00:55 ხევსურეთი. | |
ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა. | |
|