18:21 სასწაულები-მეფის ასულის ხსნა. | |
სარკინოზთა დასჯა.
უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ”. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?” ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე. მეფის ასულის ხსნა.
თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას”, – უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ”. როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ”.
მაშინ წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
წმიდა გიორგის თანამებრძოლობა ქართველთა ლაშქარში.
შავნაბადას წმიდა გიორგი. წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას. დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს.
თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმიდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.
| |
|