კვირა, 05.05.2024, 15:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ნოდარ ლადარია – Nodar Ladaria,
22:19
ნოდარ ლადარია – Nodar Ladaria,

ნოდარ ლადარია – "დანტე ალიგიერი. მოწვევა წიგნთან”

პირველი წინადადება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ცოტა ხნის წინათ გამომეცხადა აწ გარდაცვლილი გადაცემის – «ფსიქოს» აჩრდილი და, ამიტომ, ასე უნდა დავიწყო: ძალიან არ მიყვარს BBC-ის დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები და კიდევ Discovery Channel. წარმოვიდგინოთ, როგორ მოიწვევდა Discovery Channel ადამიანს დანტე ალიგიერის პოეზიის წასაკითხად. ალბათ, აუხსნიდა, ვინ იყო დანტე, როდის დაიბადა, სად მოღვაწეობდა, რა გადახდა ცხოვრებაში, რას წარმოადგენს მისი მთავარი ნაწარმოები, რამდენ ნაწილად იყოფა, რა პერსონაჟებია მასში, რა არის აღწერილი და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ჰგავს სარეკლამო რგოლის აგების იმ პრინციპს, როდესაც ეკრანზე ჩნდება ვინმე ექსპერტი, მაგალითად, ქიმიკოსი, სტომატოლოგი ან ფარმაცევტი და ამბობს: ავიღოთ კვერცხი, წავუსვათ მას „ბლენდამედი» და ჩავდოთ მჟავაში. მე არ ვამბობ, რომ ამგვარი პრინციპი მთლიანად მოკლებული იყოს ყოველგვარ ღირსებას, მაგრამ სხვა გზას ვარჩევ – ახლა თქვენს წინაშე წარვდგე არა როგორც ადამიანი, რომელმაც რაღაც იცის, არამედ ადამიანი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში კითხულობდა დანტეს და გაუჩნდა გარკვეული გამოცდილება, რომლის გაზიარებაც ახლა სწადია. სინამდვილეში ამითაც არაფერს ახალს არ ვიგონებ, ანუ ამ შემთხვევაში მე წარვდგები თქვენს წინაშე, როგორც დიასახლისი, რომელიც ამბობს: მე ძალიან მიჭირდა რეცხვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიძინე «ტაიდი», ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. სხვა სიტყვებით, ეს არის რეკლამის მეორე პრინციპი, რომელიც ამ შემთხვევაში მე უფრო მომწონს, რადგან ერთია, როდესაც ადამიანს აძლევ ხელში უცხო ქალაქის რუკას და ის, თითქოსდა, ყველაფერს თვალნათლივ ხედავს ამ რუკაზე, მაგრამ უჩნდება ადგილზე ყოფნის ილუზია; და მეორეა, როდესაც ერთ მცირე ხვრელს უკეთებ მას გალავანში, შეგყავს ქალაქში და იქ ტოვებ. ამ შემთხვევაში ის ვერაფერს ხედავს, მაგრამ აქვს განუმეორებელი შანსი, რომ თვითონ გამოიძიოს ეს ქალაქი და თვითონ შეიქმნას მის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილება.
აი, ეს გზა ავირჩიე და მინდა დავიწყო ოდნავ შორიდან, მინდა შევადარო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ერთ ვითარებას, რომელიც რეგულარულად ხორციელდებოდა XIV საუკუნის ფლორენციაში, როდესაც სანტა მარია ნოველას ტაძარში ამბიონზე გამოდიოდა ჯოვანი ბოკაჩო და იქ შეკრებილ მრევლს უკითხავდა და განუმარტავდა დანტეს «ღვთაებრივ კომედიას». უნდა ითქვას, რომ ამ კომენტარის, ყოველ შემთხვევაში, მისი შემორჩენილი ნაწილის გაცნობის საშუალება მქონდა და უნდა გითხრათ, რომ მაინცდამაინც არ მომხვედრია გულზე. ალბათ, ეს ჩემი, როგორც მკითხველის ნაკლია.
ამ მომენტში მე გაცილებით უფრო მეტად მაინტერესებს სულ სხვა წიგნი, რომელსაც ჰქვია „ნარკვევები დანტე ალიგიერის შესახებ». ის დაწერა XVIII ს-ის ბოლოს ან XIX ს-ის დასაწყისში ვინმე ლორენცო და პონტემ. ლორენცო და პონტე არის მოცარტის ოპერების „ფიგაროს ქორწინებისა» და „დონ ჟუანის» ლიბრეტისტი. ის ჯერ იუდეველი იყო, მაგრამ მამამისმა ცოლის სიკვდილის შემდეგ გააუპატიურა მცირეწლოვანი მოახლე. ამ ძალადობის მომსწრე სრულიად ახალგაზრდა ვაჟი გაიქცა სახლიდან და მოინათლა. ლორენცომ აიღო იმ მღვდლის გვარი, რომელმაც მონათლა. მიუხედავად ამგვარი მორალური არჩევანისა და მეტად ღრმა განათლებისა, რომელიც იეზუიტებთან მიიღო, ლორენცო და პონტე იყო ავანტიურისტი პიროვნება, რომლის მსგავსიც ბევრი იყო XVIII ს-ში. ეს კაციც ვერ ასცდა „ღვთაებრივი კომედიის» გამოცდილებას, რომელიც ზემოხსენებულ წიგნში დატოვა. მე ჯერ არ წამიკითხავს ეს წიგნი, მაგრამ შემთხვევით არ მოგითხრობთ მის ისტორიას, რადგან აქ მთავარია, რომ დანტე ალიგიერის პოეტურ განცდას მიუახლოვდა ადამიანი მას შემდეგ, რაც მის გამოცდილებაში შევიდა უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი – მამის მიერ გაუპატიურებული ბავშვი.
აქვე გახსენების ღირსია ამერიკელი პოეტი ჰენრი ლონგფელო, „ჰაიავატას სიმღერის» ავტორი, რომელიც მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ და, მე ვიტყოდი, მის შედეგად მივიდა «ღვთაებრივი კომედიის» პოეტური თარგმნის იდეასთან.
დანტეს პოეზიის წყაროს ყოველთვის განსაკუთრებულად ეწაფებიან უსამართლო, გაუგებარი ძალადობის მომსწრე ან მისი მსხვერპლი ადამიანები. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები არა უშუალოდ დანტესთან მიდიან, არამედ პოეტურად ცდილობენ თავიანთი მწარე გამოცდილებისგან გათავისუფლებას, მათსა და დიდ ფლორენციელს შორის უხილავი კავშირი მყარდება.
ასე მოვდივართ ჩვენ იმ პოეტურ მოვლენასთან, რომელსაც ბურღივით ან ურნალივით გამოვიყენებთ, რომ გალავანი გავარღვიოთ და შევაღწიოთ დანტე ალიგიერის ქალაქში. მხედველობაში მაქვს 1788 წელს დაბადებული გერმანელი პოეტი ფრიდრიხ რიკერტი, რომელმაც 1834 წ. დაწერა პოეტური ციკლი "Kindertotenlieder”, ანუ «სიმღერები მკვდარ ბავშვებზე». რიკერტს მოუკვდა ორი მცირეწლოვანი შვილი – ეს საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო იმ დროს. ეს ტრაგიკული გამოცდილება რიკერტმა გამოხატა ვრცელ პოეტურ ციკლში, რომელიც პოეტის სიკვდილის შემდეგ 1872 წელს გამოქვეყნდა და ზუსტად 30 წლის შემდეგ გუსტავ მალერმა შეთხზა იმავე სახელწოდების ვოკალური ციკლი „სიმღერები მკვდარ ბავშვებზე», რომელიც არა მარტო კომპოზიტორის შემოქმედებაში, არამედ მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. ერთი სიტყვით, საქმე ეხება მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომლის ერთ პატარა ფრაგმენტს განვიხილავ დღეს იმისათვის, რომ გვქონდეს დანტეს შემოქმედებასთან მიახლოების საშუალება და, გარდა ამისა, დანტე დავინახოთ არა როგორც რაღაც თავისთავადი მოვლენა, ჩაკეტილი XIV ს-ის ფლორენციაში, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც დგას მთელი ევროპული კულტურის სათავეებთან.
ეს ორი სტრიქონი დაფაზე გახლავთ დაწერილი. ვინც გერმანული არ იცის, დავამშვიდებ, რომ არც მე ვიცი. ეს პოეტური ციკლის ერთ-ერთი ლექსის დასასრულია. თვით ლექსს კი ჰქვია „ახლა კი ვხედავ, თუ რატომ ეს ბნელი ცეცხლი». მხატვრული სახე „ბნელი ცეცხლი» აგონიაში მყოფი ბავშვის ანთებულ მზერას გულისხმობს. მაგრამ შევხედოთ თვით სტრიქონებს:
"Was dir Augen sind in diesen Tagen,
In kunft’gen Nächten sind es dir nur Sterne”.
«ის, რაც შენთვის მხოლოდ თვალებია ამ დღეებში,
მომავალ ღამეებში შენთვის მხოლოდ ვარსკვლავებია».
აქ გამოყენებულ რიტორიკულ ფორმულას ეწოდება ბერძნული სახელი – ხიაზმი. ეს არის ჯვარედინი, ღერძული ან ცენტრალური სიმეტრიის მქონე სტრუქტურა. აი, წარმოიდგინეთ მაგალითად, ასეთი ორი წინადადება _ „გაზაფხული დადგა, მოფრინდნენ მერცხლები» _ ეს არის ხიაზმი.
სტრუქტურა ასეთია:
ქვემდებარე _ შემასმენელი][შემასმენელი _ ქვემდებარე.
ასევე ფერები, რომ დავალაგოთ შემდეგნაირად:
ლურჯი _ თეთრი _ წითელი][წითელი _ თეთრი _ ლურჯი.
ხიაზმის სტრუქტურა ორნაწილიანია. ნაწილთაგან მეორე წარმოადგენს პირველის სარკისებურ ანარეკლს. ასეთი სტრუქტურა უბრალოდ და შემთხვევით არ არის გამოყენებული. ჩვენ საქმე მაღალ პოეზიასთან გვაქვს. ამიტომ უნდა მოვძებნოთ გამართლება, რომელიც ფორმალურ რიტორიკას პოეზიის სახეს მისცემს.
დავაკვირდეთ, რომ პირველი ტაეპი (ის, რაც შენთვის მხოლოდ თვალებია ამ დღეებში) ეხება იმ დროს, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალია, მეორე კი (მომავალ
ღამეებში შენთვის მხოლოდ ვარსკვლავებია) _ სიკვდილის შემდგომ დროს. გამოდის, რომ მათ შორის გამყოფი, ანუ სიმეტრიის ცენტრი თვით სიკვდილის მომენტია.
ახლა ვნახოთ, რატომ შეიძლება განვიხილოთ ეს ორი წინადადება, ორი ტაეპი, როგორც ერთმანეთის სარკისებური ანარეკლი. პირველი იწყება ქვემდებარით და მთავრდება დროის გარემოებით, მეორე კი იწყება დროის გარემოებით და მთავრდება ქვემდებარით, ანუ ეს მეორე წინადადება სინტაქსურად პირველის საპირისპიროდაა აგებული. გარდა ამისა, დაუკვირდით სემანტიკას, ანუ სიტყვების მნიშვნელობას. აქ ჩვენ გვაქვს „თვალები» და „ვარსკვლავები». ამავე დროს, ვარსკვლავები ძალიან ხშირად თვალების მეტაფორაა, ე.ი. გვაქვს რეალური თვალი და მისი ერთგვარი ანარეკლი პოეტურ წარმოსახვაში. შემდეგ „დღეები» და „ღამეები»: დღე და ღამე ერთმანეთის საწინააღმდეგო რამ არის; გარდა ამისა, ცნება „დღე» არ არის მარკირებული. „ჩემი დღეები დათვლილია», – ამბობენ ხოლმე; „ამ დღეებში», – ვიტყვით ჩვენ, „ამ დღეებში დაგირეკავ» – თუმცა, შეიძლება ღამის 12 საათზე დაურეკო. დღე _ ეს არის, უბრალოდ, დროის აღნიშვნის ერთეული, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებთ. ასეთივე თამაში „დღისა» და „ღამისა», ანუ მარკირებული და არამარკირებული ტერმინებისა, გვხვდება შექსპირის „რომეო და ჯულიეტაში», როდესაც გამზრდელი ეუბნება საქორწილოდ გამზადებულ ჯულიეტას: „ბედნიერ დღეებთან ერთად სასიამოვნო ღამეებიც მოგცეს ღმერთმა». თვითონ, ასე ვთქვათ, ამ კურთხევის თუ დალოცვის მხატვრული ეფექტი არის აგებული თამაშზე „დღესა» და «ღამეს» შორის და იმ ასოციაციურ მნიშვნელობებზე, რომლებიც ამ სიტყვებს აქვს ჩვენთვის.
მაგრამ რიკერტის ლექსში ეს უბრალოდ სემანტიკა არ არის, რადგან ამ ორ წინადადებას შორის დამოკიდებულება დამორჩილებულია მთავარ იდეას და ეს მთავარი იდეა არის სიკვდილი. აი, ავიღოთ სემანტიკური, უფრო ზუსტად, სალექსიკონო მნიშვნელობით იდენტური სიტყვები. უფრო მეტიც, ერთი და იგივე სიტყვა, რომელიც ამ ორ ტაეპში გვხვდება. ვნახავთ, რომ ადგილმდებარეობა ამ სიტყვის მნიშვნელობაზე გადამწყვეტად მოქმედებს. მხედველობაში მაქვს სიტყვა «ნურ» _ „მხო-ლოდ», დაუკვირდით: nur Augen _ „მხოლოდ თვალები» და nur Sterne – „მხოლოდ ვარსკვლავები». ეს ორი „მხოლოდ» ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. Nur Augen არ არის ლირიკული გმირის ან ავტორის პირადი განცდა; ამას ეუბნება და კარნახობს ცივილიზაცია, საზოგადოება ან კულტურა, რომელშიც ავტორი ცხოვრობს. ეს მხოლოდ თვალებია, ამბობს კულტურა; ეს ხორცია, წარმავალია, ეს მაინც მოკვდება, მთავარი სულია. ამგვარი დიქტატის ქვეშ ითრგუნება ავტორი მაშინ, როდესაც სხვაგან გამოყენებული „მხოლოდ» _ nur Sterne – გამოხატავს თვით ავტორის ან ლირიკული გმირის მისწრაფებას: მე არ მყავს ის ადამიანი გვერდით, რომელიც მინდა, რომ მყავდეს და მე მას ვეძებ ცაში, მაგრამ იქ რასაც ვპოულობ, მხოლოდ ვარსკვლავებია, რაც მე არ მაკმაყოფილებს. როგორც ვხედავთ, ლექსიკონური მნიშვნელობით იდენტური სიტყვები ამ პოეტურ კონსტრუქციაში ერთმანეთის საწინააღმდეგო მნიშვნელობას იღებს, რადგან ემორჩილება ავტორის ჩანაფიქრს და იმას, რასაც კარნახობს ხიაზმის, ასე ვთქვათ, ზოგადი სტრუქტურა.
დავაკვირდეთ კიდევ ერთ გარემოებას: მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტაეპი მოიცავს აწმყოსა და მომავალს, გრამატიკული ფორმა მაინც ერთია: აწმყო დროისა. ამ გრამატიკული ხერხით გამოითქმება სიკვდილის გარდაუვალობა: ის ისეთივე ცხადია, როგორც აწმყო, ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც ჩვენი უშუალო ამჟამინდელი შეგრძნებები.
შედეგად შეიძლება მივიღოთ პოეზიის, ასე ვთქვათ, მუშა განმარტება და შევთანხმდეთ, რომ პოეზია ვუწოდოთ ისეთ წყობილსიტყვაობას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და უნარი რამდენიმე სიტყვით შეზღუდულ სივრცეზე გამოხატოს ადამიანის ცხოვრებისა და მისი განცდების მთელი სისავსე.
როგორც ვხედავთ, რიკერტის ორ სტრიქონში გრამატიკული და სემანტიკური ხერხებით მიღწეულია ის შედეგი, რომ გამოხატულია როგორც ადამიანის პირადი განცდა, ისე მისი ადგილი იმ საზოგადოებასა და კულტურაში, რომელშიც ის მოიპოვება და ურთიერთობა, რომელიც ამ კულტურას აქვს ადამიანთან. თითქოს გაგვიგრძელდა საუბარი რიკერტის ამ ორ სტრიქონზე, მაგრამ ეს გვჭირდება იმისათვის, რომ თვალსაჩინოდ დავინახოთ დანტეს პოეზიის სიდიადე: შეიძლება ითქვას, რომ „ღვთაებ-რივი კომედია» პოეზიის ამავე მუშა განმარტებას ემორჩილება, ოღონდ ორის მაგიერ 15000-ზე მეტი ტაეპია და, შესაბამისად, უნდა წარმოვიდგინოთ, რამდენი შესაძლებლობა არის ამ ტექსტში იმისა, რომ გამოხატულ იქნეს ადამიანი, მისი ადგილი სამყაროში, საზოგადოებაში სხვა ადამიანის მიმართ და ა.შ.
ახლა მთავარ თემად და მთავარ საყრდენ წერტილად სიკვდილი ავირჩიოთ და ვნახოთ, რას გვეუბნება ამაზე დანტე ალიგიერი. ოღონდ ჯერ თქვენი ყურადღება უნდა მივაქციო ერთი შეხედვით ბანალურ მომენტს: რა აზრისაც არ უნდა იყოთ დანტეზე, ან შეიძლება არც გქონდეთ რაიმე აზრი, მაინც დარწმუნებული ხართ, რომ დანტე პოეტია. საინტერესოა, რომ არავის მოსდის აზრად, რომ ეს შეფასება ხანგრძლივი ინტელექტუალური ბრძოლის მონაპოვარია...
უფრო გასაგები რომ გახდეს, გეტყვით, რომ ძალიან არ მიყვარს ქართული პოეზიის ერთი სტრიქონი: „თქვენ გგონიათ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?». არ მიყვარს იმის გამო, რომ აქ სრულიად ბანალური და თავისთავად გასაგები რამ მოგვეწოდება, როგორც დიდი აღმოჩენა. მიმაჩნია, რომ მსგავსი სიტყვები პოეზიად შეიძლება შერაცხულ იქნეს იმ გარემოებაში, როცა სკოლაში ლიტერატურის სწავლება აგებულია სრულიად მანკიერ პრინციპებზე, პრინციპებზე, რომლებიც გამორიცხავს კულტურაში აზრთა და შეხედულებათა მწვავე კონფლიქტს.
ამიტომაც საქართველოში შეიძლება საკვირველიც კი იყო, რომ ისტორიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სრულიად სერიოზულად განიხილავდნენ შეკითხვას: არის თუ არა დანტე ალიგიერი პოეტი? მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებ: XVII და XVIII საუკუნეებში ცხოვრობდა ვინმე სავერიო ბეტინელი, რომლის სახელი დღეს არავინ იცის, შესაძლოა, რამდენიმე ვიწრო პროფილის სპეციალისტის გარდა. ეს ძალიან ნიჭიერი კაცი იყო - ეგრეთ წოდებული "Letterato” (ამ სიტყვით იტალიელები ღრმა ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანს აღნიშნავენ). ამავე დროს, შეიძლება ითქვას, იყო იგავმიუწვდენელი სტილისტი. საოცრად ეშხიანი იტალიურით წერდა. ერთი სიამოვნებაა მისი კითხვა. ჰოდა, სწორედ ეს სავერიო ბეტინელი ამბობდა: „წავიკითხე ეს თქვენი დანტე ალიგიერი. რა არის ეს? კაცმა დაწერა ამოდენა პოემა, მაგრამ რას მოგვითხრობს? – წავედი წინ, შემდეგ გავუხვიე მარჯვნივ, შემდეგ ავიქნიე ხელი, შემდეგ მოვაბრუნე თავი და ა.შ. გასაგებია, რომ ბაროკოს ეპოქის ლამაზი პოეზიის თაყვანისმცემლებისათვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება პოეზია შეჯვარდეს თხრობასთან, ანუ იმასთან, რომ ადამიანმა უნდა გაგაგებინოს, რა ხდებოდა მოცემულ მომენტში, მოცემულ დროს»...
ახლა კი მივადექით დანტეს ქალაქის გალავანს და დროა, ხვრელი გავანგრიოთ. ამიტომაც ავარჩიე ისეთი ადგილი „ღვთაებრივი კომედიიდან», სადაც ლაპარაკია სიკვდილზე, როგორც ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე და, ამავე დროს, მოყოლილია ამბავი - ის, რაც ხდებოდა მოცემულ ადგილას და მოცემულ დროს. ამ ორი გარემოების შერწყმა ზემოთქმულის შუქზე დაგვანახებს, ვიმედოვნებ, დანტე ალიგიერის პოეტურ სიდიადეს.
ჯერ ამ ადგილის ჟღერადობას დავუკვირდეთ:
"mentre che l’uno spirto questo disse,
l’altro piangea sм che di pietade
io venni men cosi com’io morisse
e caddi come corpo morto cade”
"სანამ ერთი სული ამას ამბობდა,
მეორე ტიროდა, ისე რომ ამ სიბრალულისგან
მე გული წამივიდა, თითქოს მე ვკვდებოდი
და დავეცი, როგორც მკვდარი სხეული ეცემა.”
ერთი შეხედვით, აქ დიდ პოეზიას არაფერი ესაქმება, რადგან მოვლენის აღწერა გვაქვს. მაგრამ როგორაა ორგანიზებული ეს აღწერა? _ ჩავუტაროთ იგივე ანალიზი დანტეს ამ ოთხ სტრიქონს. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ აქ ორჯერ მეორდება პირის ნაცვალსახელი „მე». „მე გული წამივიდა, თითქოს მე ვკვდებოდი». სინამდვილეში ეს „გული წამივიდა» ცუდი თარგმანია. იტალიური ”venni men» ნიშნავს დაკლებას, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, გვექნება „მე დავაკლდი». როდესაც ადამიანს გული მისდის, ამ პროცესის დასაწყისს გრძნობს; შემდეგ მას მოასულიერებენ ან თვითონ მოსულიერდება. მეორე მომენტი უკვე უფრო მნიშვნელოვანია: „მე ვკვდებოდი» _ აი, ამ „მე»-ს ებღაუჭება ადამიანი, ეს „მე» აკლდება და მიდის. სწორედ მისი შენარჩუნება და ამქვეყნად დატოვებაა საჭირო, ამიტომ მეორდება ორჯერ.
ზიგმუნდ ფროიდმა ოდესღაც განიხილა „ღვთაებრივი კომედიის» ერთ-ერთი ადგილი, სადაც წმ. პეტრე აღშფოთებას გამოხატავს რომის ეკლესიის დაცემის გამო და ამბობს, რომ „ტახტი ჩემი იქ უქმად არის». „უქმად არის» ორჯერ იმეორებს იტალიურ ზმნას "vacare” (აქედან «ვაკანსია» _ უქმი ადგილი). ფროიდი ამბობს, რომ ეს გამეორება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გამოხატავს პეტრეს შინაგან მდგომარეობას. ფროიდი ასევე ადგენს ლეონარდო და ვინჩის შინაგან განწყობას, რადგან მხატვრის დღიურებში არის ჩანაწერი - „კატერინა მოკვდა, მოკვდა კატერინა». ამ გამეორების საფუძველზე ადგენს, რომ კატერინა დედამისი იყო. ახლა მე უბრალოდ ვიყენებ ამ ანალოგიას იმისათვის, რომ გითხრათ: ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ტრაგედიის, სიკვდილის ტრაგედიის ქვაკუთხედი არის „მე», რომელიც იკარგება.
შემდგომ ვითარება კიდევ უფრო მძიმდება: caddi - „დავეცი» - ეს ზმნა წარსული დროის პირველ პირში დგას, ამიტომ ჯერ კიდევ ინარჩუნებს „მე»-ს პატარა კვალს, მაგრამ არა მარტო გრამატიკული მიზეზების გამო: უბრალოდ, წარსული ჩვენია, თუმც მიუღწეველია, თუმც სამუდამოდაა დაკარგული, მაინც ყველა სხვა დროზე უფრო ჩვენია, რადგან ჩვენს მეხსიერებას წარმოადგენს, ჩვენს გამოცდილებას ქმნის. მაგრამ აი, შემდგომ ამისა, მოდის ნამდვილი სიკვდილი - "come corpo morto cade” - «როგორც მკვდარი სხეული ეცემა». «ეცემა» - მორჩა, გათავდა - აქ „მე» უკვე აღარ არის, „მე» უკვე სრულიად გაიბნა, დაიკარგა; მაგრამ ამით საქმე ჯერ არ დასრულებულა: სიტყვას _ „სხეული», _ "corpo” _ სჭირდება არტიკლი, იტალიური ენის ნორმების თანახმად, განუსაზღვრელი ან განსაზღვრული, რომელიც აქ არ არის. რას ნიშნავს ეს? მინდა გაგახსენოთ ერთი ადგილი თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსიდან», სადაც ადრიან ლევერკიუნი ეუბნება თავის მეგობარს, _ დაუკრას გამა დო მაჟორი, ოღონდ გამოტოვოს მეშვიდე საფეხური „სი». „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, დო» _ ასე ვერასოდეს ვერ მიხვდები, ეს დო მაჟორია თუ ფა მაჟორი. მეშვიდე საფეხური ანიჭებს ინდივიდუალობას გამას. არტიკლის არარსებობა პროპოზიციაში ”corpo morto cade”, მიგვანიშნებს, რომ ჩვენ არ ვიცით, ეს რომელიმე ცალკეული სხეულია თუ საზოგადოდ სხეული, ეს არც აბსტრაქციაა, არც კონკრეტულობა _ ეს არის უსახურობა და ამ უსახურობას ჰქვია სიკვდილი. ეს მშვენივრად ეთანხმება დანტე ალიგიერის საყმაწვილო პოეზიიდან ერთ შესანიშნავ ფრაგმენტს, სადაც წერია: ”villana morte”, რაც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც მხდალი სიკვდილი, მაგრამ სიტყვა ”villana” ძალიან რთულია _ ლათინურად ”villanus” ზედსართავი ან არსებითი სახელია, ”villanus” არის ის, ვინც ცხოვრობს ვილაში. „ვილლა» ამ შემთხვევაში არ ნიშნავს აგარაკს აუზითა და NTV+ პარაბოლური ანტენით. ამ შემთხვევაში ეს არის სოფელი, ანუ სიტყვა ”villanus” ყველაზე კარგად ითარგმნება ქართულად, როგორც „გოიმი». Villana morte _ „გოიმი სიკვდილი», გოიმი იმიტომ, რომ უსახურია, არაფერი თავისი არა აქვს, ყველაფერს სხვას სტაცებს. აი, სწორედ ამ ღერძზე შეგვიძლია ავაგოთ ურთიერთობა დანტესა და რიკერტს შორის და, გარდა ამისა, განვაგრძოთ ეს ღერძი ცოტა უფრო აქეთ, მიშელ ფუკომდე, რომელმაც სრულიად სხვა საფუძველზე წარმოთქვა ერთი საოცარი წინადადება: „სული სხეულის დილეგია». მერწმუნეთ, რომ არ ყოფილიყო დანტე ალიგიერის ზემოთ გადმოცემული სულისკვეთება, ვერ ითქმებოდა მიშელ ფუკოს ეს სიტყვები. რას ნიშნავს ის, რომ „სული არის ხორცის დილეგი» – ამის განხილვა შორს წაგვიყვანს. ახლა კი გავაფართოვოთ მხედველობის არე, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ისე შევხედოთ ამ ოთხი სტრიქონის კონტექსტს. აღწერილი მოვლენა ხდება ჯოჯოხეთის პირველ გარსში, სადაც სულები სასჯელს იხდიან ხორციელი ცოდვებისათვის, ვნებებისათვის, მოკლედ რომ ვთქვათ, სექსისათვის. თვითონ ის სული, რომელიც ლაპარაკობდა, არის ფრანჩესკა და რიმინი, სხვანაირად, ფრანჩესკა რიმინელი, ანუ იმ ქალაქის მკვიდრი ქალი, სადაც ქართველები ჩარტერული რეისებით დაფრინავენ სხვადასხვა საქონლის ჩამოსატანად. ფრანჩესკა და მისი სატრფო, ვინმე პაოლო, ერთ მშვენიერ დღეს კითხულობდნენ წიგნს. ამ წიგნში აღწერილი იყო სასიყვარულო ისტორია რაინდ ლანსელოტსა და დედოფალ ჟენევიევას შესახებ. ვისაც ნანახი აქვს ფილმი რიჩარდ გირის მონაწილეობით, ალბათ, გაიხსენებს ამ ამბავს. კულმინაციურ მომენტში ორი მკითხველი ბაგეებს კოცნით შეაწებებს ერთმანეთს. ამის შემდეგ შეყვარებულებს სიკვდილი ელის: ტრადიცია მათ მკვლელად ფრანჩესკას ქმარს, ჯანჩოტოს ასახელებს. საინტერესოა, რომ გუსტავ დორე, ფრანგი მხატვარი, თავისებურად ასახავს ამ მომენტს თავის გრავიურაზე. ფრანჩესკა და პაოლო ერთმანეთს კოცნიან და მათი სავარძლის უკან დანით ხელში ჩასაფრებულია ჯანჩოტო. რა აძლევს უფლებას გუსტავ დორეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, დანტეს შემოქმედების ბევრ სერიოზულ მკვლევარსაც ივარაუდონ, რომ ეს მკვლელობა მოხდა მაშინვე?! ამის საბაბია ფრანჩესკას სიტყვები: ”quel giorno piщ non vi leggemmo avante” _ იმ დღეს მეტი აღარ წაგვიკითხავსო. ახლა კი მივმართავ თქვენს ადამიანურ გამოცდილებას: თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სხედხართ და კითხულობთ წიგნს. უეცრად ორივენი გრძნობთ ერთმანეთის მიმართ დაუძლეველ იმპულსს, და ამის მერე რომელი ჭკუათამყოფელი განაგრძობს წიგნის კითხვას?! ნუთუ კითხვის შეწყვეტის გასამართლებლად უნდა წარმოვიდგინოთ სავარძლის უკან ჩასაფრებული ხანჯლიანი მკვლელი?! როგორც ვხედავთ, კომენტატორები ძალიან ხშირად იმყოფებიან ერთგვარი აკადემიზმის ტყვეობაში და ვერ ახერხებენ ტექსტის ისე წაკითხვას, როგორც საერთოდ ნორმალურ ადამიანს უნდა კარნახობდეს მისი ჩვეულებრივი ადამიანური გამოცდი-ლება.
მაგრამ დავუკვირდეთ კიდევ ერთ გარემოებას: თუ რიკერტის მთავარი სტიმული არის ბავშვის სიკვდილი, თავისთავად მძიმე ტრაგედია, დანტესთან სრულიად განსხვავებული ვითარებაა. თუ ჩავიხედავთ იტალიურ ქრონიკებში, დავინახავთ, რომ ქალბატონი ფრანჩესკა და რიმინი იყო ოცდაათს გადაცილებული, მისი სატრფო, პაოლო კი _ ორმოცს, თანაც ისინი ერთმანეთის რძალი და მაზლი იყვნენ. როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს რიგით ოჯახურ ინტრიგასთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად გაბატონებული კათოლიკური იდეოლოგიისა, დანტე თავისი აღწერით სრულიად არადეკლარაციულად, არამედ პოეტურად აკეთებს უმნიშვნელოვანეს განაცხადს: ადამიანის ყველაზე „უმნიშვნელო» ყოფითი ვნებებიც იმსახურებს მაღალ პოეზიას. გავიხსენოთ, რომ ამგვარი ჟღერადობის ტექსტი მარსელ პრუსტამდე ექვსასი წლით ადრე დაიწერა.
და ბოლოს, მინდა შევეხო ერთ მეტად მნიშვნელოვან მომენტს: როდესაც დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაზე» საუბრობენ, ძალიან ხშირად ისმის სიტყვა «ალეგორია». ალეგორია, მოგეხსენებათ, არის ავტორის მიერ სიმბოლოების საშუალებით დაფარული აზრის გამოხატვა. ალეგორიას ხშირად იყენებდნენ შუა საუკუნეებში არა მარტო აზრის გამოსახატავად, არამედ საღვთო წერილის განმარტებისთვის _ ბიბლიური ამბები ხშირად სწორედ ალეგორიულად ესმოდათ. ალეგორია ძალიან უყვარდათ შემდგომ ეპოქებშიც, მაგალითად, XVII საუკუნეში, სწორედ მაშინ, როცა დანტეს პოეტობაში ეჭვი ეპარებოდათ. შემიძლია გავიხსენო იმ დროის ყველაზე დიდი იტალიელი ფილოსოფოსი ჯამბატისტა ვიკო, რომლის მთავარი ნაწარმოებია უშველებელი თხზულება: „ახალი მეცნიერების საფუძვლები». წიგნის შესავალში ავტორი გვიხსნის მის მთავარ იდეას და მოჰყავს გრავიურა, რომელზედაც გამოსახულია სხვადასხვა სიმბოლოები და მითიური პერსონაჟები. ავტორი გვიხსნის, რომ გრავიურა ალეგორიულად გამოხატავს წიგნის შინაარსს. ოდნავი დაფიქრება მიგვანიშნებს, რომ ალეგორიას შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენი განხილვისთვის არსებითი თვისება ჰქონდეს: ავტორი თავისი ნების მიხედვით ალაგებს სასურველ ფიგურებს - ეს ფიგურები არ ცოცხლობენ და, მით უმეტეს, არ ემუქრებიან ავტორს. ისინი უსიტყვოდ ემორჩილებიან მის ნებას.
ახლა ვნახოთ, რა გვაქვს დანტესთან და რა ხდება ამ შემთხვევაში. ამისათვის გავიხსენოთ მისი თხზულების დასაწყისი: ”Nel mezzo del cammin di nostra vita mi ritrovai per una selva oscura...” _ «ჩვენი ცხოვრების ნახევარ გზაზე, მე უცბად, მოულოდნელად აღმოვჩნდი ბნელ, უღრან ტყეში...». თავიდან გვაქვს სრულიად მშვიდი და სიმეტრიული სურათი. 3 სტრიქონი, შემდეგ 9, შემდეგ ისევ 3. მერე მეორდება 3, 9, 3. პირველი 30 ტერცინა ასეა აგებული: ჯერ არის აღწერილი რაღაც მოვლენა და ამ აღწერას 3 ტაეპი უჭირავს, შემდეგ ავტორის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ამ მოვლენასთან _ 9 ტაეპი, შემდეგ 3 ტაეპზე კი კვლავ არის რაღაც მოვლენა, რომელიც ეხმაურება ზემოთქმულს და ეს ყოველივე მეორდება ორგზის.
ეს სიმეტრიული წყობა საშუალებას იძლ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1457 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები