კვირა, 05.05.2024, 13:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ნოდარ ლადარია – “განათლება და კულტურა ძალადობის წინააღმდეგ”
22:22
ნოდარ ლადარია – “განათლება და კულტურა ძალადობის წინააღმდეგ”
ნოდარ ლადარია

ნოდარ ლადარია – Nodar Ladaria (1960)

ნოდარ ლადარია – "განათლება და კულტურა ძალადობის წინააღმდეგ”

"ზოგს ღმერთმა ერთი რამ უანდერძა, სხვებს — სხვა, იმის მიხედვით, თუ რა პირობები იყო შესაბამის დროს. მაგრამ ყველანი ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ემსახურებოდნენ. მაგალითად, საჭურველი ერთსა და იმავე კაცს შეეფერება: ერთი — სხეულის ერთ ნაწილს, სხვა კიდევ — სხვას. ერთი და იმავე დღის განმავლობაში შეიძლება რაღაც საქმის კეთება, ერთი საათის შემდეგ კი აღარა. ერთსა და იმავე სახლში, ერთ კუთხეში შეიძლება და ნაბრძანებია რაღაცის ქმნა, რაც სხვა კუთხეში სამართლიანად აკრძალულია და სასჯელსაც ექვემდებარება. ნუთუ ჭეშმარიტება სხვადასხვაა და იცვლება? არა, მაგრამ დრო, რომელსაც ის მართავს, სხვადასხვანაირად მიედინება: ეს ხომ დროა. ადამიანებს თავიანთი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში არ შეუძლიათ გარდასულ საუკუნეთა და სხვა ხალხთა სასიცოცხლო გარემოებების, მათთვის უცნობი პირობების შეთანხმება იმასთან, რაც მათთვის ცნობილია. როცა საქმე ეხება ერთ ადამიანს, ერთ დღეს ან ერთ სახლს, ისინი ადვილად ატყობენ, რა შეეფერება სხეულის რომელიმე ნაწილს, რომელიმე საათს, რომელიმე ადგილს ან პიროვნებას: პირველ შემთხვევაში ისინი შეურაცხყოფილნი არიან, მეორეს კი ეთანხმებიან”, — ეს ვრცელი ფრაგმენტი აღებულია ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებიდან” (I, 13). მისი საზრისი იმდენად ეთანხმება ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას, რომ შესაძლებელია, მთელი მოხსენება ამ ფრაგმენტის ეგზეგეტიკაზე ავაგოთ.

მართლაც, ავგუსტინეს ტექსტი თანამედროვეობისათვის მეტად საჭირბოროტო რამდენიმე ასპექტს შეიცავს. მოკლედ რომ გადმოვცეთ, მისი შინაარსი შემდეგია: როდესაც ადამიანების გონება ადვილად მოიცავს სივრცისა და დროის განსახილველ მონაკვეთს, ქცევებისა და ზნეობის მრავალფეროვნება ადვილი ასახსნელია. მაგრამ თუ რაიმე ქმედების განსახილველად საჭირო სივრცე ან დრო მნიშვნელოვნად სჭარბობს ჩვეული ყოფითი გარემოთი ან პირადი და საგვარეულო მეხსიერებით მოხაზულ საზღვრებს, ადამიანები ძალიან ხშირად რჩებიან შეურაცხყოფილნი, შეურაცხყოფის გრძნობა კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შინაგანი თუ გარეგანი კონფლიქტის ძალადობრივი გადაწყვეტისთვის.

გასაგებია, რომ რაც უფრო ვაფართოვებთ საკუთარ თვალსაწიერს, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი ისტორიული და კულტურული რეალობისთვის ვპოულობთ ადგილს საკუთარ შეგნებაში, მით მეტი შანსი გვაქვს ადეკვატურად ავხსნათ სხვათა ქმედება და თავიდან ავიცილოთ ძალადობა. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ის გარემოება, რომ ავგუსტინეს ტექსტი თავისუფალია ყოველგვარი პროგრესიზმისგან: ავტორი არ გვეუბნება, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი ვითარდება, მისი კულტურული გარემო იმდენად ფართოვდება, რომ საზოგადოების ყოველ წევრს შეუძლია სულიერი ენერგიის დაუხარჯავად გახდეს შემწყნარებელი და უარი თქვას სხვებთან ძალადობის ენით საუბარზე.

რა თქმა, უნდა, თუ საზოგადოება იმპერატიულად მოითხოვს ამას (როგორცგანვითარებული დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში), ამგვარი გადაწყვეტა მნიშვნელოვნად გაადვილებულია, მაგრამ უმთავრესი, რასაც ავგუსტინეს ტექსტი ემყარება, ისაა, რომ ნებისმიერ კულტურულ გარემოში ადამიანი მაინც რჩება სასრული არსება. გარანტიები არ არსებობს. უფრო მეტიც, თვით სიტყვები "განათლება” და "კულტურა”, თუ მათ ზოგადად გავიგებთ, თავისთავად არ მიუთითებს ძალადობის დაძლევაზე.

მსჯელობა ძირითადი ცნებების განხილვით დავიწყოთ

"კულტურა” — ამ სიტყვით ვგულისხმობთ იმ ნივთიერ, სულიერ, სოციალურ და რიტუალურ რეალობას, რომელშიც ჩართულია ესა თუ ის საზოგადოება. უფრო დეტალური აღწერა გვაიძულებს უკანასკნელ წინადადებაში სიტყვა "საზოგადოება” შევცვალოთ სიტყვით "ადამიანი”. მართლაც, თუ კონკრეტულობისთვის შუა საუკუნეების ევროპას ავიღებთ, მივიღებთ შემდეგ სურათს: რაინდის კულტურული სამყარო ასე გამოიყურება: ციხე-დარბაზი, საბრძოლო აღჭურვილობა — ნივთიერი გარემო; ეპოქის დამახასიათებელი ლიტერატურა და მუსიკა — სულიერი სამყარო; ფეოდალური ტრადიციები, კურტუაზული კოდექსი — სოციალური რეალობა; ნადირობა, ტურნირები, ეტიკეტი — შესაბამისი კულტურული გარემოს რიტუალი. ამისაგან განსხვავებით, ქრისტიანი მოწესის კულტურული სამყარო ასეთი სახისაა: ტაძარი, სკრიპტორიუმი, ტონზურა — ნივთიერი გარემო; საღვთო წერილი, თეოლოგიური და ლიტურგიული ტექსტები — სულიერი სამყარო; სამონასტრო ტიპიკონი, საერო საზოგადოებასთან ურთიერთობა — სოციალური რეალობა; ღვთისმსახურების დღიური და წლიური ციკლები — რიტუალი.

მიუხედავად ამ ორი კულტურული გარემოს მრავალი გადაკვეთისა, ისინი მაინც საგრძნობლად დამოუკიდებელნი არიან ერთმანეთისგან და მიგვანიშნებენ, რომ ნებისმიერი საზოგადოების კულტურული გარემო ამგვარი იზოლირებული ფენებისაგან, ან, თუ გნებავთ, პარალელური სამყაროებისაგან შედგება, რომელთა ბინადრებიც ძნელად უგებენ ერთმანეთს.

რაც შეეხება სიტყვას "განათლება”, ის გულისხმობს პროცესს, რომლის წყალობით ადამიანი ეუფლება საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რათა შეუერთდეს იმ კულტურულ სამყაროს, რომელშიც მოუწევს ცხოვრების გატარება.

ამრიგად, იყო "კულტურული და განათლებული” აცტეკი ნიშნავს იმას, რომ დათქმულ დროს მიხვიდე ღმერთ უიცილოპოჩტლის ტაძარში და აღტაცების შეძახილი აღგმოხდეს, როცა ქურუმი მაღლა ასწევს ახლახან მსხვერპლად შეწირული მონის ჯერ კიდევ მფეთქავ გულს.

ძალიან უიმედო სურათი კი გამოგვივიდა. მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე: არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც, თუ ჩავუკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ თვით ავგუსტინეს მოყვანილ ფრაგმენტში. სწორედ ამ დეტალით გამოირჩევა დიდი კულტურული ნაკადი, რომელსაც დასავლურ ცივილიზაციას ვუწოდებთ. ეს დეტალი შემდეგში მდგომარეობს: კულტურას, რომელმაც მოგვცა ნეტარი ავგუსტინე, თომა აკვინელი, ფრანჩესკო ასიზელი, გალილეო გალილეი, ისააკ ნიუტონი, დიდი ფრანგული რევოლუცია, აშშ დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ბევრიც სხვა, საკუთარი თავისაგან აბსტრაჰირების უნარი შესწევს. დიახ, თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის წიაღში მცხოვრები ადამიანიც დროსა და სივრცეში ისეთივე სასრულია, როგორც ავსტრალიელი აბორიგენი, მაგრამ, სამაგიეროდ, თანამედროვე ევროპელის ან ამერიკელის განათლებაში, ანუ იმ პროცესში, რომლის შედეგადაც მას შეუძლია გახდეს საზოგადოების სრულყოფილი წევრი, აუცილებლად შედის საკუთარიკულტურული გარემოსაგან დისტანცირების, მისი შორიდან განხილვის, მისი სივრცული და დროული შემოსაზღვრულობის შეგნების უნარი.

დასავლეთის მცხოვრები შეიძლება მორწმუნე იყოს და მიაჩნდეს, რომ მორალური ნორმები, საღვთისმსახურო რიტუალები, ყოფითი ტრადიციები და სხვა ბევრი რამ ღვთის მიერაა დადგენილი და მარადიულ უზენაეს ჭეშმარიტებას გამოხატავს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს მკაფიო შეგნება იმისა, რომ ღვთის მიერ მოცემულია ზნეობრივი მცნებებისა და საკრალური რეალობის არსებითი მხარე და არა მისი კონკრეტული სახე, რომელიც დროსა და სივრცეში ცვლილებას ექვემდებარება მსგავსად იმისა, როგორც ეს ნაჩვენებია ავგუსტინეს ტექსტში. ამგვარი მენტალობის წიაღში კი აუცილებლად არსებობს რესურსები, რომ ადამიანი არ განრისხდეს, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს, როცა თავისი კულტურული გარემოსათვის უჩვეულო მოვლენის პირისპირ აღმოჩნდება.

ამ თვალსაზრისით, დასავლურ მენტალობაში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე თვისება.

1) იდეა, რომ ადამიანური ეთიკა სივრცესა და დროზეა დამოკიდებული.

ლატერანის IV საეკლესიო კრებამ, რომელიც 1215 წელს გაიმართა, დაგმო არბალეტი როგორც ქრისიტანულ სარწმუნოებისათვის შეუსაბამო სისასტიკის იარაღი. ამ მოვლენას მხოლოდ გარეგნული მსგავსება აქვს ანალოგიური შინაარსის დოკუმენტებთან, რომლებიც XX საუკუნეში იქნა შედგენილი და დამტკიცებული საერთაშორისო დონეზე. თუ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვა თანამედროვე საზოგადოებისთვის პარადიგმული ნაბიჯია, ლატერანის საეკლესიო კრება დროით ღერძზე ამ პარადიგმისგან იმდენად შორს მდებარეობს, რომ ღირებულებათა ჩამოყალიბებულ სისტემაზე ვერ ვილაპარაკებთ და შეგვიძლია ხსენებული მოვლენა შემთხვევითობად მივიჩნიოთ. მაგრამ ავგუსტინეს ფრაგმენტში მოცემული ეთიკური რელატივიზმი, რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, სულაც არაა შემთხვევითი მოვლენა, არამედ ევროპული კულტურის ერთ-ერთ უძველეს პარადიგმას წარმოადგენს.

საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ როგორ განიხილავს არისტოტელე ბერძნულ ტრაგედიებს. ანტიგონეს გარჩევისას ფილოსოფოსი აღნიშნავს, რომ აქ საქმე გვაქვს ორ კანონს შორის კონფლიქტთან: ანტიგონე ზოგადსაკაცობრიო კანონს წარმოადგენს, მისი გვირგვინოსანი მამა კი — კონკრეტულს. იგივე ბუნება აქვს ვაჟასეული ალუდა ქეთელაურის კონფლიქტს თემთან: თემი მოითხოვს კონკრეტული ადათის შესრულებას, მაშინ როცა ალუდა თავის ზნეობრივ არჩევანში უფრო ფართო ზნეობრივ მოსაზრებებს ეყრდნობა.

თავის "რიტორიკაში” (1388) არისტოტელე აღნიშნავს, რომ ადამიანებს შურთ მხოლოდ მათი, ვინც ახლოს დგას მანძილით, დროით, ასაკით ან დიდებით. ჩამოთვლილ პარამეტრთა სიდიდის ზრდასთან ერთად შურის გრძნობაც მცირდება.

ახალ დროში ზნეობრივი რელატივიზმის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფრანგი განმანათლებლის, დენი დიდროს თხზულება "ბრმის წერილი თვალხილულთადმი”. აქ ავტორი ამბობს შემდეგს: "რადგან გრძნობების ყველა გარეგან გამოხატულებათაგან, რომლებიც ჩვენში ტკივილსა და თანაგრძნობაზე აზრს იწვევენ, ბრმებისთვის მხოლოდ სიტყვიერი ჩივილია მისაწვდომი, ვფიქრობ, რომ ისინი გულქვები უნდა იყვნენ. რა განსხვავება უნდა იყოს ბრმისთვის ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთი შარდავს, მეორე კი უდრტვინველად და უსიტყვოდ ღვრის სისხლს?~ შემდგომშიც განვითარებულია აზრი, რომ ეთიკური განციდები უშუალოდ დამოკიდებულია ფიზიკურ შეგრძნებებსა და გარემო სამყაროში გაბატონებულ მასშტაბებზე. მართლაც, ყოველი ჩვენგანი გაცილებით უფრო ადვილად დაადგამს ფეხს ჭიანჭველას, ვიდრე დაკლავს ქათამს.

ეს საკითხი არც ისე უწყინარია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: დღეს, როცა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია სადღაც სუფთა და კომფორტულ კაბინეტში მოთავსებულ ღილაკზე, გლობალური უბედურების აცილება მხოლოდ კულტურასა და ცივილიზაციაში არსებული შინაგანი რესურსების დახმარებითაა შესაძლებელი. დავუფიქრდეთ იმ გარემოებას, რომ მრავალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი და ლიტერატურული ნაწარმოები ვითარდება ერთი და იმავე სიუჟეტით: ბირთვული იარაღი რომელიღაც აღმოსავლური სახელმწიფოს ან დიქტატორის ხელში ვარდება. კულტურებს შორის არსებითი განსხვავება მინიმალურია: აღმოსავლეთში გაცილებით უფრო სუსტია ზნეობრივ ნორმათა რელატივობის შეგნება — სწორედ ეს მინიმალური განსხვავება განაპირობებს გლობალურ საფრთხეს, თუ ფილმისა და რომანის სიუჟეტი რეალობაში გათამაშდება.

2) იდეა, რომ კულტურული ცვლილებები არაა დაქვემდებარებული ცალკეული ადამიანების ნებას.

ყველაზე ვულგარულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი ეგრეთ წოდებული "შეთქმულების თეორიის” სახით გამოიხატება. ყველასათვისაა ცნობილი, მაგალითად, აზრი, რომ თანამედროვე მსოფლიოს მასონები და სიონისტები მართავენ, რომ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური ძვრები ჯორჯ სოროსის დაგეგმილია და ა. შ. ამგვარი შეგნება ადვილად იწვევს ძალადობის აფეთქებას, რადგან ადამიანებს, რომლებიც მუდამ განიცდიან ფიქტიურ საფრთხეს, ყოველთვის აქვთ ძალადობრივი გადაწყვეტილების შინაგანი გამართლება: აუცილებელი თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ეს გამართლება ფორმალურად მოქმედი ეთიკური ნორმებითაც გამართლებულია.

მაგრამ საკმარისია ოდნავი დაფიქრება, რომ საფრთხის ფიქტიური ბუნება მაშინვე იჩენს თავს. დასავლური მეცნიერების საფუძვლები იმთავითვე გამორიცხავს გლობალური შეთქმულების შესაძლებლობას, ხოლო სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციებისა და ორდენების არსებობას, პირიქით, პირადი უსაფრთხოებისკენ და არა მსოფლიო ბატონობისკენ სწრაფვით ხსნის.

უფრო კონკრეტულ დონეზე შეიძლება დავაკვირდეთ, რომ შეთქმულების თეორიის მომხრეთა არგუმენტები, მიუხედავად მათი დეკლარირებული საკრალური წარმოშობისა, სინამდვილიდან აღებულ საბუთებს კი არ ეყრდნობა, არამედ იმას, რასაც ინგლისურად უწოდებენ ფიცტიონ — მხატვრულ ლიტერატურასა და, უფრო ხშირად, ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარულ ეკრანიზაციას. მაგალითად, ადვილი დასანახია, რომ ცნობილი თვალსაზრისი იმის შესახებ, თითქოს ანტიქრისტე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაიწყებს მოღვაწეობას, თითქოს ის აუცილებლად რომელიმე წარმატებული საერთაშორისო კორპორაციის ლიდერი იქნება და ა. შ. სინამდვილეში არა მისტიკური გამოცდილებიდან გამომდინარეობს, არამედ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მეტად პოპულარული ამერიკული კინოტეტრალოგიიდან "ომენ”. სამი მწერლის — დევიდ ზელცერის, ჯოზეფ ჰოვარდისა და გორდონ მაკგილის ფანტაზიის ნაყოფი დღეს შეცვლილი სახით გადადის ერთი სასულიერო გამოცემიდან მეორეში, ზეპირი სახით ვრცელდება ქადაგებებისა და "ხილვების” მეშვეობით.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი "შემოქმედება” ყოველთვის უწყინარია. საპირისპირო მაგალითს გვაძლევს ებრაელთა დევნის გამართლებასთან დაკავშირებული ერთი მითის ისტორია, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ კონკრეტული მაგალითის სახით.

ებრაელთა წინააღმდეგ მითიური ბრალდებების გამოგონებამ ინდუსტრიული ეპოქის დადგომასთან ერთად განახლებული სახე მიიღო: XIX საუკუნიდან ებრაელებსუკვე, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს დაპყრობის მიზნით საიდუმლო შეთქმულებაში ადანაშაულებენ. ამ იდეას ათასი ჯურის ადამიანი გამოთქვამს, რომელთა შორის იპოვით კათოლიკე ეპისკოპოსეებს, ღარიბ პოლონელ აზნაურებს, ებრაული წარმოშობის რუს ანტისემიტებს, თურქული გვარის მქონე სერბ მართლმადიდებლებს და ევროპული ისტორიის სხვა მესამეხარისხოვან პერსონაჟებს.

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ებრაელთა მსოფლიო შეთქმულების იდეა მრავალ ფორმას იღებდა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შემდეგია.

XIX საუკუნის შუა წლებში საფრანგეთი ნაპოლეონ III-ის დესპოტური რეჟიმის ქვეშ მოექცა. ფრანგ ჟურნალისტს, მორის ჟოლის, როგორც იგი 1870 წელს იგონებდა, აზრად მოუვიდა, დაეწერა სატირული ნაწარმოები: "დიალოგი ჯოჯოხეთში მონტესკიესა და მაკიაველის შორის”. რეჟიმის კრიტიკა პირდაპირი ტექსტით აკრძალული იყო, ამიტომაც ჟურნალისტმა იგავური ფორმა აირჩია. და მაინც, 1865 წლის 25 აპრილს მას სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუხდა. ჟენევაში გამოცემული წიგნის ტირაჟი განადგურებულ იქნა. 1879 წელს ხელმოცარულმა ჟურნალისტმა თავი მოიკლა, მაგრამ მიხეილ ბულგაკოვისგან ვიცით, რომ ხელნაწერები არ იწვის…

მორის ჟოლის თვითმკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის დაზვერვის რეზიდენტად პარიზში ჩამოვიდა ვინმე პეტრე რაჩკოვსკი. იგი მანამდე ცნობილი იყო იმით, რომ თვითონვე დაამზადა ბომბები, თავისი აგენტების მეშვეობით გადასცა ისინი შემთხვევით ადამიანებს, შემდეგ მოსპო აგენტები და "გახსნა” ანარქისტების შეთქმულება. სრულიად შემთხვევით რაჩკოვსკის ჩაუვარდა ხელში მორის ჟოლის პამფლეტის გადარჩენილი ეგზემპლარი, რომელიც უკვე აღარავის ახსოვდა საფრანგეთში. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა ამ ტექსტის საფუძველზე შექმნილი ნაყალბევი, რომელიც დღემდე ცნობილია როგორც "სიონის ბრძენთა ოქმები”. ეს ოქმები თითქოსდა ასახავს საიდუმლო ებრაული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი კონგრესის შედეგებს. კონგრესზე, რომლის არც ჩატარების ვადა და არც ადგილი არაა ნახსენები, თითქოსდა შემუშავდა ევროპულ სახელმწიფოთა თანდათანობითი დაპყრობისა და დასუსტების გეგმა, რომლის მთავარი მიზანი ზეეროვნული იმპერიის შექმნა და მთელი ძალაუფლების ებრაელთა ხელში გადაცემაა.

საზოგადოდ, "ოქმების” ტექსტი საკმაოდ ბუნდოვანია და უთავბოლო. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ტექსტი სულაც არ ჰგავს რაიმე თავყრილობის ოქმს. მაგრამ დამნაშავეთა ძებნის მანიით შეპყრობილი ადამიანისთვის ეს "მტკიცებულება” სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, XX საუკუნის დასაწყისში, როცა უკრაინის ტერიტორიაზე რუსმა პატრიოტებმა რამდენიმე ათეული ათასი ებრაელი გაჟლიტეს, ამ ცნობილი "პოგრომების” ინიციატორები, "რუსი ხალხის კავშირის”, ანუ "შავი ასეულის” წევრები სწორედ "სიონის ბრძენთა ოქმებით” ამართლებდნენ თავიანთ ბოროტმოქმედებას.

როგორ მოხდა მორის ჟოლის დიალოგი, რაჩკოვსკის ბრძანებით გადაკეთების შემდეგ რუსი შავრაზმელების ხელში? 1890 წელს პარიზში ჩამოსულმა "ოხრანკის” რეზიდენტმა, როგორც ეტყობა, ჟოლის ტექსტში ჩამალული პერსპექტივა შეამჩნია. ეს იყო ინტრიგების ქსოვის, ახალი გაყალბებული საქმეებისა და გაუვნებელყოფილი "სახელმწიფო საფრთხის” პერსპექტივა იყო. თანაც ინტრიგების სამიზნე იდეალური იყო: მოსახლეობის ისედაც დაუცველი და ლამის კანონგარეშე დარჩენილი ფენა — ებრაელები.

რაჩკოვსკის მიერ შემუშავებული გეგმა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ, თუმცა იგი მშვიდობიანად გარდაიცვალა 1911 წელს, ახალგამომცხვარ "ოქმებზე” აღზრდილმა ანტისემიტებმა განაცხადეს, რომ მათი სულიერი მოძღვარი სიონისბრძენთა განჩინებით იქნა მოკლული. მაგრამ ხილული სულიერი მოძღვარი სულ სხვა იყო: რაჩკოვსკიმ მალე, 1903 თუ 1904 წელს, შეამჩნია რამდენიმე წლის წინათ გაკოტრებული ლიტველი აზნაური სერგეი ნილუსი. ნილუსმა მთელი თავისი ქონება ბანქოში წააგო, მაგრამ მას ყურადღება მიაქცია რუსეთის საიმპერატორო კარის ერთ-ერთმა ფრეილინამ და მეფის ოჯახს წარუდგინა თავისი პროტეჟე.

ნიკოლოზ II-ის ოჯახი ცნობილი იყო სხვადასხვა მისტიკოსი და ქარიზმატული პიროვნებების დაახლოებით. ამათგან ყველაზე ცნობილია გრიგოლ რასპუტინი. მაგრამ რასპუტინამდე ეს ადგილი ფრანგული წარმოშობის მოპროტესტანტო კათოლიკეს, ეგრეთ წოდებული "მარტინისტების” სექტის წარმომადგენელს, ვინმე ფილიპეს ეკავა. ნილუსმა მალევე დაიმსახურა იმპერატრიცა ალექსანდრას ნდობა. ამისათვის მან შექმნა სასულიერო ხასიათის ყალბი ტექსტი: "წმ. სერაფიმე საროველის საუბარი მოტოვილოვთან”. ორივე ეს პიროვნება რეალურად არსებობდა: სერაფიმე საროველი გამოჩენილი რუსი საეკლესიო მოღვაწე იყო, ხოლო მოტოვილოვი — ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი, ცხენსაშენის მფლობელი. მაგრამ მათ შორის არასოდეს ყოფილა მსგავსი საუბარი, რაც შემდგომში დამტკიცდა ისტორიული და ფილოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. რაჩკოვსკი მიხვდა, რომ სერგეი ნილუსი სწორედ ის პიროვნება იყო, რომელიც ბრწყინვალედ შეძლებდა მის მიერ ჩაფიქრებული გრანდიოზული პროვოკაციის გავრცელებას. ზოგიერთი მოწმობის თანახმად, ოხრანკის რეზიდენტი პირადად შეხვდა იმპერატორის ოჯახის სულიერ მრჩეველს და თავისი ხელით გადასცა "ოქმების ტექსტი”, რომელიც ნილუსმა ჩართო თავის საღვთისმეტყველო ხასიათის წიგნში "დიადი მცირეში”. ამ დროიდან აგორდა ებრაელთა დევნის ახალი ტალღა — რაჩკოვსკისა და ნილუსის მიერ გამოქვეყნებული "ოქმები” გენოციდის ნამდვილ კურთხევად იქცა. ამ ტექსტის გერმანული თარგმანი გამოქვეყნდა ნაცისტურ გერმანიაშიც: მას იმოწმებდა პროპაგანდის რაიხსმინისტრი, იოზეფ გებელსი, როცა ებრაელთა წინააღმდეგ ამხედრებდა გერმანელებს. ეს "ოქმების” ყველაზე ტრაგიკული გამოყენება იყო. იმედია, მსგავსი რამ არასოდეს გამეორდება. მით უმეტეს, რომ დღეს "სიონის ბრძენთა ოქმები” მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი პარანოიკის სახელმძღვანელოდ და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მობინადრე უკიდურესი თვალსაზრისის გამზიარებელი რამდენიმე დაჯგუფების ხელში სასროლ ქვად დარჩა.

როგორც ვხედავთ, ძალადობის აღმოსაცენებლად ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი მაშინ ჩნდება, როცა რომელიმე სოციალური ჯგუფი ან თუნდაც მთელი ერი საკუთარი თავით შეზღუდავს თავისი წევრებისათვის მისაწვდომ კულტურულ არეს, ხოლო განათლების ცენტრში საკუთარ ისტორიასა და მითოლოგიას დააყენებს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1224 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები