კვირა, 05.05.2024, 17:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ფელინი – სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო
22:53
ფელინი – სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო
Federico Fellini, ფედერიკო ფელინი

სიზმრებისა და ფანტაზიების მაესტრო

იური ბეზელიანსკის წიგნიდან "შესანიშნავი შეშლილები”

თარგმნა უჩა შერაზადიშვილმა

ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას ყოველწლიურად ემატება ახალ-ახალი მნათობები. მათ შორის ძველებურად კაშკაშებს ფელინის ვარსკვლავი, ფელინის პლანეტა. ცნობილმა იტალიელმა მწერალმა პეტრო ჩიტატიმ ასეც კი თქვა: "ღმერთმა იმისთვის შექმნა სამყარო, რომ ფელინის მისგან თავისი ფილმები გამოეძერწა”.

ფედერიკო ფელინიმ (1920-1993) გასაოცარი სიზმრების და პერსონაჟების მთელი სამყარო შექმნა. ეკრანზე გამოიტანა იშვიათი სანახაობა, ადამიანური ცხოვრების დეტალებისგან და ნამსხვრევებისგან წარმოადგინა უცნაური ისტორიები და მოზაიკა. მას თავისი უსაზღვრო ფანტაზიით ხშირად ადარებენ შექსპირს. მისი გავლენა განიცადეს ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა, როგორიცაა კუროსავა და ტარკოვსკი, ბერგმანი და ბუნუელი. დებიუტანტი ბუნუელი, ნახევრად ხუმრობით საკუთარ თავს "ფელინისტად” მოიხსენიებდა. შეიძლება ითქვას, რომ ფელინიმ კინოს სამყაროს "ფელინიზაცია” მოახდინა და მთელ მსოფლიოში თავისი კვალი აღბეჭდა.

ჩვენ ყველა "დედიკოს ბიჭები” ვართ, ყველანი დავეხეტებით "გზაზე”, გვხიბლავს "ტკბილი ცხოვრება” და "კიბირიას ღამეები”, თავისკენ გვიზიდავს "სატირიკონი”, გვეჩვენება, რომ ვართ "კაზანოვა”, ვცდილობთ დავამრგვალოთ ანგარიში, მაგრამ გამოგვდის "რვა-ნახევარი”, ყველა ჩვენი მოგონებების ტყვე ვართ, – ოჰ, ეს "ამარკორდი”, ყველას გვაქვს ჩვენი ბავშვობის ქალაქი – რიმინი, – "გემი კი მიცურავს” და ყველას აშკარად ჩაგვესმის "მთვარის ხმა”.

ჰო, თქვენ მართალი ხართ: ასე ეწოდება ფელინის საუკეთესო ფილმებს. დავუმატოთ "რომი”, "ჯულიეტა და სულები”, "ჯინჯერი და ფრედი”.

23 ფილმი გადაიღო მაესტრომ, 23 გრანდიოზული ფანტაზია თემაზე "ცხოვრება”. დახვეწილი და უცნაური, ნაზი და უხეში, სევდიანი და სასაცილო.

ბავშვობა, სიჭაბუკე, მოწიფულობა

ფედერიკო ფელინი ასე ეცნობოდა: "მე იტალიელი ვარ, რომის მოქალაქე”. თუმცა ის დაიბადა არა რომში, არამედ პროვინციულ ქალაქ რიმინიში 1920 წლის 20 იანვარს. მამამისი კომივოიაჟერი იყო, დედა – პატარა და ნაზი ქალი, თუმცა საკმაოდ ეჭვიანი, რის გამოც ხშირად იმართებოდა ოჯახური სცენები და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ფელინის მამა მსწრაფლმყვარებადი და ღალატში შემჩნეული კაცი გახლდათ. მომავალი გენიოსის ბავშვობაზე ოჯახურმა კინკლაობამ თავისი კვალი დატოვა.

როგორ სწავლობდა ფედერიკო? თანაკლასელ ტიტა ბენცის დღემდე უკვირს, როგორ გადადიოდა ფელინი კლასიდან კლასში, რადგან ის "არასოდეს არაფერს სწავლობდა”. ამხანაგიც უცნაური იყო: "არც ცუდი, არც კარგი, რაც მთავარია – დამოუკიდებელი, არავის ემორჩილებოდა”.

პატარა ფედერიკო თავის ფანტაზიებში ცხოვრობდა. 9 წლისა თოჯინებს აკეთებდა, კარგად ხატავდა და კომიქსებით ერთობოდა, პირველად ცირკში რომ მოხვდა, ჯამბაზებით მოიხიბლა.

თავის ავტობიოგრაფიაში ფელინი წერს: "სექსთან, ცირკთან და სპაგეტთან ერთად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კინომ. ჩემი ცხოვრების პირველ ათწლეულში კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო, მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა ხმოვანი სურათები. ჩარლი ჩაპლინი, ძმები მარქსები, ჰარი კუპერი, ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსი ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცნენ”.

18 წლის ფელინის მობეზრდა სამი წამებულის მოედანსა და დაუსრულებელ კორსო დ’აუგუსტოზე ხეტიალი, აღარ ხიბლავდა ადრიატიკის სანაპირო და პროვინციული "გრანდ-ოტელი”, ანუ ის პეიზაჟები, რომელიც შემდგომ "ამარკორდში” ასახა. 1938 წელს მან დატოვა რიმინი და რომს მიაშურა. წასვლისას დედას აღუთქვა, რომ უნივერსიტეტში ჩააბარებდა იურიდიულ ფაკულტეტზე. "ასეც მოხდა, – ამბობს ფელინი – მაგრამ ლექციებზე არ მივლია, მე ხომ ამის აღთქმა არ მიმიცია. თანაც, ვმუშაობდი გაზეთში”…

გარდა ამისა, ფელინი მუშაობდა სადაზღვევო აგენტად და ვიტრინების გამფორმებლად. თუმცა, რამდენიმე ხელობა რომ გამოიცვალა, მაინც ჟურნალისტობა არჩია.

"ჩემი წარმოდგენა ჟურნალისტებზე ამერიკული ფილმებიდან მოდიოდა. ვიცოდი, რომ მათ დიდებული ავტომობილები და ქალები ჰყავდათ და ამიტომაც ვესწრაფოდი ჟურნალისტიკას, რათა ერთიც მიმეღო და მეორეც. თუმცა, დიდი დრო გავიდა, ვიდრე ჰონორარით თუნდაც ერთ ლაბადას ვიყიდიდი”…

ახალგაზრდობაში ფულთან ცუდად იყო საქმე, თუმცა უფრო ცუდად იყო საქმე მუსოლინის არმიასთან დაკავშირებით, ასაკით რომ უკვე უწევდა და რაც პრინციპულად არ უნდოდა. ამიტომ ავადმყოფობა მოიგონა, ექიმები მოისყიდა და, რომ იტყვიან, ჯარიდან თავი დაიძვრინა.

ამ პერიოდში ფელინი მუშაობდა როგორც რადიოში, ისე ოპოზიციურ სატირულ ჟურნალ "მარკუს ავრელიუსში”, სადაც დღითიდღე იხვეწებოდა მისი, როგორც სცენარისტის ნიჭი და უნარი. 1944 წელს რობერტო როსელინიმ შესთავაზა მონაწილეობა მიეღო "რომი – ღია ქალაქის” გადაღებაში. გარკვეული აზრით, ცნობილი რეჟისორი ფელინის მასწავლებელი გახდა.

1947 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი "სასწაული”, რომელშიც ფელინი ერთდროულად მონაწილეობდა, როგორც მსახიობი და სცენარისტი. პარადოქსია, მაგრამ ფელინი თამაშობდა წმინდა იოსებს, რომელიც ეარშიყება ქარაფშუტა გოგოს (ანა მანიანის შესრულებით). ამ როლმა ფელინი ჩააფიქრა, მაყურებელმა უნდა იტიროს თუ იცინოს იმის გამო, რასაც ეკრანზე ხედავს? რა არის მთავარი, მასხარა თუ ბოროტმოქმედი? სიცილი თუ ცრემლი? მაშინ ჩამოიქნა მისი შემოქმედებითი სტილი: სამყარო – ილუზიაა, მზერის გიგანტური მოტყუება, სადაც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. აქედან მოდის ფელინისეული ირაციონალობა, სადაც საღი აზრით ვერაფერს გაიგებ, რადგან ეს არის ტრაგიკომიკური კარნავალური დომხალი, სახე-ნიღბები ანუ როგორც ამბობენ, საავტორო კინო. "ჩემი ფილმები სრულებით არ ჩამოგავს შვეიცარულ საათს, ასეთი სიზუსტე ეწინააღმდეგება ჩემს ბუნებას” – ამბობდა ფელინი.

ფელინი – რეჟისორი

ფელინის პირველივე სურათები – "ვარიეტეს ჩირაღდნები” (1951) და "თეთრი შეიხი” (1952) საინტერესო და ორიგინალური იყო, თუმცა, მაშინდელ კინოსამყაროზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. აი, "გზამ” კი ნამდვილი წარმატება და დიდი შემოსავალი მოუტანა. ნინო როტას შესავალი მუსიკა მილიონობით გრამფირფიტაზე ჩაიწერა. ჯელსომინას როლის შემსრულებელ ჯულიეტა მაზინას ჩარლი ჩაპლინსა და ჟაკ ტატის ადარებდნენ. ფილმი "ოსკარზე” წარადგინეს. "ჯულიეტა, პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი და მე გავემგზავრეთ ჰოლივუდში, სადაც "გზამ” ოსკარი მიიღო. ჩვენ ცნობილები გავხდით”…

კინომცოდნეებსა და კრიტიკოსებს დავუტოვოთ იმაზე მსჯელობა, როგორ იყო გაკეთებული და გადაღებული "გზა”, რა ფილოსოფიური აზრი იყო მასში ჩადებული. ჩვენ ყველანი ვხედავდით და ვგრძნობდით ოსტატის ნახელავს, ყველას გვიყალიბდებოდა საკუთარი აზრი, მაშინ, როცა თავად რეჟისორს არ უყვარდა თავის ფილმებზე საუბარი.

- ღმერთმანი, სურვილი არ მაქვს – მომხიბლავი ბავშვური ღიმილით გამოუტყდა ერთ კირკიტა ჟურნალისტს.

- აბა, რისი სურვილი გაქვთ? – ჩაეკითხა რეპორტიორი.

- თუ სიმართლე გინდათ… თქვენ ხომ სიმართლე გინდათ გაიგოთ? ჰოდა, გეტყვით, ყველაზე ძალიან მინდა მაკარონი… ცოლის მოხარშული მაკარონი. მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი.

ამ პასუხში კარგად ჩანს მთელი ფელინი – ეშმაკიც და გულგახსნილიც.

"კიბირიას ღამეებმა (1957) განამტკიცა "გზის” წარმატება, ხოლო "ტკბილმა ცხოვრებამ” მსოფლიოს წაყვან კინორეჟისორებში მიუჩინა ადგილი. თვითონაც "ტკბილ ცხოვრებას” მიიჩნევდა თავის საუკეთესო სურათად. სწორედ ამ ფილმში გადაიღო პირველად მარჩელო მასტროიანი, რომელთანაც შემდეგ დიდი მეგობრობა ჰქონდა.

1963 წელს ფელინიმ გადაიღო "რვანახევარი”, კინოხელოვნების ნამდვილი შედევრი. მავარი გმირის, გვიდო ანსელმის როლში რეჟისორი თავიდან აპირებდა ჩარლი ჩაპლინის, შემდეგ – ლორენს ოლივიეს მოწვევას, მაგრამ ბოლოს მარჩელო მასტროიანზე შეჩერდა და არც შემცდარა. მარჩელომ ზუსტად "მოარტყა”, ბრწყინვალედ ითამაშა თავად ფელინის პირველსახე თავისი სევდით, მოუსვენრობით, იჭვნეულობით, სიმართლის ძიებით, ცხოვრებისეული კრიზისის შეგრძნებით და შემოქმედებითი გარდასახვის მაგიურობით.

მასტროიანი-გვიდო ფილმში მიმართავს მოხუც კარდინალს:

- თქვენო ბრწყინვალებავ, მე უბედური ვარ.

- რატომ უნდა იყო ბედნიერი? – უპასუხებს კარდინალი, – ვინ გითხრა, რომ ადამიანი ამქვეყნად ბედნიერი უნდა იყოს?..

ფილმის უბედური გმირი… თუმცა თავად ფილმი აღმოჩნდა იღბლიანი. მან დაიმსახურა ორი "ოსკარი” და მოსკოვის ფესტივალის პირველი პრიზი. მოსკოვის პრემიას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრმა ფურცევამ ფილმი ამორალურად მიიჩნია. ცეკას კულტურის ემისრები შეძრწუნდნენ ფილმის უჩვეულო ინდივიდუალიზმით და დიდხანს უგრეხდნენ ხელებს ჟიურის წევრებს, მაგრამ მათ არ დათმეს და პირველი პრიზი ფელინის მიანიჭეს, თუმცა, ცოტა არ იყოს, იეზუიტური ფორმულირებით: "დიდი შემოქმედებითი, რეჟისორული ნამუშევრისთვის, სადაც ასახულია მხატვრის შინაგანი ბრძოლა სიმართლის ძიებისათვის”.

ამ გამარჯვებით აღფრთოვანებულმა მოსკოველმა კინომოყვარულებმა ფელინი ხელში აიტაცეს, როგორც ნამდვილი ტრიუმფატორი, ხოლო ზეიმის მონაწილე იური გაგარინმა მოასწრო და ყურში ჩასჩურჩულა მაესტროს: "თქვენი ფილმი ჩემთვის კოსმოსზე უფრო იდუმალია”.

"რვანახევარი” შესყიდული იყო და უნდა გაეშვათ საბჭოთა ეკრანებზე, ისევე როგორც "ტკბილი ცხოვრება”, "რომი”, "სატირიკონი”, მაგრამ რიგითმა მაყურებელმა ვერა და ვერ ნახა ეს შედევრები. მათ მხოლოდ ხალხით გადაჭედილ დახურულ დარბაზებში უჩვენებდნენ, ასეთი იყო საბჭოური სინამდვილე. მხოლოდ საჯაროობის წლებში იხილა მაყურებელმა "გემი კი მიცურავს”, "ჯინჯერი და ფრედი”, "ინტერვიუ” და ადრინდელი ფილმები.

"მე ვმუშაობ კინოში იმიტომ, რომ ეს მთელი ცხოვრებაა” – წერდა რეჟისორი.

"იყო რეჟისორი, ნიშნავს შეგეძლოს მაგიდის გადაადგილება ისე, რომ სინათლის სხივი დაეცეს ზუსტად ისე, როგორც ფილმს სჭირდება. კინოში უნდა იცოდე ყველაფერი, რაც სახის შექმნას სჭირდება”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამონათქვამი: "შუქი – ფუნჯია. მე ყველა დეტალს ვუკირკიტებ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მთავარი მაინც განათებაა. ოთხი პროჟექტორით შეგიძლია შექმნა ყველაფერი, გარკვეული აზრი, გრძნობა. შუქით შეგიძლია გამოსახო: ჭექა-ქუხილი, ღამე, რიჟრაჟი, ბინდბუნდი. შუქი – სახეა, სახე – კინო”.

ფელინის შემოქმედების თემა ამოუწურავია, ამიტომ გადავდოთ და გადავიდეთ სხვა საკითხზე.

ფელინი და ქალები

"ქალებთან ყოველთვის მორცხვი ვიყავი – გამოუტყდა რეჟისორი ამერიკელ ჟურნალისტს შარლოტა ჩანდლერს. – მე არ მინდა ქალი, ვისაც დიდებული საყვარლები ჰყავდა, რადგან ყოველთვის შედარებას დაიწყებს და არა მგონია, კონკურენციას გავუძლო”.

ფელინის არაერთგზის უთქვამს, რომ კაცი თავისი ბუნებით პოლიგამიური არსებაა. მას სურს ბევრი ქალი ჰყავდეს, ხოლო ცდუნებასთან ბრძოლის ყველაზე იოლი ხერხი ცდუნებაა. როგორც ბიბლიაშია: "სცოდე, მოინანიე და მოგეტევება”.

მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტონი, შიშველი ქალების სურათების ოსტატი, ამბობდა: "მე მიყვარს დიდი ქალები, მაღლები, ძლიერები, ისევე, როგორც ფელინის. ვამაყობ, რომ ამაში ერთმანეთს ვგავართ. მის ფილმებში ზუსტად ასეთი ქალებია: მაღლები, არაჩვეულებრივად დიდი ბიუსტით. ხანდახან ფიქრობ, კარიკატურა ხომ არ არის, მაგრამ არა! ეს მშვენიერი ქალბატონებია. ფელინი მათში ხედავდა იმას, რაც სურს დაინახოს ყველა მამაკაცმა: მგრძნობიარობა, დედობრივი ზრუნვა, მამაკაცის მყიფე სულის დაცვა. მისი ქალები ყოველთვის ლამაზები არიან”.

ფელინის მემუარებში "მე ვიხსენებ…” არის ასეთი პასაჟი. "ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა – როცა ქალი ზის და გემრიელად მიირთმევს საჭმელს. აღმაგზნებდა სექსუალურად. მე დარწმუნებული ვარ ერთ კანონზომიერებაში: ქალს, რომელსაც ჭამა უყვარს, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი, ხოლო მამაკაცისთვის ქალი, რომელსაც უყვარს სექსი, განსაკუთრებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერესებს სრული ქალები”.

კმარა ციტირება? არა, მოვიტანთ კიდევ ერთს, ბოლოს და ბოლოს, ვინ მოგვითხრობს უკეთ საკუთარ თავზე, თუ არა თვითონ გმირი, მით უმეტეს – რეჟისორი? თავის დროზე ფილმმა "ქალების ქალაქი” დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რეჟისორს საყვედურობდნენ, რატომ მოკიდე ხელი ასეთ თემასო, რაზეც ფელინი პასუხობდა: "მე მგონია, რომ ფილმებს ვიღებდი მხოლოდ ქალებზე. მე მხოლოდ მათთან ვგრძნობ თავს კარგად. ქალი – მითია, საიდუმლო, განუმეორებლობა, მომხიბვლელობა. ქალი – ყველაფერია. ფილმიც, თავისი შუქჩრდილების მონაცვლეობით, თავისი სახეებით, ხან რომ ჩნდებიან და ხანაც ქრებიან – აგრეთვე, ქალია. კინოში ისე ხართ, როგორც დედის მუცელში…”

ფელინი აგრძელებს: "ჩემი ფილმი – ყბედობაა მაძღარი სადილის შემდეგ, ოდნავ შემთვრალი კაცის ლაქლაქი. ეს არის ზღაპარი ქალებზე, მოთხრობილი მამაკაცისგან, რომელიც ბოლომდე არ იცნობს მათ, რადგან თითქოსდა მათშია… ეს არის ოცნება და მისი ხორცშესხმისათვის ოცნების სიმბოლური ენაა საჭირო. არ მინდა, ჩემი ფილმის ნახვისას იწვალონ, რაღაცას ჩასწვდნენ, ვერაფერსაც ვერ ჩაწვდებიან. მე მძულს თანამედროვე ავადმყოფობა, მანიაკალური მისწრაფება ყველაფრის გაანალიზებისა, დიაგნოზის დასმისა”…

სხვა სიტყვებით, ფელინი მომხრეა ირაციონალიზმის, ბუნებრივი მდგომარეობის, რაც განაპირობებს მამაკაცის სწრაფვას ქალისკენ, ქალისა კი – მამაკაცისკენ.

პირველი ბავშვური შთაბეჭდილება მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა რეჟისორს. რიმინიში მეძავმა სარაგინამ გაფაციცებულ ბავშვებს ორ სოლდად ვეება უკანალი უჩვენა, სამ სოლდად ოდნავ გადაწია ფეხები, ოთხად კი მთელი თავისი წინა "მშვენებით” წარუდგა. რა თვალისმომჭრელობაა!.. ეს ბანჯგვლიანი რაღაა – ფისო?!

უბიწოება ფელინიმ მოგვიანებით, 20 წლის ასაკში დაკარგა, რომის ტიპიურ ბორდელში, გულისხმიერ და თითქმის ინტელიგენტურ მეძავთან. ტიპიური იტალიური ვარიანტი.

ფედერიკო და ჯულიეტა
წაიკითხეთ და მაშინვე რომეო და ჯულიეტა გაგახსენდათ. მაგრამ ტყუილად, იქ რომანტიკული სიყვარული და ნაადრევი აღსასრულია, აქ კი 50-წლიანი ხანგრძლივობის ოჯახური ცხოვრება საკმაოდ რთული ურთიერთობით, სადაც სიყვარული მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იყო.
მათ ერთმანეთი 1943 წელს გაიცნეს. ფელინი 23 წლისა იყო, მაზინა – ორი წლით უმცროსი. პირველად ფელინიმ მისი ხმა გაიგონა საკვირაო რადიოსერიალში "ჩიკო და პოლინა”, რომლის ტექსტიც თვითონ ეკუთვნოდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცნო ჯულიეტა და არ მოეწონა, რადგან გამხდარი და სუსტი აგებულებისა იყო. ამის მიუხედავად, ისინი მალე შეეწყვნენ ერთმანეთს და 30 ოქტომბერს იქორწინეს კიდეც.

"ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მუდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. ის მუდამ ქვემოდან ამომცქეროდა, და არა მარტო სექსში. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა. ერთად გადაღებული ფოტოსურათებიდან ჯულიეტას ყველაზე მეტად ის უყვარდა, როცა ერთმანეთს ვეხვევით და მე მასზე ვმაღლდები”…

რა თქმა უნდა, ხუმრობანარევი აღიარებაა, მაგრამ ამ ხუმრობაში ბევრი სიმართლეა. ფელინის მაზინასადმი გადარეული ტრფობა არ ჰქონია, მათი ურთიერთობა უფრო მეგობრული და პარტნიორული იყო და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დასრულდა: ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა გაძლო. როგორც შემდეგ ფელინი წერდა: "დაღუპულმა ბავშვმა, რაღაც აზრით, უფრო მაგრად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ”.

და შემდეგ: "ახალგაზრდობაში განცდილი საერთო ტრაგედია ადამიანებს უფრო აერთიანებთ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ”.

ასე იცხოვრეს ფედერიკო ფელინიმ და ჯულიეტა მაზინამ 50 წელი. ბავშვების ნაცვლად მათ ჰქონდათ საერთო ფილმები, თუმცა ბოლომდე ვერც აქ რიგდებოდნენ. მაზინა ხშირად საყვედურობდა რეჟისორ ქმარს: "რატომ ხარ ჩემს მიმართ ასე მომთხოვნი და სხვების მიმართ ლოიალური?..”

წყენა, უთანხმოება, შელაპარაკება – ყველაფერი იყო 50-წლიან მარათონულ დისტანციაზე. აქედან მოდის, ალბათ, ფელინის ცოტა არ იყოს სევდიანი სიტყვები: "მე სრული ცხოვრებით ვიცხოვრე”. სიტყვა "ბედნიერი” მას არ უხსენებია. შემდეგ ამატებდა: "ჯულიეტა ჩემთვის რომის ნაწილია, ჩემი შემოქმედების, ცხოვრების ნაწილი”. მხოლოდ ნაწილი… ჯულიეტას უთუოდ სურდა ნაწილი კი არა, მისი ცხოვრების მთელი ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა ასე არ ხდება.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, რას ფიქრობდა თვითონ მაზინა მათ ურთიერთობაზე. "მე და ფედერიკოს ვერაფრით დაარქმევ ოჯახს. არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი… ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. ხშირად მეკითხებიან, როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთადო. მე კი ვპასუხობ, გაცილებით გამიჭირდებოდა სულელთან ცხოვრება-მეთქი”…

გენიალური ქალის ღირსეული პასუხი.

"ჩვენ ძალზე ადრე დავქორწინდით, – აგრძელებს მაზინა, – ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ძველებურად სხვადასხვანაირები დავრჩით. მე ლაპარაკი მიყვარს, ის კი სიტყვაძუნწია. მე თავგზა მებნევა მრავალსიტყვიან ისტორიებში, მას კი იოლად გამოაქვს აზრი, მე მოგზაურობა მიყვარს, ის კი ვერ იტანს, მე სიამოვნებით ვუსმენ მუსიკას, მას კითხვა ურჩევნია”…

ბევრისთვის ნაცნობი სურათია.

"და მაინც, რაღაც გვაერთიანებს. თუნდაც, შინ გატარებული წყნარი კვირადღე და სანახაობისკენ ლტოლვა. ჩვენ ხალისით ვმუშაობთ ერთად, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მასთან გადაღება გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რეჟისორთან”.

აი, ოქროს ქორწილის იდილია. მეუღლეები ემზადებოდნენ კიდეც მის აღსანიშნად, მაგრამ ფელინის გარდაცვალებამ არ დააცალათ. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

სხვები

ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად – ეს ფრაზა ზღაპრიდანაა, რეალური ცხოვრება კი სხვაა. ფელინის გარდაცვალებისთანავე გავარდა ხმები მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ. გაირკვა, რომ დიდ რეჟისორს ჰყავდა მეორე ქალი – ანა ჯოვანინი, – იდუმალი საყვარელი 36 წლის განმავლობაში! ლამაზი, ფაშფაშა აფთიაქარი, ზუსტად ისეთი, როგორსაც წარმოსახავდა თავის ფილმებში. მეტსახელიც ზუსტი შეურჩია – "პაჩოკა” ანუ ფუნთუშა. ფელინიმ მას სამსახური დაატოვებინ, რათა სრულ განკარგულებაში ჰყოლოდა. პირველსავე მოთხოვნაზე, ანა თავისი სხეულით ატკბობდა რეჟისორს.

ფელინიმ ანა 1957 წელს გაიცნო, როცა ემზადებოდა "ტკბილი ცხოვრების” გადასაღებად. მთავარ როლში მან ხორცსავსე მსახიობი ანიტა ეკბერგი მოიწვია, რომელიც დიდი მკერდით, გრძელი ფეხებითა და დასრულებული ფორმებით თავის შეყვარებულს აგონებდა. შემდგომ სურათებშიც ხშირად ჩნდებიან ფაშფაშა ქალები, ისევ და ისევ ვარიაციები თემაზე "ანა”.

რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, როცა საიდუმლო გამოაშკარავდა, ანა ჯოვანინი რეპორტიორებს უმხელდა: "მას უნდოდა ცოლად შევერთე, მაგრამ მე ვიყავი წინააღმდეგი”.

რა შეიძლება ითქვას? ქორწინდებიან ნიმფებზე, მაგრამ არამც და არამც მათზე, ვინც ავხორცობისკენ განაწყობთ. ფიზიკური ლტოლვა და ხორციელი სიყვარული ყოველდღიურობისთვის არ არის. ყოველდღიურობა ესაა მსუბუქი მიმზიდველობა, მეგობრობა, შემოქმედებითი ურთიერთობა, ანუ – ჯულიეტა. ასე ცხოვრობდა ფელინი დიდხანს ვნებასა და პლატონურ ურთიერთობას შორის.

თუმცა ანა – "ტკბილი ფუნთუშა” – დიდი რეჟისორის ერთადერთი სასიყვარულო გატაცება არ ყოფილა. იყო კიდევ ერთი, ახალგაზრდა როზიტა სტენბეკი, რომელიც ძველი კულტურის გასაცნობად ჰოლანდიიდან ჩამოვიდა იტალიაში. და გაიცნო კიდეც – ჯერ დიდი იტალიელი მწერალი ალბერტო მორავია, შემდეგ კი – დიდი რეჟისორი ფედერიკო ფელინი. გაიცნო და ორივესთან რომანი გააჩაღა. ეს მაშინ მოხდა, როცა ფელინი "ჯინჯერი და ფრედს” იღებდა.

როზიტა მაშინ 23 წლის იყო, ფელინის 66 უსრულდებოდა, ხოლო მორავია.. "82 წლისა ვარ – ამბობდა მწერალი, – მაგრამ ვგრძნობ, რა ხანმოკლეა სიცოცხლე. ჩემი შესაძლებლობებით 150 წელსაც შემიძლია მივაღწიო, თუმცა გამუდმებით მესმის სიკვდილის ნაბიჯების ხმა…” თუმცა ეს ხმა ხელს არ უშლიდა მორავიას ჰყოლოდა 35 წლის ცოლი და აქტიურად ეარშიყა სხვა ქალბატონებთანაც. ფელინი უფრო მოკრძალებული იყო. ის ასე მიმართავდა როზიტას: "მე უკვე ასაკში ვარ. ნეტა რა გინდა ასეთ ბებერთან?..” როზიტამ იცოდა, რაც "უნდოდა” და რეჟისორს ნამდვილი, ნაზი და პოეტური სიყვარულის ცეცხლი დაუნთო. აი, ასე, ფელინისთან – ვნება, მორავიასთან – მეგობრობა. როზიტა იხსენებს: "ეს იყო რთული, უცნაური ვითარება. ფელინის უნდოდა მისგან შვილი გამეჩინა, მაგრამ ალბერტოზე ეჭვიანობდა. ერთხელ ასეც კი მითხრა: "ჩვენ მორავიასთან წავალთ მხოლოდ მაშინ, როცა შვილი გვეყოლება”.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1254 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები