კვირა, 05.05.2024, 20:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი.
19:03
რა? სად? როდის? შეკითხვების არქივი.

"რა? სად? როდის?” — ამ თამაშმა ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ამის მიზეზი ბევრია. ამ გადაცემას თავიდანვე რაღაც განსაკუთრებული სახე ჰქონდა იმ დროის ტელესივრცეში. იმ პერიოდში საბჭოთა მაყურებელი მიკლებული იყო ასეთი სახის ინტელექტუალურ თამაშებს და ახალი ხილი ყველამ კარგად მიიღო. უნიკალური სახის შეკითხვები, ისეთი ტიპის, როგორიც ჯერ არსად არავის ჰქონდა მოსმენილი უდიდესი პლიუსი იყო ამ თამაშისა. მაყურებელი თითქოს მოთამაშეებთან ერთად თამაშობდა ეკრანის აქეთა მხრიდან, მათთან ერთად ფიქრობდა, კამათობდა, იძლეოდა პასუხებს და იმარჯვებდა. ბავშვობაში ყველას უყვარდა გამოცანები და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გამოცანებმა დიდებისთვის ასეთი პოპულარობა მოიპოვეს. ყოველი დიდი ადამიანის აუსრულებელი ოცნება ხომ ბავშვობაში დაბრუნებაა, იქ სადაც შენ უყვარდი, შენზე ზრუნავდნენ და ყველაფერი წინ გქონდა. სამწუხაროდ ბავშვობაში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ ბავშვური ატმოსფეროს შექმნა შეიძლება. ადამიანი გამუდმებით ცდილობდა თავი ბავშვობაში ეგრძნო, ცოტა ხნით მაინც მოწყვეტილიყო სერიოზულ ცხოვრებას და ბავშვური თამაშებით გართულიყო — სპორტით, თეატრით, აზარტული თამაშებით და, რათქმაუნდა, თამაშით "რა? სად? როდის?”.

ნებისმიერი მოთამაშე დამეთანხმება, რომ თამაშის დროს ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება. კარგი თამაში კი კარგი შეკითხვების გარეშე არ იქნება. "რა? სად? როდის?” შეკითხვები შეიძლება რამოდენიმე ტიპად დავყოთ თავიანთი შედგენილობის მოდელის მიხედვით.

შერჩევა. ეს შეკითხვის ყველაზე გავრცელებული სახეა. კითხვაში მოცემული ძირითადი ინფორმაციის საფუძველზე მოთამაშემ შესაძლო სწორი პასუხებიდან (რომელთა რაოდენობაც არცისე ბევრია ხოლმე) უნდა ამოარჩიოს ყველე მეტად შესაძლებელი ვერსია. ნაკლებად ცნობილი ფაქტები, რომელთაც არასწორი ვერსიის უარყოფა შეუძლიათ კითხვაშივეა ხოლმე მოყვანილი, ხოლო ფართოდ ცნობილი ფაქტების გახსენება კი თავად მოთამაშეს მოუწევს.
მაგალითი: შვედი მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ, თუ რომელი მხატვრული ნაწარმოები იყო ყველაზე პოპულარული და დაადგინეს, რომ ბოლო 350 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ხდებოდა იმ ნაწარმოების გამოცემა, რომელიც ყველასთვის ბავშვობიდანაა ცნობილი. დაასახელეთ ეს წიგნი.
პასუხი: "რობინზონ კრუზო”.

მოზაიკა. მოყვანილია რამოდენიმე განსხვავებული ფაქტი ადამიანზე ან რაიმე საგანზე და საჭიროა განისაზღვროს, თუ რაზეა საუბარი. ყოველი მოცემული ფაქტი, რომელიც არაფერ კავშირში არ არის სხვა ფაქტთან, სულ უფრო ავიწროებს პასუხის განსაზღვრის არეს და ყველას ერთად კი სწორ პასუხამდე მივყავართ.
მაგალითი: ძველ საბერძნეთში ამას ქალებიც და კაცებიც ატარებდნენ. ეგვიპტელებს კი ამის ტარების ტრადიცია დიდი ხნის წინათაც ჰქონდათ. რომაელებთან მოხმარებაში ეს ნივთი იმპერიის გარიჟრაჟზე შევიდა, თანაც ისინი გერმანულ ამას ანიჭებდნენ უპირატესობას. საფრანგეთში კი ამის ფართოდ მოხმარება ლუდოვიკ XIII-მ 1624 წელს დაიწყო. რომელმა მისმა დამახასიათებელმა ნიშანმა შეუწყო ამას ხელი?
პასუხი: სიმელოტემ — საუბარი იყო პარიკებზე.

ეტიმოლოგია. ეს არის შეკითხვა სიტყვის ან გამოთქმის წარმომავლობის შესახებ. აქვე შედის სიტყვის განსაზღვრა მისი ადრეული ფორმის მიხედვით.
მაგალითი: V-VII საუკუნეების ევროპის მონასტრებში უბრალო მონაზონს არ შეეძლო ბიბლიის დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება. რა ბერძნული წარმოშობის სახელი შეარქვეს იმ დროის მონასტრებისთვის ასეთ ტიპიურ მონაზვნებს?
პასუხი: იდიოტი, ეს სიტყვა ბერძნულიდან ითარგმნება როგორც "ტიპიური” (შეადარეთ სიტყვას "იდიომა” — რომელიმე ენის ტიპიური, დამახასიათებელი გამოთქმა).

რა თქვა მან... ეს ტიპიც საკმაოდაა გავრცელებული. მოყვანილია ბრძნული ან მახვილგონივრული გამონათვამი ფოლკლორიდან ან რომელიმე ცნობილი პიროვნების სიტყვებიდან და საჭიროა მისი დასრულება.
მაგალითი: ცნობილ ბიოლოგს ნიკოლაი ტიმოფეევს ფიზიკასთან რთული დამოკიდებულება ჰქონდა. იგი ხშირად ამბობდა, რომ ნებისმიერ ფიზიკურ აპარატსა თუ მოწყობილობაში პირველ რიგში ამას ეძებდა. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ღილაკი "Stop” (ტექნოფობებს ყოველთვის ამშვიდებს ის გარემოება, რომ მოწყობილობის გაჩერება ნებისმიერ მომენტში შეიძლება).

პრობლემა. დავალება მდგომარეობს იმაში, რომ მოთამაშემ თავიდან გადაჭრას უკვე გადაჭრილი პრობლემა — ეს იქნება ფსიქოლოგიური, დიპლომატიური, ტექნიკური თუ სხვა სახის. მან უნდა გაიმეოროს ადრე ნაპოვნი გადაწყვეტილება (ხშირად ანეკდოტური ან პარადოქსალური) ან ახსნას მიღებული გადაწყვეტილების არსი და აზრი.
მაგალითი: აშშ-ში გენური ინჟინერების ძალისხმევის შედეგად გამოყვანილ იქნა ბამბის ისეთი სახეობა, რომელსაც ძალიან პრიალა და სრიალა ფოთლები ჰქონდა.რა სარგებელი მოჰქონდა ასეთ ფოთლებს?
პასუხი: ასეთ ფოთლებზე მავნებლების კვერცხები ვერ ჩერდებოდა და სრიალდებოდა.

ალეგორია. ასეთ შეკითხვაში ხდება ჩვენთვის ყველასათვის ნაცობი რამის უჩვეულო რაკურსით აღწერა, ისე, რომ საკმაოდ რთულია მიხვდე, თუ რაზეა საუბარი.
მაგალითი: 1988 წლის ოქტომბერში ამ მსახიობის იუბილე მსოფლიოს მრავალ ქალაქში აღინიშნა. ამერიკულმა ჟურნალმა "Film Comment” იგი XX საუკუნის ყველაზე ცნობილ მსახიობად აღიარა. მისი ქანდაკებები დგას მადამ ტიუსოს მუზეუმში და ტაილანდის ერთ-ერთ ტაძარშიც კი ვიშნუს ქანდაკების გვერდით. ჰიტლერ კი იგი დასანახად ეჯავრებოდა და მას "დემოკრატიის კერპის საცოდავ პაროდიად” მიიჩნევდა. ვინ არის ეს "ოსკარის” მრავალგზის ლაურეატი მსახიობი?
პასუხი: ეს "მსახიობია” მიკი მაუსი.

ისტორიული ფონი. ამ ტიპის შეკითხვებში აღწერილია წარსულში მომხდარი სიტუაცია, პასუხი რომელზეც მოდის თუ გაიხსენებთ ამ მოვლენის პერიოდში მომხდარ ისტორიულ ფაქტებს.
მაგალითი: ეს გრძელდებოდა 1815 წლის 19 მარტიდა 8 ივლისის ჩათვლით, ანუ 11 დღით უფრო მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივ თვლიან. მაინც რა?
პასუხი: ნაპოლეონის ხელისუფლებაში დაბრუნების 100 წელი.

ლოგიკური ამოცანა. ეს არის მკაცრად განსაზღვრული შეკითხვა, სადაც სწორი პასუხის გამოცნობას თითქმის არ ჭირდება გარეშე ინფორმაციის ცოდნა — მთავარია მოთამაშემ გამოანგარიშება მოასწროს ერთ წუთში.
მაგალითი: 1 ფუნტი უდრის 12 უნციას, 1 უნცია — 8 დრაჰმას, 1 დრაჰმა — 3 სკრუპულს, 1 სკრუპული — 20 გრანს. რამდენი გრანია 1 ფუნტში?
პასუხი: 5760 (20x3x8x12=5760).

შედგენილი შეკითხვა. რამოდენიმე შეკითხვა გაერთიანებული ერთში, ძირითადად ერთნაირ თემებზე. მაგალითად, მოყვანილია N ობიექტი და N მათი თვისება — მაგრამ არეულად. საჭიროა მოიყვანოთ ისინი სწორ თანამიმდევრობაში. ან უფრო რთული ვარიანტი — თვისებები მოყვანილი არაა და მოთამაშემ თავად უნდა განსაზღვროს ისინი.
მაგალითი: ჩაიწერეთ ექვსი მმართველი: აკიჰიტო — იაპონიაში, ფრანც იოსიფ II — ლიხტენშტეინში, ჟანი — ლუქსემბურგში, მუიზადინ ვადაულაჰი — ბრუნეიში, ისა ბენ სალმან ალ ხალიფა — ბაჰრეინში, ხუან კარლოს I — ესპანეთში. დაასახელეთ ყველა მათგანის ტიტული ამავე მიმდევრობით.
პასუხი: იმპერატორი, მთავარი, დიდი ჰერცოგი, სულთანი, შეიხი, მეფე.

ნონსენსი. ეს კითხვები ერთი შეხედვით არაკორექტული, მაგრამ სათამაშო სიტუაციაში სრულიად გამართლებულია. მოთამაშემ უნდა დაასახელოს ობიექტი ან სუბიექტი, რომელიც შეესაბამება ჩამოთვლილ თვისებებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ან ეს ობიექტი არ არსებობს (ან ყველას აქვს) ან თვისებაა ისე დაწერილი, რომ "სიტყვაში იჭრები”.
მაგალითი: როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს რიცხვ 333 — "აპოკალიფსისის მხეცის რიცხვის” 666-ის ნახევარს უცნაური თვისება ახასიათებს. დღემდე არ არის ნაპოვნი არცერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც არის დასმული თარიღი "333 წელი ქრისტესშობიდან”. რატომ?
პასუხი: თვითონ ტერმინი "ქრისტესშობიდან” ხმარებაში შემოიტანა დიონისე მცირემ მხოლოდ ჩვ. წ. აღ. 525 წელს, ასერომ ეს გამოთქმა მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

ლეონარდოს გამოცანა. შეკითხვის სახით მშვენივრად გამოდგება ძველებური, მაგრამ უცნობი გამოცანა ან ამოცანა. შეკითხვების ამ ტიპს სახელი ეწოდა ლეონარდო და ვინჩის არცთუ მცირერიცხოვანი გამოცანების შესახებ, რომლებიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება როგორც შეკითხვა.
მაგალითი: ელზა და ჟანა ძალიან სიმართლისმოყვარული გოგოები იყვნენ და მხოლოდ თავიანთ დაბადების დღეზე იტყუებოდნენ ხოლმე. 6 აპრილს ვიღაცამ ორივე მათგანს ჰკითხა, თუ როდის იყო მათი დაბადების დღე. ელზამ თქვა: "ჩემი დაბადების დღე გუშინ იყოო”, ხოლო ჟანამ კი თქვა: "ჩემი ხვალ იქნებაო”. შემდეგ დღეს მათ იგივე კითხვა დაუსვეს და მათაც იგივე პასუხები გასცეს. როდის დაიბადა თითოეული გოგონა?
პასუხი: ელზა დაიბადა 6 აპრილს, ხოლო ჟანა — 7.

დამალული მინიშნება. ასეთი სახის შეკითხვები ერთი შეხედვით ურთულესია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პასუხი თვითონ კითხვის ტექსტში იმალება და საკმარისია მას ყურადღება მიაქციო (ის შეიძლება ერთი პატარა სიტყვაც კი იყოს), რომ ყველაფერი ცხადი გახდება.
მაგალითი: რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა ჩვ. წ. აღ-მდე 27 წლის 13 იანვარს თავისი ნებით მოიხსნა დიქტატორული მართვის უფლება, რომელიც მას ომის დროს ჰქონდა მინიჭებული და მადლობის ნიშნად სენატმა მას ეს ტიტული უბოძა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტიტული ყველას გსმენიათ. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ავგუსტუსი (კითხვის მოსმენისას ეს სიტყვა ყველამ გაიგო).

გასაგებია! შეკითხვა რომელზეც თითქოსდა პასუხის გაცემა შეუძლებელია — კითხვაზე გასასვლელი არ არსებობს. ერთადერთი შესაძლო პასუხი კი მოტივირებული არაა. ხშირად ამ შემთხვევაში ისმევა შეკითხვა, რომელზეც პასუხი ყველამ იცის, მაგრამ ხდება ისე, რომ ხანდახან მასაც ვერ პასუხობენ (ყოფილა შემთხვევა, როდესაც "ბრეინ რინგზე” ორი გუნდი ათი წამი ფიქრობდა, თუ რამდენი იყო კვადრატული ფესვი ცხრიდან და ბოლოს ერთმა უპასუხა - ცხრაო!).
მაგალითი: მანჩჟურების შამანულ მითოლოგიაში ასე ეძახდნენ სულებს, რომელთაც ჰქონდათ ქალის სახე და მათი ფუნქცია იყო ბავშვების და შთამომავლობის მფარველობა. ამ სიტყვას აგრეთვე ჰქონდა "დედაკაცის” მნიშვნელობა. რა ერქვათ ამ მანჩჟურელ სულებს?
პასუხი: დედა (ეს ხომ ისედაც გასაგებია!).

ბორის ბურდა


კატეგორია: არქივი | ნანახია: 2594 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/2
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები