20:54 როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა?. | |
![]() როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა? არსებობს ქერტლის საწინააღმდეგოდ ხალხური საშუალებები. ქერტლთან ბრძოლის ზოგიერთი მეთოდი დღესაც აქტუალურია, მაგლითად, თავის კანზე ხახვის წვენს და არაყს ისვამენ, ხოლო თმას ჭინჭრის ნახარშით იბანენ. ეს ძალიან სასარგებლოა მაშინაც კი თუ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს იყენებთ. და მაინც, აუცილებელია ტრიქოლოგის (თმის სპეციალისტის) კონსულტაცია, რადგან ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას შეუძლია. თუ ქერტლის მიზეზი კანის სერიოზული დაავადებებია (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია), მაშინ ისინი საგანგებო მკურნალობას საჭიროებენ. თუ თავის კანი ძალიან მშრალია, მაშინ დამატენიანებელი შამპუნები და ბალზამები დაგეხმარებათ. თუ ქერტლის გამომწვევი სოკოა, მაშინ ტრიქოლოგი დაავადების მიზეზს თავის კანის ცხიმოვან უჯრედებში იპოვის, ამის შემდეგ კი აბებსა და ვიტამინებს გამოგიწერთ და ასევე შეგირჩევთ შესაფერის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს. ოპტიმალურ შამპუნს სამმაგი მოქმედება უნდა ახასიათებდეს: უნდა ანადგურებდეს სოკოს, აფერხებდეს უჯრედების ზრდას და აშორებდეს ქერტლის ფანტელებს. შამპუნები განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით: მაგ. შამპუნი "ნიზორალი” შეიცავს კლიმბაზოლსა და კეტოკონოზოლს, რაც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას, მაგრამ ამ სამკურნალო ნივთიერებებს წყალი ადვილად ჩამორეცხავს, ამიტომ თმაზე შამპუნი რამდენიმე წუთი უნდა გავაჩეროთ. "ჰედ ენდ შოულდერსი" და "ფრიდერმ ცინკი" - ცინკის პირიტიონს შეიცავს, რომელიც მართალია, სოკოსსაწინააღმდეგო ეფექტურობით არ გამორჩევა, მაგრამ თმაში დიდხანს რჩება და ამით სამკურნალო კომპონენტის ხანგრძლივ ზემოქმედებას უზრუნველყოფს. "ფრიდერმ კუპრი" (შეიცავს ოქტოპიროქსს, კუპრსა და სელენიუმის დისულფიდს) უჯრედების დაჩქარებულ დაყოფას ანელებს, ამცირებს კანის მიერ ცხიმის გამოყოფას. კუპრი, გოგირდი და სალიცილის მჟავა იწვევს კანის აქერცვლას, შლის ქერტლის ფანტელებს და ხელს უშლის უჯრედების ერთმანეთთან მიწებებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ქერტლისგან სწრაფი განთავისუფლება მხოლოდ რეკლამებშია შესაძლებელი, ამიტომ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ. მკურნალობის ეფექტი მხოლოდ ერთ-ორ თვეში ვლინდება. | |
|