰოლანდიის, კორეის და ესპანეთის სადესანტო გემები აგებულია ამერიკული ტექნოლოგიების  და სისტემების გამოყენებით, რაც ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ ამერიკას დაებლოკა ეს შეთანხმება და აეკრძალა რეექსპორტი იმ ქვეყანაში, რომელიც არ არის სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს წევრი, ე.ი.რუსეთში.

ტენდერში გამარჯვებულმა რუსულმა გაერთიანებულმა გემთსაშენმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა  2011 წელსვე დაიწყოს „მისტრალის" ტიპის, პირველი ორი გემის მშენებლობა, ხოლო დანარჩენი ორის აგება იგეგმება ამავე კორპორაციის შემადგენლობაში მყოფი ადმირალტეისკის გემთსაშენ ქარხანაში „ადმირალტეისკიე ვერფი". 

მაგრამ, როგორც ჩანს,  კომპანიამ ნაჩქარევად გაახმოვანა თავისი გეგმები. კორპორაციის სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ბელუკოვი, ერთადერთი სპეციალისტი საგარეო ეკონომიკური მოღვაწეობის დარგში, რომელიც ამზადებდა წინასაკონტრაქტო დოკუმენტების სრულ პაკეტს ხელმოსაწერად, იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი თანამდებობა.

 ბოლო კრებაზე, რუსეთის ვიცე–პრემიერმა იგორ სეჩინმა, რომელიც ამავდროულად კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეცაა,  ბელუკოვი საჯაროდ გააკრიტიკა დავალებების შეუსრულებლობის გამო. ბელუკოვი დაადანაშაულეს, არც მეტი, არც ნაკლები,  გემთმშენებლობის გაერთიანებული კორპორაციის  იმ გეგმების ჩაშლაში, რომელიც ითვალისწინებდა ამ კორპორაციის სრულუფლებიან მონაწილეობას კონტრაქტის მომზადების პროცესში.

ბელუკოვმა გააპროტესტა სეჩინის ეს ნაბიჯი და წერილობითი მიმართა მთავრობის ხელმძღვანელს, რათა მან გასცეს განკარგულება, ჩაატარონ სამსახურეობრივი გამოკვლევა მომხდარ ფაქტზე. კოფლიქტი გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციასა და ბელუკოვს შორის რამდენიმე კვირის წინათ მოხდა.

ამჟამად, „მისტრალთან" მოლაპარაკებას ორმხრივ ფორმატში,  კორპორაციის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე, აწარმოებს მხოლოდ „როსობორონექსპორტი".  საფრანგეთის მხარესთან მოლაპარაკებებზე მისული გემთმშენებლობის კორპორაციის სხვა წამყვანი სპეციალისტები „როსობორონექსპორტის" ოფისში არ შეუშვეს.

აღსანიშნავია, რომ მისტრალის ტიპის ოთხი გემის ფასი 1,5 მილიარდი ევრო ჯდება (2,07 მილიარდი დოლარი), რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ამიტომ გასაგებია რუსეთის სამხედრო ლობის ასეთი ქმედება სამოქალაქო ბიზნეს–კორპორაციის მიმართ.

რუსული მხარის მიერვე ერთერთი რუსული, არასამხედრო, სამოქალაქო ბიზნეს–კორპორაციის გარიყვა ფრანგებთან მოლაპარაკების პროცესიდან, საშუალებას აძლევს „როსობორონექსპორტს", მიიღოს მონაწილეობა სუბკონტრაქტის შედგენაში, რომელიც ითვალისწინებს შემადგენელი (მაკომპლექტებელი) ნაწილების მიწოდებას ამავე ტიპის გემების ასაშენებლად რუსეთში. ბუნებრივია, ამ კონტრაქტს ხელს მოაწერენ „როსობორონექსპორტი" და ფრანგული DCNS. 

ამას წინათ, თებერვლის დასაწყისში, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მდივანმა, პიერ ლელუშმა ერთერთ ინტერვიუში ცინიკური დემაგოგიის მასტერ–კლასი აჩვენა.  მან კმაყოფილება გამოთქვა რუსეთისათვის „მისტრალის" მიყიდვის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  „მისტრალთან" მიმართებაში უმთავრესია ის ფაქტი, როცა ნატოს წევრმა ქვეყანამ თავისი შეიარაღება მიჰყიდა თავის ყოფილ მოწინააღმდეგეს:  „ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია და არ უნდა იყოს იარაღის ემბარგოს წნეხის ქვეშ. და საერთოდ, თუკი რუსეთს სჭირდება  ესა  თუ ის ტექნოლოგიები, რატომ არ უნდა მივცეთ? დროა გავიგოთ, რომ რუსეთი – ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის წევრია".

პიერ ლელუშმა სუვერენულ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად შეაფასა რუსეთისათვის რაიმე პირობების წაყენება, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ სად უნდა იდგნენ „მისტრალის" ტიპის გემები – ბალტიის თუ  შავ ზღვაში, ან შევლენ თუ არა წყნარი ოკეანის ფლოტში: „ ჩვენ ეს არ გვეხება. რუსეთი – სუვენერული სახელმწიფოა. ნებისმიერი დამატებითი პირობების წამოყენება,  ჩვენი მხრიდან  უნდობლობის გამოხატვა იქნებოდა. თუ ჩვენ ვყიდით შეიარაღებას რუსეთზე, ე.ი. ჩვენ ვენდობით  ჩვენს შორის მეგობრობას".

და ბოლოს, ესეც „მისტრალის" თემაზე – რამდენიმე თვის წინათ რუსეთის საინფორმაციო სივრცე აჭრელებული იყო ცნობებით რუსი მაღალჩინოსნების უძრავი ქონების თუ რეზიდენციების შესახებ. ერთ გაზეთში ისიც კი დაიწერა, რომ სვერდლოვსკელმა მეწარმემ, გამოიკვლია რა თუ რას წერდა მთელი პრესა ამ საკითხზე, აღმოაჩინა, რომ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს 26 რეზიდენციის გარდა, საფრანგეთში ასევე ნაყიდი აქვს სადესანტო გემ „მისტრალზე" კომფორტული ანალოგია, რომელსაც მცურავი რეზიდენციის დანიშნულება აქვს. მისივე გაანგარიშებით, პუტინის  მეურნეობა 164 მილიარდი რუბლია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 971 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები