კვირა, 05.05.2024, 21:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ქართული შოუბიზნესის უნიჭო „ვარსკვლავები“.
15:42
ქართული შოუბიზნესის უნიჭო „ვარსკვლავები“.

ეპატაჟი და პროვოკაცია, როგორც ამბობენ, ხელოვნებაში ხშირად არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. ის ადამიანების ესთეტიკურ აღქმას ხვეწს და მათში ახალი მიმართულებების თუ შემოქმედების აღმოჩენის და ძიების ინსტიქტებს იწვევს. 
ამიტომაცაა გავრცელებული მოსაზრება, რომ კულტურაში კონფლიქტების არ უნდა ეშინოდეთ. დედამიწაზე, იქ, სადაც უამრავი ნიჭიერი კარიკატურისტი ქმნის ნამუშევრებს, მსოფლიო საზოგადოება ალბათ ვერასოდეს გაიგებდა შვედი მხატვრის, ლარს ვილკსის არსებობას, მუჰამედის კარიკატურები რომ არ დაეხატა. თუმცა, ამ შარჟების ავტორმა "მცირედ" გადაჭაარბა და პროვოკაციამ ლამის რევოლუციები და რელიგიათაშორისი ომები გამოიწვია.

ქართულ ხელოვნებაში პროვოკაციების თემა პერიოდულობით აქტუალურდება, თუმცა, როგორც სხვა ყველა მიმართულებით, ის აქაც გაცილებით მცირე მასშტაბებში და სპეციფიკური, ხშირად მახინჯი ფორმებითაც გვევლინება. თანაც საქართველოში პოპულარობის მოხვეჭა ბევრად მარტივია. საკმარისია შენი მომავალი „შედევრისათვის" აიღო რამდენიმე კომპონენტი - „ეროვნული ფასეულობა", მღვდელი, ხატი, ქართველების საყვარელი რომელიმე საკულტო სიმღერა, ანდაც საგნები - ჩიხტიკოპი, ჩოხა, ჩახოხბილი, ყანწი - ეს ნიუანსები ჩასვა გაშარჟებულ კონტექსტში (ამის გაკეთებას დიდი ფანტაზიის და ინტერპრეტირების ტალანტის ქონა სულ არ სჭირდება), მტკივნეულ ადგილას დააბიჯო და თავმოყვარეობა შეულახო მართლმადიდებელ მორწმუნეებს და კონსერვატორ-ნაციონალისტებს (რომელნიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ), დადებით კონტექსტში ახსენო ეკუმენიზმი თუ გეიაღლუმი, და საუკუნო დიდება და თაყვანისცემა თუ არა, ქართული ტაბლოიდების და სოციალური საიტების წამყვან თემად დარჩენა სამარადჟამოდ გარანტირებული გაქვს.

ერთი რუსული გადაცემის ცნობილი სკეტჩია: რამდენიმე მომღერალი იუმორისტი აშარჟებს პუშკინის მკვლელობის თემას, აფრიკული მოტივების და დატირების ელემენტების თანხლებით, დამსწრე პუბლიკა კი მშვენივრად ხალისობს. არსად არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ამ იდეის ავტორები და შემსრულებლები სადმე ჩაქოლეს ან პირიქით, „კულტურული რევოლუციის მამებად" აღიარეს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ანალოგიური შარჟის შექმნა, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებაზე ჩვენთან რომ მოუვიდეს ვინმეს აზრად, რა ბატალიები მოჰყვება, რამდენი ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებშელახული ან მათი ოპონენტი „პროგრესის მებაირახტრე" გამოვა „ბრძოლის ველზე", რამდენი „კრეატიული თავი" გაგორდება და პირიქით, მეორე პოლუსზე, საზოგადოებისაგან დევნილის და დიდების რაგვარი შარავანდედით შეიმოსება „წამებული". მიუხედავად იმისა, რომ „ოკუპანტებთან მებრძოლნი" მაინც ყველაფერში ამავე ოკუპანტებს ბაძავენ, ფაქტია, იგივე მდარე გემოვნების რუსული საზოგადოებაც კი ქართველებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 
საქართველოში, პრიმიტიული ხერხების გამოყენებით რომ ფრიად იოლია პოპულარობის მოპოვება და ნიჭიერის და ორიგინალურის იარლიყის „დათრევაც", საამისო მაგალითების ვარსკვლავთცვენა გვაქვს. მცირე ხნის წინ, ქართულ მუსიკალურ სამყაროში ჯგუფი „დერვიშები" გამოჩნდნენ. ჩვენი დროის „პანკები" ქართული მუსიკალური აზროვნების მწვერვალად შერაცხული „სულიკოს" გაშარჟებით შემოიჭრნენ „არენაზე" და კონსერვატიულად მოაზროვნე საზოგადოების რისხვაც დაიმსახურეს. უფრო სწორად, თავად ასე ვარაუდობდნენ ჩანაფიქრში. თუმცა, მოკლე ხანში სულ სხვა შედეგი წარმოჩინდა.

„დერვიშების" „ანდერგრაუნდ სულიკო" სულ მალე ბაზრობების და „მარშუტკის" მძღოლების საყვარელ ჰიტად იქცა და „პაჩკა პაჩკა დოლარები ცვიოდას" გვერდით ღირსეული ადგილიც დაიკავა. თუმცა, როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, ეს ანომალია კი არა, ამ ჯგუფისათვის სრულიად ლოგიკური რეზულტატი იყო. 
აქსიომაა: მსგავსი პროვოკაციული წიაღსვლების მუსიკაში შემომტანნი, საზოგადოების და მისი ფასეულობების წინააღმდეგ ამხედრებული ხელოვანები, სულ მცირე, ხელისუფლებასთან მაინც არ უნდა თანამშრომლობდნენ. აქ კი მთელმა საქართველომ იხილა ჩვენი დროის ფსევდოამბოხებულები, რომელთა გარეკლამება სრულიად ლოკალური ინტერნეტის და მედიასაშუალებების მასშტაბით საკმაოდ აგრესიულად მიდიოდა, ორიოდე თვეში ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე როგორ „არაპანკურად" გამოჩნდნენ ნინო ჩხეიძის გვერდით.

ქართული ესტრადის ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, ჩვენ ფონოგრამის გარეშე უნდა ვიმღეროთო, ისე დაიჟინეს, როგორც ენრიკე იგლესიასმა პოლონეთში ერთ-ერთი გასტროლისას აიჩემა ცოცხალი შესრულება, და თუ ენრიკეს კონცერტის შემდეგ დამცინავ რეპორტიორებს მამამისი ხულიო მარტოდმარტო უგერიებდა, ქართველ „ალტერნატივშჩიკებს" დამცველებად თვით „ოლიმპოს მთიდან" გამოუჩნდნენ გულშემატკივრები. 
მოკლედ, პარადოქსების ქვეყანაა საქართველო. ზოგადად კი, უგემოვნო მუსიკის მიმდევრების მრავალრიცხოვნობა მთელი პლანეტის პრობლემაა. მაგალითად, ბრიტნი სპირსის ბოლო კლიპი მსოფლიო მუსიკალურ რეიტინგებს სათავეში როკორდულად მოკლე დროში მოექცა, მაგრამ საქართველოსთანა ქვეყნები ამ ფონზეც მაინც საინტერესოდ გამოიყურება.

„დერვიშები" იქეთ იყოს და ახლა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა დანარჩენებზეც ვთქვათ: როცა თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ნინა წკრიალაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს: რამდენად შეძლებთ თავი გაართვათ დაკავებულ თანამდებობასო? ცნობილმა ქართველმა „დივამ" წრფელი და რიხიანი პასუხი გასცა „ჩასაფრებულებს": ვისზე ნაკლები ვარ, დებილი ხომ არ გგონივართ, ვერ გავართვაო. მართლაცდა, ვისზე ნაკლებია ნინა, ბარე ორ მინისტრს მაინც აჯობებს ფხიანობაში და განათლებაშიც კი. რაც მთავარია, ღირსების ორდენის კავალრობა ხომ გაინაღდა. 
ჩინოვნიკი წკრიალაშვილი, ბაქო-თბილისის რეისის და „დუბლიონკების" ფანი გომართელი, 90-იანი წლებიდან გადმოსული, თბილისელი „ნინიკოების" გულთამპყრობელი, „კაცი ლიმუზინიდან" - სურამელაშვილი, ზვერევის ქართული კლონი ნეფარიძე, „მარშუტკების დედოფალი" ნინო ჩხეიძე და მისთანები, რაც არიან ვიცით, მაგრამ სხვა სახის უგემოვნო მუსიკასაც გემოვნებიანად რომ გვასაღებენ, ეგ კი ნამდვილად დიდი პრობლემაა.

საკმარისია, მავანმა უიღბლომ ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში წაიმღეროს, მერე ინტერნეტში მეგობრებმა მისი „შემოქმედება" გაურეკლამონ, შემდეგ „მელომანი" ალანა გაგლოევას პატრონაჟით ჩატარებულ ორ-სამ კაციან კონცერტზე გამოჩნდეს და „ალტერნატიული მუსიკის მამის" საპატიო ტიტული და დაფნის გვირგვინიც გარანტირებული აქვს. საბოლოოდ კი ვიღებთ „დერვიშების" დონის „ლაივს" კონცერტებზე და ბაზრობების მორიგი ჰიტების გამრავალფეროვნებას. 
მოხერხებული ერი ვართო, უთქვამთ. მთლად საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ეს ვარაუდი. აგერ, ქართველმა მუსიკოსებმა თავის დამკვიდრების კიდევ ერთ ნოვაციას რა მარტივად მიაგნეს - კერძოდ კი, მოდერნიზებულად შეფუთულ ფოლკლორს, უფრო სწორად, მის უნიჭო პლაგიატს. რა უნდა ქნა, როცა ვარსკვლავობაზე გაქვს პრეტენზია, მომღერლობა შენი ბავშვობის აუხდენელი ოცნებაა და ამ დროს არც ტექსტის წერა შეგიძლია და არც მუსიკის?

ასეთ შემთხვევაში, ქართული სცენის დაპყრობის სტრატეგიების ავტორნი შემდეგ იდეალურ გამოსავალს გთავაზობენ, მყარი გარანტიით: აიღებ რომელიმე ცნობილ ხალხურ სიმღერას, ცოტას მიაკეთ-მოაკეთებ, მისცემ თანამედროვე ჟღერადობას, დაიკავებ ქართულ და უცხოურ საკრავებს (ეს უკანასკნელი რაც შეიძლება ორიგინალური უნდა იყოს. უმჯობესია, უცნაური მოყვანილობის გოგრა, ან გადაჭარბებულად დიდი ზომის დასარტყამი ინსტრუმენტი, რამე იმგვარი, გინესის წიგნში შესვლის მსურველები რომ იყენებენ-ხოლმე, ანდაც ახალი ზელანდიის აბორიგენები კაპიტან კუკის ჩანახატებში), ჩაიცვამ თანამედროვე ტანსაცმელს, სასურველია მემარცხენე სიმბოლიკით გაფორმებული მაისურები და ქართული ორნამენტებით შემკული ქუდების „მიქსი" და მორჩა, ქალაქის „სვეტი" საზოგადოება შენს ფერხთაა.

„გემოვნებიანი მუსიკის" ფანებსაც აღარ ეთაკილებათ საჯაროდ შენი მოსმენა და ქართული ინტერნეტ-ფანკლუბების უცვლელი ლიდერიც ხდები. 

სადღაც დაიწერა: ახლა ვხვდებით, თუ რატომ ვერ ვითარდება საქართველოში როკიო. საქართველოში ვერც როკი ვითარდება, ვერც პოპი, ვერც ფოლკი და ვერც საზოგადოება.
რა თქმა უნდა, მიზეზები, უპირველესად, სიღრმეებშია საძიებელი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი მაინც რკინის ოქროდ გასაღების პრობლემაა. ექვემდებარები კონიუნქტურას? ესე იგი ყველა შესაძლებლობა გეძლევა „ფრთების გასაშლელად", არადა, ხვდები ისეთ „დილეგში", როგორშიც ერთერთი, გამონაკლისად ნიჭიერი და გემოვნებიანი მომღერალი ნატო მეტონიძეა, რომელსაც კონცერტებზე აღარ იწვევენ. 
ქართული მუსიკა და შემსრულებლები კი დღეს საბჭოთა ეპოქის უნიჭო და კარიკატურულ ანარეკლად გვევლინებიან და, შესაბამისად, საკუთარი „შედევრებით" სცენაზეც მაშინ „გაიბრწყინებენ", „რ
ოცა მოუხმობთ პარტია".

 presa.ge

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 990 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები