ხუთშაბათი, 02.05.2024, 13:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » თამაშის ფილოსოფია
15:51
თამაშის ფილოსოფია
ჟურნალი „გუმბათი" № 46 (60)
17–23 ნოემბერი, 2008
რუბრიკა „თამაში"


გიორგი მოსიძეს გამოცნობა უფრო მოსწონს


რა? სად? როდის? – ეს კითხვები ტელეეკრანიდან გვესმის და მოაზროვნეებიც ცდილობენ ამომწურავი პასუხი გასცენ. გადაცემის ავტორს და წამყვანს გიორგი მოსიძეს ფორმატის გათვალისწინებით სიმკაცრის გამოჩენა, მოთამაშეების დაბნევა და მათი ექსტრემალურ სიტუაციაში ჩაყენება ევალება, რათა შოუ სანახაობრივი იყოს. გიორგის კაბინეტში გაკრული აქვს 1972 წელს დაბადებულ წარმატებულ ადამიანთა სია, რომელსაც ამშვენებს კითხვა: შენ რას მიკეთებ? როგორც თავად გვითხრა ეს მისი მეუღლის გაკეთებულია.

გიორგი მოსიძე: – იდეა, რომ საქართველოში რა? სად? როდის? გვეთამაშა, 1991 წელს დაიბადა. მაშინ მე, ლაშა კილაძე, ლევან კობერიძე და ჩვენი მეგობრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდით. თამაშები რეგულარულად ტარდებოდა, მაგრამ თავიდან არასატელევიზიო იყო. 1996 წლის შემოდგომაზე პირველად გავიდა ეთერში "ინტელექტ–კლუბი” პირველ არხზე. რაღაც ეტაპზე მან თავისი თავი ამოწურა და 2008 წელს 6 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ რეიტინგს, იმედია ასეც გაგრძელდება.
– ვინც პირველ პროექტში თამაშობდა, დღეს მათგან ბევრი აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული. მაგალითად, ნიკა გვარამია.
გ.მ.: არა მხოლოდ ნიკა გვარამია. მაღალ თანამდებობაზეა საგარეო საქმეთა სამინისტროში სერგი კაპანაძე, არჩილ მაჭავარიანი მუშაობს უშიშროების საბჭოში, დავით ჭოჭუა პარლამენტში, გიორგი ლომიძე – ეროვნულ ბანკში. ასე რომ, მოაზროვნეები აქტიურ როლს ასრულებენ სახელმწიფოს საქმიანობაში.
– გადაცემაში მოწვეული გყავდათ ნიკა გვარამია, პოლიტიკაში თქვენ სხვადასხვა გუნდს წარმოადგენთ, ამ შემთხვევაში როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება?
გ.მ.: ჩვენ ყველა კლუბიდან მოვდივართ და უკვე შემდეგ მოვხვდით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში. თავად ინტელექტ-კლუბი არის ზეპარტიული გაერთიანება, რომელმაც იცის წიგნი, ინფორმაცია, ინტელექტი, ერუდიცია. კლუბში ყოველთვის გვავიწყდება, ვინ რა პოლიტიკური მიმართულებისაა. ყველას ახსოვს: ნებისმიერი თანამდებობა წარმავალია, ინტელექტ-კლუბი კი – მუდმივი.
– გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ საზოგადოებაში მაინც სხვანაირად ჩანდა ნიკა გვარამიას ინელექტ-კლუბში მოსვლა.
გ.მ.: მოსვლა კი არა, დაბრუნება! როცა პროექტი მზადდებოდა, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და ამ პრინციპს დღესაც ვიცავთ, რომ გადაცემაში არც სტუმრად და არც მოთამაშეებად არ ვიწვევთ პოლიტიკურ მოღვაწეებს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ ყოფილ მოაზროვნეებზე, რომლებიც ჯერ მოაზროვნეები იყვნენ და უკვე მერე მოხვდნენ პოლიტიკაში. მაგრამ ხალხს, რომლებიც ახლა არიან პოლიტიკაში და მოუნდათ მოაზროვნეობა მინდა ვუთხრა: დიდი ბოდიში! რომ დაამთავრებენ თავის პოლიტიკურ კარიერას მერე მობრძანდნენ… :–)
– იყო სურვილი დღევანდელი პოლიტიკოსებისგან?
გ.მ.: რამდენჯერმე მომივიდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწეს სურვილი გამოუთქვამს, მეც ვითამაშებდიო. კლუბის გაპოლიტიზება არ შეიძლება.
– რამ განაპირობა მათი სურვილი?
გ.მ.: დაწყებული იმით, რომ პიარია, დამთავრებული იმით, რომ თვითრეალიზაციაა. მაგრამ მინდა ყველა გავაფრთხილო, რაც უნდა განათლებული ადამიანი იყოს, ძალზე რთულია ქუჩიდან მოსვლა და წარმატების მიღწევა. ის გუნდები, რომლებიც სატელევიზიო გადაცემაში თამაშობენ, 10-15 წელია კლუბში არიან. ერთადერთი ახალი გუნდი, რომელიც წელს დავსვით, იყო დავით აბულაძის ექვსეული. მაგრამ ეს გუნდიც ნახევარი წლის განმავლობაში ტრეინინგს გადიოდა, ყოველ კვირას თამაშობდა. თან მათთვის შედარებით ადვილი კითხვები იყო გადაცემაში.
– ვინ არჩევს კითხვებს?
გ.მ.: კითხვებზე მუშაობს სარედაქციო ჯგუფი, რომელიც 8 კაცისგან შედგება. მათ ხელმძღვანელობს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ლაშა კილაძე. დღეში 100 კონვერტი მოდის. კითხვების შერჩევის პრინციპი ძალზე მკაცრია. სხვათა შორის, ბოლო თვეებში ხალხმა ისწავლა კითხვების წერა. კითხვა მთლად ცოდნაზე აგებული არ უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს ლოგიკასაც, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის…
– მთავარი პრინციპი რა არის კითხვის შერჩევისას?
გ.მ.: კითხვის განხილვა უნდა იყოს საინტერესო. ყველაფერი დანარჩენი პროდუქტს ფუთავს. ლაშა კილაძის მთავარი ფუნქციაა, ისეთი კითხვები შეარჩიოს, რომელთა განხილვის ყურება საინტერესო იქნება მაყურებლისთვის.
– მკაცრი წამყვანი ხართ?
გ.მ.: ამას გულისხმობს გადაცემის სცენარი. ჩვენ ვიყიდეთ პროექტი, რომელშიც ეს გაწერილი იყო.
– არ გეცოდებათ მოთამაშეები, როცა გზას უბნევთ?
გ.მ.: მეცოდება, სწორედ ამიტომ თვალცრემლიანი ვუბნევ ხოლმე გზას (იცინის)… ისე ესეც სცენარის ნაწილია. მოთამაშე უნდა ჩააყენო ექსტრემალურ სიტუაციაში, რათა მან თავისი რეალური სახე აჩვენოს. მაყურებელს არ აინტერესებს თავდაჭერილი ბაბთიანი მოაზროვნე, რომელიც ბრძნულ აზრებს აფრქვევს. მაყურებელს სჭირდება ემოცია…
– როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?
გ.მ.: ეს ათწლეულების გამოცდილების ნაყოფია. დიდი ხანია ვიცნობ მოთამაშეებს და ვიცი მათი ემოციური სამყარო. ჩვენ ყოველ კვირა დღეს ვიკრიბებოდით და ახლაც ასე გრძელდება. სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ყოველ კვირა დღეს დაახლოებით 150 გუნდი იკრიბება, დაახლოებით 1000 მოაზროვნე.
– წამყვანზე თუ მოდის განაწყენებული მაყურებლის წერილები?
გ.მ.: არის წერილები, სადაც წერენ, რომ მე მკაცრი ვარ და ცინიკური; არის წერილები, სადაც წერენ, რომ მოაზროვნეებს ვუდგები, ძალით ვაგებინებ და ტელემაყურებელი ფულს კარგავს. ამ მხრივ საზოგადოება ორ თანაბარ ნაწილად იყოფა! ეს კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ შოუ შედგა. მე უბრალოდ ვცდილობ სპექტაკლი დავდგა…
– გადაცემამდე ყველა კითხვა თქვენს ხელში გადის?
გ.მ.: აუცილებლად. ის ტექსტი, რომელსაც მიწერს რედაქტორი, განსხვავდება ჩემი ყოველდღიური სამეტყველო ტექსტისგან. კითხვა უნდა მოვირგო.
– ესეც ფორმატით არის გათვალისწინებული, რომ წამყვანი აუცილებლად ჩახედული უნდა იყოს კითხვებში?
გ.მ.: რასაკვირველია. ხდება ხოლმე, რომ გუნდი ან ნაწილობრივ პასუხს გაძლევს, ან მიახლოებით და უნდა ჩაეძიო, დააზუსტებინო. მე არათუ კითხვები მაქვს გავლილი, მათ ირგვლივ მასალაც წაკითხული მაქვს. მაგალითად, თუ შეკითხვა არის "დიდოსტატის მარჯვენას” მე-10 თავიდან და კითხვა ერთ აბზაცს მოიცავს, მე მთელი თავი მაქვს გადაკითხული. თუ კამათი ატყდა, მზად უნდა ვიყო ოპონირებისთვის.
– თავად თქვენ თუ გითამაშიათ ინტელექტ-კლუბში?
გ.მ.: გაზაფხულზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გავრისკე და ჩავჯექი გუნდ "მიმინოში”. ბავშვივით მიხარია, რაღაცას რომ გამოვიცნობ ხოლმე. გამოცნობა არანაკლებ სასიამოვნო ყოფილა.
– რომელი უფრო საინტერესოა?
გ.მ.: გამოცნობა უფრო მეტ აზარტს იწვევს. წამყვანობა სპეციფიური საქმიანობაა. რომ არ ვყოფილიყავი წამყვანი, აუცილებლად ვიქნებოდი მოთამაშე, შეიძლება წარმატებულიც. მაგრამ ამას უკვე ვეღარასოდეს გავიგებთ… (იცინის)
– მოაზროვნეთა რიცხვი იმატებს თუ იკლებს?
გ.მ.: ძლიერი მოაზროვნეების რიცხვი დაახლოებით იგივეა. ბოლო წელს მოძრაობა გაფართოვდა. მასობრიობით ერთ სულ მოსახლეზე გავასწარით რუსეთსაც და უკრაინასაც.
– როგორ არჩევთ მოაზროვნეს სატელევიზიო გადაცემისთვის?
გ.მ.: რამდენიმე კრიტერიუმია, ვიზუალური, ქცევის წესები უნდა იცოდეს, შეიძლება იყოს განათლებული, მაგრამ არ იცოდეს მოქცევა, ასეთები უნივერსიტეტის დარბაზში დადიან, უნივერსიტეტში დადიან ისეთებიც, ვისაც დაბანა არ უყვარს. მაგრამ მათ ვერასოდეს ნახავთ ტელეეკრანზე…
– ვლას ვაწაძე რატომ გამოაგდეთ, ამასაც ფორმატი ითვალისწინებდა?
გ.მ.: საერთოდ, ვლასს ახასიათებს ექსტრავაგანტური ქცევა. გადაცემის მერე მიმტკიცებდა, არ მილაპარაკიაო. მე არ ვარ დარბაზში და ვენდობი ჩემი განმკარგულებლის ნიშანს, მან კი ხელი დაადო ვლასს და წიტელი ბარათი უჩვენა. მაგრამ ვიდეოკადრი იმისა, რომ ვლასი ლაპარაკობს, არ არის, რადგან ოპერატორს გამოეპარა.
– ლაპარაკობდა თუ კარნახობდა?
გ.მ.: ხმამაღლა ლაპარაკობდა, ისე, რომ კარნახს ჰგავდა. ალბათ საახალწლო ამნისტიას გამოვაცხადებთ და დავაბრუნებთ.
– შენიშვნა ნიკა გვარამიასაც მიეცით?
გ.მ.: წამყვანს აქვს უფლება მისცეს შენიშვნა და გააძევოს დარბაზიდან ნებისმიერი, ვინც წესებს არღვევს. ესეც პროგრამის სცენარის ნაწილია…
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1175 | დაამატა: PaTSoN | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები