ოთხშაბათი, 08.05.2024, 04:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » იურული პერიოდის პარკი სათაფლიაში.
23:59
იურული პერიოდის პარკი სათაფლიაში.

საქართველოს დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად მოგზაურობა შეგიძლიათ უკიდურესი აღმოსავლეთიდან - ვაშლოვნის ნაკრძალიდან დაიწყოთ და კოლხეთის დაბლობით დაასრულოთ. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი სათაფლიის ნაკრძალს სტუმრობს.

მათ კარსტული მღვიმის დათვალიერება და დინოზავრის უნიკალური ნაკვალევის ნახვა სურთ... გვესაუბრება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე:

- ახალ ტურისტულ სეზონში სათაფლიის ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება, რადგან მისი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს. სათაფლიამდე მისასვლელი გზა უკვე გაკეთებულია.

მიმდინარეობს შიდა ბილიკების კეთილმოწყობა, კეთდება ავტოსადგომი, იდგმება სალაროები. რაც მთავარია, დინოზავრის ნაკვალევი გადახურული შენობის ქვეშ მოვაქციეთ, ვინაიდან ღია ცის ქვეშ ფუჭდებოდა.

მნახველმა ცოცხლად რომ აღიქვას ნაკვალევის მნიშვნელობა და წარმოშობა, მოეწყობა იურული პერიოდის პარკი, სადაც დინოზავრების ფიტულები იმოძრავებენ.

რაც შეეხება მღვიმეს, მას ტემპერატურის ცვალებადობა ვნებს. საჭიროა ჰერმეტიზაცია, რისთვისაც კარის გაკეთებაა საჭირო. მღვიმეში დამონტაჟდება ფერადი განათება და აუდიოეფექტები. ვინაიდან ეს დიდი ტერიტორიაა და დათვალიერებას საკმაო ხანი სჭირდება, ბავშვებისთვის კეთდება გასართობი მოედანი და კაფე.

სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ღია გაკვეთილებისა და კონფერენციების ჩატარება. 

აქვე იქნება საგამოფენო დარბაზი, სადაც დამთვალიერებელი მიიღებს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, რით არის ეს ნაკრძალი უნიკალური. ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე იქნება ადმინისტრაციული შენობა სასტუმროთი და საკონფერენციო დარბაზით, ხოლო მღვიმის თავზე მოეწყობა გადასახედი, საიდანაც გამოჩნდება ქუთაისისა და გელათის ხედი. გამჭვირვალეიატაკიანი გადასახედი 500 მეტრის სიმაღლეზე იქნება დაკიდებული.
- იმერეთის დაცულ ტერიტორიაზე 12 მღვიმეა...

- ტურისტებს შორის პოპულარულია ყუმისთავის მღვიმე, რომლის კეთილმოწყობაც ასევე შემოდგომისთვის დასრულდება. ეს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა და მასშტაბით საერთაშორისო მნიშვნელობისაა. მის გასავლელად ერთი საათია საჭირო. ეტაპობრივად სხვა მღვიმეებიც გაკეთდება.
მღვიმეებს არა მხოლოდ ტურისტული, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, მღვიმის მიკროკლიმატი არაერთ დაავადებას კურნავს. ვფიქრობთ, იქ სამკურნალო ტურიზმიც განვავითაროთ.
- რა სიახლეებით ხვდება დაცული ტერიტორიები ახალ ტურისტულ სეზონს?
- ახალ სეზონს ორი ახალი ტურისტული პროდუქტით ვხვდებით.

ერთია ველოტურები, ანუ სპეციალური მთის ველოსიპედებით გასვლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტულ ბილიკებზე და თუშეთის ეროვნულ პარკში, მეორე კი სანაოსნო ტურებს გულისხმობს კოლხეთის ეროვნულ პარკში, კერძოდ, პალიასტომის ტბაზე და ფიჩორის ულამაზეს ხეობაში. სანაოსნო ტურები მოეწყობა გაშლილ ზღვაშიც დელფინებზე დასაკვირვებლად.

სიახლეა ფასების მხრივაც: ჯგუფური ტურებისთვის იქნება სპეციალური წინადადება - 50%-იანი ფასდაკლება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ტურისტებს შეუძლიათ ღამე გაათიონ როგორც კარავში, ასევე სასტუმროში, დაჯავშნონ ნომერი რამდენიმე დღით.

ბათუმსა და ქობულეთში დასასვენებლად ჩასულებს შეუძლიათ ნახონ კინტრიშისა და მტირალას პარკები, სადაც უნიკალური ბუნებაა, ზღვის ნაპირიდან ერთი საათის სავალზე მოხვდნენ აჭარის მთიან ზოლში, მტირალას მთაზე შეუძლიათ დაათვალიერონ უნიკალური ძველი აჭარული სახლები, ჩანჩქერები, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები, ბზის კორომები.

- დაცულ ტერიტორიებში ტურიზმის განვითარება ხომ არ გამოიწვევს ამ ტერიტორიების დაზიანებას?
- ძირითადი პრობლემა დანაგვიანებაა. მოპიკნიკეები ყველაფერს ადგილზე ტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ყუთები იქვეა. სამწუხაროდ, ზიანდება საინფორმაციო დაფებიც, რომლებიც ყველა ბილიკზე დგას.

ეროვნული პარკის დაცვა რეინჯერთა სამსახურს აკისრია. მათ უნდა გამოავლინონ გადაცდომები - ხის მოჭრა იქნება ეს, ნადირობა თუ დანაგვიანება. ტურისტების უსაფრთხო გადაადგილებასაც ისინი უზრუნველყოფენ და პირველად სამედიცინო დახმარებასაც.

ცნობისათვის

საქართველოში ქვეყნის ტერიტორიის 7% დაცულია და 495 892 ჰექტარს მოიცავს. დღეს საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 12 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1360 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები