კვირა, 05.05.2024, 16:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჰაეროვანი ქალბატონი - ნინო გოგუა.
12:02
ჰაეროვანი ქალბატონი - ნინო გოგუა.

  საერთოდ, როგორც წესი ცხოვრებაში "პირველი” გამოცდილება უფრო მეტად გვამახსოვრდება ვიდრე შემდგომი გამოცდილებები. მაგალითად: პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, პირველი ტკივილი, პირველი წარმატება, პირველი იმედგაცრუება, პირველად ყოფნა ჟურნალისტის როლში, რაც ჩემთვის ახალი და ცოტა უცნაური როლია. რესპოდენტის როლში დღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ულამაზესი და უმშვენიერესი ბალერინაა, რომელსაც მე ნინო ანანიაშვილის ფავორიტი ვუწოდე - ნინო გოგუა.
   მახსოვს საკმაოდ პატარები ვიყავით მე და ნინო, როდესაც ერთმანეთი გავიცანით. ნინო ერთი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა და ძალიან ხშირად, ერთად ვატარებდით დროს, მაგრამ ბავშვობა დასრულდა და ორივე სხვადასხვა საქმით დავკავდით. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მეზობლები ვართ, სამწუხაროდ საურთიერთოდ ორივეს ძალიან ცოტა დრო გვაქვს. სიმართლე გითხრათ ნინოს პროფესია ჩემი ოცნება იყო. მახსოვს პატარა, რომ ვიყავი ცაში ძალიან დიდ, ყვითელ და სავსე მთვარეს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ მომავალში ბალერინა გავმხდარიყავი. როდესაც პირველად `რომეო და ჯულიეტა~-ს ბალეტის რეპეტიციას დავესწარი, ნინო ჯულიეტას როლს ასრულებდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი. იმ დღეს მე თვალნათლივ დავინახე, როგორ ესხმება ხორცი უამრავი პატარა გოგონას ოცნებას გახდეს ბალერინა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ ამის შესაძლებლობა. . .

 

   დავიწყოთ თავიდან:
 - სანამ ამ პროფესიას ავირჩევდი ათასი აზრი მიტრიალრბდა თავში. ხან ბუღალტრობა მინდოდა, ხან კარატისტობა. ხელოვნების ეს სფერო, ანუ მსახიობობა ჩემთვის უცხო არასდროს არ იყო, ვინაიდან მამაჩემი მსახიობია. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დედაჩემის და ბებიაჩემის გარდერობში ჟრიამული და სახლში სპექტაკლების და კონცერტების მოწყობა. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ჩემი უმცროსი ძმა გაბრიელი, მისი სურვილის მიუხედავად მყავდა ჩართული. ასევე ძალიან მიყვარდა სიმღერა. ერთი სიტყვით ჩემი ოჯახი მიჩვეული იყო ჩემს პრანჭვას და აქტიურობას. ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა მაშინ, როდესაც პირველად ვნახე ბალეტი `ჟიზელი~, ქალბატონ ნინო ანანიაშვილის შესრულებით. როგორც მახსოვს პატარა ვიყავი. ალბათ ხუთი წლის თუ არ ვცდები. იმ დღის შემდეგ, მივხვდი, რომ მხოლოდ ამ საქმით უნდა დავკავებულიყავი. ბალეტმა იმდენად დიდ ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რომ იმ მომენტში ალბათ ხელოვნების ამ დარგით "დავვაადდი". მახსოვს მამამ თეატრიდან პატარა პუანტები მომიტანა, ასე ვთქვათ "მინი" პუანტები,  მე წარმოდგენა არ მქონდა თუ როგორ იკერებოდა და თასმები როგორ კეთდებოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩემში სურვილი მათი ჩაცმის, რომ მახსოვს ჩემს რომელიღაც კაბას მოვხსენი ნაჭერი და დიდი წვალებით გავუკეთე თასმები, თუმცა უფრო დიდი წვალებით ჩავიცვი, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვიყავი. ხუთი წლის ასაკში მშობლებმა მიმიყვანეს ტანვარჯიშზე, სადაც სამი წელიწადი ვიარე და ვიყავი ასე ვთქვათ  "Мастер спорта в пределах нашей страны". შემდეგ მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. დაახლოებით ექვსი წლის ასაკში შევასრულე პირველი ცეკვა თეატრის სცენაზე. შევასრულე სპექტაკლ "ქეთო და კოტე"-ში ცეკვა სახელად "პატარებო", რომელიც იყო ქართული ნაციონალური ცეკვა. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული ჩემთვის. უფრო ზუსტად, რომ ვთქვა "ჭკუაზე არ ვიყავი". სხვათაშორის, როგორც დავაკვირდი ყველაზე მეტად, რაც მენატრება ხოლმე ეს არის სხვადასხვა ადგილების, კოსტიუმების და თავად თეატრის სურნელი. ალბათ სწორი ნათქვამია "Если пыль театральную вздохнешь, значит после этого ты заболеешь". 
          

   პირველი დებიუტი:
 - სანამ ჩემი პირველი დებიუტი შედგა მანამდე ძალიან უცნაური და საბედისწერო მოვლენები მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დავიწყებ იქედან, რომ ცეკვის გამო მუდმივი პრობლემები მქონდა სკოლაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ცეკვისათვის თავი უნდა დამენებებინა. ამის გარდა თეატრში გამოსაშვები კონცერტი გვქონდა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ბალერინასთვის, ვინაიდან სწორედ გამოსაშვებ კონცერტზე გაკვირდებიან და იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას აგირჩევენ თუ არა, ანუ დარჩები თუ არა თეატრში. ეს თავისთავად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს სამომავლო გეგმებზე. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მე ვისწავლე რვა წელიწადი, მაგრამ სამწუხაროდ მთელი ამ წლების შრომა და წვალება წყალში ჩამეყარა, იმ მიზეზის გამო, რომ დიდი დატვირთვის და გადაღლის შედეგად მუხლი ვიტკინე. ეს იყო ნამდვილი ტრაგედია, მეგონა ცხოვრება დასრულდა. ზუსტად მახსოვს ეს იყო წითელი პარასკევი და ანერვიულებული მამაჩემი მეუბნებოდა, რომ შვილო ღმერთმა ეს დღე დასვენებისთვის დააწესა და უნდა დაისვენოო, მაგრამ მე არ დავუჯერე და მაინც წავედი რეპეტიაციაზე, ვინაიდან ძალიან მკაცრი პედაგოგი მყავდა, ქალბატონი ლარისა ჩხიკვიშვილი, რომელიც იყო მაქსიმალისტი და საოცრად მომთხოვნი ადამიანი. მას დროის შეგრძნება არ ქონდა და რეპეტიციების დროს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობთ "გვკლავდა" (ეღიმება). ამ ყველაფრის გამო თავს ვერ მივეცი რეპეტიციის გაცდენის უფლება. რეპეტიციიდან ზუსტად ერთ საათში დავბრუნდი ამოგდებული მუხლით. დაახლოებით ერთი თვე ვიწექი. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. თეატრის მეტი არაფერი მაინტერესებდა. ვოცნებობდი, რომ კიდევ ერთხელ მეცეკვა, კიდევ ერთხელ მეგრძნო თეატრის სურნელი. გადავავლე თვალი ჩემს ცხოვრებას და რაღაც მომენტში დავნებდი. მივხვდი, რომ ამით არ სრულდება ცხოვრება, რომ ბევრის სხვა საინტერესო და მშვენიერი რამ არსებობს თეატრის გარდა, თუმცა გული საშინლად მეწყდებოდა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ხატვა.  ალბათ ეს უფალის ნება იყო, რომ ჩემს თავში ეს ნიჭიც აღმომეჩინა. შესაბამისად გამიჩნდა სურვილი, რომ სამხატვრო აკადემიაში შემეტანა საბუთები და იქ მეცადა ბედი. მიუხედავად ამოგდებული მუხლისა და ტკივილისა ფანატიურად დავიწყე სიარული პედაგოგებთან მოსამზადებლად. ვაბარებდი თეატრალური დეკორაციებიის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ მოვხვდი და გამოჯანმრთელების შემდგომ ისევ თეატრზე დავიწყე ფიქრი. ტრამვის შემდეგ უკვე სამი თვე იყო გასული და თავისუფლად შემეძლო მუშაობის დაწყება. დავიწყე თავდაუზოგავი მზადება და ისევ მოვხვდი თეატრში. იმ დროს გოგი ალექსიძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი და მან მიმიღო, თან მითხრა, რომ მან იცოდა თეატრში ჩემი წარმატებების შესახებ. ბევრი არ მიფიქრია. გადავწყვიტე, რომ ისევ მომესინჯა ჩემი ძალები. მოვსინჯე კიდეც. ერთი წელი ვიცეკვე და დავრჩი კიდეც თეატრში. ზუსტად იმ წელს ჩამოვიდა ქალბატონი ნინო ანანიაშვილი. მან შეკრიბა ჯგუფი და წაგვიყვანა გასტროლებზე. ქალბატონი ნინოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო აღმავლობა ჩემს კარიერაში.
   რაც შეეხება ჩემს პირველ სერიოზულ როლს თეატრის სცენაზე ეს არის ბალანჩინის ბალეტი. ეს იყო ჩემი დებიუტი. ეს არის ყველაზე კარგი ბალეტი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იცეკვოს, ბალერინამ ყოველ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ ბალანჩინის შესრულებამ ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. ის ჩემს ცხოვრებაში გრიგალივით შემოვარდა და დამიპყრო. საერთოდ ყველაფერი კარგი ჩემს ცხოვრებაში ხდება დაუგეგმავად და მოულოდნელად. უცნაურია ისიც თუ როგორ მივიღე ეს როლი. ზუსტად იმ პერიოდში ჩამოსულები იყვნენ ბალანჩინის ფონდის  წარმომადგენლები ბატონი ბარტი კუკი და მისი მეუღლე მარია კალეგარი. სწორედ მათ ჩამოსვლას დაემთხვა ჩემი წარმატებაც. მათ დაათვალიერეს მთელი კლასი და სპექტაკლისთვის რამოდენიმე ბალერინა შეარჩიეს. პრემიერამდე რჩებოდა უკვე ერთი კვირა და მიმდინარეობდა გენერალური რეპეტიციები. სამწუხაროდ მთავარ სოლისტს ლალი კანდელაკს გადაუბრუნდა ფეხი. ასე ბედის განგებით ეს როლი მე მერგო. მთელი სამი აქტი შევასრულე. ეს იყო "აპოლონი", "სერენადა" და "სიმფონიური ვესტერნი". ასე, რომ ეს ალბათ ბედი იყო.

 

  კონცერტამდე და კონცერტის შემდეგ:
 - აბსოლუტურად განსხვავებული ვარ კონცერტამდე და კონცერტის შემდეგ. წესით კონცერტამდე ისტერიკა უნდა მქონდეს, მაგრამ პირიქით, ძალიან მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ვარ, რაც ბევრ ადამიანს აკვირვებს. სხვათაშორის ჩვენთან ასეთი წესია, სანამ სოლისტი არ გახდები მთავარ როლებზე არც უნდა იოცნებო. სოლისტების ოთახში ჩემი ჩათვლით რვა გოგოა. წარმოიდგინეთ, ყველა მათგანს თავისებური ხასიათი აქვს, ზოგი ვერ იტანს ხმაურს, ზოგი ვერ იტანს სიჩუმეს. Aარ უნდა მოუსმინო მუსიკას პრემიერამდე, უნდა იჯდე ჩუმად, ერთი სიტყვით ძალიან დაძაბული და თან ძალიან სასაცილო სიტუაციაა. პრემიერის წინ არ მიყვარს ნერვიულობა. დაწყნარებული ნერვებით გავდივარ სცენაზე. სამაგიეროდ სულ სხვა ემოციით ვარ პრემიერის შემდეგ. მეწყება ვნებათა ღელვა. ვიხსენებ ყველა მოძრაობას, სად დავუშვი შეცდომა, რომელი მოძრაობა უნდა დავხვეწო და ნერვიულობაც აღარ აყოვნებს. ამას თან სდევს პედაგოგების შენიშვნები და შესწორებები, რაც სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არაა. თუმცა, მაინც საჭიროა მომავლისთვის.

 

  ნინო ანანიაშვილის ფავორიტი:
 - ალბათ ვარ ქალბატონი ნინოს ფავორიტი, იმიტომ, რომ რაც ქალბატონი ნინო მოვიდა თეატრში მისი ხელშეწყობით გავხდი სოლისტი. ალბათ მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი   იმისათვის, რომ ვიგრძნო ქალბატონი ნინო ანანიაშვილისგან დიდი მხარდაჭერა და სიმპატიები. ის ძალიან მომთხოვნია, რაც უმნიშვნელოვანესი თვისებაა პროფესიონალისთვის. ძალიან ძნელია ახალგაზრდა ბალერინასათვის მთავარი როლების მინიჭება, ვინაიდან ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ქალბატონ ნინოს ძალიან უყვარს პატარ-პატარ საჩუქრების გაკეთება. თუ კარგად შევასრულებ როლს, კარგად ვიცეკვებ და მის მოწონებას დავიმსახურებ ის აუცილებლად რაიმე სუვენირს მჩუქნის. ძალიან თბილი და ყურადღებიანია ჩემს მიმართ და საერთოდაც. ყოველთვის მანებივრებს. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ ხანდახან უმადურიც კი ვყოფილვარ, იმ გაგებით, რომ მისგან მიღებულ შენიშვნას უსამართლოდ მივიჩნევდი, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ქალბატონი ნინოს შენიშვნა სწორი და სამართლიანი იყო. ალბათ საჭიროა, რომ გამოცდილმა ადამიანმა ახალგაზრდას მოდუნების საშუალება არ მისცეს. ეს აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესში. კრიტიკის გარეშე ვერ დაიხვეწები.


  "მინდა ვიყო აქტიური ადამიანი, რომ ჩემი ცხოვრება სავსე იყოს ხალისით და ბედნიერებით"

  შთაგონება:
 - მუსიკა და ხატვა. ორივე ერთიანობაში და მთლიანობაში არის ჩემი შთაგონების წყარო. ორივე ძალიან ახლოა და ჩემია. საერთოდ კი მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. რეპეტიციამდე ყოველთვის ვუსმენ იმ მუსიკას, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცეკვო, ვინაიდან მელოდია მაინც შენში უნდა გაატარო და შეიგრძნო სხვადასხვა კუთხით. ეს როლის და გმირის შეგრძნებაშიც გეხმარება. შენი თვალით უნდა დაინახო მუსიკა და არა უბრალოდ უსმინო.

          

  ოცნება: 
 - ხშირად ვოცნებობ, მაგრამ ძალიან მეშინია. ადრე, ბავშვობაში არ მეშინოდა. ალბათ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ჩემს თავს უფრო მეტი ოცნებობის უფლებას ვაძლევდი ვიდრე ეხლა. მეშინია, რომ შეიძლება არ ახდეს ის რაზეც ვოცნებობ. ხშირად ყოფილა, რომ რაც დამიგეგმავს ისე არ გამოსულა როგორც მინდოდა ამიტომ ამ მხრივ ვფრთხილობ. შესაბამისად დიდი და კოლოსალური ოცნება არ მაქვს. უფრო მოკლე ვადიანი და პატარ-პატარა ოცნებებით შემოვიფარგლები. ასე უფრო კომფორტულია. თუმცა მაგალითად მაქვს ერთი ოცნება, რომ ოდესმე სპექტაკლი ჩემი გემოვნებით გავაფორმო. დეკორაციები და ფერები, რომ მე შევარჩიო. ეს ძალიან საინტერესოა.


    "ძალაინ მიყვარს პუშკინი, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მის ეპოქაში"


  პირადი შეხედულებანი:
 - ძალიან ბევრი უსამართლობაა გარშემო. მე პირადად ბევრ უსამართლობას ვაწყდები. ალბათ ცხოვრებაში უმთავრესია ადამიანმა თავისი მეობა, პირადი ღირსება და საერთოდ ადამიანობა არ დაკარგოს. რა თქმა უნდა ყველას, რომ მოუსმინო და მათ მდგომარეობაში შეხვიდე ყოველი მათგანი თავისებურად მართალი იქნება. მაგრამ მთავარია შინაგან ხმას მოუსმინო და არ უღალატო. ეს ხმა ყოველ ადამიანში სუფევს. ადამიანი შენს თავთან უნდა იყო მართალი და შენს საქციელზე უნდა შეგეძლოს პასუხისგება. თუ შენს თავთან ხარ მართალი მთელს სამყაროს დაიპყრობ.
      
 


  მუსიკალური ფავორიტები:
 - ძალაინ მიყვარს ბიზეს "კარმენი". ამ მელოდიას შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო. სხვათა შოროს ჩემი ოცნებაა, ესეც მოკლევადიანი, რომ ბიზეს "კარმენი"  შევასრულო ბალეტში. თავად პერსონაჟი `კარმენი~ ძალიან გაბედული და ძლიერი ქალია და ეს გმირი ჩემს ბუნებასთან ახლოს არაა, ვინაიდან მე თვითონ არა ვარ ასეთი თამამი და ფატალური ქალი, რომელიც დაუფიქრებლად არანორმალურ საქციელ ჩაიდენს და შემდგომ ამაზე პასუხს არ აგებს. მაგრამ კარმენის მუსიკა ჩემთვის ძალიან ახლოა. რაც შეეხება თანამედროვე შემსრულებლებს ძალიან მომწონს whitney houston-ი. ასევე ბოლო დროს უპირატესობას ვანიჭებ ჯაზს. განსაკუთრებით მომწონს George benson-ი და Ella fitzgerald–ი.

 

  ფრაგმენტი ბავშვობიდან:
 - ყველაზე მეტად ბავშვობიდან ორი მოგონება მახსენდება. პირველი უკავშირდება მოლოდინს და ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს მომავალ შვილებს ჩემგან იგივე დაამახსოვრდეთ. პატარა, რომ ვიყავი მამაჩემი ძალიან გვიან ბრუნდებოდა თეატრიდან, ვინაიდან თეატრში რეპეტიციები და სპექტაკლები ძალიან გვიან იწყებოდა და შესაბამისად გვიან მთავრდებოდა. მთელი ჩემი შეგნებული ბავშვობა მე და ჩემი უმცროსი ძმა  ველოდებოდით მამას, რომ მოსულიყო და ორივესთვის ეკოცნა, მაგრამ რამდენიც არ უნდა გველოდა, მამა მაინც იმ დროს მოდიოდა, როდესაც ჩვენ უკვ ევგვეძინა. 
  რაც შეეხება მეორე მოგონებას ეს უკავშირდება სათამაშოს. მახსოვს მე და ჩემი მეგობარი რუსთაველზე მივდიოდით და ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევამჩნიე პატარა ფუმფულა სათამაშო, რომელიც ძალიან მომეწონა.  მეგობრისკენ შემოვტრიალდი და გავაგრძელეთ საუბარი. მას სახლში ეჩქარებოდა, ამიტომ დავემშვიდობე და ისევ ვიტრინისკენ შემოვტრიალდი და რას ვხედავ? ის სათამაშო, რომელიც მაღაზიის ვიტრინაში იდო უცებ გდია გარეთ ასფალტზე. ეს მოხდა წამებში და თან იმ მომენტში მაღაზიაში არც არავინ შესულა და არც გამოსულა. მე ვიყავი შოკში. ეს წარმოუდგენელი იყო. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ეს ბავშვის ფანტაზიაა. მივედი, ავიღე და გამყიდველს მივუტანე, რომელიც ძალიან მაღალ დახლთან იდგა. ან დახლი იყო ძალიან მაღალ ან მე ძალიან პატარა. ხმა ძლივს გავაგონე. ვუთხარი, რომ ეს სათამაშო გარეთ ვიპოვე. რა თქმა უნდა მას ძალიან გაუკვირდა, ეჭვის თვალით შემომხედა და გამომართვა. შემდეგ კი ვინანე, რომ მივუბრუნე. ვფიქრობდი კიდეც, როდესაც წამოვიზარდე, რომ თუ ღმერთი იმას გიგზავნის რაც ძალიან გინდა იმ წუთას უნდა მიიღო და უკან არ უნდა დააბრუნო. სასწაულების ძალიან არ მჯერა, მაგრამ ეს ალბათ სასწაული იყო. საერთოდ ბავშვობაში უფრო მეტი უცნაურობები ხდება ალბათ, ვიდრე როდესაც იზრდები. ძალიან მენატრება ის უდარდელობის და სიმშვიდის შეგრძნება, რაც ბავშვობას ახლავს თან.


  რისი გჯერა?
 - პირველ რიგში მჯერა ღმერთის. მჯერა ბედისწერის და წინათგრძნობის. ასევე მჯერა სიკეთის და სიყვარულის. სიკეთე ჩემთვის არის ძალიან ვარდისფერი და ყოვლისმომცველი.

 


   რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?
 - თავისუფლად თავს ვგრძნობ ჩემს საქმეში. როდესაც ვცეკვავ ეს არის ჩემთვის თავისუფლება. ამ მომენტში ვიხსნები და ვგრძნობ უსაზღვრო ბედნიერებას. ჩემი პროფესიით და საქმით ვარ კმაყოფილი და აქედან გამომდინარე ვარ თავისუფალი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცეკვავ არა იმიტომ, რომ ასეთი პროფესია ავირჩიე არამედ იმიტომ, რომ მე მიყვარს ცეკვა, მიყვარს ყოველი მოძრაობა, ემოცია და ენერგია რასაც ცეკვის დროს თეატრის სცენაზე ვხარჯავ. ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. სწორედ სიყვარულშია თავისუფლება.

 

პირადი ლოზუნგი:

  -  "Нет худо, без добра"

 

  ყველაზე მეტად რა გსურს?
 - ყველაზე მეტად მინდა მოგზაურობა იტალიაში და ესპანეთში. ალბათ ერთი წელიც არ მეყოფოდა ამ ორი ქვეყნის დასათვალიერებლად და მხატვრული კუთხით აღსაქმელად. ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გაკეთება, ოღონდ საქველმოქმედო. მინდა ჩემი შემოქმედება არა მხოლოდ ჩემი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენო.

         


ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
 - ყველაზე მეტად გული მაშინ მწყდება, როდესაც ჩემს დამოკიდებულებას ვერ ამჩნევენ და ვერ აფასებენ. თუნდაც მეგობრები, ახლობლები, თანამშრომლები. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც ვერ მიგებენ. ყველაზე მეტად ვნანობ, რომ გაუგებრობის ნიადაგზე ჩემს ახლო მეგობართან ვიჩხუბე. ეს დამამახსოვრდა. მეც ვიტკინე გული და მასაც ვატკინე. თუმცა მერე შევრიგდით, მაგრამ ალბათ არ უნდა იცხოვრო ისე, რომ სანანებელი და საბოდიშო გაგიხდეს საქმე. ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელია. ალბათ ჯობია ფრთხილი და დაფიქრებული იყო ადამიანებთან ურთიერთობაში, ასე უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებ.

        

  რძიანი შოკოლადი გიყვართ თუ მუქი?
 - რძიანი, თანაც თხილებით და ნიგვზებით, ასორტი.



   …ინტერვიუ დასრულდა. ვუყურებ ნინოს და ვხედავ, რომ ის მუსიკით და ხალისით სავსე ადამიანია.  ძალაინ ვარდისფერი, თეთრი და ოქროსფერია. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავის ოცნებას ყოველ დღე ანხორციელებს და ის უფრო და უფრო უყვარდება. ალბათ, ნამდვილი გმირი ის ადამიანია, რომელიც სიყვარულით პოულობს გზას თავისუფლებისაკენ და თავისუფელბიდან ბედნიერებისაკენ…


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1419 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები