14:55 ელტონ ჯონი ესტრადიდან მიდის | |
63 წლის ბრიტანელმა პოპ მუსიკოსმა ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ ესტრადიდან მიდის. უფრო მეტიც - ვარსკვლავი პოპსიმღერებსაც აღარ დაწერს, რადგან არანაირი სურვილი არ აქვს გამოჩნდეს მუსიკალურ არხებზე და კონკურენცია გაუწიოს ისეთ მომღერალს, როგორიც ლედი გაგაა. თუმცა მომღერალი არ გამორიცხავს, რომ მუსიკის არანორმალურმა სიყვარულმა იგი მუსიკასთან მაინც დააბრუნოს. ელტონ ჯონი ირწმუნება, რომ აღარასოდეს იმუშავებს პოპში. თუკი მას თავისი შინაგანი მუსიკალური ენერგია მოსვენებას არ მისცემს, მსმენელისთვის ელტონი მხოლოდ სოულს ან ქანთრის იმღერებს. თავისი კარიერის განმავლობაში ჯონმა 50 სიმღერა დაწერა, რომლებიც მსოფლიო ჩარტების ტოპ ორმოცეულში შევიდა. მისი ალბომები 250 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. - უკვე 63 წლის ვარ. ჩემს ასაკში ძალიან რთულია დაწერო კარგი როკ ან პოპ სიმღერები. 25 წლის რომ ვიყო, ამას სიამოვნებით და უმარტივესად გავაკეთებდი, ახლა კი ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძნელია, - განაცხადა მომღერალმა. მომავალში ელტონ ჯონი არ გამორიცხავს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პოპკონცერტებში, მაგრამ სოლო ნომრებს ამ ჟანრში იგი აღარ დაწერს. ბოლო ალბომი ელტონმა 2010 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოუშვა. სტუდიურ ალბომზე მომღერალმა ამერიკელ მუსიკოსთნ ლეონ რასელთან ერთად იმუშავა, რომელიც ქანთრის, ბლუზისა და ფოლკლორის ჟანრებში მუშაობს. ელტონ ჯონის განცხადებით რასელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მისი კერპია. მომავალში ვარსკვლავი ახალი პროექტების განხორციელებით დაკავდება, მაგრამ პოპ სინგლს აღარასოდეს დაწერს. | |
|