პარასკევი, 03.05.2024, 21:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » „თანამედროვე ქართული მინიატურა“.
14:52
„თანამედროვე ქართული მინიატურა“.

„თანამედროვე ქართული მინიატურა
მზეო ხუციშვილი
მხოლოდ ორი დღით, 12 და 13 იანვარს, პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის საექსპოზიციო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფენა წარმოადგინა, სახელწოდებით „თანამედროვე ქართული მინიატურა". გამოფენა ორი მიზეზით იყო საინტერესო: პირველი, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შუა საუკუნეების ქართული მინიატურების საუკეთესო ნიმუშები და თანამედროვე ავტორთა შემოქმედება, და მეორე - აქ ექსპონირებული იყო ირაკლი ფარჯიანის მიერ დაწერილი და დასურათებული იოანესა და მარკოზის სახარებები, რომელთაგან პირველი პირველად გამოიფინა, მეორე კი მხოლოდ ვატიკანში იყო ექსპონირებული. გამოფენა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა, თუმცა მხოლოდ ამ თემატიკის ნამუშევრებით არ შემოიფარგლებოდა.

როგორც ცნობილია, მინიატურა, როგორც ქართული ხელნაწერი წიგნის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერ წიგნთან ერთად ვითარდებოდა. მინიატურებით ამკობდნენ როგორც სასულიერო (სახარება, ფსალმუნი), აგრეთვე საერო ხელნაწერებს. საექსპოზიციო მაგიდებსა და სტენდებზე გამოფენილი 36 ნიმუში მხატვრებისა და თანამედროვე კალიგრაფების მიერ არის შესრულებული. გამოფენაში სულ 15 ავტორი მონაწილეობდა.
გამოფენის ორგანიზატორების მიერ შერჩეული ექსპონატებიდან დამთვალიერებლის განსაკუთრებული ინტერესი შუა საუკუნეების მინიატურებმა გამოიწვია. გამორჩეულად საინტერესოა ვანისა და ჯრუჭის ოთხთავებიდან ამოღებული „შობა", „ნათლისღება", „საიდუმლო სერობა", „ხუთი ათასის დაპურება" და სხვა. აგრეთვე მინიატურები გელათის სახარებიდან: „ამაღლება", „სულთმოფენობა", „წყალზე სიარული", „ეგვიპტეში გაქცევა" და „მენელსაცხებელი დედები". ფერადოვანია ასევე შაჰნამეს XVII საუკუნის მოხატულობა.

თანამედროვე ავტორებიდან გამორჩეული იყო ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) მიერ დასურათებული სახარებები. მისი გამორჩეული ხელწერა და ფერთა გამა მინიატურებშიც კარგად ჩანს.
ექსპონირებული ნამუშევრებიდან უმრავლესობა გოჩა კაპანაძეს შემოქმედებას ეკუთვნოდა, რომელთა შორის იყო: „მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა", „შობა", „მწყემსთა თაყვანისცემა" და „მოგვები ბეთლემისაკენ". ავტორი იყენებს ქაღალდს, ფურცლოვან ოქროსა და პიგმენტს. გოჩა კაპანაძემ 1991 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, იგი, ძირითადად, მინიატურების მიმართულებით მუშაობს. პერსონალური გამოფენები ჰქონდა გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. ასეთივე შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს მამუკა შენგელიას, რომელიც ხელნაწერ წიგნებზე გოჩა კაპანაძესთან ერთად მუშაობს.
საერო მინიატურები შემოგვთავაზა დავით გაგოშიძემ, რომლის მიერ გამოფენაზე გამოტანილი ხუთი ნამუშევარი - „მუსიკოსები", „ლომი და მეომრები", „ომი", „საცოლე" და „ალყა" – 2011 წლის აპრილში ირანში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე გამოიფინება. მხატვარი დავით გაგოშიძე 1960 წელს დაიბადა. ჯერ დაამთავრა გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი, 1982-1984 წლებში - გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი (შუა საუკუნეების მხატვრობის განყოფილება), 1985-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (ფერწერის რესტავრაცია). საქართველოს გარდა, პერსონალური გამოფენები ჰქონდა საფრანგეთსა და გერმანიაში, მონაწილეობდა 20-მდე ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა და უცხოეთში. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო მინიატურები: გუგა თევდორაძის - „მებადური", რომლის ნამუშევრებიც ინგლისში, რუსეთში, ინდოეთში, ამერიკაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში ინახება. დავით პოპიაშვილი საკუთარ მინიატურებში „გზა გოლგოთისკენ" და „ჯვარცმა" იყენებს ქაღალდს, კვერცხის ტემპერას, პიგმენტსა და ფურცლოვან ოქროს, ირაკლი ცინცაძის „შობა" კი იმით არის განსაკუთრებული, რომ პაპირუსზეა შესრულებული, აქვე იყო ოთარ მეგრელიძის, გიორგი ტაბლიაშვილის, გიორგი გიგატიშვილის, მაია პატარიძის, ლევან დავითიანის, ლევან მარგიანისა და სხვა მხატვრების მინიატურები. 

„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უამრავი ხელნაწერი წიგნია დაცული, რომლებიც მინიატურებით უხვად არის ილუსტრირებული. ამ გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს თანამედროვე მინიატურა, საზოგადოებას გააცნოს, თუ ვინ და როგორ მუშაობს ამ მიმართულებით... შუა საუკუნეების ხელნაწერებიდან ამოღებული მინიატურების გარდა, გამოფენაზე თანამედროვე ავტორების მიერ შესრულებული საერო ტიპის მინიატურებიც არის გამოფენილი. ჩვენი ცენტრის მიზანია, მსგავსი ტიპის ღონისძიებით ხელი შეუწყოს თანამედროვე მინიატურისტების ნამუშევრების პოპულარიზაციას, მათ შორის შემოქმედებითი კავშირების დამყარებას და ჩვენთან დაცული მდიდარი კოლექციის ტრადიციების ახალი მიმართულებით განვითარებას", - ამბობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი შორენა მურუსიძე. მანვე განაცხადა, რომ გამოცხადდა ქართული კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც პირველად 2010 წლის დასაწყისში ჩატარდა და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს მიეცათ. ამჯერად კი შესარჩევ ტურში, რომელიც 10 თებერვლამდე გაგრძელდება, სტუდენტებიც ჩაერთვებიან და ზრდასრულებიც... ასეთი გადაწყვეტილების მიღება კონკურსით უფროსი თაობის წარმომადგენლების დაინტერესებამ გამოიწვია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1465 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები