ხუთშაბათი, 18.04.2024, 03:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » აშშ-ში დაკავებული „თავაზიანი მძარცველი“ და ათი ყველაზე იდიოტური ძარცვა.
11:48
აშშ-ში დაკავებული „თავაზიანი მძარცველი“ და ათი ყველაზე იდიოტური ძარცვა.

აშშ-ში,  ვაშინგტონის შტატში, კინგის ოლქში პოლიციამ 65 წლის, უჩვეულოდ თავაზიანი მძარცველი, გრეგორ ჰესი დააკავა. ამ მძარცველთან დაკავშირებული დეტალების გაცნობის შემდეგ „პრესა.ჯი"-მ ამერიკულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ყველაზე უცნაური დანაშაულების აღწერა მოიძია და დღეს 10 ყველაზე უცნაურ დანაშაულსაც შემოგთავაზებთ.

 

"ასოშიეტედ პრესის" ცნობით, მამაკაცმა ბოლოს სიეტლში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა. ძარცვა ფრიად უცნაური ფორმით მოხდა: მამაკაცი სადგურთან მდებარე მარკეტში შევიდა, ფინჯანი ყავა მიირთვა, შემდეგ კი ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და გამყიდველს სთხოვა, სალაროში ჩადებული ფული მისთვის სრულად გადმოეცა. მან გამყიდველს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ შეიძლება, კეთილი ინებეთ და რაც სალაროში ფულია, დახლზე დააწყვეთ, გეთაყვა". გამყიდველის შეკითხვას, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე, მამაკაცმა ასევე თავაზიანად უპასუხა: „მე თქვენ უნდა გაგძარცვოთ, სერ!".

 

მარკეტის გამყიდველი არ დაიბნა და მძარცველს შესთავაზა, 40 დოლარი აეღო და აქედან წასულიყო, თუმცა შეიარაღებულმა მამაკაცმა ეს შეთავაზება ასევე თავაზიანად უარყო და იმას მიაღწია, რომ გამყიდველმა თანხა სრულად გადასცა. ჰესის ნადავლი 300 დოლარი გახდა. როგორც კი ფული აიღო, მან მადლობა გადაუხადა გამყიდველს და ისიც აუხსნა, რატომ მოიქცა ასე: მისი თქმით, იძულებული იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა შვილებისთვის საკვები მიეტანა. „ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, რომ იძულებული გავხდი, გამეძარცვეთ. თანხას აუცილებლად დაგიბრუნებთ,"- უთხრა მან გამყიდველს.

 

ამ ძარცვიდან რამდენიმე საათში გრეგორ ჰესი დააკავეს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ჰესს მსგავსი ფორმით სხავადასხვა ობიექტი არაერთხელ გაუძარცვავს. ჯერ კიდევ 2003 წელს მან ამ გზით, მინიმუმ, ხუთი ბანკი გაძარცვა. გაძარცვულ ობიექტებს შორის ვიდეოსალონიცაა. გრეგორ ჰესი 2003 წელსაც იყო დაკავებული. მისი თავისუფლების აღკვეთის ვადა 2007 წელს ამოიწურა, თუმცა, ციხიდან გათავისუფლებულმა ჰესმა ისევ ძველი „ხელობა" გაიხსენა და ობიექტების ძარცვა გააგრძელა.

 

„თავაზიან მძარცველს" ამ ჯერზე, სავარაუდოდ, უფრო დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში.

 

ამ ამბის შემდეგ ბევრს, ალბათ, ერთი ბრიტანული ანეკდოტი გაახსენდა:

 

ჩაბნელებულ ქუჩასთან ერთ მამაკაცს მეორე შეეფეთა და ერთ-ერთი მეორეს ეკითხება: „ხომ ვერ მეტყვით, სერ, ახლომახლო სადმე პოლიციელისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი?". „არა, სერ!". ამ პასუხის შემდეგ მეორე მამაკაცი ჯიბიდან პისტოლეტს იღებს, მშვიდად უმიზნებს მამაკაცს და ეუბნება: „ასეთ შემთხვევაში, სერ, იძულებული ვარ გთხოვოთ: კეთილი ინებეთ და გადმომეცით თქვენი საფულე!"

 

ახლა კი, დაპირებისამებრ, ათი საინტერესო დანაშაული, რომელიც დამნაშავეთა მხრიდან წინდაუხედავ, გაუაზრებელ, საერთო ჯამში, სულელურ დანაშაულთა კატეგორიაში მოხვდა.

 

მეათე ადგილი:

 

ახალგაზრდა ამერიკელი დედა მაშინ დააკავეს, როცა მან თავის პოლიციელ შვილს სამსახურში მიაკითხა. ამ დროს ახალმიღებულ პოლიციელებს კინოლოგები ნარკოტიკებზე დაგეშილ ძაღლებთან მუშაობას ასწავლიდნენ. ერთ-ერთი ძაღლი ქალის ჩანთას ეცა და კბილებით ჩაბღუჯა. ჩანთის ჩხრეკისას პოლიციელებმა იქ მარიხუანა აღმოაჩინეს.

 

მეცხრე ადგილი:

 

ახალგაზრდა ბიჭი მარკეტში შეიჭრა, გამყიდველს იარაღი დაუმიზნა და უბრძანა, სალაროში დაგროვილი თანხა მთლიანად ჩანთაში ჩაედო, რაც გამყიდველმა მორჩილად შაესრულა. ის იყო, მძარცველი გასვლას აპირებდა, რომ დახლზე ვისკის ბოთლს მოჰკრა თვალი და გამყიდველს ჩანთაში მისი ჩადებაც მოსთხოვა. „ვერა, სერ, კანონს ვერ დავარღვევ, თქვენ 18 წლის არ ხართ", - უთხრა გონიერმა გამყიდველმა. იმის დასამტკიცებლად, რომ სრულწლოვანი იყო, შეურაცხყოფილმა მძარცველმა მას პირადობის მოწმობა მიაწოდა. მას შემდეგ, რაც ყველა პირადი მონაცემი კარგად დაიმახსოვრა, გამყიდველმა პირადობის მოწმობა პატრონს დაუბრუნა, ჩანთაში ვისკიც ჩაუდო და დაემშვიდობა. მძარცველი ნახევარ საათში დააკავეს.

 

მერვე ადგილი:

 

ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა, რომ მისი მანქანა გაიტაცეს. განცხადებაში ისიც ეწერა, რომ მანქანაში მას მობილური ტელეფონი დარჩა. პოლიციამ მახვილგონივრული ოპერაცია დაგეგმა. ერთ-ერთმა პოლიციელმა ქალის მობილურ ტელეფონზე დარეკა და დამნაშავეს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა ამ მანქანის გაყიდვის შესახებ განცხადება და მისი შეძენა სურდა. გამტაცებელმა იფიქრა, მანქანასაც მოვიშორებ და ფულსაც ავიღებო, დათქმულ ადგილას მივიდა, თუმცა იქ მყიდველის ნაცვლად პოლიცია დახვდა. რასაკვირველია, წინდაუხედავი დამნაშავე დააკავეს.

 

მეშვიდე ადგილი:

 

ერთმა ამერიკელმა ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა. მიაკითხა Bank of America-ს, დეპოზიტის ბარათზე ამოჩხაპნა ფრაზა: „ეს ძარცვაა, ჩაალაგეთ ფული ჩანთაში" და რიგში ჩადგა. სალაროსთან მისვლამდე იგი ეჭვმა შეიპყრო, რომ შესაძლებელი იყო, მისი ამოჩხაპნილი ფრაზა ვინმეს წაეკითხა, ბანკიდან გავიდა, გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და Wells Fargo Bank- ს მიადგა. იქ რიგში უფრო ნაკლები ხალხი დახვდა და როცა რიგმა მოუწია, ოპერატორს დეპოზიტის ბარათი მიაწოდა. მოლარემ წარწერა ნახა, „მძარცველს" უთხრა, რომ ამ ბარათს ვერ მიიღებდნენ, რადგან იგი Bank of America-ს ეკუთვნოდა და ისევ იქ დაბრუნება ურჩია. ალბათ, მიხვდით, რომ მძარცველი „ამერიკის ბანკის" რიგში დააკავეს.

 

მეექვსე ადგილი:

 

ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში მიუვიდა 50 ფუნტი ჯარიმის ქვითარი დარღვევის მომენტში დაფიქსირებულ მანქანის ფოტოსთან ერთად. ჯარიმის გადახდის ნაცვლად, მძღოლმა პოლიციის ელექტრონულ მისამართზე ორმოცდაათფუნტიანი კუპიურის ფოტოსურათი გაგზავნა. პოლიციელები მის ხუმრობას აჰყვნენ და იმავე დღეს უკან გამოუგზავნეს ფოტოსურათი, სადაც ხელბორკილები იყო აღბეჭდილი. მძღოლმა უკან იგივე, ფოტოშოპში დამუშავებული ფაილი გაუგზავნა, სადაც ხელბორკილის გვერდით სამი თითის კომბინაცია იყო აღბეჭდილი. მძღოლი იმავე საღამოს დააპატიმრეს.

 

მეხუთე ადგილი:

მიჩიგანის სასამართლოში იარაღის ტარებისთვის ბრალდებულმა კრისტოფერ იანსენმა მისი საქმის განხილვის დროს განაცხადა, რომ იგი ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იანსენის ქურთუკი საეჭვოდ გამობერილი იყო, პოლიციელს გაუჩნდა ეჭვი და ასეთ შემთხვევაში ჩხრეკისთვის ორდერი არ არის საჭირო. „სისულელეა, აი, მე იგივე ქურთუკი მაცვია და ნახეთ, სად შეიძლებოდა აქ იარაღის დამალვა"- ამ სიტყვებთან ერთად იანსენმა ქურთუკი გაიხადა და მოსამართლეს მიაწოდა. მოსამართლემ ქურთუკის ჯიბეები დაათვალიერა და ერთ-ერთში კოკაინის მოზრდილი შეკვრა აღმოაჩინა...

მეოთხე ადგილი:

შეიარაღებულ ძარცვაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ აიყვანა და განაცხადა, რომ თავისი თავის ადვოკატი თვითონ იქნებოდა. ბრალდებულს ადვოკატობა კარგად გამოსდიოდა, სანამ პროკურორმა მოწმედ არ გამოიძახა გოგონა, მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც მძარცველი ამოიცნო. როცა გოგონა პირზე დაადგა, მძარცველი შენ იყავიო, დენის ნიუტონს წამოსცდა: „სისულელე ჩავიდინე, რომ მაშინვე არ დაგახალე ერთი ტყვია მაგ ცარიელ თავში!" მსაჯულებს ოცი წუთი დასჭირდათ ნიუტონისთვის 30-წლიანი პატიმრობის მისასჯელად.

მესამე ადგილი:

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პარკში სეირნობდა, პოლიციელებს გაესაუბრა და დაინტერესდა, როგორ მუშაობდა მათ მანქანაში დამონტაჟებული კომპიუტერი. პოლიციელმა დემონსტრირებისთვის პირადობის მოწმობა გამოართვა და მონაცემები კომპიუტერში შეიყვანა. აღმოჩნდა, რომ ცნობისმოყვარე ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდა.

მეორე ადგილი:

ორი შეიარაღებული პირი მუსიკალურ მაღაზიაში შეიჭრა. ერთ-ერთმა დაიყვირა: „არავინ გაინძრეს, თორემ ვესვრი!" როცა მისი ამფსონი სალაროსკენ დაიძრა, მძარცველმა მუქარა ავტომატურად შეასრულა: მისი მიმართულებით გაისროლა და დაჭრა. სალონში მყოფმა მოქალაქეებმა დაბნეულობით ისარგებლეს და მძარცველები განაიარაღეს.

პირველი ადგილი:

ერთმა ამერიკელმა ძვირადღირებული სიგარები იყიდა და ყუთში ჩააწყო. ყუთი ხანძრისგანაც კი დააზღვია. ერთი თვის შემდეგ სიგარები გაუთავდა. არადა, სადაზღვევო კომპანიაში ფული იყო შესატანი. ჯენტლმენმა კომპანიაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი სიგარები ხანძრის შედეგად დაიწვა. კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რის შემდეგაც მამაკაცმა სასამართლოში იჩივლა. პროცესი იმით დამთავრდა, რომ სადაზღვევო კომპანიას მამაკაცის სასარგებლოდ 15 000 დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა, ჯენტლმენმა ფულის აღება ვერ მოასწრო - პირდაპირ ბანკში დააკავეს. მას სიგარების მოწევა, ანუ,  მათთვის ცეცხლის წაკიდება ბრალად წაუყენეს, რაც იურიდიული ტერმინოლოგიით ასე გამოიხატა: დაზღვეული ნივთის განზრახ დაზიანება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 965 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები