ხუთშაბათი, 09.05.2024, 07:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » 48-წლიანი შიმშილის შემდეგ.
20:08
48-წლიანი შიმშილის შემდეგ.

აქეთ სუასო... იქითაც სუასო

16 ივნისი. ნელსპრუიტი. "მბომბელა". 16:30
ჰონდურასი-ჩილე
სავარაუდო შემადგენლობები
ჰონდურასი (4-4-2): ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, ისაგირე - პალასიოსი, გევარა, დე ლეონი, ტურსიოსი - პავონი, სუასო.
ჩილე (3-3-1-3): ბრავო - მედელი, პონსე, ვიდალი - ბოსეჟური, მილარი, კარმონა - ფერნანდესი - სანჩესი, სუასო, გონსალესი.
არბიტრი: ე. მაილე (სეიშელის კუნძულები)

ნელსპრუიტის "მბომბელა" მუნდიალის ბოლო, H ჯგუფის ბატალიებს იწყებს - ერთმანეთის პირისპირ ორი ამერიკული გუნდი დადგება, ჰონდურასი და ჩილე. ვინაიდან ისინი სხვადასხვა კონფედერაციაში არიან გაერთიანებულნი (ჰონდურასი კონკაკაფში, ჩილე კონმებოლში), ერთმანეთს ბევრჯერ არ შეხვედრიან. აქამდე სულ ხუთი მატჩი გაიმართა და მცირე უპირატესობა ჩილეს მხარეზეა - 3 მოგება 2 მარცხის წილ, ბურთების შეფარდება - 11:10. ჩილე მუნდიალის ხშირი სტუმარია, ეს გუნდი მერვეჯერ ცდის ბედს ოლიმპიადის შემდეგ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე.

სამხრეთამერიკული ქვეყანა პირველად სადებიუტო, 1930 წლის მუნდიალზე გამოჩნდა, როცა ორი თამაში მოიგო, ერთი წააგო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. ყველაზე დიდი წარმატება ჩილეს ნაკრებს 1962 წელს სამშობლოში ელოდა, როცა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ "სახალხო გუნდმა" (ელ ეკიპო დე ტოდოს), როგორც "როხას" ჩილეში უწოდებენ, კიდევ ოთხ მუნდიალზე ითამაშა, მაგრამ ერთი მატჩიც კი ვერ მოიგო. 1998 წლის შემდეგ კი საერთოდ პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. ეს წარმატება კი მთლიანად არგენტინელი სპეციალისტის, მარსელო ბიელსას სახელს უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში ლამის სახალხო გმირია. ბიელსას გუნდმა კონმებოლის საკვალიფიკაციო ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულა (წინ მხოლოდ ბრაზილია გაუშვა). ბიელსამ შეძლო აქამდე არნახული რამ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩილეს ნაკრებმა არგენტინის გუნდი დაამარცხა - 1:0. აი, სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გახდა არგენტინელი უზომოდ პოპულარული ქვეყანაში.

ჰონდურასის ნაკრები კი მხოლოდ ერთხელ 1982 წლის მუნდიალზე გამოჩნდა, სადაც სხვათა შორის, დიდი სენსაცია მოახდინა მასპინძელ ესპანეთთან 1:1 თამაშით. ეს ზუსტად 28 წლის წინათ იყო, 16 ივნისს. ჰონდურასი ვალენსიაში 65-ე წუთამდე იგებდა, სანამ ესპანელმა ლოპეს უფარტემ პენალტით არ გაათანაბრა. საბოლოო ჯამში ჰონდურასის ნაკრები მაინც ბოლო ადგილზე დაემშვიდობა ჯგუფს, თუმცა სამ მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ჩილესი არ იყოს, ჰონდურასსაც უცხოელი მწვრთნელი ჰყავს, კოლუმბიელი სპეციალისტი რეინალდო რუედა.
ჩილეელებმა 48-წლიანი უსიამოვნო ტრადიციის დამხობას ნელსპრუიტში გამარჯვებით აპირებენ. "ელ ლოკო" (ბიელსას მეტსახელია) 3-3-1-3 ტაქტიკურ სქემას ანიჭებს უპირატესობას. მისი გუნდი ფუტკარივით ეხვევა მეტოქეს და მას არ აძლევს საშუალებას ბურთი გააკონტროლოს. ბიელსა ერთობ მოწადინებულია, მისმა გაწვრთნილმა არგენტინამ ხომ 2002 წელს ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. "ელ ლოკო" საათობით სწავლობს საკუთარი და მეტოქე გუნდის შესაძლებლობებს ვიდეოჩანაწერებზე. მისი გუნდის კაპიტანი მეკარე კლაუდიო ბრავოა, რომელიც პრიმერა დივიზიონში აღზევებული "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავს.

"მე არ მოვუპოვე ჩილეს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, ეს გუნდმა თავად შეძლო. მე უბრალოდ მივყვები მას მუნდიალზე", - ასეთი მოკრძალებულია ბიელსა.

ჰონდურასის ნაკრებში 14 ადგილობრივი ფეხბურთელია, რომლებიც ნახევრადპროფესიულ კლუბებში თამაშობენ. ინგლისურ პრემიერლიგაში ასპარეზობენ მაინორ ფიგეროა (უიგანი) და ვილსონ პალასიოსი (ტოტენჰემი). იტალიაში გამოდიან: ედგარ ალვარესი, ხულიო დე ლეონი და დავიდ სუასო. ეს უკანასკნელი, რომელიც ნაკრების აშკარა ლიდერია, ჯერჯერობით ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და მისი თამაში ჩილესთან საეჭვოა.

"ჩილე ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს და მას თუ ჭკვიანური ფეხბურთი არ დაუპირისპირე, არაფერი გამოვა", - ამბობს რუედა. 30 წლის სუასო, რომელიც "ინტერის" საკუთრებაა, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს: "გული მკარნახობს, რომ მოვერევი ტრავმას და მუნდიალზე ყველა შეხვედრას ვითამაშებ", - ირწმუნება სუასო.

ვის დავარკვირდეთ? რეკომენდაციას გავუწევთ ჩილეს ნაკრების 24 წლის პლეიმეიქერ მატიას ფერნანდესს, უზომოდ ტექნიკურ ფეხბურთელს, რომლის თამაშზეც დიდად არის დამოკიდებული "როხას" წარმატება. ლისაბონის "სპორტინგის" ვარსკვლავს ჰონდურასი ერთხელ ჰყავს დამარცხებული, ახალგაზრდულ მუნდიალზე ჩილეს ნაკრებმა ფერნანდესის წყალობით 7:0 მოუგო ჰონდურასს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1050 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები