11:06 ტომ უეიტსი – ადამიანი, რომელმაც 60–იანები გამოტოვა. | |
![]() «ჩემი ალბომები ფრთხილად უნდა მიიღოთ. თუ გამონაყარს შენიშნავთ, სასწრაფოდ მიატოვეთ და მაშინვე მიმართეთ ექიმს…» * * * კითხვაზე "ვინ არის?" პასუხი არაერთგვაროვანია – ალკოჰოლიკი, მაწანწალა, სამაგალითო მეოჯახე, სოფლელი, ფილოსოფოსი, კონსერვატორი, მუსიკოსი, კინომსახიობი, შოუმენი... ბევრ რესპექტაბელურ ადამიანს უყვარს, თუმცა მათზე არასდროს წერს. არ სჭირდება იყოს ორიგინალური და ექსცენტრიული. ექსცენტრულობა სისხლში აქვს და ეს პრაქტიკულად ყველაფერში მჟღავნდება. იმათი რიცხვიდანაა, სამოთხეში მოხვედრას რომ არ აპირებენ. შიშობს, რომ იქ ღამის კლუბები არ იქნება და სრულიად დარწმუნებულია, რომ ნაცნობ–მეგობრებიდან იქ ვერავის ნახავს. მოსწონს თავისი სიმღერების რადიოში მოსმენა. რადგან ეს ძალიან იშვიათი სიამოვნებაა – მისი ალბომები რადიოსადგურების ფონოტეკაში ძირითადად არ ხვდება. ამიტომ ერთი–ორჯერ თუ გაუგონია ეთერში –ამბობს, საკმაოდ სახალისოდ ჟღერსო. მისთვის მიუღებელია მუსიკის კომერციული მიზნით გამოყენება – მაგალითად, რეკლამაში. სასამართლოში გაიმარჯვა კიდეც ფირმა "Frito-Lay"–სთან , რომელიც მის "Step Right Up"–ის მელოდიას იყენებდა სარეკლამო კამპანიაში. ე.წ. „ქავერ–ვერსიები" კი მოსწონს. მათ ასრულებდნენ EAGLES, ბრიუს სპრინგსტინი, როდ სტიუარტი და სხვები. "ჯონი ქეშმა იმღერა "Down There By The Train". განსაკუთრებით სასიამოვნო იყო". უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მუსიკოსმა ახალი ალბომი ჩაწეროს: კონტრაქტი გამომშვებ ფირმასთან, ფულის შოვნის სურვილი, გადაულახავი შთაგონება, მოწყენილობა, ბოლოს და ბოლოს... ტომ უეიტსი ახალი სიმღერების საწერად მაშინ ჯდება, როცა ძველი ბეზრდება. ამბობს, რომ საკონცერტო ტურები ზედმეტი ჭირია. როგორც ჩანს, გასტროლები მას შემდეგ აითვალწუნა, რაც 70–იანებში ფრენკ ზაპპის კონცერტზე გამოდიოდა და მსმენელი სტვენით აცილებდა, კინაღამ პომიდვრების ტყვიით გაუმასპინძლდნენ. მის მუსიკას ღია მოედნები და დიდი შენობები არ უყვარს. მის კონცერტზე ბრბოსთან ერთად თავდავიწყებისთვის ვერ წახვალ – ეს მარტოხელების სიმღერებია. უეიტსი ადრეც ერიდებოდა სტადიონებს, ახლა კი პატარა დარბაზებიც არ იზიდავს. სამაგიეროდ, მსმენელი მის გამოსვლას ზეციურ მანანასავით ელოდება. ყველა ბილეთი ერთადერთ ბრიტანულ კონცერტზე, რომელიც ალბომ "Real Gone"–ის გამოსვლას მიეძღვნა, 30 წუთში გაიყიდა. ლონდონში პოტენციური აუდიტორია 100 ათასი ადამიანია. და ეს იმის მიუხედავად, რომ უეიტსის ალბომების პირველი გამომშვები ფირმა "Asylum Records"–ი თავის დროს ფიქრობდა, მუსიკოსი თავის კარიერას მიზანმიმართულად ღუპავსო.
"ახლა ყველაფერი, რაც შესაძლებელია – ახსნილია. ჩვენს დროში ჰკითხავ ვინმეს რამეს, მივარდება კომპიუტერთან და 5 წამში მოგიყვება მთელ ისტორიას. ეს კარგია, მაგრამ ხანდახან მე მაინც განვაგრძობ გაკვირვებას... ახლა ცხოვრებაში სასწაულების დეფიციტია... მიყვარს ზებუნებრივი, სულელური ამბები. ასეთების მთელი ბლოკნოტი მაქვს. ნუ მომცემთ მათი მოყოლის საშუალებას, თორემ შემიძლია მარადიულად ვილაპარაკო და შეგაშინოთ კიდეც". ტომი საერთოდ ბევრ საინტერესო რამეს ლაპარაკობს, მაგრამ უნდა გაგიმართლოთ. თუკი რიგით მეათე ინტერვიუს არ წააწყდები (რომელთაც შეკვრებად არიგებს ალბომის გამოსვლის პერიოდში), არ დაუსვამ კითხვას, რომელიც სულელურად მოეჩვენება – უკეთეს მთხრობელს ვერ ნახავ. მაგალითად, გაიგონებთ ამბავს იმაზე, რატომ არ დაუკრა პიანინოზე თავის ბოლო ალბომში ("ფორტეპიანო სტუდიაში მოვათრიე, მაგრამ ერთხელაც არ მივკარებივართ. მასზე ჭიქებს ვალაგებდით, პალტოებს ვაწყობდით... ბოლოს სულაც მაგიდად გადაიქცა"), მიტოვებულ სკოლაში გაკეთებულ ჩანაწერზე ("ისეთ ადგილს ვეძებდი, სადაც უჩვეულო ჟღერადობა იქნებოდა "), და რომ თეატრები ორშაბათობით იმიტომ არ მუშაობენ, რომ ადრე მოედნებზე სწორედ ორშაბათობით ატარებდნენ საჯარო სიკვდილით დასჯას. თუ არ გაგიმართლათ – გაუძელით, არავინ დაგინდობთ. მხოლოდ ოდიოზური ფრაზები შეგხვდებათ, კრებულებად რომ დევს ქსელში - ადეკვატური პასუხები ადეკვატურ კითხვებზე. * * *
1949 წელს, 7 დეკემბერს სან-დიეგოში დაიბადა. მამას, სკოლაში ესპანურის მასწავლებელს, თმის შესაწრელად მექსიკაში დაჰყავდა, დასალევი იქ უფრო იაფი ჯდებოდა. უქმეებზე ბავშვები ტრასებზე ავტოსტოპით სეირნობდნენ – რაც შეიძლება შორს, მაგრამ ისე, რომ ორშაბათისთვის სკოლაში ყოფილიყვნენ. ერთხელ სანაპიროზე ნისლი ჩამოწვა, ბინდი შეეპარა ჰაერსაც. ტომი საცურაოდ წავიდა, მშობლები ნაპირზე ელოდნენ, და უცებ, წყლიდან მეკობრეთა უზარმაზარი ხომალდი გამოჩნდა, მკვდარი მეზღვაურებით, ღრიალა გიჟებით, ცალთვალა კაპიტნით, კიჩოს რომ შეხებოდი, ხელის გაწვდენაღა იყო საჭირო. "აჰა, როგორ არა, გვჯერა", - თქვეს მშობლებმა და ტომი სავახშმოდ წაიყვანეს... პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, უეიტსი თვლის, რომ როკ–მუსიკოსებს შორის კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანები არ არიან. ყველას აქვს ანამნეზში რაღაც სულიერი ტრავმა - ახლო ნათესავის გარდაცვალება, მშობლების გაყრა, ან კიდევ სხვა რამე, რაც უბიძგებს ადამიანს იმ გზისკენ, რომელიც რეი ჩარლზის ჩანაწერებით მომღერალი მუსიკალური ავტომატის წინ ქედის მოხრით მთავრდება. უეიტსის დასკვნები და განზოგადებები ყოველთვის ღრმა და სასტიკად ირონიულია. მისი მშობლებიც გაიყარნენ. "ეძებ მამას, რომელმაც ოჯახი მაშინ მიატოვა, 9 წლის რომ იყავი. ერთადერთი, რაც მასზე იცი, ისაა, რომ მემანქანედ მუშაობს. მერე ერთხელ ცნობილი ადამიანი ხდები, მოხვდები "Life"–ის გარეკანზე - და ესაა კომპენსაცია". მაგრამ წარმატებას თითქმის არასდროს მოაქვს თავისუფლება. "ყველა ხმისჩამწერი კომპანია ბანკს ჰგავს. ცოტას გასამრჯელოდ გაძლევენ და მერე მთელი დარჩენილი სიცოცხლე მათი ხარ. შენი ნამუშევბრებიც კი არ გეკუთვნის. უმრავლესობა მხოლოდ მცირედს ფლობს თავისი ნაღვაწიდან – ისეთი აღტკინებით იწევენ ჩასაწერად, რომ ნებისმიერ კონტრაქტს აწერენ თავის სახელს. მეც ვიყავი ასეთი. უამრავი თოკით დავაბი თავი – ჯერ კიდევ ბავშვობაში". 1965 წელს, სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, ამავე დროს უკრავდა R&B/Soul ჯგუფში, რომელსაც ერქვა "The System”. დაიწყო მუშაობა "Napoleone Pizza House”-ში.
სადებიუტო ალბომიდან დაწყებული ("Closing Time") ე.წ. „ერთსართულიანი ამერიკის" მცხოვრებთა პორტრეტებს წერს - ქვეყნის სახე, რომელიც მიმართულია შიგნით, არაა განკუთვნილი ტურისტებისთვის და ნაკლებად ირეკლება ახალ ამბებში. სამყარო, რომელიც სასიკვდილო მარტოობითაა სნეული. ჯერ ფოლკნერისა და უორენის პერსონაჟები, შემდეგ კერუაკისა და კიზის. ქალაქელი უიღბლოების პანოპტიკუმი, „ნაპოლეონ პიცა ჰაუსის" (სწრაფი კვების ობიექტი, აქ 4 წელი იმუშავა. ამბობს, არასდროს ისე ბედნიერი აღარ ვყოფილვარ, როგორიც მაშინ, როცა იქ თეფშებს ვრეცხავდიო) – კლიენტთა ასლები. მათ შორის თავად ტომ უეიტსი – ძველი ბლიუზმენი 20–ზე ცოტა მეტი წლის. გეჩვენება, რომ ახალგაზრდა არასდროს ყოფილა. მისი ლირიკული გმირი– ასლია სარკიდან, ილუზია, როგორც ყოველგვარი ანარეკლი. 70-იანებში, როცა ჰარდ–როკი პანკ–როკმა შეცვალა, უეიტსისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სიმღერებს ისე თხზავდა, თითქოს როკ–ნ–როლს არც არასდროს უარსებია. ბავშვობაში მისი კერპი ბობ დილანი იყო, ხოლო ჰიპები, ვუდსტოკი და სხვა peace & lovе–ები მას ნაკლებად აინტერესებდა, ამიტომ მის სულში არანაირი კვალი არ დაუტოვებია. წერდა თავის ჯაზ–ბლუზებს და მისი კარიერაც თანდათან დაადგა აღმაგზას. გასაგები გახდა, რომ ეს გზა სწრაფი არ იქნებოდა, მაგრამ გარკვეულ საკულტო პოპულარობას კი აუცილებლად მოუტანდა. ალბომები 1973 წლიდან "Heartattack And Vine"–მდე (1980) საკმაოდ ერთგვაროვანია. საკმარისია, ერთს მოუსმინო და წარმოდგენა ყველა დანარჩენზე შეგექმნება. თამბაქოს სურნელით გაჟღენთილი ნაღვლიანი ბალადები, რომლებიც სიმარტივისა და უბრალოების მიუხედავად, მაინც არ ჟღერს ბანალურად. რბილი და დავარცხნილი მუსიკა, რომლის თავდაპირველი მინიმალიზმი სიმებიანი საკრავების დრაპირებითაა შებურული.
”... უცებ მიატოვებს სმას, ნევროზულად იტანჯება პოეტური სახეების სიჭარბით, ძველი ამერიკული კადილაკით დაიარება, რომელიც გიჟური რაოდენობის ბენზინს წვავს. კვლავაც ვერ იტანს გასტროლებს. LA–დან ნიუ–იორკში, ნიუ–იორკიდან სადმე შორს, ფერმისკენ – უკვე სამი შვილის თანხლებით. იქ საბძელს ისევ წითლად ღებავენ, ბოსტანში ბადრიჯანი და სიმინიდი იზრდება ახლო ბოლო ჟამისთვის; აივანზე, მიტოვებული სახლების მეზობლად, ფეხებით წიწილას კიდებენ, თვალი რომ არავის ეცეს, გზაზე კი ვიღაც უზარმაზარ კაცი დგას და მოთქვამს ისე საცოდავად,რომ გული შეგეკუმშება: ბავშვები თამაშობენ, იმედგაცრუებული და დაქანცული უეიტსი საუნდტრეკზე სამუშაოდ ფრენსის ფორდ კოპოლას მიწვევას იღებს ფილმისთვის „მთელი გულით". კოპოლა იმდენად გაიმსჭვალა უეიტსისა და ბეტ მიდლერის დუეტით "I Never Talk To Strangers", რომ მუსიკოსის გაცნობა მოინდომა. დამეგობრდნენ. ასე დაიწყო ტომ უეიტსის კინოკარიერა. ხშირად იღებენ, ძირითადად ეპიზოდურ როლებში, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდები ხასიათდება მეხსიერებაში ხანგრძლივად დარჩენის თვისებით. ბოლო ნამუშევარი ”დოქტორ პარნასუსის წარმოდგენარიუმში” შესრულებული ეშმაკის როლია. მაშინ კი ჯონ ლურისთან და რობერტო ბენინისთან ერთად ჯარმუშის ფილმში („კანონგარეშე", „ყავა და სიგარეტი") თამაშობს, 87 წელს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად – ”ნარშავში”, ფრენკ კოპოლასთან „დრაკულაში", უილიამ ბეროუზთან ერთად წერს (ალბომი ”The Black Rider” – 1993), რომელზეც რობერტ უილსონი სპექტაკლს დგამს, იღებს "გრემის" საუკეთესო ალტერნატიული როკ–ალბომისთვის, აქვეა თეატრალური დებიუტი ("Frank's wild years"), ექსპერიმენტული კინოკონცერტი "Big Time", მუსიკა სპექტაკლებისთვის "Alice" და "Blood Money", "გრემი" საუკეთესო თანამედროვე ფოლკ–ალბომისთვის და "Mule Variations"–ის მილიონი გაყიდული ეგზემპლარი. ერთი ხელის მოსმით გადაიხაზა შემოქმედების პირველი ათწლეული და სამაგიეროდ აღიმართა კიბე – ზეცისკენ.
მოგვიანებით ის იტყვის: ეცადო, ერთდროულად კარიერას და ოჯახს მიხედო – იგივეა, ყოველდღე ორი ისეთი ძაღლი ასეირნო, ერთმანეთი რომ სძულთო. მაგრამ კეტლინზე მხოლოდ აღმატებით ხარისხში საუბრობს. 1983 წლიდან ცოლი მისი შეუცვლელი თანაავტორია. სწორედ მან დაარწმუნა ტომი, რომ ნამდვილად სხვა მუსიკა უნდა შექმნას. მანაც ბგერასთან ექსპერიმენტები დაიწყო, თითქმის სრულიად უარი თქვა ფორტეპიანოზე, შეაგროვა ელექტრონული მეგაფონების უზარმაზარი კოლექცია. მისი საყვარელი მოდელია – 1944 წლისაა, ფლოტში იყენებდნენ. მაღაზიებში სხვადასხვა ლითონის საგანს ეძებდა, რომ მუსიკისთვის გამოეყენებინა, როგორც პერკუსია. ერთხელ ჩაწერის დროს ვიღაცამ რკინისფეხებიანი სკამი გაათრია იატაკზე ღრჭიალით. უეიტსი გაიტრუნა: "გამაოგნებელია. კიდევ ერთხელ გააკეთე, ოღონდ ბგერით უფრო გაამდიდრე, ფრთხილად და ბევრჯერ, ერთმანეთის მიყოლებით". მისი ახალი პრინციპი ასეთია – სიმღერა უნდა იყოს „უმი", არასრულყოფილი, მასში დაუსრულებლობის ელემენტი უნდა იყოს. დამსხვრეულ ბედს ახლა დასახიჩრებული ბგერაც ემატება. ხმასაც აღარ მოაქვს სიმშვიდე, ნაჟდაკივით გკაწრავს. დაიწყეს მისი კურტ ვაილთან შედარება.თავად უეიტსი კი ნორმალურად აღარ აღიქვამდა ადრეულ შემოქმედებას. შედეგი სავსებით მოსალოდნელი აღმოჩნდა: მოუსმინა "Asylum Records"–მა არტისტის ახალ ალბომს და მის გამოშვებაზე გადაჭრით თქვა უარი. ერთწლიანი წვალების შემდეგ, უეიტსი გათავისუფლდა თავისი მენეჯერისგან, პროდიუსერისა და რეკორდ–კომპანიისგან. ბოლოს და ბოლოს, დისკი "Swordfishtrombones" "Island Records"–ზე გამოვიდა და, ტომისვე სიტყვებით, ისე ჟღერდა, როგორც "ჭკუაზე შემცდარი ორკესტრი აღლუმზე". დისკი კარგად გაიყიდა.
ბოლო წლებში უეიტსი ბევრს ლაპარაკობდა პოლიტიკაზე: ვიცი, რომ ბევრს ეჩვენება,თითქოს გზაზე 90 მ/სთ–ში სიჩქარით მივექანებით, წინ კი ჩიხია". მის სიმღერებში ყველაფრის გამოძახილს ეძებენ. ის არავის დასკვნებს არ უარყოფს და არ ადასტურებს. არც იმაზე მინიშნება ავიწყდება, რომ უფრო უნივერსალურ რამეებზე წერს, ვიდრე ერაყის ომი და აშშ–ს პოლიტიკაა. "შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საპროტესტო სიმღერების წერა იმას ჰგავს, არაქისი გორილას მიართვა". ტომი ამბობს, რომ სისულელეა იმის ვარაუდი, რომ სიმღერებს სამყაროში რამის შეცვლა შეუძლიათ. ქალაქგარეთ ცხოვრობს. ხანდახან ჟურნალისტებს ხვდება და ეუბნება,რომ ფირფიტებს ისე უშვებს, თავისთვის. "ფულის შოვნა რომ მდომებოდა, ბევრ სხვა, უფრო საიმედო გზას მოვძებნიდი". პროგრესში ეჭვი ეპარება.
* * * ყველაზე ამაღელვებელი მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო მუსიკაში, უეიტსის მიხედვით – ინსტრუმენტების აწყობის პროცესი სიმფონიურ ორკესტრში, თანაც სასურველია ღია მინდორში, თავზე ხმაურით თვითმფრინავმა რომ გადაიფრინოს და შორს ტრაქტორი ან სატვირთო მანქანა რომ აღმუვლდეს. მუსიკალურმა კრიტიკოსებმა განსაზღვრებების ძებნაში ფარ-ხმალი დაყარეს. მოდი და მიხვდი, საიდან მოდის ეს ხავსმოკიდებული ბლუზების ტრანსმუტაცია, ბი-ბოპ რაფსოდიები – დამტვრეული აკორდეონებით, თვითნაკეთი თუ ლომბარდში გამოძებნილი მუსიკალური ინსტრუმენტებით რომ იქმნება – მელოტრონი. ბოლოს და ბოლოს, რატომ არ შეიძლება მუსიკაშიც დაიბადოს ვან გოგი, რომელიც ამერიკას ყველა შესაძლო კოშმარულ და მშვენიერ ბგერას გამოწოვს და მერე ტრაგედია-კომედიების დეკადენტური ელფერის კვანძად შეკრავს?!. * * * უეიტსის ალბომში «Real Gone», რომლის მოსმენისას ძნელია ის წყალგამყოფი დაივიწყო 2001 წლის 11–მა სექტემბერმა რომ შექმნა, ნახსენებია «ტაინბერგის ჯიგა» - ცეკვა სიცარიელის თავზე, ჩამომხრჩვალის ციება საჯარო წამებისას, მინიშნებით ცივილიზებულ წამებაზე ინექციით. არის ერაყში დაღუპული როკფორდელი ბიჭის წერილი, რომელშიც საარმიო რეკლამებისეული ფრაზების გადამღერებას შენიშნავთ: «მე არ ვიბრძვი სიმართლისთვის, მე არ ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე იქ საკუთარი ცხოვრებისთვის ვიბრძვი» («Day After Tomorrow»)… «თითქოს სიბინძურედ ვიქეცით და ველოდებით, როდის გაუშვებენ ჩასარეცხ წყალს» («Magnet», ოქტომბერ–ნოემბერი 2004).
«ისე დაუკარით, თითქოს თმა გეწვით. ისეთი ბგერა მჭირდება, სიმღერის უხეშ, შიშველ ჩონჩხს რომ მაჩვენებს» (GQ, 2002). "ყველაზე მაღალი კლასის მუსიკოსსაც უნდა გაუხსნა ენა, რომ გათავისუფლებული სიმღერა გაცოცხლდეს და თავისი ნამდვილი ისტორიით დაიწყოს სუნთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში – ხმისჩამწერი სტუდიიდან იდაყვებამდე გასისხლიანებული ხელებით გამოდიხარ და მაგიდაზე სიმღერის გვამს ტოვებ”. «ჩაწერა ჩემთვის სულებისთვის ფოტოს გადაღებას ჰგავს”... და კიდევ ერთი ნაღვლიანი სტრიქონი: „ვოცნებობ, ისევ ვირწმუნო სამყაროს გულმოწყალება" («make it rain»). * * * "დღევანდელი გმირები ტექმომსახურების სადგურის ხვალინდელი ოპერატორები არიან, მე გამიმართლა – დიდებული მექანიკოსი ვარ". | |
|