გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი - 17 აპრილში 2011 - www.ucoz.com
კვირა, 04.12.2016, 15:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი
20:13
გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი

სერგო კლდიაშვილი – Sergo Kldiashvili (1893 – 1986)

გურამ ასათიანი – Guram Asatiani (1928 – 1982)

გურამ ასათიანი – სერგო კლდიაშვილი

პირველი წიგნი სერგო კლდიაშვილისა, რომელიც პირადად მე მივიღე საჩუქრად, იყო „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი".

„შესანიშნავ ქართველ ვაჟკაცს,ჩემი იმედების მასახელებელს – ავტორისაგან", ეწერა ამ წიგნის თავფურცელზე. გასაგები უნდა იყოს თავბრუდამხვევი სიამაყის გრძნობა, რაც ამ სიტყვების წაკითხვისას შეეძლო განეცადა ცხრა წლის ბიჭს.

არ ვიცი, შევძელი თუ არა ნაწილობრივ მაინც გამემართლებინა ავტორის კეთილი იმედები, მაგრამ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ამ დღის შემდეგჩემში დღითი დღე, წლიდან წლამდე ღრმავდებოდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა მისდამი.

როგორც მრავალი მკითხველი, მეც დიდად დავალებული ვარ სერგო კლდიაშვილისაგან იმის გამო, რომ ის ასეთი შესანიშნავი, ასეთი ჭკვიანი და კეთილი მწერალია. სამუდამოდ მოხიბლული ვარ მისი ადამიანური უბრალოებითა და სიფაქიზით და ასევე სადა, დახვეწილი, შინაგანი ელფერით გამდიდრებული, უტყუარი ქართული სიტყვით.

სერგო კლდიაშვილისაგან მე, როგორცჩვენი საუკუნის მრავალმა ქართველმა მკითხველმა, შევიტყვე, რომ მწერლობაში მთავარია, არა თვითმიზნური გამომგონებლობა, არა სტილიზებული თამაში მოულოდნელობებით, ეფექტური სვლებით თუ პარადოქსებით, არამედ ნამდვილის, არსებითის დაუქანცავი ძიება, არა მაცდური ბრწყინვალება, არა მოჩვენებითი მრავალმნიშვნელობა, არამედ მხატვრის ჭეშმარიტი კეთილსინდისიერება, დაკვირვების სიზუსტე და ორიგინალობა, მწერლის მიგნებას ნამდვილ მხატვრულ აღმოჩენად აქცევს.

სერგო კლდიაშვილმა შეძლო თავისი დიდი გამოცდილებით და პირადი მაგალითითაც დაემტკიცებინა ეს თითქოს ელემენტარული ჭეშმარიტებები.

ის იმ ბედნიერი ნიჭის შემოქმედთა რიგს ეკუთვნის, რომელთა მიმართ მკითხველი პირველი სტრიქონიდანვე აბსოლუტური შინაგანი ნდობით იმსჭვალება, დარწმუნებულია, რომ მას არ გააცურებენ – ძვირფასი ქვის ნაცვლად ბრჭყვიალა შუშას არ შეაჩეჩებენ ხელში, არც მაღალფარდოვანი აბდაუბდით აუბნევენ გონებას და არც საეჭვო „წიაღსვლათა" ლაბირინთებში შეიტყუებენ; დარწმუნებულია, რომ მას გულითადი და მრავლისმცოდნე მეგზური შეხვდა, რომელმაც იცის, რა არის ცხოვრებაში ნამდვილად ღირსსაკვირველი, ნამდვილად საინტერესო, ნამდვილად ძვირფასი და მხოლოდ ამ გზებით დაატარებს თავის მკითხველს.

სერგო კლდიაშვილის მწერლური ბიოგრაფია განუყოფელი ნაწილია ახალი საქართველოს კულტურული ისტორიისა. მას წილად ხვდა ამ ისტორიის ცოცხალი შემოქმედი ყოფილიყო ნახევარი საუკუნის მანძილზე. რაინდული უდრტვინველობით ეზიდებოდა ამ მეტად მძიმე ტვირთს. მას მისაბაძი ერთგულებით უყვარს ქართული მწერლობა, არა თავისი თავი მწერლობაში, არამედ თვით ესჩვენი მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი, სახელოვანი, საბედნიეროდ, დღესაც ცოცხალი ქართული მწერლობა.

მწერალი ჟამთააღმწერელიც არის და, თუ შორეული შთამომავლობა ოდესმე განახლებული ინტერესით დაუბრუნდებაჩვენს საუკუნეს, „ფერფლისა" და „მყუდრო სავანის" ავტორი მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი უნდა აღმოჩნდეს, რადგან მის შემოქმედებაში იგი აღმოაჩენს ამ საუკუნის ზნე-ჩვეულებათა, ვნებათა, მოძრაობათა უტყუარ მხატვრულ ანარეკლს.

მე კარგად მახსოვს სერგო კლდიაშვილის გამოსვლები და კიდევ უფრო მკაფიოდ – მისი ლიტერატურული საუბრები თანამოკალმეებთან.

მათი თემა ზოგჯერ შორს იდგა საკუთრივ მწერლობისგან, მაგრამ თავისიჩანაფიქრით და ფორმით ეს ყოველთვის ლიტერატურული საუბრები იყო, ვინაიდან ყველაფერი, რასაც ის ჰყება, შენიშნავს, ამტკიცებს, თავისთავად ლიტერატურაა, ამ სიტყვის არსებითი გაგებით.

განსაკუთრებით ორი თემა იზიდავს – დავით კლდიაშვილი და თანამედროვე მხატვრული პროზის პერსპექტივები.

ხშირად უთქვამს გულისტკივილით, რომ დღეს უფრო ხშირად ნარკვევებს („ოჩერკებს") წერენ და არა ნამდვილ მოთხრობებს. თუმცა ბოლო დროს ნაკლები დარწმუნებით ამტკიცებდა ამას; როგორცჩანს, მის წარმოდგენაშიც ეს უკვე განვლილი ეტაპიაჩვენი ლიტერატურისა – მხოლოდ დროებით მოძალებული, სადღეისოდ უკვე განვლილი სენი.

სერგო კლდიაშვილისათვის პროზა არ არსებობს ხელოვნების („გამონაგონის") მკაფიო დომინანტის გარეშე. ოღონდ გამოგონება მისთვის თვით ცხოვრების კონცენტრატია და არა თითიდან გამოწოვილი უსაგნო რამ.

დიდად აფასებს დღევანდელთაგან უსამართლოდ მივიწყებულ სანდრო ცირეკიძის წვლილს ახალი ქართული პროზის განვითარებაში. ხშირად უთქვამს ამის შესახებ. დღემდე უალერსებს ადრე წასული მეგობრის ლანდს და მე ზოგჯერ მეჩვენება, თითქოსჩემი თვალით ვხედავ, როგორ დასეირნობენ ორნი „პროვინციის მთვარის" ქვეშ, როგორ საუბრობენ, ოცნებობენ, გულს უხსნიან ერთმანეთს, ანჩუმად, მთვარეულებივით მიჰყვებიან უქიმერიონის აღმართს.

„სერგო კლდიაშვილი – თანამოსაუბრე" – თავისთავად ლიტერატურის თემაა. ეს ისეთი სკოლაა, რომელსაც ვერავითარი სახელმძღვანელო ვერ შეცვლის. ასეთები თითზე დასათვლელად შემოგვრჩნენ… ვწუხვარ, ვნანობ, უფრო მეტიც, მრცხვენია, რომ საამისო შესაძლებლობა მქონდა და დღემდე ვერ „მოვიცალე" ამ უნიკალური თემის „გასაშუქებლად", მაგრამ როგორც იტყვიან, ეს მხოლოდჩემი ბიოგრაფიის დანაკლისია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 424 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
საიტის მეგობრები