სამშაბათი, 07.05.2024, 10:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » ალექსანდრე როინაშვილი – პირველი ქართველი მესურათხატე.
22:50
ალექსანდრე როინაშვილი – პირველი ქართველი მესურათხატე.

ალექსანდრე როინაშვილი – Alexander Roinashvili (1846 – 1898)

ქართული ფოტოხელოვნების ფუძემდებელი, პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი (ცნობილი აგრეთვე როგორც ალექსანდრ როინოვი) დაიბადა 1846 წელს დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. მამა – სოლომონ როინაშვილი, უნაგირების ოსტატი იყო. დედამისი, – მარინე, მემაქმანე გახლდათ.

ალექსანდრე 14 წლის იყო როდესაც მამა გარდაეცვალა და თბილისში ჩამოვიდა ლუკმა პურის საშოვნელად. თბილისში ხატმწერისა და ფოტოგრაფის, ვ. ხლამოვის სტუდიაში მოეწყო შეგირდად. აქვე გაიარა ფოტოგადაღების კლასები.

ფოტოკარიერა დაიწყო 1865 წელს ტფილისში. ალექსანდრე როინაშვილმა 1875 წელს თბილისის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე საკუთარი ფოტოსახელოსნო "რემბრანდტი” გახსნა. მალე მისი ფოტოსახელოსნოები ცნობილი გახდა მთელ თბილისში. 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა: "რემბრანდტი”, "სასურათხატო” და "ამხანაგობა”.

მის ფოტოატელიეში ფოტოგრაფიის პროფესიას ეუფლებოდნენ მომავალი ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები… ბევრი მის ხარჯზე ცხოვრობდა.


ალექსანდრე როინაშვილი მოწაფეებთან ერთად. 1897 წ.

ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. ილია ჭავჭავაძე მას "უჩინარი კაცს” ეძახდა. იგი ობიექტივს მიღმა იდგა მთელი ცხოვრება და უჩუმრად აკეთებდა ქართულ საქმეს.

დიდია მისი ღვაწლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტურ აღრიცხვაში. დაგვიტოვა ისტორიული ძეგლების ხედები. ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ალ. როინაშვილმა ქართველ მოღვაწეთა ფოტოპორტრეტების შექმნა დაიწყო. მის მიერაა შექმნილი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ალ. ყაზბეგის, ნ. ნიკოლაძის, ი. გოგებაშვილის, გ. გურიელის და სხვათა პორტრეტები.

ასევე შექმნა შოთა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში.ასე გაჩნდა ქართულ ოჯახებში საქართველოს წარჩინებული მეფეების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების, მღვდელმთავრების, ფოტოები, რომლებიც ცარიზმის მძიმე პირობებში ქართველ კაცს ეროვნულ გრძნობებს უღვივებდა.


ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე როინაშვილის ფოტო.

ალექსანდრე როინაშვილის ოცნება იყო შეექმნა ქართული მუზეუმი, რისთვისაც დიდი ძალისხმევის ხარჯზე აგროვებდა ექსპონატებს. 1880-89 წლებში ა. ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილს მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ისტორიკოს და არქეოლოგ დ. ბაქრაძესთან, რომელსაც უზიარებდა ქართული სიძველეების მოძრავი მუზეუმის შექმნის გეგმებს.

ალექსანდრე როინაშვილი გაზეთ "ივერიაში” წერდა: "რუსეთის იმპერიაში თითქმის არც ერთი ერი არ მოიპოვება, რომ საკუთარი სახლი, ანუ მუზეუმი არ ჰქონდეს. ჩვენ კი, რომელთაც უპირატესობა გვაქვს წარსულის დიდებითა, ხელოვნებითა, მწიგნობრობითა, აზრადაც არ მოგვდის რომ დავაარსოთ ამგვარი ეროვნული სახლი. რათა დაინახოს მომავალმა თაობამ, თავისი წარსული, თავისი დიდება”.

 1887 წელს მისი ორგანიზებით შეიქმნა ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი. 1887-1888 წლებში კავკასიისა და რუსეთის მრავალ ქალაქში (პეტერბურგი, სარატოვი, ასტრახანი, სამარა, მოსკოვი) გამართა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებისა და უძვირფასესი ფოტოსურათების ეროვნული მოძრავი გამოფენა.

საქართველოს სიძველეთა ამსახველ მრავალ ფოტოგრაფიულ და სტერეოსკოპულ ფოტოსურათებთან ერთად გამოფენილი იყო ძველებური იარაღი და სამხედრო აღკაზმულობა, სპილენძის და ვერცხლის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური კოლექცია და სხვა ქართული და აღმოსავლური კულტურის ამსახველი ნიმუშები. გამოფენებს დიდი წარმატება ჰქონდა.


ერივანსკის მოედანი. შესასვლელი ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსტუდიაში.

ალ. როინაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების შექმნისა, რომლის დამფუძნებელი შეკრება ალ. როინაშვილის ფოტოატელიეში 1893 წლის აპრილში ჩატარდა. საზოგადოების მიზანი იყო, მოყვარულთათვის ესწავლებინათ ფოტოგრაფია. გაზეთი "კავკაზი” სისტემატურად ბეჭდავდა ცნობებს ამ საზოგადოების საქმიანობაზე. მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების დიდი მონდომებითა და ძალისხმევით თბილისში 1897 წლის 23 აპრილს სამხედრო ისტორიული მუზეუმის შენობაში (ამჟამად სამხატვრო გალერეა) გაიხსნა გამოფენა.

გამოფენაზე ფოტონამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. გამოფენის მონაწილეები საექსპერტო კომისიამ დააჯილდოვა.

ალ. როინაშვილი ირიცხებოდა თბილისში მოქმედ ყველა კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრად. თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”, აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებს, აწყობდა თეატრალურ რეპეტიციებს თავის ატელიეში, უფასოდ უგზავნიდა წიგნებს სოფლის ბიბლიოთეკებსა და სკოლებს, იგი ჩქარობდა გაეკეთებინა რაც შეიძლება მეტი…

ქართული თეატრალური დასი აქვსენტი ცაგარელის ხელმძღვანელობით, წლების განმავლბაში, სწორედ როინაშვილის ფოტოსალონში ატარებდა რეპეტიციებს. "მომწიფდა ნიადაგი მუდმივი თეატრალური დასის დაარსებისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდად შეუწყვეს ხელი, ამ საქმეს, მათ შორისაა ალექსანდრე როინაშვილიც”- წერდა ავქსენტი ცაგარელი.


ალექსანდრე როინაშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს, 52 წლის ასაკში. დაკრძალეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დასაფლავება საზეიმო ელფერს ატარებდა. სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელმა ბატონმა ივანე რატიშვილმა გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა და მოიხსენია ა. როინაშვილის სახელოსნო, როგორც ქართული საზოგადოების კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი: "იქ იწვრთნებოდა მთელი დასი ახალგაზრდებისა.

შენ თვითონ იყავ მათი მწვრთნელი, შენა ზრუნავდი გულითა მხურვალითა, რომ მოგემზადებინა ისინი ღირსეულად ცხოვრების სასარგებლო სარბიელისათვის და დაგეყენებინა ისინი პატიოსანი გამრჯელობის გზაზედ. ეხლა იგი ახალგაზრდობა მწარედ დასტირის შენს კუბოს და აღარ იცის, როგორ განაგრძოს, შენგან დაწყებული, მაგრამ არ-გათავებული დიდად ღირსეული საქმე” ("ივერია”, 1898 წ, 16 მაისი, N 101).

პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალ. როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:
"სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს
ალექსანდრე როინაშვილს
1846-1898
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”

მისმა თანამედროვეებმა კარგად იცოდნენ თუ ვინ გამოაკლდა საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძე "ივერია”-ში ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას: "ის მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურებაც, თავის ბედად და უბედობად გაიხადა. მან არარასგან შექმნა საქმე. არარასგან შეიძინა ქონება. ჩვენ ქართველებს გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ რის შემძლებელია ცალკე კაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება და არ შეუშინდება გარემოებას. მის მიერ განვლილი, ღვაწლით დაქნილი გზა, მთელი სკოლაა და მწვრთნელია ყველასი, ვისაც კი კაცობისთვის გული ერჩის… ალექსანდრე როინაშვილმა, თავისი უჩინარი სახელი და გვარი, ღირსსახსენებლი გახადა თავის ქვეყანაში.”

ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა.


 ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსტუდიის შტამპი. ტფილისი.


1905 წელს ფოტოსახელოსნო, ალ. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად, გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში. ამას მოჰყვა ბევრი ფოტოებიდან ალექსანდრე როინაშვილის ხელმოწერების გაქრობა, რის გამოც, ბევრი ფოტო, რომელიც სინამდვილეში როინაშვილის მიერ არის გადაღებული, წლების განმავლობაში დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედებად იყო მიჩნეული.

1916 წელს გარდაიცვალა დ. ერმაკოვი. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2128 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები