პარასკევი, 29.03.2024, 17:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ცხოვრება გაიაფდა - ათენში, ბუქარესტში, მადრიდსა და ბუდაპეშტში; გაძვირდა: ტოკიოში, ჟენევაში, კარაკასსა და ლონდონში
17:47
ცხოვრება გაიაფდა - ათენში, ბუქარესტში, მადრიდსა და ბუდაპეშტში; გაძვირდა: ტოკიოში, ჟენევაში, კარაკასსა და ლონდონში
ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოწყობისთვის მილიარდებს ხარჯავენ და შემდეგ ქვეყანაში ჩასულთა ხარჯზე, გაცილებით მეტი თანხის ამოღებას ახერხებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მოახერხებს ტურისტების ყურადღების მიქცევას.

უცხოელი სტუმრების მხრიდან, ყურადღება არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობებსა და ღირშესანიშნაობებს ექცევა, არამედ მათთვის მნიშვნელოვანია კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილები და სასტუმროები. თუმცა ქვეყნებსაც და ვიზიტორებსაც ეს ფუფუნება საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

 

,,პრესა.ჯი’’ დაინტერესდა, მსოფლიოს რომელ ქალაქებშია ყველაზე ძვირი ცხოვრება. წლევანდელი მონაცემებით,  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ტოკიო დასახელდა.  იაპონიის დედაქალაქში  ავტობუსით მგზავრობა 3.25 დოლარი ღირს, თუ გზად ნაყინი, ჭიქა ყავა და  გაზეთიც შეიძინეთ, ეს სიამოვნება 12 დოლარი  დაგიჯდებათ.

 

ტოკიოში, ცხოვრების საფასურმა 2008 წელთან შედარებით, როდესაც ის ანალოგიურ ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებდა, 13.1%-ით მოიმატა. იაპონიის დედაქალაქს ოსაკა და მოსკოვი მოჰყვება. მას შემდეგ, რაც რეიტინგი პირველად, 1994 წელს, გამოქვეყნდა, ტოკიო ყოველთვის სიის სამეულში შედიოდა ან ლიდერობდა.

 

ოსაკა, ათეულიდან მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს, ამოვარდა და მეთერთმეტე ადგილას გადაინაცვლა. ექსპერტების აზრით, სანამ იენი დოლართან მიმართებაში მყარია, იაპონიაში ყოველთვის სიძვირე იქნება. შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ უახლოესი ათი წლის მანძილზე, იაპონია ასეთ ტენდენციას შეინარჩუნებს.

 

შვეიცარიის დედაქალაქი ჟენევა, მსოფლიოში ძვირადღირებულ ქალაქებში მეოთხე ადგილზეა, მას მოჰყვება ჩინეთის ქალაქი ჰონკონგი. ნიუ–იორკმა,  22–ე ადგილიდან 14 ადგილით გადმოიწია და მე-8 ადგილზე განთავსდა. ლონდონმა მესამე ადგილი დათმო და მე– 16 ადგილას გადაინაცვლა.  ეს იმის გამო, რომ ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

 

კიდევ ერთი ცვლილება რეიტინგში, დუბაისა და კარაკასს შეეხო. დუბაი, რომელიც შარშან 52–ე ადგილს იკავებდა, ახლა მე-20 ადგილზე გადმოვიდა, ხოლო კარაკასმა 89– ე ადგილიდან მე– 15 ადგილზე გადმოინაცვლა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ორივე შემთხვევაში, ეს ქვეყნები "მწვანე ვალუტაზე" მიბმულები აღმოჩნდნენ (კარაკასში ინფლაციის მაღალი დონეა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები იზრდება). ეს ქალაქები, ყველაზე ძვირადღირებულია უძრავი ქონებითაც.

 

ევროპულ ქალაქებს შორის, მოსკოვში არენდის ყველაზე მაღალი ფასებია. 2009 წელს,

ფინანსური კრიზისის გამო, რუსეთის დედაქალაქში იჯარის ფასი 25%–ით შემცირდა. 2010 წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და საცხოვრებელი ფართის ქირა 30%–ით გაძვირდა. კერძოდ, მოსკოვში, საშუალო ზომის სამოთახიანი ბინის, ერთი თვით დაქირავება 1740 ევრო დაგიჯდებათ. მოსკოვის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული ევროპული ქალაქების რეიტინგში ლონდონი, პარიზი და სტამბული მოდიან. აქ იჯარა საშუალოდ 5%–ით გაძვირდა და სამოთახიანი ბინის მაგალითზე 1050 ევრო შეადგინა.

 

რაც შეეხება ფასების კლებას, ეს ტენდენცია ათენში, ბუქარესტში, მადრიდსა და ბუდაპეშტში დაფიქსირდა. საკვები პროდუქტების, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების  ნივთების სიძვირით ტოკიო, ჟენევა, აბუ–დაბი, კარაკასი და ლონდონი ლიდერობენ. კულტურული ცხოვრება კი, ყველაზე ძვირი ოსლოსა და ნორვეგიის ქალაქ სტავანგერშია.

 

ქალაქ ოსლოში,  კინოთეატრში ფილმის ნახვა, 16 დოლარი დაგიჯდებათ. სტავანგერში კი, თეატრის ბილეთი 20 დოლარამდე ღირს. მოსკოვში, კინოთეატრში,   ფილმის სანახავად, 13 დოლარია საჭირო. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. ამ მხრივ, აზერბაიჯანი ლიდერობს. იქ, გასულ წელს, საკვებ პროდუქტებზე ფასმა 14%-ით მოიმატა.  ფასების ზრდა დაფიქსირდა ფქვილზე, მაკარონზე, ხორცზე, ქათამზე, ასევე თევზსა და ხილ-ბოსტნეულზე.

 

ამჟამად, ერთი პური აზერბაიჯანში 38 ცენტი ღირს (რაც ლარზე გადაანგარიშებით 80 თეთრია), საქონლის ხორცი 6-დან 7 დოლარამდეა, რაც ლარის მიმდინარე კურსის მიხედვით, მაქსიმუმ 12 ლარია. აზერბაიჯანში უფრო ძვირია ცხვრის ხორცი, რომელიც 9-10 დოლარი ღირს.

 

რაც შეეხება სომხეთს, აქ ერთი კილოგრამი შაქარი 90 ცენტი ღირს, ხორცი - საქონლის 6 $, ღორის ხორცი – 6,8 დოლარი, ქათმის ხორცის ფასი 4 დოლარია.   სომხეთში, საშუალო პენსია,   თითქმის საქართველოს ანალოგიურია და 60 დოლარს შეადგენს.

 

გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად,  რეიტინგში საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად აღმოჩნდა, მაღალი ადამიანური განვითარების სახელმწიფოთა კატეგორიაში, თუმცა ამ მხრივ, საქართველოს უსწრებენ უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, რაც ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო გასაკვირი სულაც არაა.

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს, ფასების კატასტროფული მაჩვენებლის მიუხედავად,  ყოველწლიურად  მაინც მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 999 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები