შაბათი, 20.04.2024, 03:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 22 » ნათელაშვილის იუმორზე კაქტუსებიც ხარობენ
10:04
ნათელაშვილის იუმორზე კაქტუსებიც ხარობენ
 


შესაძლოა სახელმწიფოში ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ეს საზოგადოებასა და ხელისუფლებას სურს, თუმცა მმართველი გუნდის  მთავარი ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ხალხს ისე მოაჩვენოს თავი, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ეს პიარტექნოლოგიების ზოგადი სტანდარტია, რომელსაც ყველა ქვეყნის მმართველი იცავს.
მმართველი გუნდი და ოპოზიციური სპექტრი სოლიდურ თანხას ხარჯავს ყოველწლიურად სხვადასხვა ლობისტური ორგანიზაციების მომსახურებაში, რომელთა მთავარ მიზანს სწორედ ის წარმოადგენს, რომ კერძო პოლიტიკურ სუბიექტსა, თუ პოლიტიურ ოგრანიზაციას გარკვეული იმიჯი შეუქმნას. ,,პრესა.ჯი'' დაინტერესდა, თუ რომელი პარტია და პოლიტიკოსი ახერხებს ყველაზე უკეთ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
 
სოციოლოგი და პიარტექნოლოგი, ვალერი გორგილაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ყველაზე მოქნილი და პიარტანდარტებში ჩამჯდარი  პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა განსაკუთრებული იმიჯის შექმნას სხვა პოლიტიკოსებიც ახერხებენ საქართველოში. ქართველი პოლიტიკოსების პიარ-აქციებსა და არარეალურ იმიჯზე ვალერიან გორგილაძეს ვესაუბრეთ.
 
 - რაში მდგომარეობს ქართული პოლიტიკის პიარ-ტექნოლოგია დღეს, რის ხარჯზე იღებენ მაღალ რეიტინგს პოლიტიკური ორგანიზაციები?
 
-  პიარი, პიარ-ტექნოლოგია, იმიჯი - ყველა ეს ცნება უკვე მყარად იკავებს თავის ადგილს თანამედროვე ქართულ ენობრივ ქსოვილში. იმიჯი  და ტექნოლოგიები არ არის განყენებული, აბსტრაქტული კატეგორიები და მჭიდროდ უკავშირდებიან პოლიტიკოსის სხვადასხვა უნარებს, მსოფლმხედველობას, მის ტემპერამენტს, ბუნებრივია, პოლიტიკურ ვითარებას და კონტექსტს. ეს რაც შეეხება ზოგად პიარ სტანდარტებს, თუმცა საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია.
 
 ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, იმ ქვეყნის მოსახლეობის ღირებულებები, ტრადიციები და მოთხოვნები, რომელშიც ის მოღვაწეობს და სწორედ ამის ადეკვატურად იმოქმედოს. საქართველოში დღეს, მმართველი გუნდის პიარის ხაზი, ქვეყნის წინსვლისა და კეთილმოწყობაზე საუბრის ხარჯზე მიმდინარეობს, ოპოზიციისა კი კრიტიკაზე.
 
-  რომელ პოლიტიკოსს გამოარჩევდით ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებულად  ,,იპიარებს'' თავს და ჯდება საერთაშორისო პიარ სტანდარტებში?
 
-  ამ მხრივ უალტერნატივოა მიხეილ სააკაშვილი. მას ამის რეალური რესურსი გააჩნია. ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც ეს საკითხი ყველაზე უკეთ ესმის. 2003 წლის ნოემბრიდან 2007 ნოემბრამდე სააკაშვილი მაგონებდა „სუპერ მარიოს". კომპიუტერული ეპოქის ელექტრონული თამაშების გარიჟრაჟზე, ეს პოპულარული პერსონაჟი გამოირჩეოდა იმით, რომ მარტივი მანიპულაციების შედეგად, იოლად ლახავდა ბევრ წინააღმდეგობას და მიზანმიმართულად მიისწრაფვოდა წინ. ამ თამაშს, „სუპერ მარიოს", ჰქონდა კიდევ ერთი თავისებურება.
 
მთავარი პერსონაჟის გარდა, იქ ვერ ნახავდით სხვა პერსონაჟს, მხოლოდ სუპერ მარიოს, მის დინამიკურ სვლას და სტატიკურ ფონს, რომელიც იქმნებოდა უამრავი დაბრკოლებებისაგან. 2010 წელი თამამად შეიძლება ჩაუთვალო პრეზიდენტს აქტივში. თბილისის ესტაკადა, ბათუმის რეკონსტრუქცია, ჯავახეთის ავტო მაგისტრალი, დასავლეთის მიმართულებით მშენებარე ავტობანი, ანაკლიას და მესტიის განვითარების პროექტები, ყველაფერი ეს ან დასრულდა ან დაიწყო 2010 წელს. და აქ  მიხეილ სააკაშვილის ქცევაში კვლავ ჩნდება ყოფილი „სუპერ მარიოს" თითქოს და მიძინებული ატრიბუციები. სააკაშვილი თვითონ მართავს თვითმფრინავს მესტიის მიმართულებით, სააკაშვილმა გაცურა 5 კილომეტრიანი მონაკვეთი  ზღვაში, სააკაშვილი ატარებს მთავრობის სხდომას მღვიმეში... ის კვლავ ამოძრავებს დეკორაციებს, თვითონ ქმნის საინფორმაციო მიზეზებს და აქცევს მათ მოვლენებად.
 
- საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს პოლიტიკოსის ჩაცმულობას, ამ მხრივ ვის გამოარჩევდით?
 
- ამ მხრივაც გამორჩეული პრეზიდენტია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩაცმულობას სააკაშვილისთვის ხშირად აქვს ინსტრუმენტალური ხასიათი. ის იყენებს ჩაცმულობას გარკვეული მიზნის მისაღწევად. მაგალითად, როდესაც სააკაშვილი ატარებდა მთავრობის სხდომას გუდაურში და გამოჩნდა სალათისფერ კომბინიზონში, მე მესმოდა უამრავი აღშფოთებული შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ დრეს კოდის ასეთი შემაძრწუნებელი დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან,  შეურაცხყოფდა მთელს საზოგადოებას. სააკაშვილისთვის მართლაც არ არის უცხო პროვოკაცია და ეპატაჟი, მაგრამ ამის გარდა პრეზიდენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისახავდა ერთ მარტივ მიზანს, მისი ჩაცმულობა იპყრობდა ყურადღებას და შესაბამისად მილიონობით მაყურებელში და შესაძლოა პოტენციურ ინვესტორში გაჩნდებოდა ინტერესი კონკრეტული საინვესტიციო პროექტის მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას სააკაშვილის გამოჩენაზე, შიშველი ტორსით, ბათუმის სანაპიროზე. მისი ადამისეული ტანისამოსი ხდიდა ამ სანახაობას საინტერესოს.
 
ასეთ რამეს ყოველდღიურად ვერ იხილავ. უამრავი ადამიანი, საქართველოს ფარგლებს გარეთ, იღებდა პოზიტიურ ინფორმაციას საქართველოს შავიზღვისპირეთში არსებული კლიმატური მონაცემების შესახებ. ამდენად, მიხეილ სააკაშვილი ხშირად გვევლინება სხვდასხვა პროექტების მთავარ პრომოუტერად. მისი ჩაცმულობა, რიტორიკა და იუმორის გრძნობა, მხოლოდ ეხმარება მას ამ საქმის განხორციელებაში.
 
- იუმორი თუ ეხმარებათ პოლიტიკოსებს წარმატებაში?
 
- რაც შეეხება იუმორის გრძნობას, პოლიტიკოსისთვის  ეს  ძალზედ მნიშვნელოვანი უნარი, ახასიათებდა სააკაშვილის ორივე წინამორბედს. თუ გამსახურდიას ახასიათებდა გარკვეულ წილად გესლიანი იუმორის გრძნობა, ხოლო შევარდნაძე ართმევდა თავს შავი იუმორით, სააკაშვილის იუმორიც ხშირად მიმართულია მოწინააღმდეგის მიმართ, ხასიათთება აგრესიულობით და ხშირად არ გამოირჩევა პოლიტკორექტულობით.
 
- რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, აქ ვის გამოარჩევდით განსაკუთრებული პიარ-ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში?
 
- თუ გადავხედავთ დანარჩენ პოლიტიკოსებს, აქ აღვნიშნავდი შალვა ნათელაშვილს. მისი მდიდარი მეტაფორებით და ირონიით სავსე ხატოვანი საუბრები,  აშკარად გამოარჩევს მას სხვა პოლიტიკოსებისაგან. მისი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ თუ კი ჰიტლერს, თავის პროპაგანდისტულ არსენალში, აღმოუჩნდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2",  გერმანელებს დღემდე არ ექნებოდათ წარმოდგენა მათი ტერიტორიის მიმართ საბჭოეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციის შესახებ - რა თქმა უნდა, შევა პოლიტიკური იუმორის ქრესტომატიაში. შალვა ნათელაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, დრამა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ელექტორატი სათანადოდ არ, ან ვერ აფასებს მის იუმორს და ‘ბოლდება" მხოლოდ მის გულანთებულ სოციალურ პათოსით.  ხოლო ის, ვინც ტკბება მხოლოდ მისი იუმორით და სარკაზმით აღსავსე მარგალიტებით, არასოდეს გახდება ,,ლეიბორისტული პარტიის'' წევრი.
 
-  შალვა ნათელაშვილის გარდა,  თუ გეგულებათ ქვეყანაში პოლიტიკოსი, რომელიც
თქვენი პროფესიული ინტერესის საგანი ხდება?
 
- პიარ სივრცეში სააკაშვილის ტოტალური დომინირების მიუხედავად, მინდა აღვნიშნო რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც, პირადად ჩემთვის, წარმოადგენენ ინტერესს, პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით. სათანადო პიარ მხრდაჭერის პირობებში, ჩემი აზრით, ამ პოლიტიკოსებს აქვთ წარმატებული პოლიტიკური კარიერის გაგრძელების პერსპექტივა. ვგულისხმობ დავით უსუფაშვილს, კახა შარტავას, ირაკლი ალასანიას, გიგა ბოკერიას და გიორგი თარგამაძეს. მათ სწორად აქვთ გათვლილი თავიანთი პოლიტიკური ნაბიჯები, ხშირად ნეგატიური მოქმედებების ხარჯზე, ისინი ახერხებენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას, რაც შემდეგში მდგომარეობს.
 
მაგალითად, ირაკლი ალასანიას გამოკვეთილი დასავლური პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, კახა შარტავას გამოკვეთილი ეროვნული იდეოლოგია.  შესაძლოა, ეს მხოლოდ მასებზე გათვლილი ქმედებები და იმიჯი იყოს, მაგრამ პოლიტიკოსისთვის, ხომ მთავარი მასაზე ზემოქმედება და ნდობის მოპოვებაა. სხვა პოლიტიკოსებზე თავს შევიკავებ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ბევრი მათთაგანის საჯარო გამოსვლების დროს ჩემი ფანჯრის რაფაზე  ჭკნება კაქტუსი.

 

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1116 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები