ოთხშაბათი, 08.05.2024, 04:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 24 » ჰიუ გრანტი - "როგორიც სინამდვილეში ვარ, ბევრს სულაც არ ვუყვარვარ"
00:18
ჰიუ გრანტი - "როგორიც სინამდვილეში ვარ, ბევრს სულაც არ ვუყვარვარ"

ნამდვილად ძნელი დასათვლელია, მსოფლიოს რამდენი ქალის გული დაუპყრია ჰიუ გრანტს თავისი ფილმების მეშვეობით. თვითონ ჰიუ დიდი ხანია მიეჩვია, მშვიდად შეხვდეს ქალების მხრიდან გადამეტებულ ყურადღებას, თუმცა უკვე 50 წლის ხდება და ისე გამოიყურება, ნებისმიერ ახალგაზრდა გოგონას მოხიბლავს. "ნოტინგ ჰილისა" და "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" ვარსკვლავი ახალ ფილმში გამოჩნდა - "მორგანების გაქცეული წყვილი". ჰიუ სწორედ თავისი ახალი ფილმის მორიგ პრემიერაზე "გამოიჭირეს" ჟურნალისტებმა.


"მე და სარამ პროდიუსერები გავაშაყირეთ"

- თქვენს ახალ ფილმში სარა ჯესიკა პარკერთან ერთად ითამაშეთ. ამბობენ, რომ ეს სცენარი საგანგებოდ თქვენი წყვილისთვის დაიწერა...
- ეს ჩვენი მეორე ერთობლივი ნამუშევარია, ამიტომ იოლად ვითამაშეთ ცოლქმრული წყვილი. გადაღებებამდე მე და სარამ პროდიუსერებთან გახუმრება გადავწყვიტეთ და "სკანდალი" მოვაწყვეთ: ერთობლივი ვახშმის შემდეგ მათ დავუტოვეთ ბარათები პირობებით, რომ ერთად არ ვითამაშებდით.

პარკერმა ბარათში მე მიწოდა "თავხედი, რომელიც ერთხელ საშინლად დათვრა და მას არშიყი დაუწყო", მე კი დავწერე, რომ ჩემი მომავალი პარტნიორი "უბრალოდ აუტანელია". რასაკვირველია, მერე გავამხილეთ ხუმრობა და გადასაღებ მოედანზე დიდი სიხარულით დავდიოდი, მართლა კარგად გავერთეთ მე და სარა.

- ისე, ახლა სად არის თქვენი ეკრანული მეუღლე?
- იცით, დღეს სამშაბათია, ამ დღეს კი ის ჩვეულებრივ ახალი ბავშვების კეთებით არის დაკავებული... ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ, თვითონ მთხოვა, ასე გადმომეცა თქვენთვის. უნდოდა მოსვლა, მაგრამ დრო ვერ შეარჩია (იცინის).

- თქვენი ახალი ფილმის გადაღებები უმთავრესად ამერიკის ერთ-ერთ ღრმა პროვინციაში მიმდინარეობდა...
- რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, იქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. და ეს იმ დროს, როცა დიდი ქალაქის ნაზი და განებივრებული მცხოვრები ვარ. ვფიქრობ, ეს რომ ყოფილიყო არა ლეგენდარულ ველურ დასავლეთში, არამედ, ვთქვათ, ინგლისურ პასტორალურ სოფელში, საშინლად მოვიწყენდი.

თუმცა მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მომიწყენია. მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ძვირფასი ლონდონური ბინა და მანქანა, მყუდრო რესტორნები და კაფეები.

- ნუთუ მისის პარკერი არ გილამაზებდათ ამ დღეებს?
- დიდად არ მართობდა, უფრო სხვა რამით გამაოცა... არ მეგონა, რომ ასეთ მომხიბვლელ ქალს ასეთი დახვეწილი იუმორის გრძნობაც ექნებოდა. ჩვენ, ინგლისელები ხომ ამას დიდად ვაფასებთ. ტყუილად კი არ მიიჩნევა ჩვენი ერი ერთ-ერთ ყველაზე ირონიულად და იუმორის მოყვარულად მსოფლიოში. აბა, როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაში, საშინელი საჭმლით, ირონიის გარეშე.

"მე და ჩემი ძმისშვილი ერთად დავთვერით"

- ბრიტანული პრესა გამუდმებით მოგიხსენიებთ როგორც ლოველასს, ცოლი კვლავ არ გყავთ. ყველაზე ცნობილი რომანი გქონდათ ულამაზეს ლიზ ჰარლისთან, რომელიც მოგვიანებით მილიონერს გაჰყვა ცოლად, თუმცა დღემდე მეგობრობთ...
- არ დაიჯეროთ! ბრიტანული პრესა ამაზრზენი და აბეზარია. მე ცნობილი პერსონა ვარ და ამიტომაც არ ვებრალები.

- ნუთუ საერთოდ არ აქვთ ამის მიზეზი?
- როგორ გითხრათ, რასაკვირველია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს... თუმცა პირადი სიმშვიდისა და კუჭის მოქმედების დასარეგულირებლად, საერთოდაც გადავეჩვიე გაზეთების კითხვას. რაც უნდათ, ის უქნიათ...

ისე, ამ გაზეთებიდან ხანდახან საკუთარ თავზე იმდენი ახლის გაგება შეიძლება (გაზეთებში არაერთხელ მოხვედრილა ჰიუ თავისი ახირებული ხასიათისა და ქალების სიყვარულის გამო. ცნობილი გახდა სკანდალები სტრიპტიზიორ ქალთან, ასევე მისი ღამეული გართობების ამბავი რამდენიმე ქალთან ერთად, ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისა და ხულიგნობის გამო ციხეშიც მოხვედრილა - მთარგმ.)...



- უკვე 49 წლის ხართ და ჯერ შვილები არ გყავთ, სამაგიეროდ, უამრავი ძმისშვილი გყავთ. ამაყობენ ცნობილი ბიძით?
- ალბათ უფრო პირიქით - საშინლად რცხვენიათ. რაც სულაც არ უშლით ხელს იმაში, რომ ჩემი მცველების როლში გამოვიდნენ, როდესაც სხვა ბავშვები ჩემი ავტოგრაფის მიღებას ცდილობენ ან ჩემს საკოცნელად იწევენ...

ჩემი "მცველები" მათ აქტიურად იგერიებენ. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ, ბევრს სულაც არ ვუყვარვარ. ჩემი ძმისშვილები სწორედ ამ მცირე ადამიანებს შორის არიან.

სხვათა შორის, ამ დღეებში ერთად ვიყავით ლონდონურ პაბში. ღამის სამ საათზე გამოვფხიზლდი. პირველი რაც გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, ჩემს ძმისშვილთან ერთად გამოვთვერი!" მართლა მაგარი იყო!

"ჰოლივუდს მალე დავტოვებ"

- როგორ აპირებთ 50 წლის იუბილეს აღნიშვნას?
- წყნარად, მშვიდობიანად. ზედმეტი პომპეზურობის გარეშე. ვცდილობ, ეს აღვიქვა როგორც უბრალოდ 50, უბრალოდ რაღაც რიცხვი და მეტი არაფერი. ასე რომ, ამაზე მეტისმეტად ბევრს არ ვფიქრობ.

- თქვენს ფილმოგრაფიაში 50-ზე მეტი ფილმია. მათ შორის რომელიმე არის ყველაზე საყვარელი?
- ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს ტრაგიკომედია "ოთხი ქორწინება და ერთი დაკრძალვა". მიყვარს სინაზისა და გულწრფელობის გამო.

- სამომავლოდ რა გაქვთ დაგეგმილი?
- არ არის გამორიცხული, საერთოდაც დავტოვო ჰოლივუდი. ამ ბოლო დროს წიგნის გამოქვეყნებაზე ვფიქრობ. გამუდმებით ვფიქრობდი იმაზე, რომ როგორც კი რამდენიმე კარგ კინოსურათში ვითამაშებდი და კარგ ფულს ვიშოვიდი, რომანი უნდა დამეწერა.

- ანუ უკვე დაიწყეთ წერა?
- ნახევარი დაწერილი მაქვს. ვერა და ვერ დავასრულე. როგორც კი გადავწყვეტ, სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს, რაიმე კარგ სცენარს მთავაზობენ, კარგი ფულით და ლამაზი ქალებით.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1063 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები