კვირა, 05.05.2024, 18:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ქართული ვაზის ძველი ჯიშები (გ. ბარისაშვილი)
16:40
ქართული ვაზის ძველი ჯიშები (გ. ბარისაშვილი)

ბაზალეთური ცოლიკოური

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

 

ავშილური

ავშილური ანუ აბშილური მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშია. ავშილურის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მისი ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა. ყურძენი შეთვალებას იწყებს 1 სექტემბრიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრისთვის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე მეტი ზრდისაა. მოსავლის პირველ ნიშანს ავშილური იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან. ავშილური უხვმოსავლიანი ჯიშია. ვაზს ახასიათებს ყვავილცვენა და მცირედი წვრილმარცვლიანობა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ავშილურის გამძლეობა სუსტია; განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქისგან. დაკრეფილი ყურძენი დიდხანს არ ინახება. როგორც მაღალმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში ავშილური დიდი ყურადღების ღირსია და მისი გავრცელება მიზანშეწონილია სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ფილოქსერაგამძლე საძირეებზე ნამყენების სახით. ავშილურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურძნის წვენის დასამზადებლად.

 

ჩეში

ჩეში სამეგრელოში გავრცელებული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. ადგილობრივ მოხუცთა გადმოცემით ირკვევა, რომ ჩეში წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს როგორც მთიან, ისე ვაკე ადგილებში. მის პროდუქციას მოსახლეობა ღვინის დასაყენებლად იყენებდა და ღვინო ჩეშისა, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტი ცნობილი ყოფილა სამეგრელოს გარეთაც. ჩეშის მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხარეზე მოქარვისფრო ელფერით. საკმაოდ სქელკანიანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი საკმაოდაა დაფარული ცვილისებრი ნადებით. ყურძნის შეთვლაება იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის 15-დან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ჩეში საკმაოდ მეტად გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ნაცრით. სამეურნეო დანიშნულებით ჩეში საკმაოდ ხარისხოვან საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ჩეშის გასაშენებლად აუცილებელია შეირჩეს მზით უხვად განათებული ფერდობი ადგილები და კალციუმის კარბონატებით საკმაოდ მდიდარი ნიადაგები. მეგრულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩეში ყურადღების ღირსია, როგორც საღვინე ჯიში. იგი საუკუნეთა მანძილზე აკლიმატიზებულია სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებში და როგორც ზემოთ აღინიშნა საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშია.

 

აფხაზურა

აფხაზურა თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის შრომაში ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე აფხაზურას სამშობლოს აფხაზეთს თვლის, რაც გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. წარსულში აფხაზურა სამეგრელოს მთიან სოფლებში, მაღლარების სახით მოიპოვებოდა. აფხაზურას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა და მეტად მკვრივია. გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხრიდან კი მოყვითალო-ქარვისფერი. საშუალო სიდიდისაა, ფორმით მომრგვალო. თითქმის თხელკანიანია, ნაკლებ ხორციანი და უფრო წვნიანი, ოდნავ მომჟავო, მაგრამ სასიამოვნო გემოთი. ყურძენი შეთვალებას 25 აგვისტოდან იწყებს და სრულ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრიდან. ვაზის ზრდა-განვითარება საშუალოა. ხასიათდება საშუალოზე დიდი მოსავლიანობით. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ იგი საკმაო გამძლეობას იჩენს. ყურძენი შენახვის უნარს მოკლებულია. აფხაზურას, როგორც კარგი ღირსების პროდუქციის მომცემი და ამასთან მოსავლიანი და გამძლე ჯიშის, გავრცელება მიზანშეწონილია ზემო სამეგრელოს სოფლებში, შესაბამის ფილოქსერაგამძლე საძირეებზე. ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში მცირეოდენი ნარგავების სახით გავრცელებული ვაზის ჯიში აფხაზურას სახელწოდებით, წითელყურძნიანია და მეგრულ აფხაზურასთან მას კავშირი არა აქვს.

 

მცვივანი

მცვივანი ანუ საფერავი ზემო გურიაში მაღლარების სახით გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარმოებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ `საფერავის~ სახელწოდებას აღნიშნული ჯიში ვერ ამართლებს, ვინაიდან შემფერავი ნივთიერებები მარცვლის რბილობსა და წვენში უმნიშნველოდაა მოცემული. ვაზი საშუალო ზრდისაა. მცვივანის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყურძენი შეთვალებას იწყებს სექტემბრიდან. მასობრივ სიმწიფეში შედის 25 ოქტომბრიდან. მტევანი თხელია და ფორმით ცილინდრული. მარცვალი შავია და საშუალოზე მცირე. ფორმით თითქმის მრგვალია. მცვივანი სოკოვან დაავადებათა მიმართ სხვა ჯიშებთან შედარებით გამძლეობით გამოირჩევა.

 

ხუშია

ხუშია გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ხუშია მეტად მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში ყოფილა და მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სოფ. ნოღა-ვაზისუბნის მიკროზონით განისაზღვრებოდა. ხუშის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. საკმაოდ მკვრივია. იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი შავია. თითქმის საშუალო სიდიდისა და მომრგვალო. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოდან და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ხეშია სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. გურიის ბევრი სხვა ვაზის ჯიშებისგან განსხვავებით ხუშია არ იძლევა მაღალხარისხოვან მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

 

წირქვალის თეთრი

Free Image Hosting at www.ImageShack.us


წითლანი

წითლანი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ამჟამად ეს ჯიში თითქმის მთლიანად გადაშენებულია. იგი გავრცელებული ყოფილა ზედა გურიის მთისპირა სოფლებში მაღლარების სახით. გადმოცემით ამ ჯიშის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ორდინარული ტიპის საოჯახო ღვინოების დასამზადებლად. მას იყენებდნენ ასევე როგორც საკუპაჟე მასალას სხვა ჯიშებთან შერევით. წითლანის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, ხოლო მასობრივი სიმწიფე ოქტომბრის ბოლოდან. მტევანი თხელია და ცილინდრულ-კონუსური. მარცვალი მუქი წითელი-ვარდისფერია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სქელკანიანი და საკმაოდ ხორციანი და წვნიანი. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვანი დაავადებებისაგან ძლიერ ზიანდება, მეტადრე აზიანებს ნაცარი. წითლანის გავრცელება მიზანშეწონილია ზემო გურიის მთისპირა რაიონებში.

 

ოფოურა

ოფოურა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ზემო გურიის სოფლებში მას `მაგარას~-აც ეძახიან, რომელი სახელწოდებაც მან მარცვლების სიმკვრივისა და ყურძნის ხანგრძლივად შენახვის უნარის გამო მიიღო. ოფოურას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველ ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა და ხელსაყრელი ამინდების შემთხვევაში კარგი მოსავალიც იცის. სოკოვან დაავადებათა მიმართ ოფოურა სუსტ გამძლეობას იჩენს. ოფოურა კარგად ვითარდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ მზით უხვად განათებულ ფერდობებზე და ნეშომპალა კარბონატული ტიპის ნიადაგებზე. ამასთან ერთად სასურველია მისი ფორმირება ოლიხნარებად. ოფოურა საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია.

 

ღვანურა

Free Image Hosting at www.ImageShack.us


ორონა

ორონა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. გადმოცემით ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს. ორონას მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მეტად მკვრივია. მარცვლები თითქმის შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის. იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით უხვად არის დაფარული. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ორონა საკმაო გამძლეობას იჩენს. ჯიშს ყვავილცვენა არ ახასიათებს. ორონა ადვილად ეგუება საშუალო სხვლას. ორონა, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მაღალ პროდუქციას იძლევა სამხრეთისაკენ მიმართულ არა მძიმე და კალციუმის კარბონატების შემცველ ნიადაგებზე. ჭაჭაზე დადუღებული ორონას ღვინო მუქი მოვარდისფრო და ექსტრაქტულია, ამავე დროს საკმაოდ სხეულის მქონე და ხალისიანი სასმელია. ორონა მიეკუთვნება საკმაოდ ხარისხოვან პროდუქციის მომცემ ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

 

ბადაგი

ბადაგი გურიის ვარდისფერყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ძველად იგი მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო გურიის მთისპირა სოფლებში და გავრცელების არეალით იგი ჩხავეროს ნარგაობებს არ ჩამორჩებოდა. გადმოცემით ბადაგისაგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის, ოდნავ მოტკბო, ნაზ და სასიამოვნო სასმელ სუფრის ტიპის ღვინოებს. ზოგიერთ პირთა მიხედვით, აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში შაქრის უხვად დაგროვების გამო და რომ იგი განკუთვნილი ყოფილა საბადაგო ჯიშად. ბადაგის ფოთლის ქვედა მხარე ნაცრისფრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. ყურძენი შეთვალებას აგვისტოს ბოლოს იწყებს, ხოლო მასიურ სიმწიფეს ოქტომბრის ბოლოდან. დაკვირვებებით ნათელი ხდება, რომ ბადაგის ფორმირება უმჯობესია ამაღლებულ შტამბზე, ოლიხნარებად. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ბადაგის გამძლეობა მცირეა, მაგრამ ჩხავერთან შედარებით იგი უფრო მეტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ. ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აგრეთვე ჯანსაღი და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებისთვის მის გასაშენებლად უნდა შეირჩეს სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული წყალგამტარი, კალციურმის კარბონატების საკმაოდ შემცველი ფერდობები. დაბლობ, ნესტიან ადგილებში გაშენებული ვაზი ძალზე დაბალი ხარისხის მოსავლით გამოირჩევა. ბადაგის ღვინო შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: იგი ვარდისფერია, _ კომშისებრი ელფერით. ჰარმონიული, თავისებური სპეციფიური არომატით. როგორც სპეციფიკური ნიშან-თვისებების მქონე (ფერი, გემო), ბადაგი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ადგილეობრივი მნიშვნელობის სუფრის ტიპის ღვინოების თვალსაზრისით. ბადაგის ღვინო საკმაოდ ალკოჰოლიანია (12,7%), გააჩნია ნორმალური მჟავიანობა და ექსტრაქტი. ნორმალური მოვლის პირობებში ბადაგი დიდი მოსავლიანობით ხასიათდება. ჯიშს ახასიათებს მცირედი წვრილმარცვლიანობა და არათანაბარი სიმწიფე. მოკრეფილი ყურძენი დიდხანს და კარგად ინახება.

 

საკმიელა

საკმიელა გურიის თეთრყურძნიან აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. სოკოვანი ავადმყოფობებისა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიის მთისპირა სოფლებში. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით `საკმეველას~ სახელწოდებით ყოფილა გავრცელებული ვაზის ჯიში აგრეთვე ქართლში, იმერეთსა და რაჭაში. დასახლებულ რაიონებში ამჟამად აღნიშნული ჯიში არ მოიპოვება და ამრიგან ძნელი დასადგენია ამ ჯიშების იდენტურობა გურულ საკმიელასთან. საკმიელას ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მარცვალი ღიამწვანეა, მზის მხრიდან მოწითალო-ქარვისფერი. იგი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა. ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. საკმაოდ სქელკანიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. ჯიში მასობრივ სიმწიფეში 1 ოქტომბრიდან შედის. ვაზი ძლიერ ზრდისაა. დაკვირვებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ჯიში გრძელი სხვლის მომთხოვნია. საკმიელას სოკოვან დაავადებებიდან განსაკუთრებით ნაცარი აზიანებს. მოკრეფილი ყურძენი ზამთრისთვის ცუდად ინახება. ყურძნის გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და თვით მარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა მიეკუთვნება ხარისხოვანი ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

 

ჩხიროულა

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

თეთრი მაური

თეთრი მაური გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვანი ავადმყოფობებისა და ფილოქსერას მოქმედების შედეგად თეთრი მაურის მაღლარები თითქმის გადაშენდა. ჯიშს ახასიათებს ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის ყვავილები. მტევანი თხელია და იშვიათად საშუალო სიმკვრივის. მარცვალი ღია მწვანეა, საშუალო სიდიდის. მცირედ ხორციანია და უფრო წვნიანი, უბრალო ტკბილი გემოთი. თხელკანიანია და ახასიათებს მცირე ცვილისებური ნადები. ვაზი საშუალო ან საშუალოზე სუსტი ზრდისაა. ხასიათდება მცირე მოსავლიანობით. როგორც ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის მქონეს, მაურს ახასიათებს ყვავილცვენა, რაც 35%-ს აღწევს. სოკოვან დაავადებათა მიმართ აღნიშნული ჯიში სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ჭრაქისაგან. ვაზზე დატოვებული მტევნები არ ინახება, ასევე მოკრეფილი ყურძენიც ლპება ძალიან მალევე. მისგან დაყენებული ღვინო მცირე ალკოჰოლიანობის გამო შენახვის უნარს მოკლებულია და ტრანსპორტირებასაც ვერ იტანს.

 

სამარხი

სამარხი თეთრყურძნიანი ჯიშია. ლიტერატურული წყაროების მიხედვით იგი გურიის უძველეს ჯიშად არის ცნობილი. წარმოებული დაკვირვებებით ირკვევა, რომ სამარხი წარმოადგენს ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშს, როგორც მტევნის გარეგნული სილამაზით, ისე მარცვლის კონსისტენციით და გემოვნებითი თვისებებით. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერას შემოჭრამდე სამარხი ფართოდ ყოფილა გავრცელებული გურიაში და მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა ყურძნად იყენებდა. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია. ყურძნის მასობრივი სიმწიფე იწყება ნოემბრის პირველ რიცხვებში. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხრიდან ღებულობს მუქ ქარვისფერს. საკმაოდ სქელკანიანია, მკვრივი რბილობით. მარცვლის კანი დაფარულია მცირედი ცვილისებური ნადებით.

 

თქვლაფა

თქვლაფა გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია. წარსულში თქვლაფას გავრცელების არეალი მხოლოდ შუა და ზემო გურიის რაიონებით განისაზღვდებოდა. იგი გავრცელებული იყო მაღლარების სახით და ყოველგვარი მოვლის გარეშე ხასიათდებოდა საკმაოდ მძლავრი ზრდა-განვითარებით და უხვი მოსავლიანობით. თქვლაფას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი ნახევრიდან, ხოლო მასიური სიმწიფე ოქტომბრის ბოლოდან. თქვლაფა უხვ მოსავლიანი და მეტად წვნიანი ჯიშია, მაგრამ იძლევა შედარებით დაბალხარისხიან პროდუქციას. მისგან დაყენებული ღვინო დიდხანს არ ინახება და ტრანსპორტირებასაც ვერ იტანს. როგორც ვაზზე დატოვილი, ისე მოკრეფილი მტევნები შენახვის უნარით არ ხასიათდებიან.

 

ჭუმუტა

ჭუმუტა გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული განსაკუთრებით მთისპირა სოფლებში მაღლარებად. ჭუმუტას ფოთოლი ქვედა მხრიდან მცირედ შებუსულია. მტევნის მარცვალი თითქმის შავი ფერისაა, საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირე. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან, მასობრივ სიმწიფეში ოქტომბრის მიწურულში შედის. ვაზის ზრდა-განვითარება საშუალოა. ვაზი სრულ მოსავალს დარგვიდან მეოთხე-მეხუთე წელს იძლევა. ჭუმუტა სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს. ჯიში კარგად ვითარდება და უკეთესი ღირსების პროდუქციას იძლევა მზით განათებულ, ფერდობ ადგილებზე, რომელი ნიადაგებიც კირით საკმაოდ მდიდარია. კარგად ვითარდება ოლიხნარებზე. ჭაჭაზე დაყენებული ჭუმუტას ღვინო ხასიათდება მუქი მოწითალო შეფერვით, სხეულით, ტანინების საკმაო შემცველობით და ჰარმონიულობით. ახასიათებს ოდნავ მომწკლარტო გემო. ამრიგად ჭუმუტა ითვლება ხარისხოვანი ღვინის მომცემ ჯიშად. იგი აგრეთვე საყურადღებოა, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში. ყურძენს ახასიათებს როგორც ხანგრძლივი შენახვის უნარი, ისე ტრანსპორტაბელურობა.

 

შავკაპიტო

შავკაპიტო ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მისი პროდუქცია განკუთვნილია ხარისხოვანი ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. შავკაპიტო საშუალო ზრდის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე და აგროტექნიკის მაღალ ფონზე კი იგი ძლიერი ზრდით ხასიათდება. მოსავლის პირველ ნიშანს შავკაპიტო იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულ მოსავალს – მეთოხე წლიდან. სათანადო მოვლის პირობებში შავკაპიტო უხვმოსავლიანია და ჰექტარზე 120-130 ცენტნერს იძლევა. ყვავილცვენას და დაწვრილმარცვლიანებას ჯიში უმნიშვნელოდ განიცდის. ფილოქსერას მიმართ იგი ვერ იჩენს გამძლეობას. სოკოვან დაავადებათა მიმართ იგი საშუალო გამძლეობით ხასიათდება. ეკოლოგიური პირობებისადმი შავკაპიტო არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. იგი წარმატებით ვითარდება როგორც დავაკებულ, ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობებზე ქვაღორღის შემცველ ნაკვეთებზე. მაგრამ იგი მნიშვნელოვან განვითარებას აღწევს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიქცეულ თიხნარ-ქვიშნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში უხვ მოსავალთან ერთად მიიღება მაღალხარისხოვანი ყურძნის პროდუქცია ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. ბუნებრივი ფაქტორებიდან შავკაპიტოს განვითარებაზე და პროდუქციის ღირსებაზე მეტად ცუდ გავლენას ახდენს ძლიერი ქარები. ქარების მოქმედების შედეგად ხდება ნიადაგის სწრაფი გამოშრობა, რაც იწვევს ვაზის ვეგეტატიური ნაწილების ზრდის შენელებას, რის გამოც უხეში და დაბალხარისხიანი პროდუქცია მიიღება. ზამთრის ყინვებით შავკაპიტო დიდად არ ზიანდება, თუ არ ჩავთვლით ძლიერ და ხანგრძლივ ყინვებს. შავკაპიტოს ღვინო ხანგრძლივად არ ინახება. შავკაპიტოს ყურძენი დიდხანს არ ინხება და ნაკლებ ტრანსპორტაბელურია.

 

ვერტყვიჭალური თეთრი

Free Image Hosting at www.ImageShack.us


ალექსანდროული

ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. დოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც ფართოდაა ცნობილი `ხვანჭკარას~ სახელწოდებით, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ალექსანდროული მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ალექსანდროულის ვაზი საშუალო ზრდით ხასიათდება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე მისი ზრდა საშუალოზე უფრო ძლიერია და მოსავლიანობაც მეტია. ბევრი ქართული ჯიშის მსგავსად ალექსანდროულიც ადრე იწყებს პირველსა და სრულ მსხმოიარობას. ამ ჯიშის საჰექტარო მოსავალი 40-დან 60 ცენტნერამდე მერყეობს. ვაზის დაავადებებიდან ალექსანდროული ყველაზე მეტად ჭრაქისადმია მგრძნობიარე. უფრო მაღალი გამძლეობა აქვს ალექსანდროულს ნაცრის მიმართ. იგი ასევე ფილოქსერასადმი საკმაოდ კარგი გამძლეობით ხასიათდება. ჩვენში გავრცელებული საძირე ვაზის ჯიშებიდან უკეთეს შედეგს ალექსანდროული რუპესტრის დულოსთან, შემდეგ რიპარია X რუპესტრის 3309 და კირნარ ნიადაგებზე 5 ბბ ბერლანდიერი რიაპრიასთან იძლევა. ალექსანდროული შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს (-16°-18°). ნიადაგის მიმართ ალექსანდროული განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა კირნარ, ქვეთიხნარ და ხირხალ ნიადაგებზე. ალექსანდროულის ყურძენი რაჭის პირობებში მაღალი შაქრიანობით ხასიათდება და აღწევს 27%-მდე. იგი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში და შეტანილია საქართველოს უძვირფასეს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში. თავის სამშობლოსი ალექსანდროული რაიონის მარჯვენა მხარეზე ტოლა-ხვანჭკარას მიკრორაიონში იძლევა ორიგინალურ ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს `ხვანჭკარას~, ხოლო დანარჩენ რაიონებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება: პროდუქციის მაღალი ხარისხი, შედარებით კარგი გამძლეობა როგორც ფილოქსერას, ისე ნაცრისა და გვალვების მიმართ. ხოოლო უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ჯიშის დაბალმოსავლიანობა და მისი სუსტი გამძლეობა ჭრაქის მიმართ.

 

ავასირხვა

ავასირხვა აფხაზური მცირე და გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალი ხარისხის თეთრ სუფრის ღვინოს ადგილობრივი მნიშნველობის სასუფრე ყურძენს. ავასირხვა თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნების მიხედვით უფრო ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ქეჩისებურად შებუსულ ფოთლიან და მრგვალ მარცვლიან ჯიშებთან. გარეგანი ნიშნებით ავასირხვა უფრო მეტად კახეთის ვაზის ჯიშ რქაწითელს უახლოვდება. ავასირხვა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება. მისი მოსავლიანობა ვაზის გასხვლისა და მოვლის ჩვეულებრივ პირობებში ჰექტარზე 50-დან 100 ცენტნერამდე მერყეობს. ხოლო საშუალოდ 60-70 ცენტნერს უდრის. მისი მტევნის წონა საშუალოდ 100-120 გრამს, ხოლო კარგად განვითარებული მტევნისა 170-180 გრამს. ტრადიციულად ავასირხვა მაღალ ვენახებად ფორმირდებოდა, რის დროსაც ეს ჯიში საკმაოდ მაღალ მოსავალს იძლეოდა. სოკოვან დაავადებათა (ჭრაქი, ნაცარი) მიმართ გამძლეობა ავასირხვას კარგი აქვს. აფხაზეთის პირობებში ავასირხვა გამოცდილია ძირითადად ორ საძირეზე: რიპარია X რუპესტრის 3309 და სოლონის X რიპარია 1616. ამათგან მოსავლიანობით და ვაზების ზრდის სიძლიერის მიხედვით საძირე 3309 უმჯობესია 1616-ზე. ავასირხვა კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, ხოლო საუკეთესო ღვინოებს იგი იძლევა ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგენზე, მთის წინა ზოლში. ავასირხვას ღვინო შემდეგნაირად ხასიათდება: კარგი გამჭვირვალობა და ბრწყინვალება; მოოქროსფრო ყვითელი ფერი; შინაარსიანობა და ძლიერი ჯიშური არომატი. ავასირხვას ღვინის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი განწყობა ნაადრევად დაძველებისადმი. ავასირხვასგან მზადდება ასევე საკმაოდ კარგი ღირსების ყურძნის წვენი, რომელიც სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით საკმაო მჟავიანობასთან ერთად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. იგი გამოიყენება ასევე სასუფრე ყურძნადაც, რასაც განაპირობებს მისი მტევნის მაღალი შაქრიანობა (20-დან 22%-მდე), მტევნის ლამაზი გარეგნული შესახედაობა და ხალისიანი გემო. ჯიშის დადებითი თვისებებია: პროდუქციის მაღალი ხარისხი. მისი გამძლეობა სოკოვან დაავადებათა მიმართ და მისი ვარგისიანობა ხარისხოვანი სასუფრე, აგრეთვე ნახევრადტკბილი ღვინოებისა და ყურძნის წვენის მისაღებად და სასუფრე ყურძნად.

 

ალადასტური

გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს. ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის ჯერის ტიპიური წარმომადგენელია. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც ალადასტური გავრცელებულია ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. ალადასტური პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. ალადასტურმა უხვი მოსავალი იცის და ჰექტარზე საშუალოდ 90-105 ცენტნერით განისაზღვრება. დაკვირვებებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ალადასტური ფილოქსერას უკეთ უძლებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი ჯიშები (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილთუბანი და სხვ.). სოკოვან დაავადებებიდან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს ჭრაქს, ხოლო ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ მისი ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში ნაცრის წინააღმდეგ წამლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კირის საკმაო რაოდენობით შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერ-ტიპის ნიადაგებზე. ალადასტურს ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ. მისი შაქრიანობა 21,5%-ს არ აღემატება. უფრო ხშირად კი 19-20%-ია. ღვინო ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: ჰარმონიული, სპეციფიკური ჯიშური გემო, ოდნავ მომეტებული მჟავიანობა. ღვინო ახლო მანძილზე ტრანსპორტირებას ადვილად იტანს და თავის ტიპიურობას და გემურ თვისებებს 3-5 წლის მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს. ალადასტური თავისი სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, რომელსაც პროდუქციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან ერთად ახასიათებს ღონიერი ზრდა-განვითარება, ეკოლოგიური პირობების მიმართ ადვილად შეგუების უნარი და უხვი მოსავლიანობა.

 

კუპრაშვილისეული

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ამლხუ

ამლხუ წითელყურძნიანი, მცირედ გავრცელებული აფხაზური ვაზის ჯიშია, რომლის ყურძნიდან მიიღება მაღალხარისხოვანი მოოქროსფერო-ვარდისფერი, ცქრიალა სუფრის ღვინო. ამლხუ ადგილობრივი ძველი ჯიშია და წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. იგი აფხაზური ვაზის ჯიშების ტიპიური წარმომადგენელია. ჩვეულებრივ ამლხუს მტევანი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. რთველის ძველად მიღებული წესის მიხედვით ამლხუს კრეფდნენ ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ფოთოლცვენა მთლიანად ჩათავდებოდა და პირველი თოვლიც მოვიდოდა. მაღლარად ფორმირებულ ამლხუს ძლიერი ზრდა ახასიათებს. ამლხუს მოსავლიანობა ჰავისა და ნიადაგის პირობების გარდა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, სუფთა ნარგავია ვენახი თუ ნარევი ე.ი. ცალკეა გაშენებული ამლხუ თუ ორსექსიან ჯიშებთან ერთად. და დაბლარად გაშენებული თუ მაღლარად. ამლხუს მტევნებს ლამაზი გარეგნული შეხედულება აქვს, მაგრამ მტევნის სიმკვრივე, მარცვლების საშუალო და არათანაბარი ზომა, აგრეთვე წვენის ქიმიური და მტევნის მექანიკური შედგენილობა მიგვითითებს მის საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. ამლხუს ღვინო თავისებური ტიპისაა; იგი არომატული, ენერგიული და სრულია, ხასიათდება სიტკბოთი და ბუნებრივი ცქრიალით. ჯიშის დადებითი თვისებებია: შედარებით კარგი მოსავლიანობა, ღვინის მაღალი ხარისხი და მისი ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინის დასამზადებლად და ნაწილობრივ სასუფრე ყურძნად.


ბროლა

ბროლა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია შუა და ზემო აჭარაში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში, რომლისგანაც მზადდება თეთრი სუფრის ღვინო. შუა აჭარის ზოგიერთ სოფელში იგი ცნობილი იყო ასევე `ბროლას ვაზის, `ბროლის ღვინოს~ და `ბროლის ყურძნის~ სახელწოდებით. ბროლა კოლხეთის ვაზის კერის წარმომადგენელია, რომელიც წარმოშობილია და ჩამოყალიბებულია ამ მხარის ეკოლოგიურ პირობებში და საუკუნეთა განმავლობაში საბოლოოდ დიფერენცირებულა აჭარის ადგილობრივ ვაზის ჯიშთა ჯგუფში. ვინაიდან ბროლას ყვავილები ფუნქციონალურად მასობრივად მდედრობითია, ვაზმა იცის ყვავილცვენა, რაც 15% და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ბროლას გაშენება აუცილებელია ორსქესიან ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის. სოკოვან დაავადებათა

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2195 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები