სამშაბათი, 07.05.2024, 08:15
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » ანასტასია რომანოვა.
16:06
ანასტასია რომანოვა.
დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა

Великая княжна Анастасия Николаевна Романова.


დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული (რუს. Вели́кая княжна́ Анастаси́я Никола́евна, დ. 5 (18) ივნისი 1901, პეტერჰოფი — გ. 16/17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — იმპერიული რუსეთის ბოლო მმართველი ნიკოლოზ II-სა და მისი მეუღლე ალექსანდრა ფეოდოროვნას მეოთხე ქალიშვილი. დახვრეტილია ოჯახთან ერთად იპატიევის სახლში ბოლშევიკების საიდუმლო სამსახურის ძალების მიერ.

მისი დაღუპვის შემდეგ 30-მდე ქალმა განაცხადა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილი დიდი მთავარი ანასტასია იყო. მათგან ყველაზე განთქმული იყო ანა ანდერსონი. ანდერსონის გარდაცვალების შემდეგ 1994 წელს მის სხეულზე დნმ-ის ანალიზის ჩატარებით გაირკვა, რომ ის სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდა. მოარულ ხმებს მის შესაძლო გადარჩენაზე მხარს უმაგრებდა საბჭოთა მმართველობის წლებში მისი დაკრძალვის ადგილის გაურკვევლობა. 1991 წელს ეკატერინბურგთან აღმოჩენილ ერთობლივ საფლავში იპოვეს მეფის, მისი მეუღლისა და სამი ქალიშვილის ნეშთი, თუმცა ალექსეი ნიკოლოზის ძისა და ერთ-ერთი დის (ანასტასიის ან მარიამის) ნეშთი იქ არ ყოფილა.

მისი გადარჩენის შესაძლებლობა სრულიად უკუგდებულ იქნა. 2008 წლის იანვარს, რუსმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ 2007 წლის აგვისტოში ეკატერინბურგთან ნაპოვნი ყმაწვილი ბიჭისა და ახალგაზრდა გოგონას დასახიჩრებული სხეულები 13 წლის მეფისწულისა და ერთ-ერთი დიდი მთავრისა უნდა ყოფილიყო. ამავე წლის 30 აპრილს სასამართლო ექსპერტიზამ ეს მოსაზრება დაადასტურა. 2009 წლის მარტში დნმ-ის ტესტის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების დნმ-ის იდენტიფიცირების ლაბორატორიამ, რომელმაც დაადასტურა ოთხივე მეფის ასულის ნეშთის სარწმუნოობა, და, შესაბამისად, რომელიმე მათგანის გადარჩენის ალბათობა გამოირიცხა.

ანასტასია დაკრძალულია მშობლებთან და და-ძმებთან ერთად რუსეთის ახალწამებულთა ტაძარში რუსული საარქიეპისკოპოსო ეკლესიის იუბილეზე 2000 წლის აგვისტოში. უფრო ადრე, 1981 წელს საზღვარგარეთ მყოფმა რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოჯახის კანონიზაცია მოახდინა. მისი სახელი მოიხსენიება ძველი სტილით 4 ივლისს. მის პატივსაცემად შავიზღვისპირა გუბერნიაში ერთ-ერთ სოფელს ანასტასიევკა (რუს. Анастасиевка) ეწოდა.


დაბადება.



დაიბადა 1901 წლის 5 (18) ივნისს ცარსკოე სელოში. მისი დაბადებისას მეფის ოჯახს უკვე სამი ქალიშვილი (ოლღა, ტატიანა და მარია) ჰყავდა.

მემკვიდრე ვაჟის არყოლა პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავდა: პავლე I-ის მიერ მიღებული გვირგვინის გადაცემის აქტის მიხედვით, ტახტზე ასვლა ქალს არ შეეძლო, ამიტომ, საიმპერატორო ტახტი მეფის უმცროს ძმას მიხეილს უნდა გადასცემოდა. ეს კი ბევრს არ აწყობდა, პირველ რიგში — იმპერატრიცა ალექსანდრას.

ვაჟის გაჩენის მცდელობებში, ის სულ უფრო და უფრო იფლობოდა მისტიციზმში. ჩერნოგორიელი პრინცესების მილიცა და ანასტასია ნიკოლაევნების დახმარებით, სამეფო კარზე ეროვნებით ფრანგი, ვინმე ფილიპი, გამოჩნდა, რომელიც თავს ჰიპნოტიზიორსა და ნერვების მკურნალს უწოდებდა. მან იმპერატრიცას ვაჟის შეძენა უწინასწარმეტყველა, თუმცა, ქვეყანას გოგონა, ანასტასია, მოევლინა. ნიკოლოზმა თავის დღიურში ასეთი რამ ჩაწერა: «დაახლოებით 3 საათზე ალიქსს ძლიერი ტკივილები დაეწყო.

4 საათზე ავდექი, ჩემს ოთახში შევედი და ჩავიცვი. ზუსტად დილის 6-ზე ქალიშვილი ანასტასია შეგვეძინა. ყველაფერი სწრაფად და მშვენიერ პირობებში მოხდა, მადლობა უფალს, გართულება არ მოჰყოლია. იმის წყალობით, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო და მაშინვე დასრულდა, სანამ ყველას ეძინა, ორივე ჩვენგანს განმარტოებისა და სიმშვიდის გრძნობა დაგვეუფლა! ამის შემდეგ მაგიდას მივუჯექი ტელეგრამების დასაწერად, რაც დედამიწის ყველა კუთხეში უნდა დამეგზავნა ნათესაობისთვის. საბედნიეროდ, ალიქსი თავს კარგად გრძნობდა. პაწაწა 11½ გირვანქას იწონის, სიგრძით კი 55 სმ-ია.»


იმპერატორის მიერ დღიურში გაკეთებული ჩანაწერი ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებას ეწინააღმდეგება, რადგან, მოარული ხმებით, ნიკოლოზ მეფე ქალიშვილის დაბადებამ იმდენად განხიბლა, რომ კარგა ხანს არ შედიოდა ცოლისა და ახალშობილის სანახავად[6]. დიდმა მთავარმა ქსენიამაც, მოქმედი იმპერატორის დამ, ეს მოვლენა ასე აღნიშნა: «რა განხიბვლაა! მეოთხე და ისიც გოგო! მას ანასტასია დაარქვეს. დედამ დამიტელეგრაფა ამის შესახებ და მომწერა: ალიქსმა ისევ გოგო გააჩინაო.»


დიდ მთავარს სახელი ანასტასია ჩერნოგორიელი პრინცესის, იმპერატრიცას ახლო დაქალის ანასტასია ნიკოლაევნას პატივისცემით დაარქვეს. ჰიპნოტიზიორმა ფილიპმა, რომ არ დაბნეულიყო, ახალშობილს უცებ „საოცარი ცხოვრება და განსაკუთრებული ბედისწერა" უწინასწარმერტველა.

მარგარეტ იგერი, ავტორი მემუარებისა „ექვსი წელი რუსეთის საიმპერატორო კარზე" იხსენებდა, რომ „ანასტასიას ეს სახელი მამამისის მიერ პეტერბურგის გაფიცული სტუდენტების შეწყალებისა და მათთვის უფლებების აღდგენის პატივსაყოფად დაარქვეს[8], რადგან „ანასტასია" „ცხოვრებაში დაბრუნებულს" აღნიშნავს. ამ წმინდანის ხატზე, როგორც წესი, შუა გახსნილი ჯაჭვია ხოლმე გამოსახული".


ბავშვობა.

ანასტასია სამი წლის ასაკში

ანასტასია ნიკოლაევნას სრული ტიტული ასე ჟღერდა: მისი საიმპერატორო უდიდებულესობა, დიდი მთავარი რუსეთისა ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა, მაგრამ, მას ასე არავინ უწოდებდა, ოფიციალურად მას სახელითა და მამისსახელით მიმართავდნენ, შინ კი „პატარას", ნასტინკას, ნასტიასა და სიდაბლისა და სიმსუქნის გამო „კუბიშკას", ხოლო ანცობისა და ეშმაკუნობისთვის „შვიბსიკს" ეძახდნენ.

როგორც თანამედროვენი იხსენებდნენ, იმპერატორის შვილებს ფუფუნებით არ ათამამებდნენ. ანასტასია ოთახს უფროს დასთან — მარიასთან იყოფდა.

ოთახის კედლები ნაცრისფრად იყო შეღებილი, ჭერზე კი პეპლები ეხატა. კედლებზე ხატები და ფოტოები ეკიდა. მოძველებული ავეჯი თეთრ და მწვანე ფერებში იყო გადაწყვეტილი, ირგვლივ უბრალო, თითქმის, სპარტანული გარემო სუფევდა. კუშეტი ამოქარგული ბალიშებით, ჯარისკაცის საწოლი, რომელზეც დიდი მთავარი იწვა.

ეს საწოლი მოძრავი იყო, რათა ზამთრობით, ოთახის უფრო ნათელ და თბილ ადგილზე გადაეტანათ, ზაფხულობით კი, ხანდახან აივანზეც კი გაჰქონდათ სიცხისა და ჩახუთულობისგან თავდასაცავად. ეს საწოლი არდადეგებზე ლივადინის სასახლეშიც მიჰქონდათ, სწორედ ამ საწოლზე ეძინა ციმბირში გასახლებულ დიდი მთავარს.

მეზობლად მდებარე, ფარდებით გაყოფილი ერთი დიდი ოთახი ბრწყინვალე კნეინების ბუდუარად იყო მოწყობილი. კნეინების ცხოვრება ერთფეროვნად მიედინებოდა: საუზმე დილის 9 საათზე, მეორე საუზმე 13:00 ან 12:30-ზე კვირაობით. 5 საათზე— ჩაი, რვაზე —საერთო ვახშამი; ამასთან, საკვები მეტად უბრალო და არაგულმისავალი იყო. საღამოობით გოგონები შადრებს ხსნიდნენ ან ქარგვით იყვნენ დაკავებულნი, ამდროს, მეფე ნიკო მათ ხმით უკითხავდათ.

დილაადრიან ცივი აბაზანის მიღება ევალებოდათ, საღამოს კი თბილი აბაზანის, რომელშიც რამდენიმე წვეთ სუნამოს აპკურებდნენ; ანასტასიას სუნამო კოტის ჩამატება მოსწონდა იის სურნელის გამო. ეს ტრადიცია ეკატერინე პირველის შემდეგ შემორჩენილიყო. გოგონების პატარაობაში წყლიანი ვედრო სააბაზანოში მოსამსახურეს შეჰქონდა, რომ წამოიზარდნენ, ეს მათ მოვალეობად იქცა.

სულ ორი აბაზანი იდგა — პირველი, დიდი ( ჯერ კიდევ ნიკოლოზ პირველის დროიდან შემორჩენილი, ტრადიციისამებრ, ვინც მასში იბანავებდა, პორტიკზე ავტოგრაფი უნდა დაეტოვებინა) და მეორე — უფრო მცირე ზომის — გოგონებისთვის.

აღდგომას განსაკუთრებული მოლოდინით ელოდნენ — ამ დღეს ბრწყინვალე კნეინები მამიდა ოლღა ალექსანდროვნათან საბავშვო ბალებს ესწრებოდნენ. წყველაზე საინტერესო ის საღამო იყო, როდესაც ანასტასიას ახალგაზრდა ოფიცერთან ცეკვის ნება დართეს. «გოგონები ყოველი წუთით ტკბებოდნენ, - იხსენებდა დიდი მთავარი ოლღა ალექსანდროვნა. — განსაკუთრებით, ჩემი საყვარელი ნათლული ანასტასია ხარობდა, მერწმუნეთ, ჯერ კიდევ მესმის ოთახებში მისი სიცილის ჟღერა. ცეკვები, მუსიკა, შადარი—ის ამ ყველაფერში იყო ჩაფლული.»


პატარა ანასტასია დედამისის ბუდუარში ქსოვისას.

დიდი მთავრის მიერ მიწერილი წერილი ბიძაშვილ დიქისადმი: „17 მარტი, 1910 წელი. ჩემო ძვირფასო დიქ. შენი ნახვა მინდა. როგორი ამინდია თქვენსა? ლონდონში ახლა სულ მარტო ხარ? როდის მოახერხებ შენი დების ნახვას?" როგორც იმპერატორის დანარჩენმა შვილებმა, ანასტასიამაც საშინაო განათლება მიიღო.

აღზრდა რვა წლის ასაკში დაიწყო; პროგრამაში ფრანგული და ინგლისური ენები, ისტორია, გეოგრაფია, საღმრთო რჯული, საბუნებისმეტყველო საგნები, ხატვა, გრამატიკა, ასევე ცეკვები და დახვეწილი მანერების გაკვეთილები შედიოდა. დიდი სწავლისმოყვარეობით ანასტასია არ გამოირჩეოდა, გრამატიკას ატანა საერთოდ არ ჰქონდა და საშინელი შეცდომებით წერდა.

არითმეტიკას კი, ბავშვური უშუალობით, „ღორობას" უწოდებდა. ინგლისური ენის მასწავლებელი სიდნეი გიბსი იხსენებდა, რომ ერთხელ მეფისწულმს მისი მოსყიდვა ყვავილების თაიგულით სცადა, ნიშნის ასამაღლებლად, უარის შემდეგ კი ეს ყვავილები რუსული ენის მასწავლებელს — პეტროვს მისცა.

ოჯახი, ძირითადად, ალექსანდრეს სასახლეში ცხოვრობდა და ასეულობით ოთახიდან, მხოლოდ, რამდენიმეს იკავებდა; ხანდახან ზამთრის სასახლეშიც გადადიოდნენ, ვინაიდან, სასახლე მეტისმეტად დიდი და ცივი იყო, მარია და ანასტასია იქ ხშირად ავადმყოფობდნენ. ივნისის შუა რიცხვებში ოჯახი საიპმერატორო იახტა „შტანდარტით" მიემგზავრებოდა, მეტწილად, ფინეთის კუნძულოვანი ნაპირებისკენ.

მოკლე ექსკურსიებისთვის კუნძულებზე გადმოდიოდნენ და სეირნობდნენ. ისვენებდნენ ლივადინის სასახლეში. ძირითად ნაგებობებში საიმპერატორო ოჯახი თავსდებოდა, მიშენებებში —დაცვა და მსახურები. ბანაობდნენ თბილ ზღვაში, საკუთარი ხელით აგებდნენ სილის კოშკებს. ხანდახან კი ქალაქში იპარებოდნენ, რათა ეტლებით ესეირნათ და მაღაზიები მოევლოთ.

პეტერბურგში ამის გაკათება თითქმის მოუხერხებელი იყო, რადგან მეფის ოჯახის ქუჩაში გამოჩენა და ხალხმრავლობით აჟიოტაჟის ატეხვა ერთი იყო. ხანდახან, სამეფო ოჯახის კუთვნილ, პოლონეთის მამულებსაც სტუმრობდნენ, სადაც ნიკოლოზ მეფეს ნადირობა უყვარდა.


გრიგორი რასპუტინი.


როგორც ცნობილია, გრიგორი რასპუტინი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას 1905 წლის 1 ნოემბერს წარუდგინეს. უფლისწულის ავადმყოფობა საიდუმლოებას წარმოადგენდა, ამიტომ, სასახლეში „მუჟიკის" გამოჩენას არასასიამოვნო ხმების დარხევა მოჰყვა. რასპუტინმა სამეფო ოჯახში მალევე მოიპოვა გავლენა.

დედის ზეგავლენით, ხუთივე შვილი სწარფადვე შეეგუა ახალმოსულს და რწმენით განიმსჭვალა „წმინდა მოხუცებულისადმი", ამიტომაც მას საკუთარ განცდებსა და აზრებსაც კი უმხელდნენ. დიდი მთავარი ოლღა იხსენებდა, რომ ერთხელ მეფის თანხლებით საბავშვო საძინებელში შევიდა, იქ კი თეთრ საღამურებში ჩაცმულ ბავშვებს ძილისწინ რასპუტინი ლოცავდა. «„მომეჩვენა, რომ ყველა ბავშვი ძალიან მისჩვეოდა მას, — აღნიშნავდა დიდი მთავარი. — ბავშვები მისდამი სრული ნდობით იყვნენ აღვსილნი".»


ასეთივე ნდობა ჩანს „მოხუცი გრიგორის" მეფის ოჯახისადმი მიწერილ ბარათშიც, რომელიც 1909 წლით თარიღდება: «პატარა ბავშვებო! გმადლობთ გახსენებისა და კეთილი სიტყვებისთვის, სუფთა გულის და ღვთის შვილთა სიყვარულისათვის. გიყვარდეთ ღვთის ბუნება, ყველა მისი ქმნილება დედამიწაზე. ღვთისმშობელი სულ ყვავილებითა და ხელსაქმით იყო დაკავებული.»


ანასტასია სწერდა რასპუტინს: «ჩემო საყვარელო, ძვირფასო და ერთადერთო მეგობარო.

როგორ მინდა ხელახლა თქვენთან შეხვედრა. დღეს სიზმარში გნახეთ. მე ყოველთვის დედასგან ვგებულობ ხოლმე, როდის გვინახულებთ, ბედნიერი ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა ეს მოლოცვა გამოგიგზავნოთ. გილოცავთ ახალ წელს, დაე მან ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგიტანოსთ. მუდამ მახსოვხართ ძვირფასო მეგობარო, რადგან ყოველთვის კეთილი იყავით ჩემს მიმართ; დიდი ხანია აღარ მინახიხართ, მაგრამ ყოველ საღამოს თქვენს ხსენებაში ვარ.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. დედა მპირდება, რომ თქვენი ჩამოსვლისთვის აუცილებლად შევხვდებით ანასთან. ეს აზრი კი სიხარულით მავსებს.
თქვენი ანასტასია.»


იმპერატორის გუვერნანტი სოფია ივანოვნა ტიუტჩევა შოკირებული იყო რასპუტინის ბავშვებზე ამხელა გავლენით და განსაკუთრებით ღიზიანდებოდა, რომ მოხუცი საბავშვო საძინებლებში იოლად შედიოდა; მან ეს ამბავი მეფემდეც კი მიიტანა. მეფემ გუვერნანტის მხარე დაიჭირა, მაგრამ, ალექსანდრა ფეოდოროვნამ და გოგონებმა მამას წინააღმდეგობა გაუწიეს და „წმინდა მოხუცი" შეუპოვრად დაიცვეს. «„ისე მეშინია, რომ ს. ი. ჩვენს მეგობარზე რაიმე ავს იტყვის, — სწერდა დედას ტატიანა 1910 წლის 8 მარტს — ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გადია მისდამი სიკეთეს გამოიჩენს."»


იმპერატრიცას მოთხოვნით, ტიუტჩევა სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, „წმინდა მოხუცი" თავს ზეტმეტის უფლებას ნამდვილად არ აძლევდა, მაგრამ პეტერბურგში იმდენად ბილწი ხმები დაირხა, რომ იმპერატორის და-ძმაც კი აუმხედრდა მოხუც მკურნალს.

ნიკოლოზის დამ ქსენია ალექსანდროვნამ ძმას სასტიკი წერილი მისწერა, სადაც რასპუტინი ხლისტობაშიც კი დაადანაშაულა. ქსენიას ამ „ცრუპენტელა მოხუცის" საქციელი და ბავშვებთან „წარმოუდგენელი" სიახლოვე აღიზიანებდა.

ხელიდან ხელში გადადიოდა საიდუმლო წერილები და კარიკატურები, სადაც რასპუტინისა და იმპერატრიცას, ასევე გოგონებისა და ანა ვირუბოვას ურთიერთობა იყო ასახული. იმისათვის, რომ სკანდალი ჩაეცხრო, იმპერატრიცას წყენის მიუხედავად, მეფემ რასპუტინი სასახლიდან დროებით გაუშვა. „წმინდა მოხუცი" კი წმინდა ადგილების მოსალოცავად გაემგზავრა. მოენეების საქმიანობის მიუხედავად, იმპერატორის ოჯახის ურთიერთობა რასპუტინის მკვლელობამდე — 1916 წლის 17 დეკემბრამდე არ შეცვლილა მის მიმართ.

ა. ა. მორდვინოვი იხსენებდა, რომ რასპუტინის მკვლელობის შემდეგ ოთხივე მეფისწული დათრგუნული და დაუნჯებული იყო, ისინი ერთ-ერთი საძინებლის დივანზე ჩახუტებულები ისხდნენ, თითქოს, ესმოდათო, რომ რუსეთი ისეთ მოძრაობაში მოსულიყო, რომლის გაკონტროლებაც მოკლე ხანში შეუძლებელი შეიქმნებოდა.

რასპუტინს მკერდზე იმპერატორის, იმპერატრიცისა და ხუთივე ბატონიშვილის ხელმოწერილი ხატი დაადეს. მის საფლავზე საგუშაგოს აღმართვა იყო დაგეგმილი, თუმცა, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ჩანაფიქრი განუხორციელებილი დატოვა.


პირველი მსოფლიო ომი. 

თანამედროვეთა გახსენებით, პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების დღეს ანასტასია დედასთან და დებთან ერთად მწარედ ტიროდა. ტრადიციისამებრ, 14 წლის ასაკში იმპერატორის ყოველი ქალიშვილი რუსეთის ერთ-ერთი პოლკის საპატიო მეთაური ხდებოდა. 1901 წელს, მეფისწულის დაბადებასთან დაკავშირებით, წმინდა ანასტასიას სახელი მიიღო კასპიის 148-ე ფეხოსანთა პოლკმა და საპოლკო ზეიმის აღნიშვნაც წმინდანის დღეს - 22 დეკემბერს გადაწყდა. პეტერჰოფში საპოლკო ეკლესიაც ააგეს არქიტექტორ მიხაილ ვერჟბიცკის პროექტით.

14 წლისა ანასტასია საპატიო მეთაური-პოლკოვნიკი გახდა, რაზეც ნიკოლოზმა დღიურში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „ამიერიდან პოლკს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, დიდი მთავარი ანასტასიას სახელობის ფეხოსანთა პოლკი ეწოდა".

ომიანობის დროს იმპერატრიცამ სასახლის ბევრი ოთახი ჰოსპიტლად აქცია. უფროსი დები ოლღა და ტატიანა მოწყალების დები გახდნენ, ხოლო უმცროსი მარია და ანასტასია ჰოსპიტალის პატრონესებად დაინიშნენ.

ორივე და დაჭრილთათვის საკუთარი ფულით ყიდულობდნენ წამლებს, უკითხავდნენ მათ წიგნებს, უქსოვდნენ, ბანქოსა და ჭადრაკს ეთამაშებოდნენ, მათი კარნახით წერილებს წერდნენ, თეთრეულს უკერავდნენ, სახვევებს ადებდნენ და საღამოობით სატელეფონო საუბრებით ართობდნენ

 «დღეს ერთ-ერთ ჩვენს ჯარისკაცს ვუჯექი და კითხვას ვასწავლიდი. მასაც ძალიან მოსწონდა ეს — აღნიშნავდა ანასტასია — მან წერა–კითხვა, აქ, ჰოსპიტალში ისწავლა. ორი გარდაგვეცალა; არადა, წუხელ არ იყო, რომ ერთად ვისხედით.»


მარია და ანასტასია დაჭრილთათვის კოცერტებს აწყობდნენ, რათა ტკივილებისგან გამოწვეული წუხილი როგორმე შეემსუბუქებინათ მათთვის. მთელი დღეები ჰოსპიტალში გაჰყავდათ, ოღონდ კი გაკვეთილები გაეცდინათ.

ანასტასია თავისი ცხოვრების დასასრულამდე ამ დღეებს იხსენებდა: «„მახსოვს დიდი ხნის წინ რომ მოვინახულეთ ჰოსპიტალი. იმედია, ყველა ჩვენი დაჭრილი საბოლოოდ ცოცხალი დარჩა. თითქმის ყველა მათგანი ცარსკოე სელოდან წაიყვანეს. გახსოვს ლუკანოვი? ისეთი უბედური და თავაზიანი იყო ერთდროულად, და ბავშვივით სულ ჩვენი სამაჯურებით თამაშობდა.

მისი სავიზიტო ბარათი ალბომში ჩამრჩა, ალბომი კი ცარსკოეში დამრჩენია. ახლა საძინებელში ვარ, მაგიდასთან ვზივარ და ვწერ, მაგიდაზე კი ჰოსპიტლის ფოტოები აწყვია. იცი, საოცარი დრო იყო ჰოსპიტალს რომ ვნახულობდით. ხშირად ვიხსნებთ ხოლმე ამას, ასევე ჩვენს სატელეფონო საუბრებს და ათას რამეს"...»

შინა პატიმრობისას.


ანასტასია, ოლღა, ალექსეი, მარია და ტატიანა წითურას შემდეგ თმაგადაპარსულები.


ლედის დენის გახსენებით, (იულია ალექსანდროვნა ფონ დენი), რომელიც ალექსანდრა ფეოდოროვნას უახლოესი დაქალი იყო, 1917 წლის თებერვალში, გაგანია რევოლუციის დროს, ბავშვებს, ერთი-მეორის მიყოლებით, წითურა შეხვდათ.

ანასტასია სულ ბოლოს ჩაწვა, როცა სასახლე უკვე გარშემორტყმული იყო ამბოხებული ჯარით.

მეფე იმდროს მოგილიოვში მთავარსარდლად იყო, სასახლეში კი მხოლოდ იმპერატრიცა და ბავშვები დარჩენილიყვნენ.

1917 წლის 2 მარტის ღამეს, ლედი დენი სასახლეში დარჩა და ჟოლოსფერ ოთახში დაწვა ანასტასიასთან ერთად. ბავშვებს, ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად, აუხსნეს, რომ გარსმომდგარი ჯარებიც და სროლების შორეული ხმებიც სამხედრო სწავლების ფარგლებში ეწყობოდა და მეტი არაფერი. ალექსანდრა ფეოდოროვნა ბავშვებისგან სიმართლის დამალვას იქამდე ცდილობდა, სანამ კი შესაძლებელი იქნებოდა. 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ მეფე ჩამოაგდეს.

ოთხშაბათს, 8 მარტს, სასახლეში გრაფი პავლე ბენკენდორფი მივიდა და დროებითი მმართველობის გადაწყვეტილება აუწყა დამხვედრთ, რომ საიმპოერატორო ოჯახი შინა პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო ცარსკოე სელოში.

უნდა შედგენილიყო იმ პირთა სია, ვისაც სურვილი ექნებოდა სამეფო ოჯახთან დარჩენილიყო შინა პატიმრობისას და ლედი დენმაც მყისვე შესთავაზა თავისი კანდიდატურა. 9 მარტს მამის სამეფო ტახტიდან მოკვეთის შესახებ ბავშვებსაც შეატყობინეს. რამდენიმე დღეში ნიკოლოზიც დაბრუნდა.

შინა პატიმრობაში ცხოვრება მეტად მოსაწყენი აღმოჩნდა. სადილისას კერძების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რადგან, პერიოდულად, სამეფო სუფრის მენიუ ქვეყნდებოდა და ისედაც გამძვინარებული ბრბოისთვის ზედმეტი მიზეზის მიცემა ნადვილად არ იყო საჭირო. ცნობისმოყვარენი ღობეებიდან ხშირად უჭვრეტდნენ ხოლმე პარკში მოსეირნე ოჯახს, ამიტომაც, სეირნობის რაოდენობა და ხანგრძლივობაც შეამცირეს.

1917 წლის 22 ივნისს გოგონებისთვის თმის გადაპარსვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან მათ მაღალ სიცხეს ვერ უგდებდნენ და ძლიერ წამლებზე ჰყავდათ, რამაც თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვია. ალექსეიმაც მოითხოვა გადაეხოტრათ, რითიც დედის უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაფრის მიუხედავად, ბავშვების აღზრდა-განათლება ჩვეული რეჟიმით გრძელდებოდა.

მთელი პროცესო ჟიიარმა, ფრანგულის მასწავლებელმა ითავა; თავად ნიკოლოზ მეფე ბავშვებს გეოგრაფიასა და ისტორიას ასწავლიდა. ბარონესა ბუქსჰევდენმა ინგლისურისა და მუსიკის გაკვეთილები ითავა.

მადემუაზელ შნაიდერი არითმეტიკას ასწავლიდა, გრაფინია ჰენდრიკოვა კი ხატვას. ალექსანდრა მართლმადიდებლობას ასწავლიდა.

უფროსი და ოლღა, იმის მიუხედავად, რომ მისი განათლება დასრულებული იყო, ხშირად მაინც ესწრებოდა ხოლმე მეცადინეობებს და უკვე ნასწავლის სრულყოფას ახდენდა. იმდროს ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ სამეფო ოჯახს უცხოეთში გაეღწია.

მაგრამ, გეორგ V-მ, რომლის პოპულარობაც ქვეშევრდომთა თვალში დღითი დღე ეცემოდა, გადაწყვიტა არ გაერისკა და სამეფო ოჯახი გაწირა, რითიც მინისტრთა კაბინეტის შოკირება გამოიწვია.

საბოლოო ჯამში, დროებითმა მმართველობამ მეფის ოჯახობის ტობოლსკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გამგზავრების წინადღეს მათ მსახურებთან დამშვიდობება, საყვარელი ადგილების —— პარკის, ტბორებისა და კუნძულების უკანასკნელად ნახვა მოახერხეს.

ალექსეიმ თავის დღიურში ჩაწერა, რომ სწორედ იმდღეს, თავის უფროს და ოლღას ხელი ჰკრა და წყალში ჩააგდო.

1917 წლის 12 აგვისტოს, იაპონიის წითელი ჯვრის დროშით მავალი მატარებელი, დასავლეთის გზიდან ყველასათვის საიდუმლოდ გავიდა.
ტობოლსკი [რედაქტირება]

26 აგვისტოს ორთქლმავალ „რუსით" საიმპერატორო ოჯახი ტობოლსკში ჩავიდა. მათთვის განკუთვნილი სახლი ჯერ მზად არ იყო, ამიტომ პირველი რვა დღე მათ ხომალდზე გაატარეს. როგორც იქნა, ბადრაგის თანხლებით, ოჯახი გუბერნატორის ორსართულიან სახლში მიიყვანეს, სადაც მათ ამიერიდან უნდა ეცხოვრათ. გოგონები მეორე სართულზე, კუთხის საძინებელ ოთახში დააბინავეს.

ანასტასიამ თავისი კუთხე ფოტოებითა და ნახატებით მორთო. გუბერნატორის სახლში ცხოვრება მეტისმეტად დუნედ მიედინებოდა—მთავარ გართობას სახლთან ჩამვლელების ფანჯრიდან ცქერა წარმოადგენდა.

დილის 09:00-დან გაკვეთილები, შემდეგ ერთსაათიანი შესვენება და მამასთან ერთად გასეირნება. 12:00-დან 13:00-მდე ისევ მეცადინეობა. სადილი. 14:00-დან 16:00 საათამდე სეირნობა, ან შინაურული სპექტაკლი, ზამთრობით კი თვითნაკეთი ბორცვებიდან დაცურება. 

ანასტასია, მისივე თქმით, გატაცებით ამზადებდა შეშას და კერავდა. ამის შემდეგ, განრიგის მიხედვით, საღამოს მსახურება და დასაძინებლად წასვლა. სექტემბერში ოჯახს უახლოეს ეკლესიაში დილის ლოცვაზე დასწრების ნება დართეს. ჯარისკაცები ლამის ეკლესიის კარამდე ცოცხალ დერეფანს უქმნიდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას მეფის ოჯახისადმი უფრო თბილი ეთქმოდა. ანასტასიამ მოულოდნელად გასუქება დაიწყო. ამის თაობაზე იმპერატრიცამ დაქალსაც კი მისწერა: „ანასტასია, თავისდა გასაკვირად, გასუქდა და რამდენიმე წლის წინანდელ მარიას დაემსგავსა — ასეთივე დიდრონი წელი და მოკლე ფეხები... ვიმედოვნოთ, რომ ეს ასაკთან ერთად გაივლის..."

«საშინლად კარგად მოვაწყეთ კანკელი სააღდგომოდ, როგორც წესია, სულ ნაძვის ხისგან არის, და ყვავილებიც დავდგით. ფოტოებიც გადავიღეთ, იმედია, გამოვა.

ხატვას ვაგრძელებ, ამბობენ, არა უშავსო, სასიამოვნოა. საქანელებზე ვქანაობდით, ჩამოვარდნა კი ისეთი საოცარი იყო. წუხელ იმდენჯერ მოვუყევი დებს, რომ მოსწყინდათ კიდეც, კიდევ არაერთხელ მოვუყვებოდი ვინმეს, მაგრამ, აღარავინ არის. არადა, იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი თქვენთვისაც და შენთვისაც.

ჩემს ჯიმის გაეღვიძა და ახველებს, ამიტომაც სახლში ზის; თავს გიკრავთ ორივენი. კაი ამინდი იყო. სიამოვნებისგან ყვირილიც კი მოგინდებოდა. ყველაზე მეტად გავირუჯე, აკრობატს დავემსგავსე სულ! ეს დღეები კი ულამაზოდ და მოსაწყენად მიდის; ცივა, ამ დილას კინაღამ გავიყინეთ, მაგრამ, შინ არ დავბრუნებულვართ... დიდი ბოდიში, მაგრამ, საზეიმო დღეების მოლოცვა დამავიწყდა თქვენთვის, გკოცნით, სამჯერ კი არა, უთვალავჯერ. სიხარულო, ყველანი გმადლობთ წერილისთვის.»


(ეს წერილი ანასტასიამ დას, მარიას, მისწერა აღდგომის კვირას, 1917 წელს.)
«ეს დღეები ჩვენთან მზიანი ამინდი დაიჭირა, უკვე დაცხება. ძალიან სასიამოვნოა! ამიტომაც, ვცდილობთ მეტი დრო ჰაერზე გავატაროთ. ბორცვიდან აღარ ვეშვებით ხოლმე, არადა, ჯერ კიდევ დგას, თუმცა კი გააფუჭეს და გარდი-გარდმო სანიაღვრეები ამოუთხარეს, რომ აღარ დავცურებულიყავით.

არა უშავს; ეტყობა ამით დაწყნარდნენ, რადგან, უკვე ბევრს ესობოდა თვალში. საშინელი სისულელე და უსუსურობაა, ხომ? ჩვენ კი სხვა გასართობი ვიპოვეთ. შეშას ვხერხავთ, ვაპობთ და ვჭრით, სასარგებლოც არის და სახალისოც.

უკვე კარგადაც გამოგვდის. ამით ბევრს ვეხმარებით, არადა, ჩვენთვის გართობაა. ბილიკებსა და სადარბაზოსაც ვასუფთავებთ, მეეზოვეებად ვიქეცით. ჯერ სპილოდ არ გადავქცეულვარ, მაგრამ, ალბათ ახლო მომავალში არც უმაგისობა იქნება.

არ ვიცი რატომ მომდის, ალბათ ნაკლები მოძრაობის გამო. — ბოდიში მომიხდია საშინელი ნაწერის გამო, რაღაც ხელს ვეღარ ვამოძრავებ. მთელი კვირა სახლში ვისხედით და ვმღეროდით. ეკლესიაშიც ვიყავით, როგორც იქნა.

ზიარებაც შეიძლება ჩვენთვის. აბა, თქვენ როგორ ხართ და რასა იქმთ? ჩვენსა განსაკუთრებული არაფერია რომ მოგწეროთ. ახლა კი უნდა მოვრჩე, რადგან ჩვენს ეზოში გავდივართ სამუშაოდ.

ყველანი გეხვევით შენც და დანარჩენებსაც. აბა კარგად. დეიდა სულიკო.»
(ეს სტრიქონები კი სხვა წერილიდან არის, რომელიც დიდი მთავარი ქსენია ალექსანდროვნასადმია მიმართული.)

ეკატერინბურგი .

ანასტასიას ბოლო პორტრეტი. გადაღებული იპატიევის სახლში 1918 წლის 13 ივლისს.

1918 წლის აპრილში მეოთხე მოწვევის სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა ყოფილი მეფის მოსკოვში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, მისი გასამართლების მიზნით. დიდი ხნის ჭოჭმანის შემდეგ ალექსანდრამაც გადაწყვიტა ქმრის თანხლება, ოღონდ, დახმარებისთვის მას ქალიშვილი მარია დასჭირდებოდა, რომელიც მათ უნდა გაჰყოლოდა.

დანარჩენები მათ ტობოლსკში უნდა დალოდებოდნენ. ოლღას მოვალეობას ავადმყოფ ძმაზე ზრუნვა შეადგენდა, ტატიანას მოვალეობას —დიასახლისობა, ხოლო ანასტასიას მოვალეობას — ყველას გართობა.

გართობის საქმე ცოტა გაუჭირდა ანასტასიას, რადგან მშობლების გაცილების წინა ღამეს მთელი ოჯახი ფხიზლობდა, დილაუთენია კი, როდესაც მათი სახლის წიშკარს გლეხური ეტლი მიადგა, სამივე ქალიშვილმა ცრემლიანი თვალებით გააცილა მშობლები ეზოს ჭიშკრამდე.

დაცარიელებულ სახლში ცხოვრება მძიმედ და უხალისოდ მიედინებოდა. ბავშვები მკითხაობდნენ წიგნების მიხედვით, ერთმანეთს ხმით უკითხავდნენ ან სეირნობდნენ. ანასტასია ძველებურად ქანაობდა საქანელაზე და ავადმყოფი ძმის გართობას ცდილობდა. სამეფო ოჯახთან ერთად დაღუპული, ლეიბ-მედიკოსის ვაჟის, გლებ ბოტკინის გახსენებით, ერთხელ მან ანასტასია შენიშნა სარკმელთან და მის დასანახად დაიხარა.

დაცვამ კი იგი უმალვე გააძევა ამის გამო და დახვრეტით დაემუქრა, თუ კიდევ ითავხედებდა და მიუახლოვდებოდა მეფის ასულების ფანჯრებს.

1918 წლის 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზის, ალექსანდრასი და მარიას მოსკოვს გამგზავრება რაღაც მიზეზით გადაიდო და ისინი იძულებულნი შეიქმნენ ეკატერინბურგში დარჩენილიყვნენ ინჟინერ იპატიევის სახლში.

სახლი ახალი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მეფის გვარის განსათავსებლად იყო გამოყოფილი. სწორედ ამ დროით დათარიღებულ წერილში იმპერატრიცა ქალიშვილებს მედიკამენტების ყაირათიანად გამოყენებას ავალებდა — ამ სიტყვის ქვეშ კი ძვირფასეულობა იგულისხმება, რომელთა წამოღებაც მათ უნდა მოეხერხებინათ.

უფროსი დის ტატიანას ხელმძღვანელობით ანასტასიამ წამოღებული ძვირფასეულობა კაბის კორსეტში ჩა

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1565 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები