შაბათი, 04.05.2024, 15:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » საბედისწერო თოფი და თავზე გადამსხვრეული ჭაღი.
20:54
საბედისწერო თოფი და თავზე გადამსხვრეული ჭაღი.
 - საბედისწერო თოფი და თავზე გადამსხვრეული ჭაღი


თანამედროვეობის უდიდესი კალმოსანი, ერნესტ ჰემინგუეი ცხოვრებაში ერთდროულად იყო ამაყი და დიდად თავმდაბალიც, შფოთის და სიმშვიდის მოყვარულიც, ერთგული და თავაშვებულად მოღალატეც, რომანტიკოსიც და პრაგმატიკოსიც, ყინულივით ცივიც და გალღობამდე თბილიც...

წერის მისეულმა, გამოკვეთილმა, ყველასთვის გასაგებმა, სადა სტილმა და, ამავდროულად, სიღრმეებში წვდომის უნარმა, ბობოქარმა ცხოვრებამ და მარად შეყვარებულის როლში ყოფნამ ჰემინგუეის სიცოცხლეშივე გაუთქვა სახელი და კაცობრიობის უდიდესი ნაწილის საყვარელ მწერლად აქცია.

მის ბიოგრაფიულ დეტალებს, რეგალიებს და ნაწარმოებებს ამ სტატიაში მხოლოდ ქვემოთ და გაკვრით შევეხებით. ალბათ, უფრო საინტერესო მისი ცხოვრების ისეთი ეპიზოდების გახსენება იქნება, რომელთა ცოდნა უფრო შეავსებს ჩვენს წარმოდგენაში არსებულ ერნესტ ჰემინგუეის პორტრეტს.

მექსიკის ერთ-ერთ პროვინციაში, ტურისტების მარშრუტში შეტანილია ერთი რესტორანი, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში ერნესტ ჰემინგუეი დათვრა, დებოში ატეხა და რესტორნის ჭაღი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თავზე გადაიმტვრია. ამ ჭაღს რესტორნის მეპატრონეები დიდი რუდუნებით ინახავენ და მათთვის იგი შემოსავლის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს. ამ ჩხუბის შემდეგ ჰემინგუეი ადგილობრივ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც კარგა ხანს მკურნალობდა.

მწერლის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი - ვიქტორ ჰილი ჰემინგუეის ყველგან დაჰყვებოდა და ავტოგრაფს სთხოვდა. ისე მოხდა, რომ მწერალმა პირველად უარი უთხრა, მერე კი თავისაზე დადგა, ჰილს სახეზე სცნობდა და ავტოგრაფს შეგნებულად არ აძლევდა. ჰილი ჰემინგუეის თვალთვალს განაგრძნობდა და ბოლოს და ბოლოს, მწერალი დანებდა: მან ჰილს კალამი და ფურცელი გამოართვა და თვალებგაბრწყინებულ ამერიკელს სახსოვრად ვრცელი ფრაზა დაუტოვა:

„ვიქტორ ჰილს, ნამდვილ ნაბიჭვარს, რომელსაც სიტყვა „არა" არ ესმის. ერნესტ ჰემინგუეისგან."

მწერლის ხასიათის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მამამ ითამაშა. მამამისი, ედმონტ ჰემინგუეი ექიმი იყო და უნდოდა, მისი შვილიც მის კვალს გაჰყოლოდა. ედმონტი ბუნების მოტრფიალეც გახლდათ და სწორედ მან ასწავლა პატარა ერნესტს ბუნების სიყვარული. 3 წლისა მამას ის უკვე სათევზაოდ დაჰყავდა, ხოლო 8 წლის ჰემინგუეიმ ზეპირად იცოდა ყველა ხის, მცენარის, ყვავილის, თევზის და ცხოველის სახელი და ერთნაირ სახეობებს ერთურთისგანაც კარგად არჩევდა. 

ერნის დედას, გრეის ჰოლს, რომელმაც სიცოცხლე შვილების აღზრდას მიუძღვნა, შვილისთვის სულ სხვა მომავალი ჰქონდა წარმოდგენილი - იგი ერნესტს აიძულებდა, საეკლესიო გუნდში ემღერა და ვიოლანჩელზე დაეკრა. მოგვიანებით ერნესტი იტყვის, რომ დედას მისი მუსიკალური ნიჭის ეიმედებოდა, მაგრამ მას არანაირი ტალანტი არ გააჩნდა.

1911 წელს, როცა ჰემინგუეის 12 წელი შეუსრულდა, ბაბუამ მას ოცკალიბრიანი თოფი აჩუქა, მამამ კი ნადირობის საიდუმლოებებს აზიარა. ამის შემდეგ ერნისთვის ნადირობა მთავარ გასართობად და აზარტის წყაროდ იქცა, რაც შემდეგ მის ნაწარმოებებშიც აისახა. მამა-შვილის აღსასრული გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს: დეპრესიაში მყოფმა ერნესტის მამამ 1928 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამისთვის საკუთარი იარაღი გამოიყენა. წლების შემდეგ, ასევე დეპრესიაში მყოფმა დიდმა მწერალმა იმავე სანადირო თოფით მოისწრაფა სიცოცხლე, რომლითაც მამამისმა უკანასკნელად გაისროლა. მამის სიცოცხლე და მისი ტრაგიკული სიკვდილი ერნესტ ჰემინგუეის ყოველთვის აღელვებდა. ერთ-ერთ ნაწარმოებში, „ინდიელთა სოფელი" მას მოყვანილი აქვს დიალოგი მამა-შვილს შორის, სადაც პატარა ნიკი, სავარაუდოდ, პროტოტიპად ჰყავს გამოყვანილი:

"-რატომ მოიკლა თავი კაცმა, მამიკო?
-არ ვიცი, ნიკ. ალბათ ვერ გაუძლო იმ ამბებს.
-ხშირად იკლავენ თავს კაცები, მამიკო?
-არა, ნიკ.
-ქალები?
-თითქმის არასოდეს.
-არასოდეს?
-ზოგჯერ კი.
-მამიკო!
-რა?
-ძნელია სიკვდილი, მამიკო?
-მე მგონი, ძალიან ადვილია. გააჩნია, როგორ მოკვდები...
...ალიონზე ნავში მამის გვერდით მჯდარი ნიკი დარწმუნებული იყო, არასოდეს მოვკვდებიო." 

საერთოდ, არსებობს ვერსია ჰემინგუეის საგვარეულო წყევლის არსებობის შესახებ, რომლის მსხვერპლი გვარის თითქმის ყველა მამაკაცი ხდებოდა. სიკვდილისწინა პერიოდის მათი სიმპტომები თითქმის ერთნაირია - დეპრესია, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება. რამდენიმე წლის წინ თავი ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილმაც მოიწამლა. 

,,ცხოვრებას აზრი არ აქვს, მაინც ვერ მოუგებ" - ეს იყო ჰემინგუეის ბოლო სიტყვები.

ამ უდიდესი მწერლის თვითმკვლელობის შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული უილიამ ფოლკნერს: ,,როცა მწერალი საკუთარ თავს ამოწურავს და დრო ექნება უკან მოიხედოს, შეეცდება შეაფასოს თავისი შემოქმედება. ჰემინგუეიმ იპოვა მეთოდი, რომლის გამოყენებაც შეძლო, მიაღწია გარკვეულ წერტილს, რამაც ათქმევინა - ,,მე ვერ შევძლებ, ვერავინ შეძლებს და არაფერია ისეთი, რისთვისაც ღირდეს სიცოცხლე", ამიტომ მასში მჯდომმა ეშმაკმა მოახერხა მისი შეცდენა, მეტის გაკეთება აღარ უცდია. შექსპირმა ამას ,,ქარიშხალში" მიაღწია და თქვა: ,,არც მე ვიცი პასუხიო", კალამი გატეხა, მაგრამ თავი არ მოუკლავს. ჰემინგუეიმ კალამი გატეხა და ტყვიაც დაიხალა".

და მაინც, თვითმკვლელობის მიუხედავად, ჰემინგუეი სიცოცხლის დიდი მოტრფიალე და მეხოტბე იყო: კარგი ჟურნალისტი, უბადლო მსროლელი, იშვიათი მონადირე, მოგზაური, მეთევზე და სანაოსნო საქმის დიდოსტატი. ადამიანი, რომელიც ყველა ომში პირველი გარბოდა, რომელსაც მგზნებარედ და ყოველთვის უყვარდა ვინმე მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელმაც ოთხჯერ იქორწინა. ექვსი ფუტის სიმაღლის გულჩვილი გოლიათი, რომელმაც პულიტცერისა და ნობელის პრემიები მიიღო, მათ შორის ეს უკანასკნელი მოთხრობისთვის „მოხუცი და ზღვა". 

არსებობს მოსაზრება, რომ ჰემინგუეის ნაწარმოებები საყმაწვილო ლიტერატურაა, თუმცა, მისი თაყვანისმცემლები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და ამბობენ, რომ ერნესტ მილერ ჰემინგუეის რომანები და მოთხრობები ნებისმიერ ასაკში ერთნაირი აღტაცებით იკითხება, მათთვის კი, ვისაც ჰემინგუეის არ ესმის ან არ მოსწონს, მისივე ფრაზა აქვთ შემონახული:

,,მე მუდამ ვცდილობ აისბერგულად ვწერო. აისბერგის შვიდი მერვედი წყლითაა დაფარული, მხოლოდ მერვედი ნაწილი ჩანს. რაც იცი, შეგიძლია ყველაფერი გამოტოვო. ამით შენი აისბერგი მეტ ძალას მოგცემს. უბრალოდ ის ნაწილი წყალშია დაფარული და ეგ არის. მაგრამ თუ მწერალმა არ იცის და ისე გამოტოვებს რაიმეს, მარცხი არ ასცდება"



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1098 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები