კვირა, 05.05.2024, 19:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » არჩილ ჯორჯაძე – ქართული ეროვნების წარმოშობის და განვითარების ისტორიის მიმოხილვა
22:34
არჩილ ჯორჯაძე – ქართული ეროვნების წარმოშობის და განვითარების ისტორიის მიმოხილვა

არჩილ ჯორჯაძე – Archil Jorjadze (1872-1913)

ქართული ეროვნების წარმოშობის და განვითარების ისტორიის მიმოხილვა

ეროვნების შეწავლა თუ გვინდა, უნდა მივაქციოთ ყურადრება იმ კონკრეტულ პირობებს, სადაც ისახება და ვითარდება იგი. ამ კონკრეტულ პირობად ჩათვლება სახელმწიფო. ჩვენთვის გარკვეული უნდა იყოს, რამდენად დაკავშირებულია ეროვნების წარმოშობის პროცესთან, ე.ი. რა კავშირი აქვს ეროვნებას სახელმწიფოსთან. ამიტომაც საჭიროა ცოტა ხნით შევჩერდეთ სახელმწიფოს ცნების განმარტებაზე.
სახელმწიფო ფართო და რთული ორგანიზაციაა. მის ფარგლებში ადამიანის სულიერ და მატერიალურ ნაყოფს განსაზღვრული ელფერი დაედო. რაც წინათ ოდნავ ისახებოდა, სახელმწიფომ მკვეთრი ხასიათი მისცა. რაც წინათ ჩანასახს წარმოადგენდა, სახელმწიფომ ვრცლად და რთულად განავითარა, შეიმუშავა სახელმწიფოებრივი კანომდებლობა, სახელმწიფო დაწესებულებანი, სახელმწიფოებრივი თვითშემეცნება.
საინტერესოა ახლა ამის გაგება, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ეროვნების წარმოშობას სახელმწიფოსთან და რა კავშირი აქვს ეროვნულ თვითშემეცნებას სახელმწიფოებრივ თვითშემეცნებასთან.
გუმპლოვიჩი, რომლის სოციოლოგიური ფილოსოფია დიდი ნათელს ჰფენს ჩვენს მიერ დაყენებულ პრობლემას, ამრიგად არკვევს საზოგადოების წარმოშობის პროცეს – იმ საზოგადოების წარმოშობის პროცეს, რომელშიც ჩაისახა და განვითარდა ეროვნების თვითშემეცნება.
სახელმწიფო არ აღმოცენებულა თანაუფლებიან საზოგადოების ნიადაგზე. სახელმწიფომ ამოჰყო თავი იქ, სადაც დაირღვა თანაბრობა და განმტკიცდა უთანასწორება. სოციალურ ჯგუფთა შორის იმ თავითვე ბრძოლა გაჩაღდა, ერთმა ჯგუფმა (უმცირესობამ) ძალით დაიმონა მეორე ჯგუფი (უმრავლესობა ) და თავის ბატონობის დასაცავად შექმნა ძალმომრეობითი ორგანიზაცია რომელსაც ქვია სახელმწიფო…

…ქართული ეროვნების შემეცნება და ქართული სახელმწიფოებრივობის შემეცნება არა მარტო ვიწროთ არის დაკავშირებული ერთი მეორესთან, არამედ ერთიმეორესთან ფაქტიურად და ლოგიკურად შესისხორცებულნი არიან. ქართულმა სახელმწიფომ შექმნა ქართული ეროვნება და ეროვნული შემეცნება. ეს შემეცნება ძლიერი იყო ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანაში, ხოლო სუსტი ამ სახელმწიფოს დასუსტების დროს. მეტსაც ვიტყვით, ჩვენი ეროვნული თვითშემეცნება ძალადობით იქნა შექმნილი. სწორეთ ისე, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია.
მივმართოთ ფაქტებს, სანამ ქართველი მოდგმის ხალხი პატარ პატარა კარჩაკეტილ ტომებად ცხოვრობდა ქართულ ეროვნებას ადგილი არ ქონდა და არც ეროვნული შემეცნება იყო აღორძინებული. პრ. ჯავახიშვილი ამბობს – ძველ დროს ქართველი ერი ჯერ კიდევ რამდენიმე ტომებრივ ჯგუფებად იყო დაყოფილი და ცალკე თვითმართველ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფო სხეულს შეადგენდა. თანდათან ეს განცალკევებული სამეფოები და სამთავროები ერთმანეთს უერთებოდნენ, ანუ უფრო სწორე იქნება, რომ ვსთქვათ ერთერთი რომელიმე უფრო ძლიერი და მოხერხებული მეფე თავის საბრძანებელს სხვათა სამფლობელოებსაც შემოურეთებდა ხოლმეო.
პირველად ქართლისა და აფხაზეთის მეფობა შეერთდა. ბაგრატ მეფე იწოდებოდა მეფეთ მეფე, აფხაზთა და ქართველთა. ბაგრატი ქართლით და აფხაზეთით არ დაკმაყოფილდა. იმავე წელს იგი თავისი შეერთებული ჯარით საჩქაროთ თიანეთს გადავიდა და იქიდან კახეთის რბევა დაიწყო. დავითმა წინაღმდეგობა ვერ გაუწია და ბაგრატმა კახეთი და ჰერეთი დაიპყრო. ამის შემდეგ იგი გახდა მეფეთა მეფე, მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა.

…ამრიგად ქართველი მეფე რბევით და დაპყრობით ჰქმნიდა სახელმწიფოს და მასთან ერთად ეროვნებას. თავისი აზრის განხორციელებისთვის არც ვერაგობას და სისასტიკეს ჰთაკილობდა. მაგალითად, ბაგრატმა თავისი მამიდაშვილების, კლარჯეთის მფლობელთა ხელში ჩაგდებისთვის, მასპინძლობის და სტუმათმოყვარეობის წმინდა მოვალეობაც დაივიწყა და საზარელი ცბიერება და სივერაგე გამოიჩინა. გვიამბობს ჩვენი ისტორიკოსი: ბაგრატმა მოიყუანა, მოგვითხრობს მემატიანე, კლარჯნი ხელმწიფენი სუმბათ და გურგენ მამის დისწულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტელისა და მიშნისა შეიპყრა იგინი და აღიხუანა ქვეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარყუენა ციხესა შიგა თვმოგისასა და მუნ ციხესა შინა თვმოგისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი და აგრეთვე მასავე წელსა შინა გურგენიცა გარდაიცვალა ძმა სუმბატისა. ასეთის ულმობელობით და გულქვავობით იმსხვერპლა ამოდენა მახლობელ ნათასაობის სიცოცხლე სახელმწიფოს გაფართოვებისა და ერის გაერთიანების გულისთვის მეფე ბაგრატმა, დასძენს ჩვენი ისტორიკოსი.
მაგრამ დაპყრობილი და დამორჩილებული ქვეყანა, ქართველთა მეფეს ეგრე ადვილად არ ემორჩილებოდა. მოხერხებულ დროს იხელთებდა თუ არა, მყისვე გაუდგებოდა ხოლმე მეფეს. აღსანიშნავია ამგვარ განდგომილების მიდრეკილება ჰქონდა იმ პროვინციებსაც რომელიც ქართველი მოდგმის ხალხით იყო დასახლებული. ეთნოგრაფიული ერთგვარობა ხალხს ხელს არ უშლიდა განშორებას და ეროვნული თვითშემეცნების დარღვევას. მაგალითად კახელობა მედგარ წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს მეფეებს 1012 წელს. ბაგრატ მეფის გარდაცვალების შემდეგ მაშინვე განდგა ამას ქვეყანასა ჰერეთ კახეთისა და ღადროებითა აზნაურთა შეპყრობილ იქნენ ერისთავნი. მათ ქვეყნად კვალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველნ აქუნდა იგიო.
თამარ მეფის მამის შესახებ ქართლის ცხოვრებში ნათქვამია: იპყრნა შარავანდეთი შვიდ სამეფოს განწესებულაო. დააკვირდით ყველა ამას, და დარწმუნდებით, ძალა და დაპყრობა ჰქმნიდა ქართულ სახელმწიფოს, ამ სახელმწიფომ გააერთიანა განცალკევებულად მცხოვრები ქართველთა ტომნი. ქართველი ეროვნება პირმშო შვილად ხდებოდა ქართული სახელმწიფოსი…

…უნდა მიღებული იქმნას მხედველობაში, რომ დაპყრობის, დამორჩილების და გაერთიანების პროცესის დროს ადამიანის ფსიქიკაში ცვლილებები ხდება ხოლმე. დაპყრობილი ხალხი ხანგრძლივის დამორჩილების გამო ან ივიწყებს ხოლმე თავის დამოუკიდებლობას და დამორჩილებას ნორმალურ მოვლენად თვლის, ან კიდევ დამორჩილებას იწყნარებს იმიტომ, რომ ახალ პირობებში იგი უფრო უზრუნველყოფილია გარეშე მტრებიდან და გაერთიანებული ცხოვრება მას უპირატესობას აძლევს. ხოლო გაერთიანების უპიატესობის შეგნება უფრო იმ ტომთა შორის ხდება და იზრდება რომელნიც ენთოგრაფიულ და სარწმუნობრივ ერთგაგებობას წარმოადგენენ. პირისპირ დაყენებული ერთ ენაზე მოსაუბრე და ერთ სალოცავის მლოცველნი. ერთნაირი ჯგუფები თანდათან ითვისებენ ნათესაობის შეგნებას და ეს ნათესაური დასაწყისია ხოლმე ეროვნული თვითშემეცნებისა. უნდა ვთქვათ რომ ამგვარი ნათესაობის შეგნება მარტოოდენ ეთნოგრაფიულად ერთგვარ ტომში არ ჩნდება. ზედაპირული ანალიზიც საკმარისია იმ აზრის გამოაშკარებისთვის რომ თანამედროვე ისტორიული ერთა შემადგენლობა ფრიად აჭრელებულ სურათს წარმოადგენს. ეთნოგრაფიის მხრივ სახელმწიფოს თავისი ძალდატანებითი ორგანოებით შეუქმნია არა ერთი და ორი ერი ეთნოგრაფიულად სხვადასხვა ელემენტებისგან შემდგარი. შორს რომ არ წავიდეთ, ქართული ეროვნების ფაქტორი -სამეფო – ამავე გზაზე იდგა და ამ სამეფოს სახელწიფოებრივი ორგანიზაცია უფრო ძლიერი გამომდგარიყო, ადვილად შესაძლებელია რომ დღეს ქართული არსებობის თვითშემეცნებით, მთელი ამიერკავკასია ყოფილიყო მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, მისი ცენტრალური ორგანოები სუსტი იყვნენ და მან ქართველ ტომთა გარეშე ვერ დაამკვიდრა ქართული ეროვნული შემეცნების აზრი. თვით ქართველ ტომთა ფარგლებშიც ეს შემეცნება ხშირად დიდი განსაცდელსა და რყევაში იყო ხოლმე. ქართულ სამეფოს პროცეს ხელს უწყობდა – ენა, მწერლობა, ეკლესია, აღებ -მიცემობა, მაგრამ ეროვნული შემეცნება სუსტი იყო იმ ხანებში, როდესაც დასუსტებილი იყო სახელმწიფოებრიობა – ეგ მთავარი ფაქტორი ეროვნების ჩასახვისა, ზრდისა და გაძლიერებისა.
ჩვენ ვსთქვით, რომ ხანგრძლივი დამორჩილება ხალხს ღრმა ბეჭედს აკრავს მის სულიერ ვითარებაზე თქო. ხალხი თანდათან ეგუება ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას და ეგუება აგრეთვე მის მიერ დაკანონებულ სოციალურ წყობილებასაც. ამიტომ იყო ქართულ სამეფოს ჩარჩოებში ბატონ-ყმობის ინსტიტუტიც მკვიდრდებოდა და მასთან ეროვნული შემეცნების აზრიც ვითარდებოდა. საქართველოს პოლიტიკურმა წყობამ უსამართლო სოციალური ორგანიზაცია განამტკიცა ჩვენში, ხოლო ამასთან იგი გახდა ერთგვარი კულტურის აღორძინების იარაღადაც. ასე, რომ იმ თავითვე ეროვნული წყობილების შინაგანი წინააღმდეგობა და ეს წინაღმდეგობა იყო სახელმწიფოებრივი შინაგანი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი საუკუნების განმავლობაში ბატონ-ყმობის უღელში იყო შებმული და საყურადღებო ის არი, რომ ამ სოციალური უთანასწორობის ორგანიზაციას იგი თითქოს უფრო ადვილად იწყნარებდა, ვიდრე პოლიტიკური და ეროვნული გაერთიანების უპირატესობას. ამის მიზეზი რასაკვირველია ფეოდალობა იყო, რომელსაც შებორკილი ყავდა ხალხი და რომელიც ფართე პოლიტიკურ იდეალებს ყოველთვის ებრძოდა..

…ასე თუ ისე, სახელმწიფოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც ბატონყმობის და პატრონ-ყმობის ნიადაგზე განმტკიცდა, წარმოშვა ჩვენში ეროვნული თვიშემეცნება. ამ ეროვნული თვით-შემეცნების შინარსს მარტოოდენ პოლიტიკური მთლიანობის აზრი კი არ შეადგენდა, არამედ ღმერთის და ბატონის წინაშე დამორჩილების გრძნობა. რომ ეს ასეა, გაიხსენეთ სიმღერები, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მღეროდა ხალხი და გაჰკვირდებით მათის შინაარსით. ჩვენებური მუშური სიმღერები არას გვეუბნევიან ხალხის ტანჯვასა და უბედურებზე. მკის დროს იმას კი არ მღერის გლეხი, რომ მისი ბედი მწარეა და რომ მას მუშაობისგან ილაჯი აქვს გაწყვეტილი. არა, მას ცუგრუმელა ქალი ეზმანება, ამ ქალს ეალერსება:

მინდვრიდან მოხვალ, შენ ქალო,
მოუფრიალებ კაბასა,
ნეტავი შემატყობინა
როგორ აფასებ მაგასა.
ოღონდ ჩემთან წამოდი,
მუქთათ გაჩუქებ კაბასა.

ეგრთ წოდებული მუშურის შინაარსიც რა არის? ვის ეთაყვანებიან მუშები, რას ჩივიან და რას ნატრობენ?

ნეტა ქალო, მომხიბლავთ რამ შექმნა და რამ დაგხატა,
ჩემს გულს ასე რად აწვალებ, როგორც თაგვსა ავი კატა.
ხელსახოსაც გადმოგიგდებ, ოქრო მკერდით მოქარგულსა,
შიგ გაგიხვევ ჩემსა გულსა, შენგნით დამწვარ -დადაგულსა;

ამრიგად, ქალი და სიყვარული აგონდება ჩვენს გლეხს მუშაობის დროს და ბატონის შესახებ არაფერს ამბობს და თუ ამბობს რამეს, მის ნამბობს მონობის შეწყნარების აზრი ადევს. მკობის დროს მღეროდნენ:

პირველად ღმერთი ვახსენოთ,
ის უფრო დიდიებულია,
უწინაც ბატონს მივმართოთ,
ის უფრო მართებულია.

დიდიებული ღმერთი და მართებული ბატონი! და ამ სიტყვის მთქმელს კი ცოლშვილი ბაზარში ეყიდებოდა ხოლმე მართებული ბატონის მიერ დიდიებული ღმერთის შემწევით!…

…ბატონი არაყიშვილი, რომელის სამუსიკო კრებულიდან ამოვკრიფეთ ეს სიმღერები, ამბობს: ჩვენს წინაშე ერთგვარი საკვირველი მოვლენაა -ქართველების ხალხურ სიმღერებში მრავალ საუკუნების ტანჯვა და სევდა არ ისახება, ოთხმოცამდე სიმღერა ჩავწერე და არც ერთში ხალხის სევდის მსგავსი არ ისახებაო. ჩვენის აზრით, ეს არი ერთგვარი ნიმუში ფსიხუკურ აბერაციისა, როდესაც ადამიანს მწუხარების გამო დახშული აქვს თავისი მდგომარეობის შეგნება, ან კიდევ თუ არა აქვს დახშული, როდესაც ადამიანი უილაჯობის გამო თვალს არიდებს თავის სევდას და გულს აყოლებს უმნიშვნელო საგნებს. დღეს როდესაც ხალხი გათვითცნობიერდა, ეროვნული გრძნობის შემეცნებაში დაიკარგა კვალი ამ ხასიათის ფსიხიკური აბრაბაციისა. გაერთიანების აზრი აღარ იჩრდილება ამ ხასიათის შეუგნებლობით.
ისტორიულად რომ შევხედოთ საგანს, უნდა ვსთქვათ, რომ მუდმივი პრაქტიკა ერთის მხრივ ბატონობისა და მფარველობისა და მეორე მხრივ მორჩილებისა ბატონშიაც და მორჩილშიც ქმნის ერთგვარ ფსიხიკურ განწყობას, რომელსაც ძალადობის ნიშანწყალი თოთქოს ეკარგება და ნებაყოფლობითი და სოლიდარული ხასიათი ეძლევა. მეფე რომელმაც ცეცხლით და მახვილით შეჰქმნა თავისი ძალა, დროის განმავლობაში ისე ეჩვევა თავის ბატონობას, ისე იმსჭვალება იმ აზრით, რომ იგი მფარველი და სიკეთის მფენია, რომ თანდათან ივიწყებს თავის ფიზიონომიას და გულს ოცნებას აყოლებს. გიორგი მეფე, ბაგრატის შვილი, სწერდა თემურს: უფალი ამპარტავნებს შემუსრავს და მდაბალთა მოსცის მადლი, ჩვენ ბაგრატიონნი დავითის ტომისა ვართ, არავის ვემორჩილებით გარდა ღვთისა. ჩვენი უფლება საუკუნეა, გარნა მეფობა შენი აქაც მსწრაფ წარმავალ არს და უმკვიდროაო. რაკი კაცი დარწმუნებულია, რომ ღმერთის მიერ არის განწესებული დედა მიწის ზურგზე და ღმერთით აქვს ძალა და უფლება, მას თავდადების და თავგანწირულების გრძნობაც ადვილად დაებადება გულში. თუ ღმერთი მფარველობს, ღირსი ვარ ღმერთისთვის და მის მიერ კურთხეულ ერისთვის თავი გავწიროო…

…ჩვენს ისტორიაშიც არიან ამისთანა თავდადებული მეფენი. არღუნ ყაენმა მეფე დიმიტრის შესწამა ერთგულება, დაიბარა ურდოში და იქ თავი მოაკვეთინა, წასვლის წინ წარჩინებულებთან ითათბირა და უთხრა დახლოებით შემდეგი: მე შემიძლია წავიდე მთიულეთს და თავი ვიხსნა განძვირნებულ მტრისაგან, მაგრამ ამას არ ვიზამ, რადგან თუ გავიქეცი სამეფოს ამიოხრებს. დაეე დაიღუპო მე და არა მთელი საყვარელი სამეფო. თავს ვდებ სამშობლოს სადღეგრძელოთ, მსმენელნი ტიროდნენ.
აქ უკვე დაჩრდილულია პირველი ყოფილი ხასიათი მეფისა. აქ ბატონობა ჰქრება და მის ადგილას მეფის გულში მოვალეობის, თავგანწირულების სურვილი იბადება.
დე ლანესანი ამბობს _ თუმცა ფეოდალის შეხედულებით იგი ძალა-უფლების მატარებელია მხოლოდ, მაგრამ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად ბატონი იძულებულია დაიცვას თავისი ყმები, გამოზოგვით მოიხმაროს მათი მუშაობა, დაიფაროს მათი სიცოცხლე და მცირედი თავისუფლებაც მიანიჭოს მათ. ერთი სიტყვით იძულებულია თავისი მოვალეობის გრძნობა იმდენად გააფართოვოს, რამდენადაც სასარგებლო არიან მისთვის ყმები. ამგვარადვე მეფე ღვთით დამკვიდრებული თვითმპყრობელია, რათა დაიმსახუროს პატივისცემა და დაიმკვიდროს მორჩილება ქვეშემდობთა, იძულებულია უარყოს ერთი ნაწილი იმ უფლებისა, რომელიც მას თეორიულად მითვისებული აქვსო.
ამგვარი ფსიხიური ცვლილება, რომელიც აღარ ახასიათებს პირველად არსებულ რეალურ ურთიერთობათა, არამედ ჰქმნის ახალ ატმოსფეროს, როგორც ვსთქვი, დამორჩილებულთაც დაეტყობათ ხოლმე დროთა მსვლელობაში. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ჩვენი ხალხი გაჭირვების ჟამს არ იჩენდა დაღვრემულობას და ქალისა და სილამაზეს დამჰღერდა. იგივე ხალხი მეფესაც აღმერთებდა და მათ უკრავდა გუნდრუკს. თამარ მეფის გარდაცვალების გამო

მოსთქმიან ხმასა მთიულნი
ფანდურით საწყლად სტირიან
ვაჰ, ჩვენო ძმანო თუშ-ფშავნო
უბატონობას ჩივიან.

მშვიდობით თუშთა იმედო
მშვიდობით ფშავთა მყარო-და
მშვიდობით ხევსურთ საუნჯე
მშვიდობით ქსნელთა მძღვარო -და
ერთობლივ გიორგიელთა
მეცხვარ-მწყემს -წინამძღვაროდა

(თუშ-ფშავ -ხევსურეთა მიერ თამარის დატირების ნაწყვეტი)

ვეფხვისტყაოსანში "ვინცა მოჰკვდეს ,მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიანო”

მეფების თაყვანისცემა და გაღმერთება ერთი მთავარი ელემენტია ეროვნული თვითშემეცნების წარმოშობის პროცესში. მეფობა ნიშნავს საგვარეულო წყობილებას დაძლევას, ახალი პოლიტიკური ორგანიზმის შექმნას და ორგანიზაციის საშუალებით მტერზე ან თავდასხმას ან მისგან თავის მოგერიებას. ამიტომ ომიანობასაც იგივე დიდი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ შემეცნების საქმეში, რადგან ერი შვა სახელმწიფომ, ხოლო სახელმწიფო არის ძალდატანებითი ორგანიზაცია, უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე და რადგან ეს ბატონობა მით უფრო მტკიცეა რაც უფრო ძლიერია და დიდი ბატონობის სამფლობელო. ამიტომ სახელმწიფოს აზრი და მისწრაფება საზღვრების გაფართოვებაა და ახალ ერთა და ქვეყანათა დაპყრობა.
ამ პროცესის ძალით ხალხის ეროვნული თვითშემეცნება იკვრება გმირულის ამბების გადმოცემით და მოთხრობებით და როგორც სახელმწიფოა აგრესიული, ისევე ეროვნული შემეცნებაც ხდება აგრეიული.
ბევრს გონია ჩვენში, საქართველო ამ ხრივ გამონაკლის შეადგენდა და არსოდეს, არც მის პოლიტიკას, არც მის ეროვნულ მისწრაფებას აგრესიული ხასიათი არ ქონია. ქართველები ყოველთვის თავს იცავდნენ, სხვას არ ეხებოდნენ, სხვას არ აწიოკებდნენ და არც აგრესიულ პოლიტიკას არ აწარმოებდნენ. ეს ასე არ არი. 1122 წლიდან 1226 წლამდე ე.ი. 104 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრებად შეიქმნა კასპიის ზღვა, დარუბანდი, ჩაჩანი, ყიბჩაღეთი, ჩრდილო ოსეთი, ჩერქესი, ჯიქეთი, ტრაპზუნდი, სადაც თამარმა დაარსა ცალკე იმპერია და მისცა იგი ალექსი კომნენს, კორნუ,(არზუმი), კარსი, დვინი და არისი და არზენის მარცხენა მხარე კასპიის ზღვამდე. ასე რომ ამ საზღვრებში ქართველმა მეფეებმა შემოჰკრიბეს მრავალნი სამეფო-სამთავროები, რომლებიც ბაგრატ მესამემდე ცალ ცალკე ცხოვრობდნენ და ამ გაუქმებულ სამეფო -სამთავროების გვირგვინოსანთა უფლება თავიანთ ხელმწიფებას შეჰმატეს. იტყვიან, ყოველივე ეს საჭირო იყო ბუნებრივი საზღვარის გამაგრებისთვის, მაგრამ რა არის ეს ბუნებრივი საზღვარი?
ერთ შემთხვევაში იგი ერთგვარ ეთნოგრფიული ელემენტების დასახლების ფარგალია, მეორე შემთხვევაში იგი მთაა, ზღვა და უფრო კი ხშირად იგია უსაზღვრო ლტოლვილება სიგანე სივრცეში, ლტოლვილობა, რომელიც ჩერდება მხოლოდ იქ, სადაც მას წინ ეღობებიან და გასაქანის იერიშს უკვეცავენ ბუნებრივი საზღვარი. მაშინ ამ ძალადობის ზღუდესთან წყდება და იქით გასვლას ვეღარ ბედავს. სწორეთ ასე იყო ჩვენშიაც. მართალია, ისტორიის იშვიათ მომენტებში -მაშინ, როდესაც მეფობა ფეოდალებზე გამარჯვებული იყო და წელში გამაგრებული. ბუნებრივი საზღვრების ძებნამ თამარ მეფის დროს დიდი-ძალი სიმდიდრე შესძინა სახელმწიფოს, ასე რომ სახელმწიფოს შემოსავალის ორი მესამედი შესდგებოდა ალაფისაგან და დაპყრობილ ქვეყნებზე დადებულ ხარჯისგან. მაშინ სულ ომის ნატვრაში იყვნენ. მეფე გიორგის მესამის დროს, როდესაც დიდ ხანს ომი აღარ იყო, დიდებულებმა და ჯარმა ვეღარ მოითმინა. უღონო იქნმნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფოსანი-ო და მეფეს მოახსენეს. აღარ არის ღონე დარჩომისა ჩვენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისაო. რაკი ლაშქარს გაუტკბა ერთხელ გამარჯვება, ნატყვევანის შოვნა, ამბობს ივანე ჯავახიშვილი თავს ვეღარ შეიკავებს. თამარ მეფის მამა გიორგი იძულებული იყო ყველა მეზობლებისთვის, რომ მთელი ლაშქრის ტყვევნის და ნავარდის დაწყება შეძლებოდა. იქმნა ასე ვითარი უცხო ლაშქრობა, რომელ არა ოდეს, ვის ეხიულაო. ოღონდაც ასეთი უგნური ლაშქრობის ნახვა სწორეთ უცხო რამ არი. ადამიანი ნამდვილად თავისი თავის მტერი უნდა იყოს, რომ ყველა თავისი მეზობელი ტყუილა უბრალოდ გადაიკიდოს და თავის თავის სიძულვილი ჩაუნერგოსო. ვინც რა უნდა თქვას, ყველა ამის გამო, ხოლო ფორმულა – არა არს ღონე დამორჩილებისა ჩვენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისაო – გამოქანდაკებული ფორმულაა.გამომსახველი პრეტორიანთა გვარდიის მსგავსი სულის განწყობილებისა და ნაციონალისტური თავქარიოანობისა.
ასე თუ ისე, ხოლო სახელმწიფოს გამაგრებამ ფეოდალთა ძალების შესუსტებამ და თვითმყრობელობის განმტკიცებამ, საბოლოოდ ხელი შეუწყეს ეროვნული თვითშემეცნების დამწიფებას. ბატ. ჯავახიშვილი ამბობს: ამ ხანაში საქართველოს ყველა კუთხის მკვიდრნი ისე მჭიდროთდ იყვნენ შეკავშირებულნი, ისე იყვნენ გამსჭვალული საერთოდ საქართველოს განდიდების სურვილით, რომ ხსენება არც კი იყო არავითარ იმერლობა-ამერლობისა და სხვა ამის მსგავი რამესა, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოთ დღესაც სავსებით არ გამქრალა… სინას მთაზე მოიპოვება ქართული ლოცვანი, სადაც წერია შემდეგი: საქართველოს სამეფოს გაძლიერებისთვის, საზღვრების განმტკიცებისთთვის, ერისთავთა დაწყნარებისთვის უფლისა მიმართ ვილოცოთო.
ამ ხანაში ქართველების სამშობლოს სიყვარულმა და პატრიოტობამ თითქმის ზღვარს გადააჭარბა. ევთიმეს მამა, იოანე იმდენად გაიტაცა საქართველოს სიყვარულმა და მისი განდიდიების სურვილმა, რომ განიზრახა ახალი იდეალური, ყველაფრით უნიკალური საქართველოს მოძებნა. იოეანეს არ აკმაყოფილებდა ნამდვილი საქართველო. იმისი წარმოდგენით საქართველო ზნეობით სპეტაკი, უნაკლო და ანგელოზთა მსგავსი უნდ ყოფილიყო. მას ეგონა რომ შორს, ესპანეთში არის ერთი ქვეყანა, რომელსაც იბერია ჰქვიაო. იოანე მართლაც გაემგზავრა, იქ უკეთესი ქართველები იქნებიანო, ამრიგად უცხოელებთან შეტაკებამ ქართველების ეროვნული გრძნობა გამოაღვიძა, მჭიდროთ შეეაერთა და თვითშემეცნება უმაღლეს წერტილამდე აიყვანაო – დასძენს ავტორი.
ამრიგად, თუ გვინდა კონკრეტულად შევისწავლოთ ეროვნების ჩასახვის და განვითარების პროცესი, სახელმწიფოსაკენ უნდა მივაპყრობთ გულისყური და ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ვპოვებთ იმ მოძრვ ძალას, რომელიც სრულიად შეუგნებლივ, საუკუნეთა განმავლობაში თავის ფარგლებში და თავისი ორგანოების დახმარებით ამუშავებდა ეროვნული შემეცნების გრძნობას. როდესაც ეს შემეცნება სხვა და სხვა ძალთა ხანგრძლივი მუშაობის ნაყოფად გამოირკვა, აღმოჩნდა რომ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მობინადრე ტომები, ხშირად სხვა და სხვა რასიულ ელემენტებისგან შემდგარნი, ერთმანეთთან მჭიდროთ დაახლოვებულან და უცვნიათ სოლიდარობა თავიანთის ინტერესებისა. ამ ნიადაგზე განვითარდა კულტურა, რომელსაც ეროვნული კულტურის სახელი დაერქვა…
მაგრამ თანდათან ეროვნული ცხოვრების სხვა მხარეც გამოჩნდნენ ერთობის და სოლოდარობის დამარღვეველი ძალები. გამოაშკარავდა ის წინააღმდეგობა, რომელიც უკვე ძველ დროს იყო ჩასახული საზოგადოების საძირკველში. გამოაშკარავდა ერის შემადგენელ ნაწილთა შორის ანტაგონიზმი და ბრძოლა. ამ ანტაგონიზმა დღეს ევროპაში უმწვერვალესი ხასიათი მიიღო და ამ გარემოებამ გამოიწვია ცხარე კამათი ეროვნული კულტის და თვით ეროვნების უსარგებლო არსებობის შესახებ.
ჩვენთვის ფრიად საჭიროა ანტიეროვნულ და ანტიპატრიოტულ მოძრაობის გათვალისწინება და გაგება იმისი თუ რამდენად მავნებელია თუ სასარგებლო ამგვარივე მოძრაობის გადმონერგვა ჩვენში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1086 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები