პარასკევი, 29.03.2024, 02:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » პინა ბაუში (Pina Bausch) - ცეკვის გერმანელი გენიოსი
17:46
პინა ბაუში (Pina Bausch) - ცეკვის გერმანელი გენიოსი

"ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები. საინტერესო ისაა - რა ამოძრავებთ მათ" - პინა ბაუში

დაიბადა 1940 წლის 27 ივლისს, ზოლინგში, პატარა რესტორნის მეპატრონის ოჯახში. გარდაიცვალა 2009 წლის 30 ივნისის დილას. ერთი კვირით ადრე კიბო აღმოაჩნდა.

ცეკვის გერმანელი დედოფალი 1955 წელს ესენში (გერმანია) ფოლკვანგის უმაღლესი სკოლის ცეკვის განყოფილებაზე ჩაირიცხა. სწავლობდა ნიუ-იორკის ჟულიარდის სკოლაშიც, ცეკვავდა "ახალ ამერიკულ ბალეტში" და მეტროპოლიტენ-ოპერაში. 1971 წლიდან ქორეოგრაფად მუშაობდა ვუპერტალში. მეთაურობდა ცეკვის განყოფილებას  ფოლკვანგის უმაღლეს სკოლაში. დააარსა "ცეკვის თეატრი ვუპერტალი" (Tanztheater Wuppertal) - გერმანიის ეროვნული საგანძური.

5 წლიდან ცეკვავდა. კრიტიკულ სტატიებში, ისინი, ვისაც მაინცდამაინც არ უყვარდა პინა, წერდნენ, რომ ის "ყველა საგანში ფრიადოსანი იყო და ყოველთვის ყველაფერი ადვილად გამოსდიოდაო... - ამბობდნენ. ის კი ყოველთვის დუმდა. 

"ეს ქალი, რომელიც არასდროს იხდის თავის უხეშ ფეხსაცმელებს, - უფერული ვუპერტალის ერთადერთი ღირსშესანიშნაობააო", - ასეც წერდნენ, ბაუში კი ამბობდა: "იქ სხვას ვერც ვერაფერს გააკეთებ, მხოლოდ მუშაობა შეიძლებაო".

თუ ძალიან მოკრძალებული ინფორმაციას დავუჯერებთ, მომავალი მეუღლე და თანადამდგმელი, სცენოგრაფი როლფ ბერციგი ერთ-ერთ საცეკვაო სემინარზე გაიცნო. ჰყავდა საყვარელი მოცეკვავე - დომინიკ მერსი, რომლის აზრს ძალიან უფრთხილდებოდა. ეს ეჭვებს ბადებდა, კითხულობდნენ, რატომ ეძვირფასება დომინიკის რჩევებიო; მაშ, ბერციგთან როგორღააო საქმე? ვერც ახსნას და ვერც ლოგიკას ვერავინ პოულობდა.
 
33 წლის იყო, როცა ვუპერტალის დასის უფროსი გახდა. პირველი, რაც გააკეთა - საბალეტო დასს სახელი შეუცვალა და ცეკვის თეატრი დაარქვა. ცეკვის თეატრი მხატვრული რეფლექსიის ფორმაა, რომელიც ორი, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული კულტურილი პარადიგმების თანხვედრისას წარმოიშვა. რამაც, შესაბამისად, თავისი დაღი დაასვა მის სტრუქტურას, სახეობრივ სისტემას და მხატვრულ მეთოდს. ლეონეტა ბენტივოლიო, იტალიელი კრიტიკოსი, წერდა, რომ ცეკვის თეატრი, გამოაქვს რა წინა პლანზე ცხოვრებისეულ სიმართლესთან მეტოქეობის მცდელობა, მოცეკვავეთა თვითგამოხატვის ენას აფართოებს. აქაა უსაზღვრო ირონია, თვითირონია, დეკონსტრუქცია და ყოველგვარი საზღვრის მოშლა.

პირველი "არაკლასიკური" ბალეტი პინა ბაუშმა 1968 წელს დადგა. სულ კი ვუპერტალის თეატრის რეპერტუარში 16 სპექტაკლი იყო, ყოველწლიურად იმართებოდა პრემიერა.

"ბაუში თავის დასთან ერთად ქმნის სპექტაკლებს, რომლებსაც იმ ატმოსფეროთი და პლასტიკით აჯერებს, რომელ ქალაქშიც გამოდის: ბუდაპეშტი, პალერმო, სტამბული, ტოკიო, ლისაბონი, ჰონკონგი, მადრიდი, რომი, ლოს ანჯელესი, სეული, ვენა და სხვა".

პინა გადაიღეს ორ საკულტო ფილმში: ფელინის სურათში "და გემი მიცურავს" ბრმა პრინცესაა, რომელიც ჭადრაკს თამაშობს. ხოლო ალმადოვარის ფილმში "ესაუბრე მას" საკუთარი თავი ითამაშა და თავისი "კაფე მიულერიდან" რამდენიმე სცენა იცეკვა.

აქვს გერმანიის უმაღლესი ჯილდო ჯვარი "დამსახურებისთვის" და პრემია "ევროპა-თეატრს", ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში სასცენო ხელოვნებისთვის. გახდა კიოტოს პრემიის ლაურეატიც (2007).

"ბაუშის თეატრის კვლევის მიზანი - ადამიანის შინაგანი სამყაროა. მაგრამ კვლევის ინსტრუმენტი ყოველთვის ერთია - სხეული.  მისი წარმოდგენა სამყაროზე ისევე სუბიექტურია, როგორც წარმოდგენა სხეულზე.  ყოველთვის როგორღაც გაგლეჯილი, ნერვული და ეკლექტურია. მისი სპექტაკლები დამაფიქრებელია და კითხვებით გტვირთავს (თუმცა ისევე, როგორც თვითონ). სიტყვები, კაბარე, ცეკვა... ცოტა საბალეტო ტექნიკა.

გაბედული, ძლიერი თეატრალური წარმოსახვა, სტილებისა და ჟანრების პარადიგმა - ცოტა სასაცილო, მაგრამ უფრო მეტად - ტრაგიკული... სცენაზე ნანახიდან დასკვნა ყველას საკუთარი გამოაქვს. პინა არასდროს იძლევა განმარტებებს - უმარტივესსაც კი, იმის თაობაზე, რას აკეთებს და რა ხდება სცენაზე.  არ "გადმოატრიალებს" სიუჟეტს, ერთ სიტყვასაც არ ამბობს მეთოდსა თუ ზეამოცანებზე..."

ბანოვანი პერგამენტის სახით, ვირჯინია ვულფს წააგავს (ასე თვლიდნენ მისი ბიოგრაფები, სხვებისთვის კი მათ საერთო მხოლოდ გლამურის არარსებობა თუ აქვთ). გამხდარი, ყოველთვის შავებში, ყოველთვის შარვალში, დიდი უხეში ფეხსაცმელი, სვიტერები თითქოს ჰკიდია - არაფერი ვიწრო, მინიშნებაც არაა სექსუალურობაზე... კოსმეტიკას არ იყენებს, ჟურნალისტები არ უყვარს, საუბრობს დაძაბული და დაზაფრული - დიდხანს ზომავს მზერით თანამოსაუბრეს. ზედმიწევნით არჩევს სიტყვებს პრესკონფერენციაზე... მორიდებულია და ასკეტური. პოსტმოდერნისტული საცეკვაო თეატრის ლეგენდაა, მაგრამ არც ბალერინა და არც ქორეოგრაფი (ეს ბოლო სიტყვა, როგორც აღიარებს, აღიზიანებს). ეწევა, გიჟდება მაღალი საზოგადოების თავყრილობების ჩაშლაზე, რადგან უცებ ქალაქში სასეირნოდ მიდის, შეუძლია რამდენიმე საათი მარტომ გაატაროს მუზეუმში. ეშინია თვითმფრინავების, არ ინტერესდება ახალი ამბებით. რბილი მზერა აქვს.

ზოგისთვის არც ასკეტურია, დახვეწილი ადამიანი, შესანიშნავი ფიგურით და ცოცხალი რეაქციებით. შეღებვით კი მართლა არ იღებება და იშვიათ ინტერვიუებში ამბობს: სილამაზე ჩემთვის ისაა, რაც ნამდვილიაო... "კოსმეტიკას" ვერც სპექტაკლებს შეატყობთ: ხან წვიმა წვიმს დაუსრულებლად ("არია") და მეტი არაფერი, ხან 8000 მიხაკი მთასავით დევს სცენაზე ("მიხაკები") ...

პინას სპექტაკლიდან "ვალსები" ჟურნალისტებმა ერთი ფრაზა აიკვიატეს: "კიდევ ცოტა ღვინო, სიგარეტი, ოღონდ სახლში წასვლა - არა" და შეთანხმდნენ ეს პინა ბაუშის კრედოაო. ალბათ ფრანგი ჟურნალისტები იყვნენ (პინაზე გიჟდებიან პარიზელები) - რომანტიკულია და ცოტა ცოდვიანი... გერმანული პრესა კი ნაკლებად რომანტიკულად, მაგრამ ძალიან "აზრიანად" და "დამაჯერებლად" უწოდებდა თავის დიდ თანამემამულეს "გერმანიის მთავარ საექსპორტო საქონელს".  ფინელი ბალეტმეისტერები ბაუშის დიდებულებას ვერ უარყოფდნენ და ცივად დასძენდნენ: "ექსპანსიური ფემინისტიო..."

 მის საქციელში უცნაური არაფერია, მაგრამ არც ჩვეულებრივია რამე. უშუალო ჩანს, საკუთარი თავის ფასი იცის. დიდმა ფრანგმა ქორეოგრაფმა როლან პეტიმ (Roland Petit) განაცხადა ერთხელ: "არსებობს ქორეოგრაფი, რომელსაც ვაღმერთებ, - ეს მადამ პინა ბაუშია. გინახავთ მისი "წმინდა გაზაფხული"? სრულყოფილებაა". პეტის სიტყვებიდან გასაგებია: პინა ბაუში - გენიოსია. თუმცა სხვა - არაფერია გასაგები...

 "ქორეოგრაფობა არასდროს მინდოდა, ყოველთვის ცეკვა მსურდა. დადგმა იმიტომ დავიწყე, რომ ჩემთვის დიდი, მთავარი როლები მომეგონებინა - მაგრამ ეს ისევ ოცნებად დარჩა. მარტო "კაფე მიულერში" ვიცეკვე და კიდევ რაღაცაში. ჯერ კიდევ ველოდები ჩემს როლებს..."

 "საერთოდ კომუნიკაციის პრობლემა მაქვს, სულ მეშინია, რამე არაზუსტად არ გამოვთქვა და გამოვხატო"

სპექტაკლის შემდეგ ამბობდნენ ხოლმე, რომ თეატრის მოცეკვავეები ვირტუოზები არიან, მაგრამ მათი მოძრაობების სირთულეზე ფიქრისთვის მაყურებელს არ სცალია. პინა ბაუში ფილოსოფოსია, ფსიქოლოგია, მისთვის სერიოზული განაცხადი, ცხოვრებაზე ცოდნის გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური სირთულეები და ფორმალური ელემენტები.

თვითონ პინა ამბობდა: "ჩემთვის სპექტაკლი - სიცოცხლეა, მისი ყველაზე მარტივი განმარტებით. და შესაბამისად, ის ყველაზე მნიშნელოვანია"

* * *

დახურული დაკრძალვა პინას ოჯახმა ისურვა: მხოლოდ ნათესავები, ახლო მეგობრები და რამდენიმე მოცეკვავე იყვნენ. ოფიციალური სამგლოვიარო ღონისძიებები ვუპერტალში რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. თეატრის საიტზე გარდაცვალებაზე მშრალი ცნობა და ერთი ფოტო იდო კარგა ხანს: ადამიანი კაშკაშა სინათლის ფონზე. შემდეგ პინას დასმა სეზონის ჩატარება და ყველა გასტროლის განხორციელება გადაწყვიტა.

* * *

1973: FRITZ; IPHIGENIE AUF TAURIS (Iphigenia in Tauris)

1974: ICH BRING DICH UM DIE ECKE (I´ll Do You In); ADAGIO - Five Songs By Gustav Mahler

1975: ORPHEUS UND EURYDIKE; DAS FRÜHLINGSOPFER (The Rite Of Spring)

1976: DIE SIEBEN TODSÜNDEN (The Seven Deadly Sins)

1977: BLAUBART - BEIM ANHÖREN EINER TONBANDAUFNAHME VON BELA BARTOKS "HERZOG BLAUBARTS BURG" (Bluebeard - While Listening To A Taped Recording Of Bela Bartok's "Duke Bluebeard's Castle); KOMM TANZ MIT MIR (Come Dance With Me); RENATE WANDERT AUS (Renate emigrates)

1978: ER NIMMT SIE AN DER HAND UND FÜHRT SIE; IN DAS SCHLOSS, DIE ANDEREN FOLGEN... (He Takes Her By The Hand And Leads Her Into The Castel, The Others Follow ...); CAFÉ MÜLLER; KONTAKTHOF

1979:ARIEN (Arias); KEUSCHHEITSLEGENDE (Legend of Chastity)

1980: 1980 - A Piece by Pina Bausch

1981: BANDONEON

1982: WALZER; NELKEN (Carnations)
 
1984: AUF DEM GEBIRGE HAT MAN EIN GESCHREI GEHÖRT (On the Mountain A Cry Was Heard)

1985:TWO CIGARETTES IN THE DARK

1986: VIKTOR

1987: AHNEN

1989: PALERMO PALERMO

1990: DIE KLAGE DER KAISERIN

1991: TANZABEND II

1993: Das StÜck mit dem Schiff (The piece with the ship)

1994: Ein Trauerspiel

1995: ANZÓN

1996: NUR DU (Only you)

1997:DER FENSTERPUTZER (The Window Washer)

1998: MASURCA FOGO

1999: O DIDO

2000: KONTAKTHOF;WIESENLAND

2001: ÁGUA

2002: FÜR DIE KINDER VON GESTERN, HEUTE UND MORGEN (For the Children of Yesterday, Today, and Tomorrow)

2003: NEFÉS

2004: TEN CHI

2005: ROUGH CUT

2006: VOLLMOND (Full Moon)
 
2007: BAMBOO BLUES

2008: ‘SWEET MAMBO'; Kontakthof

PINA - Tanzt, tanzt, sonst sind wir verloren

მალე ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურება, რომელზეც ვიმ ვენდერსმა ახალი ფილმი წარმოადგინა. სურათი პინა ბაუშს მიეძღვნა, ასეც ჰქვია "პინა".  ქართულ კინოთეატრებამდე ფილმი, ალბათ, გაზაფხულამდე ვერ მოაღწევს და თუნდაც გაჩნდეს გამოწერის საშუალება, დიდი ეკრანის გარეშე მისი ნახვა მაინც უნახაობად დარჩება - "პინა" ხომ სამგანზომილებიან ფორმატშია გაკეთებული. მანამდე კარგ კინოსიახლეს და ვენდერსის პრემიერას მოწყურებული მაყურებელი ვიდეორგოლით ისე ცდილობს ამოიცნოს ფილმი, როგორც ჭუჭრუტანიდან - კარსმიღმა გაშლილი სივრცე... საინტერესოა, რომ ბევრმა ერთი დიდოსტატით მეორე ახლა და ამ ფილმით აღმოაჩინა.

ფილმის ოფიციალური საიტი: www.pina-film.de 

და შეხვდა ერთმანეთს ორი გენიოსი
"რაც უფრო რთულია ტექნიკა, მით უფრო მარტივია შინაარსი", - ასეთ განცხადებას ალბათ ვინ ვენდერსიც დაეთანხმება, რომლის დოკუმენტური სურათი "პინა" შეიძლება ბოლო 20 წლის განმავლობაში (ან იქნებ მეტისაც) დიდი გერმანელის ყველაზე დიდ ნამუშევრად ჩაითვალოს.

ფილმი გენიალურ პინა ბაუშზეა, რომელიც ზუსტად მაშინ გარდაიცვალა, როცა ვენდერსთან ერთად ვუპერტალის თეატრში ფილმზე მუშაობა უნდა დაეწყო. შედეგად სურათი მხოლოდ საცეკვაო ნომრებისა და საუკეთესო სპექტაკლების ფრაგმენტებისგან შედგება: "კაფე მიულერიდან" დაწყებული "წმინდა გაზაფხულამდე". ზოგი დუეტი ბუნებაში ან ქუჩაშია გადატანილი.

სპექტაკლების ბაუშისეული რეჟისურა იმდენად წუნდაუდებელია, რომ ვენდერსის რეჟისურა თითქოს მონტაჟით (ოსტატურითა და ჭკვიანურით) და სამგანზომილებიანი სივრცის ფორმირებით იფარგლება. იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თანამედროვე ქორეოგრაფების სპექტაკლების ვიდეოჩაწერა ასე რთულია, ისაა, რომ შეუძლებელია ერთდროულად მთელი სცენა მოიცვა, იგრძნო სიღრმე და გადმოსცე პესრპექტივა. აი, 3D კი ამ საშუალებებს ფლობს. "პინა" - უნიკალური გამოცდილებაა, მაჰიპნოზებელი და სანდო, რომელიც მაყურებელს სცენასა და კულისებში ეპატიჟება. ერთადერთი სადავო ნაწილი - მოცეკვავეების მონოლოგებია, მაგრამ ვენდერსმა ესეც არატრივიალურად გადაწყვიტა: პირი არ იხსნება, ტექსტი კადრს მიღმა ისმის. საუკეთესო ფორმატი პლასტიკასა და ცეკვაზე შექმნილი ფილმისთვის -"მოლაპარაკეების" ნაცვლად "მდუმარე თავები".

სურათი იმდენად კარგია, რომ იმის ართქმაც შეიძლება, რომ  ხიბლის 85% მაინც პინა ბაუშის რეჟისურას უკავშირდება და მხოლოდ დანარჩენი 15% - ვენდერსს. თუმცა, მნიშვნელოვანი ეს კი არა, ეფექტია, რომელიც უცნაურად ესადაგება პედრო ალმოდოვარის ფილმის ("ესაუბრე მას") პირველ სცენაში აღწერილ ეფექტს. გახსოვთ, იქ ორი გმირი ერთმანეთს თეატრში ბაუშის "კაფე მიულერის" წარმოდგენაზე გაიცნობს და ერთ-ერთი მათგანი ტირის... ბევრი საკმაოდ ვაჟკაცური და ძლიერი შესახედაობის მაყურებელი ვენდერსის "პინას" შემდეგ დარბაზიდან ცხვირსახოცით ხელში ჩაწითლებული თვალებით ინახავდა".

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2307 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები