შაბათი, 20.04.2024, 12:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » რევოლუციური ტალღა ირანისკენ მიიწევს
07:32
რევოლუციური ტალღა ირანისკენ მიიწევს
არაბული სამყარო და ახლო აღმოსავლეთი მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინშია. ეგვიპტის და ტუნისის წარმატებამ, ხელისუფლების დამხობის საკითხში, ავტორიტარული რეჟიმების ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნების ოპოზიციაც გაათამამა. საკუთარი მმართველებით უკმაყოფილონი უკვე ბაჰრეინში, იემენში და თვით ირანის ისლამურ რესპუბლიკაშიც გამოვიდნენ. 


დაშინებულმა ხელისუფლებამ სამივე ქვეყანაში გამოსვლები ძალის გამოყენებით, ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაარბია. ირანული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანი დაპატიმრებულია, აქციის ერთი მონაწილე კი დაიღუპა. სავარაუდოდ, ჩამოთვლილ ქვეყნებში რეპრესიები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ აშკარაა, რომ უკან დახევას არც დასავლური დემოკრატიის მოტრფიალე ოპოზიცია აპირებს და უფრო მაშტაბური და გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ემზადება. 

რევოლუციური ვირუსი გადამდები ყოფილა. მით უმეტეს, როცა მმართველი რეჟიმებით უკმაყოფილო საზოგადოებას თვალწინ გაუთამაშეს ხელისუფლების ორ კვირაში, სრულიად მარტივად და უპრობლემოდ შეცვლის სცენარი. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ეს სცენარი ოკეანის გაღმა დაიწერა. 

მაინც რა მოხდა ასე უეცრად? რატომ გადაწყვიტეს იქ, სადღაც "ყარაყორუმში,” რომ ათწლეულების განმავლობაში მშვიდად მყოფი, ძლიერი უცხოელი მფარველების "ქოლგის ქვეშ” თავშეფარებული და მორჩილი "საკუთარი ნაძირლები” ასე, ერთი ხელის მოსმით ჩამოეშორებინათ? ამ დრომდე რატომ არავინ შეწუხებულა არაბულ ქვეყნებში დემოკრატიის ბედით, როცა იგივე ავტოკრატი მუბარაქი, ჯერ კიდევ სულ ახლო წარსულში "საკუთარ ტერიტორიაზე” ისე იქცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა? იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სამიზნედ გაცილებით "დიდი ღლავია” არჩეული და ეს უკანასკნელი სწორედ აშშ-ის ყელში გაჩხერილი "მსუყე ლუკმა” - ირანია? მიმდინარე მოვლენები, ამ ლოგიკური კითხვის დასმისათვის სრულიად რეალურ საფუძველს იძლევა. 

რევოლუციური სიმღერა, ასე იოლად რომ არ სრულდება, თუ "გვერდში მდგომი არა გყავს,” ვინ-ვინ და ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით. მით უმეტეს, როცა საქმე მუსლიმანურ ქვეყნებს ეხება, სადაც საზოგადოება არც ისე "მორიდებულია,” აფეთქებებისგანაც არ იხევს უკან და უმართავ სიტუაციაში მდგომარეობის გადაზრდის გაცილებით დიდი შანსიცაა, როგორც ეს შუა აზიაში მოხდა. ამიტომ საფიქრებელია, ხომ არ დასჭირდება აშშ-ს ამ რეჟიმების გაწირვა, ირანთან მიმართებაში მიზნების აღსრულებისათვის? იმ მიზნების, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ძალისმიერი გზით და სამხედრო რიტორიკით სცადა, მაგრამ შედეგად სრული კრახი მიიღო. 

თუ ეს ასეა, აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ს გაცილებით უფრო ეფექტური გზა აქვს არჩეული ახლო აღმოსავლეთის "მოსაჭკვიანებლად.” თეირანის გუშინდელი აქცია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ყველაზე მასშტაბური იყო. იმ აქციები მოთოკვა და კალაპოტში ჩაყენება აჰმადინეჯადის რეჟიმმა დიდი ძალისხმევი ფასად და "ისლამური რევოლუციის გუშაგების” აქტიური დახმარებით, როგორც იქნა, შეძლო. თუმცა, საპროტესტო მუხტი ამ ხნის მანძილზე ქვეყანაში არ განელებულა. 

გუშინდელ აქციაში, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ირანელი, ინტერნეტზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც დღევანდელი რეჟიმის ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგეები არიან, იდეოლოგიურად ებრძვიან საკუთარ ხელისუფლებას. დასავლური მუსიკის, ჩაცმულობის, ცხოვრების სტილის მოტრფიალეებისათვის ისლამური ხელისუფლება სრულ ანაქრონიზმს წარმოადგენს და მისი დამხობა ამ კატეგორიის მოსახლეობის ცხოვრების მიზანია. 

ახალგაზრდებს მხარში უდგანან ის ირანელი დისიდენტებიც, რომლებსაც ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწიათ და ახლა, ძირითადად, ამერიკის და ევროპის სახელმწიფოებში არიან გაბნეულნი. ამ საფრთხეს მშვენივრად ხედავენ ისლამური რევოლუციის სამართალმემკვიდრეები და ამიტომ აჰმადინეჯადის ხელისუფლება ბოლო ხანს განსაკუთრებით მკაცრ რეპრესიებზეა გადასული. ოპოზიციის ლიდერები ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფებიან, ირანის სპეცსამსახურები კი ყველაფერს, მათ შორის, ინტერნეტის გაკონტროლებასაც ცდილობენ, თუმცა რამდენად გაუმკლავდება ეს ქმედებები რევოლუციების დასავლურ ტექნოლოგიებს, რომელმაც თავის ეფექტურობა უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, ძნელი სათქმელია. 

ჯერჯერობით, ვითარება მრავალჯერ ნაცადი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. დარბევის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გამოვიდა და, დიადი დემოკრატიის და პლურალიზმის დაცვის პრინციპების სახელით, ჩვეულ სტილში დაგმო ირანის ხელისუფლების ქმედება. 

ირანის ირგვლივ კი რკალი იკვრება. ბაჰრეინში შიიტური უმრავლესობა იბრძვის უფლებებისათვის, მათთვის არცთუ ისე ჩვეული მშვიდობიანი დემონტრაციის ფორმებით. იემენში შეტაკება ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის მოხდა. აქ პროტესტის ნიშნად გამოსულთა რაოდენობა არც ისე მრავალრიცხოვანი იყო, სულ რაღაც 4 ათასი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ "დასავლური ტიპის” რევოლუციებისათვის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 

ახლო აღმოსავლეთი დემოკრატიას და კორუფციის მოსპობას ითხოვს, ალაჰის სახელითა და მოწყალებით და "ზღვისგადაღმური” დემოკრატიის აკვნის ფინანსებით და დიდსულოვანი მხარდაჭერით.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1081 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები