კვირა, 05.05.2024, 13:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ფედერიკო ფელინი – ცხოვრება, შემოქმედება.
22:52
ფედერიკო ფელინი – ცხოვრება, შემოქმედება.
Federico Fellini, ფედერიკო ფელინი

ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini) დაიბადა 1920 წლის 20 იანვარს ქ. რიმინიში (Rimini, Emilia-Romagna). რობერტო როსელინი ფელინზე ამბობს: "პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.

ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.

ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა და სწორედ ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. კარიკატურა შეუქო და ახალგაზრდა მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში "რომი ღია ქალაქია” (1945 წ). დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი შესაძლოა ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი. როსელინისთან მისი ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე არაჩვეულებრივ ფილმში – Paisa (1946), Europa ’51…

აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა რეჟისორ ალბერტო ლატუადასთან (Alberto Lattuada). ერთად მათ შექმნეს ისეთი ფილმები, როგორებიცაა Flesh Will Surrender (1947), The Mill on the Po (1949), Lights of Variety (1950) – არაჩვეულებრივი ფილმი სადაც ჯულიეტა მაზინა (Giulietta Masina) მონაწილეობს, პრინციპში ეს მისი პირველი ფილმია რეჟისორის ამპლუაში.

1952 წ. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი The White Sheik, რომელიც ფელინისათვის პირველი ნამუშევარი იყო, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორისათვის… აქ ისიც აღსანიშნავია რომ ფილმის სცენარისტი მისი ერთგული ენიო ფლაიანოს (Ennio Flaiano) გარდა, გენიალური მიქელანჯელო ანტონიონიც (Michelangelo Antonioni) იყო.

1953 წ. ფელინიმ გადაიღო ფილმი The Young and the Passionate, რომელიც "ვერცხლის ლომის” ლაურეატი გახდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ფილმის ცენტრში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაა, თავისი ბანალური შემთხვევებით და ყოველდღიური ყოფით ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებაში.

1954 წ. გამოდის ნეორეალიზმის ერთ-ერთი შედევრი "გზა” (La Strada), ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის "ვერცხლის ლომი” -ის მფლობელი. ფილმის პერსონაჟები – ღატაკი, მოხეტიალე ცირკის მსახიოებებია… ტრაგიკულია და ამავე დროს სასაცილო ფილმის მთავარი გმირი ძამპანო (Zampanò), რომელიც არაჩვეულებრივად განასახიერა ენტონი ქვინმა (Anthony Quinn). რეჟისორმა შექმნა ტრაგიზმით სავსე ნაწარმოები, გვიჩვენა მისი გმირების ცხოვრება სასტიკ და ცივ სამყაროში, გარდაუვალი დაღუპვა სილამაზისა, შეურაცმყოფელი და უპერსპექტივო ბრძოლა გადარჩენისათვის.
ცნობილია რომ ჯულიეტა მაზინას არ იწვევდნენ ფილმში სათამაშოდ სხვა რეჟისორები. ფილმ "გზაში” მისი კანდიდატურა ჯელსომინას როლზე დაიწუნა პროდუსერებმა, ფელინიმ კონტრაქტი დახია და ასე მიაღწია მისი მეუღლის გადაღებას მისსავე ფილმში.
ფელინის ”გზას” იტალიური კრიტიკა დოსტოევსკის ნაწარმოებებს ადარებდნენ, თავად ფელინის კი – თეოდორ დოსტოევსკის. თუმცა პრესამ ფილმი მაინც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. იბეჭდებოდა შეურაცხმყოფელი რეცენზიები, სათაურით – ”სახარება იდიოტისაგან” და ”თავადი მიშკინი”… თავისთავად, ასეთი სათაურებით კრიტიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა ფელინისა და დოსტოევსკის ”ნათესაურ” კავშირს.

1957 წ. რეჟისორმა გადაიღო ფილმი "კაბირიას ღამეები” (Nights of Cabiria), რომელიც აგრძელებდა "გზის” თემატიკას. არაჩვეულებრივად მძაფრია ფილმის სიუჟეტი, იდეა. ფილმში საზოგადოება განიხილება მეძავი ქალის თვალებით, რომელიც ოცნებობს დაიწყოს ახალი, ღირსეული ცხოვრება. დრამა დრამას ცვლის და აღწევს აპოგეას ფილმის ფინალში – ცნობილ გამოსამშვიდობებელ კაბირიას ღიმილში…

თავისი კინოტრილოგიის (”გზა”, ”თაღლითები” და ”კაბირიას ღამეები”) ბოლო ფილმის ”კაბირიას ღამეების” გადაღების დაფინანსებაზე ერთბაშად 11 პროდიუსერმა თქვა უარი! მეგობრები აფრთხილებდნენ ფელინის, რომ ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, რადგან მან ერთი ფილმი უსაქმურებზე, მეორე თაღლითებზე, ხოლო მესამეს მეძავეებზე იღებს… თუმცა კრიტიკის მძვინვარების მიუხედავად პროგნოზი არ გამართლდა – ამ ფილმმა მაზინას ჯერ კანის ”პალმის ოქროს რტო”, ხოლო შემდეგ ”ოსკარი” მოუტანა.

1960 წ. რეჟისორმა გადაიღო შედევრი "ტკბილი ცხოვრება” (La Dolce Vita) მარჩელო მასტროიანის, ანიტა ეკბერგის და ანუკ ემეს (Anouk Aimée) მონაწილეობით. ფილმი გრანდიოზულ ფრესკას ჰგავს: უამრავი სახე, ირონია და რისხვა, ძირდაცემული მაღალი საზოგადოება. ფელინი გადასწვდა ეკლესიასაც მისი გრანდიოზული მისტიფიკაციებით, პრესას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სენსაციური მასალის მოსაპოვებლად და დაკარგული ორიენტაციის მქონე დაბნეულ ინტელეგენციას. ფელინის მთელი ირონია ტკბილი ცხოვრების შესახებ, ლამაზი ქალები, ეგზალტირებული ულამაზესი ქერა სკანდინავიელი გოგონები, თუ ბრიტანელი ინტელქტუალი ქალები, რომლებიც თავის ქალურ ბედნიერებას იტალიელ მამაკაცებთან ეძებენ, ღამის ორგიები მრავალსაუკუნოვან პალაცოებში, თუ ულტრათანამედროვე ზღვისპირა ვილებში; საერთაშორისო ჯეთ-სეტი, რომლისთვისაც იტალია ერთადერთი გასართობია, ლამაზი მანქანები, დაობებული ბებერი არისტოკრატი ქალები, რომლებიც ძლივს დადიან, მაგრამ გიჟივით დააჭენებენ ექსქლუსიურ ბუგატებს თუ მაზერატებს, უკანა დასაჯდომზე ევროპის "ოქროს ახალგაზრდობით”; თვალისმომჭრელი შავ-თეთრი ფანტასმომაგორიები, ნინო როტას ჯაზ-ბლუზ-როკ-ენ-როლის მელოდიები, ვია ვიტორიო ვენეტოს მთელი ბრწყინვალება და სიღატაკე – და ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც ნარკოტიკი. ამ ყველაფრით ასე დაღლილი ჟურნალისტი მარჩელო რუბინი, ვისთვისაც, "ტკბილმა ცხოვრებამ” მეგობრის თვითმკვლელობის მერე საბოლოოდ დაკარგა აზრი. ფინალი ყველგვარი იმედის გარეშე

1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება” უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

"ოქროს პალმის ტოტის” მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის გამნკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა.

უსტვენდნენ რადგან მან ეკრანზე მდიდარ ბურჟუათა სულიერი სიმწარე აჩვენა. ძვირფას ბეწვეულსა და თვალმარგალიტებში გამოწყობილი მილიონერები ფეხებს აბაკუნებდნენ, რადგან მიხვდნენ თავიანთი შეძლებული ცხოვრების არარაობას.

მილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჯუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ "ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც”. "ტკბილი ცხოვრების” ჩვენების დროს ფეშენებელურმა ქალბატონებმა დემონსტრატიულად დატოვეს კინოდარბაზი და გაჰკიოდნენ, რომ ფელინი "ბოლშევიკია”.

"ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა – მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე”.

"მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან” უთხრა მან ერთხელ რეპორტიორს.

8 ფილმის გადაღების შემდეგ ფელინი განიცდიდა შემოქმედებით კრიზისს. მეცხრე ფილმის გადაღება დაწყებული ჰქონდა, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა. ფელინიმ გული აიყარა, ყველაფერი გაუმართლებლად, უაზროდ და შეუსაბამოდ მიიჩნია – სცენარიც და ტექნიკური მხარეც. გადაღებები გაჩერდა. მაშინ რეჟისორმა მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება: უბრალოდ დაეფიქსირებინა მთელი ეს უაზრო სიტუაცია – დიდი პრეტენზიებისა და სახელის მქონე რეჟისორის შემოქმედებითი და პიროვნული კრახი, სრული აბსურდული მდგომარეობა ადამიანებისა, რომლებსაც გარეგნულად ყველაფერი "მოწესრიგებული” აქვთ, საზოგადოების ცენტრს ან რაღაცას წარმოადგენენ საერთოდ, მაგრამ სინამდვილეში არაფერსაც არ წარმოადგენენ, ბაქი-ბუქობენ გარეგნული დეკორის ბრწყინვალებით, რომლის შიგნითაც სულიერ სიღატაკეს, საოცარ ბავშვურ უმწეობას და ამასთანავე შეშლილობადე მისულ ეგოიზმს დაუსადგურებია. შემოქმედების პრეტენზია ცხოვრების ცირკს ემსგავსება, სადაც ყველა მათგანი კომედიანტებს ემსგავსებიან, რომელთაც არენის გარშემო ხელჩაკიდული წრიული სირბილი აერთიანებთ. არის კი ამ მოჯადოებული ცირკის- ცხოვრების წრედ შეკრული არენიდან გამოსავალი?
ფელინი ამაზე პასუხს იმით იძლევა, რომ ფილმს არ აძლევს დასრულებულ სახეს და სახელს. და მას, როგორც მეცხრე ფილმს – უწოდებს რვა ნახევარს. ფილმი დაუსრულებლია. მისი გაგრძლება თანამედროვე ადამიანმა საკუთარ სამშვინველში უნდა მოიძიოს.

ფილმი 8½ (1963 წ.) ავტობიოგრაფიულია. ფილმის ცენტრში დგას რეჟისორი გვიდო ანსელმი (მასტროიანი). გმირის სამყარო, მისი სიზმრები, მოგონებები, ფანტაზიები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული რეალურ ამბებთან. ფელინიმ გვიჩვენა თუ რა იმპულსები ამოძრავებს ხშირად ხელოვანს, თუ როგორი წინააღმდეგობაში იქმნება ხელოვნების ნიმუშები და რაოდენ უზომოა ხელოვანის, როგორც შემოქმედის პასუხისმგებლობა…

The truth is: I do not know… I seek… I have not yet found. Only with this in mind can I feel alive and look at you without shame

ფელინის პირველი ფერადი ფილმი "ჯულიეტა და სულები” (Juliet of the Spirits) 1965 წ. გამოვიდა ეკრანებზე. რეჟისორი იკვლევს ქალის დრამას, რომელსაც ღრღნის ეჭვიანობის გრძნობა და იტანჯება თავისი პირადი ცხოვრების დანგრევისა და გამო. ყოველგვარი დეპრესირების და დათრგუნვის გარეშე დიდი ფედერიკო გვაცნობს ჯულიეტას სამყაროს მის რთულ ბავშვობას, დახლართულ ოჯახურ ურთიერთობას, ქმრის ღალატს, და კონკურენციას მასზე უფრო ლამაზი და სექსუალური ქალების გარემოცვაში. ფილმში გამოყვანილ თემებს სხვა რეჟისორი ალბათ დეპრესიულ ფორმაში გადაწყვიტავდა. ფელინი კი ჯულიეტას ბავშვობას, ფროიდის ექსპერიმეტებს "სახალისო ფერებში” წყვიტავს. თუმცა ამის უკან უფრო დიდი ტრაგიზმი იგრძნობა. ფილმს მსოფლიო პრესამ ქალების 8 1/2 დაარქვა.

1970 წ. შეიქმნა ტელეფილმი ჯამბაზები (Clowns). იგი არის ნოსტალგიური ნაწარმოები, სადაც ცირკის თემა აღქმულია როგორც მეტაფორული გამოხატულება უფრო ფართო თემის ანუ სილამაზის იმ ძალის გამოსახატავად, რომელიც ხელოვნებას აკეთილშობილებს.

1972 წ. გამოვიდა ფილმი რომი (Roma), სადაც წარსულისა და დღევანდელობის სახეები ერთმანეთშია გადახლართული და თითქოს ორივე ერთად მომავლით არიან პრესის ქვეშ გატარებული და რომლის საგანგაშო ფინალიც თავად მაყურებელია ფილმის ბოლოში…

1974 წ. გადაღებული ამარკორდი (Amarcord) გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოური ფილმისათვის. ფელინის თავის ჩვეულ გროტესკულ, თითქმის ანეკდოტურ-სახალისო ფერებში აქვს ყველა სახე შექმნილი.

ფილმი "კაზანოვა” შეიძლება ითქვას არაკინემატოგრაფიული გამოვიდა. თავად ფელინი ერთ-ერთ ინტერვიუში ასე წერდა:
"ძალიან ვინანე, რომ ფილმის დადგმაზე ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიკითხე კაზანოვას მემუარები. გული ლამის ამერია… ყველაფერი გამოგონილია, არავითარი მე-18 საუკუნის რომანტიკული სულისკვეთება და სიყვარული. მისი მემუარები უფრო სტატისტიკოსის სიას, ან კიდევ სატელეფონო ცნობარს მაგონებს. იმთავითვე მინდოდა კაზანოვასგან დისტანცირება და ეს მგონი შევძელი კიდეც. ამ ანტიგმირისაგან დამატებითი გაუცხოებისათვის ფილმი ინგლისურად გადავიღე – იმ ენაზე, რომელიც თითქმის არ მესმის. ამით კიდევ ერთი ნაბიჯით გავემიჯნე მას. "კაზანოვა” ანტიკინემატოგრაფიული ნაწარმოებია. ის მექანიკური ბალეტია ცვილის ფიგურების მუზეუმში…”
ფილმის სცენარისტმა ბერნარდო ზაპონიმ შეახსენა, რომ "სატირიკონის” შემთხვევაშიც ასე მოხდა – მან ჯერ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხა პეტრონიუსი. "მართალია, – წერს ფელინი, – ასე იყო, მაგრამ პეტრონიუსის წაკითხვის დროს დადებითად განვეწყე და ეს ფილმსაც ეტყობა. კაზანოვას შემთხვევაში კი მხოლოდ ავტომატიზმი და მისი პირუტყვული არსი დავინახე”.

1979 წ. გადაღებული ფილმი "ორკესტრის რეპეტიცია” (Orchestra Rehearsal) მოგვითხრობს წმინდა ხელოვნებაზე, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა ერთ ძალად შეკრას ქაოსის წინააღმდეგ. ფილმი სადაც გამოსახულებით ისმის მუსიკა და მუსიკით ფილმი. "ორკესტრის რეპეტიცია”-ში წარმოჩენილია პიროვნების დაშლის პროცესი, ადამიანის უდიერი დამოკიდებულება კულტურისადმი და მოსალოდნელი კატასტროფა კულტურის მსხვრევის და სულიერი დეკანასის გამო, რაც მაღალი იდეების არქონის შედეგია, როცა ადამიანი არარაობამდე ჩამოდის. მრავალმნიშვნელოვანია ერთი სცენა – როდესაც მეტრონომის სცენის წინ ბუნტი იწყება, მუსიკოსები სკანდირებენ: "Orchestra terrore, la morta e dirretore!”

1983 წ. გამოდის ფილმი "და მიცურავს გემი’ (And the Ship Sails On). ტრაგიკული და კომედიური, რაციონალური და ირაციონალური ქმნის ფელინის შემოქმედებაში მდიდარი ფერებით შეკრულ ნაერთს, სადაც დომინირებს წარმოუდგენელი ძალის ემოცია.

ფედერიკო ფელინის მსოფლიო კინოს დიდ ბავშვსაც უწოდებდნენ,საკუთარ თავზე მრავალი მითი ჰქონდა გამოგონილი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ 3 წიგნზე მეტი არ ჰქონდა წაკითხული, სინამდვილეში კი მისი ახლობლები ყვებოდნენ რომ მთელი ბავშვობა წიგნის კითხვაში გაატარა. იგი ამბობდა რომ ცუდი მოსწავლე იყო მაგრამ მასწავლებლები ამტკიცებდნენ რომ იგი სანიმუშოდ სწავლობდა. მრავალი მითი თუ ფანტასმაგორია არსებობდა მის შესახებ, რომლის ავტორი თვითონვე იყო და ამ მითებს ხორცი შეასხა საკუთარ ფილმებში.

ფედერიკო ფელინის შემოქმედებითმა სტილმა ისეთი ცნობილი რეჟისორის შემოქმედებაზე მოახდინა ძლიერი ზეგავლენა როგორიც არიან: ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმადოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა და სხვები.

როცა ბუნუელს კითხეს თუ რომელი რეჟისორის ფილმები მოგწონთო, უპასუხა – ფელინისტი ვარო. თუმცა მის ფილმებს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებდა.

ორსონ უელსმა ფელინის შესახებ მოკლედ თქვა: – ის ცეკვავს. ფელინის მიმართ სხვა ეპითეტის პოვნა შეუძლებელია. სხვა რეჟისორები თითქოს ბევრს ფიქრობენ, იტანჯებიან, ცეცხლში იწვიან რომ შედევრი გადაიღონ. ფელინი კი ცეკვავს. ეს ილუზიაა მაგრამ მისი ფილმებიდან ეს შთაბეჭდილება იქმნება. სიცოცხლისა ისე ესმის თითქოს მისი დიდიხნის საყვარელი ყოფილიყოს. ჯერ არავინ არ ასულა სიზმრებისა და რეალობის სინთეზის გადმოცემის მის სიმაღლეზე. და ეს სწორია რადგან ცხოვრება არ არის მხოლოდ რეალობა, რადგან ნებისმიერი აზრი ან ოცნება ისევე რეალურია როგორც ნებისმიერი საგანი რომელსაც თვალით აღვიქვამთ და ჩვენ ცხოვრებაში საგნებზე გაცილებით დიდ როლს თამაშობს. ასე რომ გარკვეულწილად ფელინი ფენომენოლოგიცაა.

ერთხელ პაზოლინიმ ჰკითხა:
- როგორია ეს ნამდვილი არისტოკრატიული ღრეობა, ორგია?
ფელინიმ უპასუხა:
- მე საიდან უნდა ვიცოდე?!
- კი, მაგრამ, ფილმებში ისე დეტალურად იღებ ხოლმე და ახლა მეუბნები, რომ წარმოდგენა არ გაქვს?
- მე რეჟისორი ვარ, რომ შევქმნა და არა კონსტატირება მოვახდინო რაიმესი.

ბერგმანი წერს’ ”ვფიქრობ, ყველა რეჟისორებიდან, რომელიც ოდესმე შემხვედრია, ჩემს შემოქმედებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ფელინი იმყოფება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ფედერიკომ ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა…” თავის წიგნში ბერგმანი არ აღნიშნავს იმას, რომ მას და ფელინის პროდიუსერებმა დაუკვეთეს ერთობლივი ფილმი – ”იესო”, რომელიც შემდგომ იმავე პროდიუსერების გადაწყვეტილებით ფრანკო ძეფირელიმ გადაიღო…

მე რომ გადამეღო ფილმი თავზე წასაკრავ ლანჩის ზონარზე, ისიც კი ჩემზე იქნებოდა.

ისაუბრო სიზმრებზე, ეს ნიშნავს, ისაუბრო ფილმებზე, რადგანაც ფილმები სიზმრების ენაზე მეტყველებენ; წუთში შეიძლება განვლო წლები და გადახტე ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს არის გამოსახულებების ენა. ნამდვილ ფილმში ყოველი საგანი და ყოველი სინათლე ნიშნავს რაიმეს, ისევე, როგორც სიზმარში.

ყოველგვარი ხელოვნება ავტობიოგრაფიულია; მაგალითად, ხამანწკას ავტობიოგრაფია მარგალიტია.

შენ არსებობ მხოლოდ მასში, რასაც ქმნი.

ყველამ იცის, რომ დრო- ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც იმალება საათებში.

არ არსებობს დასაწყისი… არც დასასრული… არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა.

ტკივილი ცოდნაა და ყოველგვარი ცოდნა- ტკივილი.

გამოცდილება, ეს ისაა, რასაც იძენ ხოლმე სხვა რამის ძებნის დროს.

ნუ მეუბნებით, რას ვაკეთებ. არ მსურს, ვიცოდე ეს.

ნიცშე იჩემებდა, რომ მისი გენია იყო მისსავე ნესტოებში. ჩემი აზრით, საუცხოო ადგილია გენიისათვის.

სხვა ენა- განსხვავებული ხედვაა ცხოვრებისა.

კინო ჰგავს ძველ ბორდელს, ცირკს და ა. შ., ანუ მათ, ვინც იცის, რიგორ მოგანიჭოს მრავალგვარი სიამოვნება.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1598 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები