ორშაბათი, 06.05.2024, 20:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ჩვენი ბიბლიოთეკა.
14:34
ჩვენი ბიბლიოთეკა.
ლექსი: რეზო თაბუკაშვილი "შვილიშვილებს".
ეს ლექსი რეზო თაბუკაშვილმა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე დაწერა და შვილიშვილებს: რეზო და ბომბო თაბუკაშვილებს მიუძღვნა.

მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს,
და მცირე ტაღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს.
ქარს, იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე, წინ აფრას;
დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,
მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.

მე არასდროს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ,
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.
მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,
სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ.



მოთხრობა:დაურ ზანთარია "ნემსის ყუნწი"

მოთხრობა:დაურ ზანთარია "ნემსის ყუნწი"თქვენ, რომლებთანაც ერთად დიდხანს ვაპირებდი ცხოვრებას, მაგრამ არ დამცალდა და განგებამ მიმუხთლა, გახსოვდეთ: ყოველ სისხამზე სული ზღვისაკენ მიხმობდა! თუკი ერთ დღეს ზღვაზე გვიშვებდნენ, მეორე დღეს ჩვენს მშობლებს შიში ზაფრავდა - წყალში არ დაიხრჩოს, ზღვამ რაიმე ხიფათს არ გადაყაროს ბავშვიო. თითოეული ჩვენთაგანი თავისებურად აღწევდა თავს მშობლების აკრძალვას...

და აი, დათქმულ ადგილას ერთმანეთს ნერვიულად ველოდებით, ვიკრიბებით და ნემსის ყუნწისკენ ისარივით მივქრივართ. ჩემო ძვირფასებო, განა ჩვენს უფროსებს შეეძლოთ ცოდნოდათ, თუ როგორი შეუსაბამო იყო მათი შიში ჩვენი და ზღვის შეხვედრის ბავშვურ სიხარულთან?!

ნემსის ყუნწიდან ზღვამდე სულ ასიოდე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი (უფრო ზუსტად - 127 ნაბიჯი; მე ხომ მახსოვს, მე ხომ რამდენჯერმე გავზომე). ნეტავ ცოცხალი თუ არის, ნეტავ თუ გადარჩა ის ხე, რომელიც გორაკსა და დაჭაობებულ ველობს შორის ზღვისკენ ქმნიდა გასასვლელს? ახლა ისევე შორსა ვარ იმ ადგილიდან, როგორც იმ დროიდან და, რა თქმა უნდა, ამ მანძილიდან გონების თვალით კარგად ვხედავ კიდეც იმ ხეს. ხომ გახსოვთ ის უცნაური, ორფეხა, ლოდზე მდგარი ტანწვრილი კიპარისი? ალბათ იმ კიპარისის თესლი ერთხელ ქარმა ლოდის მიწით ამოვსებულ ღრმულში ჩამოაგდო. აქვე შეგახსენებთ - ის ლოდი უბრალო როდი იყო, ისტორიული გახლდათ, ძველი ციხე-სიმაგრის ნაწილი. კიპარისის სიცოცხლემოწყურებული თესლი სწორედ იმ ლოდში გაღვივდა, აღმოცენდა და მიწას ორივე ფესვით ჩაეჭდო. მისი ფესვები იზრდებოდნენ, მაღლა მიიწევდნენ და ლამის ლოდსაც ცისკენ წევდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კიპარისმა თითქოს ლოდი მიწას დაანარცხაო - მის თავზე დიდი ხვრელი შექმნა. შორიდან ის ხვრელი და კიპარისი ერთად გადაბრუნებულ საკერავ ნემსს გავდა. ნემსის ყუნწს ყოველთვის გულის ფანცქალით ვუახლოვდებოდი, იმიტომ რომ, მის მიღმა ზღვა იწყებოდა, ზღვა.

ის ბიძაკაცები ხომ გახსოვთ, რომლებიც ნემსის ყუნწის სიახლოვეს მდგარ მაგიდასთან დღენიადაგ ნარდს თამაშობდნენ?! ჩვენთვის გაუგებარი იყო (ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, ხანდახან მხოლოდ) როგორ შეეძლოთ მათ ასე მშვიდად ეგორებინათ კამათლები, როდესაც სულ 127 ნაბიჯს იქით ზღვა იყო განრთხმული! მათ კიდევ ჩვენი უკვირდათ: საითკენ და რატომ ჩქარობენ ეს ბავშვებიო. არადა, უნდა მიმხვდარიყვნენ - მათ სიახლოვეს ხომ ისე საამოდ შრიალებდნენ ტალღები. თუმცა, მოგვიანებით, როცა მზე ჰორიზონტს მიუახლოვდებოდა და სიცხეც ცხრებოდა, ბიძები ნარდს თავს ანებებდნენ და ზღვაში საბანაოდ ემზადებოდნენ. ისე შედიოდნენ ზღვაში, როგორც ცხენები - ფრუტუნებდნენ და ფეხებით წყალს აშხეფებდნენ, რის გამოც ზღვა უმალ მოსაწყენი ხდებოდა, ზედმეტად მარილიანიც, და ფერსაც კი იცვლიდა - მომწვანი თუ ინდიგო-შალისფერი ხდებოდა, დაახლოებით ისეთი, როგორც ტიუტჩევის ერთ-ერთ ლექსშია აღწერილი.

სირბილით მივუახლოვდებოდით თუ არა ნემსის ყუნწს, მოხერხებულად გავსხლტებოდით ხოლმე მასში, ვისკუპებდით და უმალ მეორე მხარეს აღმოვჩნდებოდით. იქ უკვე ზღვა იწყებოდა. მაშინვე უცნაური გრძნობა მიპყრობდა, რომელიც ახლა ასე შემიძლია აღვწერო: რა ვიწროა მთებსა და ზღვას შორის ჩაჭეჭყილი ჩვენი სამყარო და უსაზღვრო და ლაღია ზღვა!
და ჩვენ მივრბოდით, გზადაგზა ვიშორებდით ტანსაცმელს და ჟივილ-ხივილთ ვხტებოდით ზღვაში.
თეოდორ ტიუტჩევმა, რომელმაც მოხიბლა და მერე მიატოვა ამალია ფონ კრიუგერი, თქვა: "ბედნიერია ის, ვინც სამყარო საბედისწერო წუთებში იხილა”. მე კი მთელი სხეულით ვგრძნობ და ვიცი, რომ არა, არ არის ის კაცი ბედნიერი! თუ რა თქმა უნდა, მისი ისტორიული ცნობისმოყვარეობა მის შიშსა და თანაგრძნობას არ აღემატება. ოდესღაც მეც ასე მეგონა, რომ ჩემს მთელ ცხოვრებას სოხუმის სანაპიროს ყავახანაში, მეგობრების წრეში განვლევდი, მაგრამ ქარბორბალამ, სწორედ რომ ისტორიის ქარბორბალამ უცხო, მოშიშვლებულ ნაპირზე მიმაგდო, გადამიქროლა და ჩემი საყვარელი ადამიანები თან წაიყოლა. მე კი ცოცხალი დამტოვა. როდესაც მივხვდი, რომ გადავრჩი, ჩემს სულში მხოლოდ გაურკვევლობამ და მარტოობამ დაისადგურა.

არავინ დამრჩა, ზღვაზე საბანაოდ მივიპატიჟო... საღამოხანს, როდესაც სიცხე ცხრება, მაგიდიდან ვდგები, თავს ვანებებ ჩემს ნაწერებს, სწორედ ისე, როგორც ის ბიძაკაცები ტოვებდნენ ნარდს, და აუჩქარებლად მივდივარ ზღვისკენ, ფრუტუნით მივაბიჯებ ტალღებში, ფეხებით წყალს ვაშხეფებ... მაგრამ ზღვა უკვე ის არ არის, რაც იყო, სხვა ზღვაა - მომწვანო თუ ინდიგო-შალისფერია, მოსაწყენი, ზედმეტად მარილიანი...

და ასე ვფიქრობ ახლა და ვამბობ: როგორი ვიწროა დაბადებასა და სიკვდილს შორის ჩაწნეხილი ქვეყნიერება და რა უსაზღვროა ნემსის ყუნწს მიღმა განფენილი სამყარო. და ჩვენ სიკვდილის შიში კი არ გვაჩერებს აქ, გამოღმა, არამედ მასთან - უზენაესთან შეხვედრის შიში! ან იქნებ პირიქით - მასთან არშეხვედრა გვაძრწუნებს.

თავგადასავლებითაა დახუნძლული იმ ხიდისაკენ გასწრაფული ჩემი აფორიაქებული გზა, რომელიც ნემსის ყუნწში ილანდება. მე აქ ვაკვირდები ცხოვრებას და ბევრ საგულისხმო რამეს ვინიშნავ. ჩემო ძვირფასებო, იქნებ უკეთესიცაა, თქვენ რომ დაგვტოვეთ: სამყარო უარესი გახდა. ბრძენმა ხომ ბრძანა: ნემსის ყუნწში აქლემების მარშიაო. საიდანღაც მოვლენილი აქლემების ქარავნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადიან და გადიან ნემსის ყუნწში. ასეა!

და მაინც, მინდა, რაღაცის იმედი მაინც მქონდეს და რაღაც მწამდეს. სანამ, განკითხვის დღეს, ხიდზე აღმოჩნდება, ჯერ ნემსის ყუნწში უნდა გააღწიოს ჩემმა სულმა. იმედი მაქვს, გაფართოვდება მაშინ და გამატარებს ნემსის ყუნწი, თუნდაც იმიტომ რომ, უმრავლესობა თქვენთაგანი, რომლებიც აქ მფარველობდით და მპატრონობდით, რომლებიც ასე მეძვირფასებოდით და მიყვარდით, დიდი ხანია, რაც გაღმა ნაპირზე იმყოფებით. როდესაც ხიდს მიღმა თვალს მოგკრავთ, მზერას დარცხვენილად არ აგარიდებთ, თუმცა კვლავ კი ცოდვაში ვიმყოფები. თქვენს გამო ვნაღვლობ ახლა, თუმცა გონმა იცის, გულმა კი არა, რომ მე კი არ უნდა ვწუხდე თქვენზე, არამედ თქვენ უნდა წუხდეთ ჩემზე, თუკი საერთოდ არსებობს მწუხარება მამის სახლში. თუმცა გონმა იცის, გულმა კი არა: თქვენ შინა ხართ, მე კი ჯერ კვლავ გზაში ვიმყოფები. ო, როგორ გამოვიქცევი თქვენსკენ, როგორც კი ნემსის ყუნწს გამოვაღწევ და თვალს მოგკრავთ... გამოვიქცევი და გზადაგზა ცოდვებს ჩამოვიცილებ, როგორც ბავშვობაში ტანსაცმელს ვიშორებდი ზღვასთან მიახლოვებისას. და მოვრთავ ყიჟინს: "ჩემო ძვირფასებო, ბევრი ცოდვა კი მაქვს, მაგრამ ფარისეველი არასოდეს ვყოფილვარ! არასოდეს!”

- მე არ ვარ, არ ვარ ფარისეველი!
მოთხრობა:დაურ ნაჭყებია "ახლოა შემოდგომა"
მკვდარი ვწევარ უმოწყალოდ მწველი მზის ქვეშ, სოხუმის ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე. ასე დაუმარხავს წოლა დიდხანს მომიწევს: დავიქანცები გვამების გაცვლამდე გაზლაზნილ ომში, ეს კი იქნება არცთუ ჩქარა: ცეცხლივით შეტევებია, დაუნდობელი. სოხუმი ჯერ კიდევ არ აგვიღია. მის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიდის.

ტყვია თავში მომხვდა. უკუნ სიბნელეში ვიწყე ჩაძირვა. ღამეში ჩავემხე. ამ ჩაბნელებულ გზაზე სულმა უცებ მოიწყინა, კინაღამ ატირდა. მაგრამ სულმოკლე, ცრემლიანი ქაოსი დიდხანს არ გაგრძელებულა – მე მოვკვდი.

დასანანია: ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნია. ტკივილი ცხოვრების განმგმირავი ლეკერტია: ცოცხალი ხარ იქამდე, სანამ გტკივა. აქ კი, როგორც ნადავლის მომლოდინე მხეცმა, ისე წაგიღო და გადაგთელა უკუნმა წყვდიადმა, ხოლო ტკივილი ხმაურით, სინათლის ფრქვევით გაცურდა გვერდზე. ერთი სიტყვით, ბედნიერია ასეთი სიკვდილი. მომენტალურად ქრები. არავითარი გაჭიანურებული, ბნელი სირთულეები. მაგრამ მე მაინც ვყვირი მკვდარი პირის მთელი მუნჯური ძალით: "არ დაიჯეროთ ბედნიერი სიკვდილისა. ის გამოიგონეს მშიშარა და გაუხეშებულმა გულებმა. არაფერია ბედნიერ სიკვდილზე მწარე!”

ზაფხულის მთელი გრძელი დღის განმავლობაში მივდიოდით მზის მიმართულებით. ის ხან იმალებოდა მაღალი ხეების ფართო სხეულების უკან, ხან საერთოდ ქრებოდა – ხშირი ფოთლებისა თუ გორაკების იქით მიმალული. ტყე დაძაბული ადევნებდა თვალს უხმაუროდ და ფრთხილად მიმავალი ადამიანების პატარა ჯგუფს. უკმაყოფილო გადაჩურჩულება შეშინებული რინდავდა ყველაფერს ჩვენი გადაადგილების ნაკვალევზე, რათა ეს კვალი დაეფარა.

მივდიოდით და მივდიოდით. მზე უკვე შუბის ტარზე იყო, ტყეს კი არა და არ უჩანდა ბოლო. ის თითქოს შეთხელდა, რადგან სინათლე უკვე უხვად ჩანდა, მოიწყინა სიცხისგან და ახლა მხოლოდ ნამძინარევი სიტყვები ჩამდგარიყვნენ საცოდავად ჩვენს კვალში.

დავიღალეთ. ოფლით გავილუმპეთ. მხრებზე მოკიდებული ტვირთი წელში გვხრიდა. კიდევ რამდენის გავლა მოგვიხდებოდა, არავინ იცოდა. გამყოლი – შავგვრემანი, სახეზე ღიმილგადაკრული ბერძენი – მხოლოდ თავისთვის ნაცნობი ბილიკით მიგვიძღვოდა წინ, ადამიანების გველივით დაგრაგნილ ჯაჭვს, არცთუ მეგობრულად განწყობილი ტყის სიღრმეში და ჩვენს გულებში ჩამარხული უკმაყოფილება იზრდებოდა. სულის მოთქმის იშვიათ წუთებში ბევრი უკმაყოფილოდ, ცერად უყურებდა გამყოლს. ასეთებისგან მას იხსნიდა მეთაური, რომელსაც ბოროტმა ენებმა მეტსახელად ხისთავა შეარქვეს სქელკანიანობისა და შეზღუდული გონების გამო. ის ჩუმად, ჯიუტად მიჰყვებოდა ფეხდაფეხ ჩვენს მკვირცხლ გამცილებელს და 
ჩვენც, თითქოს მათი შეთანხმებული სვლით მოჯადოებულები, მივდიოდით და მივდიოდით მათთან ერთად.

ტყეში ბინდი ჩამოწვა. ხის წვერები ჯერ კიდევ განათებული იყო, მაგრამ ქვემოდან თანდათან სიბნელე წვებოდა. ირგვლივ ყველაფერი ბნელში გაეხვია. ცა ქრებოდა, სიბნელეში იძირებოდა ტყეც. ის ივსებოდა უღრანიდან მოღწეული ბგერებით, საიდუმლო, გამოუცნობი ხმებით, ფუსფუსით, ხმაურით, რომელიც რაღაცის შექმნას ახლავს.

დამრეცზე ხანგრძლივი დაშვების შემდეგ მდინარესთან გავედით. შვებით ამოვისუნთქეთ, მივუსწარით უკანასკნელ ნამცეცებს მზისას, რომელიც დასავლეთისკენ გაპარულიყო. მზე ახლა ნამდვილად ჰგავდა უზარმაზარ წითელ ბუშტს, რომელიც მოწყენილი ეკიდა ზღვის თავზე, შესაძლოა, სამუდამოდაც ჩავიდა.

წყლის სიცივემ გამოგვაფხიზლა. მდინარემ გადარეცხა და წაიღო ჩვენი დაღლილობა. გაღმა ნაპირზე მსუბუქები და გამოფხიზლებულები გავდიოდით. განსჯის უნარი დაგვიბრუნდა.

როდესაც მდინარე ცივ, დენად მიჯნად გაწვა ჩვენსა და ტყეს შორის, მე მას გავხედე. ბნელი იყო და მოთეთრო ღრუბლების კუნძულებით ირიბად მიიწევდა ცისკენ, მასში იღვრებოდა. ტყეს ეძინა. იხრჩობოდა სიზმრების მორევში, აღარ ვახსოვდით არავინ, არც მე. სევდა მომერია. ტყემ უკვე გადამისროლა – მხოლოდ ერთი დღე ვიყავი მასთან – თავისი უძირო მახსოვრობის კუნჭულში, და თავი რომ შემეხსენებინა, კიდევ ერთხელ მის სიღრმეში გავლა მომიხდებოდა თუ არა, არავინ იცოდა.

ცის სიღრმეში სიდიდის მიხედვით – ჯერ დიდები, კაშკაშები, შემდეგ – მათ შორიახლო – ცოტა პატარები – მოცურავდნენ ვარსკვლავები, ცა ვარსკვლავებით ივსებოდა.

მდინარის ცივი ხმაური ავსებდა ღამეს. ხანდახან, ნამძინარევებს, ფრინველის საშინელი ხმები ჩაგვესმოდა და სხეულში კანკალი გვიჯდებოდა. სულგანაბული ელი, როგორც ტყვიას, როდის გავარდება ხელმეორედ ველური ბღავილის ხმა, მაგრამ სიწყნარეა: ჯიუტი ხმა უფსკრულმა შთანთქა, საიდანაც გულისგამგმირავად ამოვარდა მისი საშინელი ექო.
ხანმოკლე, უწესრიგო ბრძოლის შემდეგ მტერმა დაიხია სოფლიდან ტყისკენ, რომელიც ნახევარი კილომეტრით აღმოსავლეთით იყო გაწოლილი.

სამი ჰაუბიცა, რომლებიც სიცოცხლეს გვიმწარებდნენ უკანასკნელი კვირის განმავლობაში, უნაყოფო აღმოჩნდა, როგორც ჯორი: უამრავი ჰილზა იხარჯებოდა ამაოდ, უაზროდ ცვიოდა ირგვლივ. ჩვენ თავის შესაქცევად ცარიელ ფუტურო რკინებს ვუმიზნებდით სოფელს, ვაზნებს ვაწყობდით მოსამზადებელი სროლებისთვის. მეთაური, რომელიც იუმორში მოიკოჭლებდა, ხელს არ გვიშლიდა ჭაბუკურ თავაწყვეტაში.

ასეთი სახიფათო მოლოდინის წინ სოფელი ერთ მუშტად შეკრულიყო და შიშისგან განაბულიყო, ჩრდილიც კი არ ჩანდა ქუჩებში, ყველა და ყველაფერი სიკვდილის შიშს მოეცვა. ქარიც კი, ცოტა ხნით ადრე თავისუფლად რომ დაძრწოდა ორღობეებში, ეზოებსა და ბაღებში, უცებ სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა.

სოფლელებმა წასვლა იწყეს. ჯერ გაუბედავად, შეუმჩნევლად, თითო-თითოდ, მერე ერთად და ხმაურით. ხალხის ნაკადი სავსე იყო შიშით, მყისიერად პანიკაც იფეთქებდა ხოლმე.
შორეული აფეთქებებისა და თითოოროლა მოსაწყენი გასროლის გარდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს არაფერი არღვევდა. სმენას თუ დაძაბავდი, შეგეძლო გაგეგო, მზისგან როგორ წკრიალებდა დღე. თითქოს ომი არ ყოფილიყო, მისი ხსოვნა გაფერმკრთალებულიყო. 

ღამით კოკისპირულად წვიმდა და ამან ზაფხულის ხვატი ოდნავ ასატანი გახადა. მივხვდით, რომ ზაფხულს დიდი დღე აღარ ეწერა. კიდევ იქნება რამდენიმე მზიანი დღე, ისევ დაცხება, მაგრამ ეს სიცხე მხოლოდ აჩრდილი იქნება მწველი მცხუნვარებისა – უკვე მშვიდი, გულისამაჩუყებელი თავისი სიმჭკნარის გამო, მაგრამ ამავე მიზეზით – დაბრძენებულიც. სინათლე ისე ბევრი აღარ არის, სამყარო აღარ იძირება მზის დამაბრმავებელ ბწყინვალებაში, სიმუქე აღარ ანიჭებს მას სიზმრის ელფერს. ყველაფერს უბრუნდება გარკვეულობა. აფხაზური შემოდგომა სამყაროს სიცხადეს ანიჭებს, მკაფიო გამოსახულებები თვალებს გვისერავს და ჩვენც საკუთარი თავები ისე შევიგრძენით, როგორც არასდროს.

ათასფრად აყვავებული სამყაროდან ყვითელი სიკვდილის ნალექიღა დარჩა.

შორს გულგრილად იწვა ზღვა, მის უმოძრაო სხეულში მიწის სატკივარი უკვალოდ იკარგებოდა, იქით განურჩევლად და ბუნდოვნად ქცეული, ღრმა სიბნელეს უერთდებოდა – სწორედ ისევე, როგორც წყალში ძალადაკარგული ტყვია კარგავს სასიკვდილო მხურვალებას. ზღვა იყო გრილი და სველი და მისი სიგრილე აღწევდა მზისგან გადახურებულ ჩვენს მაღლობამდე. ზღვის გასუსული ზედაპირი მთავრდებოდა მობარბაცე რკალით, იქ კი ცის კედელი იწყებოდა. 

ვგრძნობდი, დროში გაჭიმული, თითქმის ხილული ძაფებით წინაპრების სხეულები და სულები როგორ მექაჩებოდნენ იდუმალი წარსულისკენ. მე უკვე ვარსებობდი იმ პირველ თესლში, რომლითაც ჩემმა ბანჯგვლიანმა წინაპარმა გაანაყოფიერა თავისი ცოლის წიაღი. ისევე, როგორც ვარსებობდი ტკბილი, ძალ-ღონის გამოლევამდე დამქანცველი ორთაბრძოლების ყველა შემდეგ ღამეშიც. ჩემს ჯიშში უთვალავმა კაცმა ამომანთხია და ცხელ ნაკადად ჩამღვარა ქალის საშოში. ისინი უკვე დაიხოცნენ, ამ მიწით დაიფარნენ. მალე მეც ამ მიწით შევიმოსები.

ვეხუტები ავტომატს, რომლის მიზანმიმართული შავი სხეული და ტყვიის სული სიცოცხლეში ასე მიზიდავდა. ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ მისი შეყვარება მოვასწარი. არასდროს ვტყუვდებოდი მისი ყოველდღიური ჩვეული სიცივით. ვიცოდი, როგორი ვნებიანი ხდებოდა საქმეში.

როგორ ვოცნებობდი მასზე ომის პირველ დღეებში! როგორი ბნელი შურით მშურდა მათი, ვისაც ის უკვე ჰქონდა! ასეთი ბევრი არ იყო, უმეტესობა, როგორც მე, სევდიანი და ანთებული სახეებით დაბორგავდა ეშერასა და გუდაუთას შორის. დავწრიალებდი მიუსაფარი ერთადერთი სურვილით: მეშოვა ავტომატი. ომი უკვე ათი დღის იყო, მე კი უიარაღოდ და უსარგებლოდ დავბორიალობდი ეშერის აალებულ გზებზე, სიგარეტისგან გაკვამლულ და ახალი ამბების მოსასმენად შეკრებილი ადამიანებით ახმაურებულ გუდაუთის დასასვენებელ სახლებში. ისინი ტელევიზორებთან ისხდნენ. ყოველი სიტყვა დიქტორისა, რომელსაც ნაკვთი არ ერხეოდა სახეზე, უამრავ ქვეტექსტად ჩაესმოდათ ამ დასასვენებელი სახლების უბრალო ღარიბ სადილებს შეჩვეულებს, სადაც შეასახლეს სოხუმიდან გამოდევნის შემდეგ. ეს ქვეტექსტი ყველანაირ აზრს შეიცავდა: ომის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და აგრესორის დასჯით დაწყებული, სამშობლოდან ჩვენი გაყრით დამთავრებული.

მაგრამ მე მალევე შევძელი ავტომატის შოვნა. ერთი ჩემი ნათესავი, რომელიც ომის პირველივე დღეებში მოეწყო შტაბში, თხოვნით ავიკელი და ისიც შემპირდა, ერთ ჩეჩენს დაველაპარაკებიო. ჩეჩენმა ორასი დოლარი მოითხოვა, მაგრამ ასზე მეტი ვერ ვიშოვე. ვხვდებოდი, რომ ჩეჩნის ამბავი ამ ჩემი ნათესავის გამოგონილი იყო, ვითომ საქმე მისი ავტომატის ყიდვას შეეხებოდა. მაგრამ მე ეს არ მაღელვებდა. ჩემი "ძვირფასი” ნათესავი ძალიან გავანაწყენე იმით, რომ სრული თანხა ვერ ვიშოვე და სცადა, ხელი აეღებინებინა განზრახვაზე. სამაგიეროდ, მპირდებოდა შტაბში უსაფრთხო ადგილის შოვნას. მე კი ჩემსაზე ვიდექი და ჩვენს ნათესაურ ურთიერთობას ვაწვებოდი, შტაბის მოხელე გატეხა 100 "მარადმწვანეს” დანახვამ. მაგრამ ვითომ ნათესაურმა გრძნობამ აჯობა ანგარებას და შემპირდა, ვეცდები, დავითანხმო ჭირვეული ჩეჩენიო. დაითანხმა კიდეც. დარჩენილი თანხა ვალად დამეკისრა. იქამდე კი ნათესავმა პირობა დამადებინა, რომ ჩემი მშობლები ამას ვერ გაიგებდნენ: თუ რამე შემემთხვეოდა, არ უნდა ყოფილიყო მის მიმართ საყვედურები, რომ "ხელი შეუწყო ამ უტვინო ბიჭს უაზრო ახირებაში”.

გონის წამღებად თეთრმა სარიამ "ლიფჩიკი” შემიკერა, თავისი ხელით ჩამაცვა. ვგრძნობდი მის სურნელს და ვშტერდებოდი. ის ხუმრობდა და მეც ხუმრობით ვპასუხობდი. და ერთმანეთს კი თვალებში ვერ ვუყურებდით.

"ლიფჩიკში” ტყვიები ჩავილაგე. ისინი ბრტყლად და მძიმედ დამაწვნენ გულზე, ახლობლებივით შემომეხვივნენ, თავზე მწვანე ლენტა წავიკარი და დიდხანს ვიდექი სარკის წინ, თუმცა საკუთარი თავით საკმარისად ვერ დავტკბი. არა, მაშინვე არ გავქცეულვარ გუმისთისკენ. დიდი ხნის წყურვილი მოვიკალი თუ არა, მოვდუნდი. ვერ ვიჯერებდი ამ ბედნიერებას და კიდევ ორი დღე ავტომატჩახუტებული დავაბოტებდი გუდაუთის ქუჩებში, სანამ ერთმა შავებიანმა ქალმა არ შემომიტია ცივად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი სიტყვებით: "შენ აქ დასეირნობ, იქ კი შენი ძმები იხოცებიან”. უცებ გამოვფხიზლდი და წინა ხაზზე წავედი.

ამის შემდეგ მე და ჩემი ავტომატი სიამის ტყუპებივით ვართ: არ ყოფილა წუთი, რომ არ მხსომებოდა, მისი გარსის გველურ სიცივეს რომ არ აენთო ჩემი გული.
უკვე ორი დღეა, რაც ჩემ ზემოთ ამოდის და ჩადის მზე. აცხუნებს შეუბრალებლად. ლპობა დავიწყე, მიწად გადაქცევა. იმ დროისათვის, ჩემს გვამს რომ იპოვიან და გადამცვლიან, მარტო ჩონჩხიღა ვიქნები. ბუზების გუნდი მეხვევა. უმეტესობა სახეზე მაცოცდება. ჭიები ჩუმად, ჯიუტად და გულდასმით საქმიანობენ – ლუკმა-ლუკმა მჭამენ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჭიაღუა უბრალოდ კი არ ძღება ჩემი ხორცით, მათ აკურატულობასა და აუჩქარებლობაში – თითქოს წინ ედოთ მარადისობა და მე, მათი გაქანებისთვის უზარმაზარი და აუთვისებელი, მთელი ერთი ადამიანი – გამოსჭვივის რაღაც ღირსების მოყვარულად მაძიებლური. ისინი ეძებენ ჩემს სულს, რომ ისიც გადასანსლონ! "სადღაც აქ არის, ლორწოსა და სითხეს შორის, ჭურჭლის ლაბირინთებსა და გვირაბებში, სხეულის ხეობებსა და ბორცვებში, ვერსად დაგვემალება!” და ეძებენ და ეძებენ: გულის ნაზ პარკუჭებში, შავი, მბზინვარე თმის ხვეულებში, სადაც აწყვია სიმწიფისგან გატენილი ჩემი კვერცხები”. 

ყველაზე ტკბილი ხომ ადამიანის სულია.

დილით დაიწყო სროლები. მიწა ისე ცახცახებდა, როგორც გაუხედნავი ცხენის ზურგი. ქართველებმა გადაწყვიტეს, წაგვართვან მთის წვერი. და ერთმანეთის მიყოლებით დაგვმარხონ მთების ამ გრეხილში. ჭურვების ვერცხლისფერმა სხეულებმა დასერეს ცა ჩვენს თავზე. გამოჩნდნენ ვერტმფრენები. ჩვენ ვწევართ, სასოწარკვეთისგან გარინდებულები, და ველით, როდის გადაგვივლის ზურგებზე ტყვიმფრქვევის ჯერი და ზედ ნახვრეტებად ამოგვიტვიფრავს სიკვდილის კვალს.

შემდეგ მაღლობისკენ ამოსვლა დაიწყეს ტანკებმა. და მაშინ ბრძოლა გახურდა. გაცხელდა საყვარელი ქალის სხეულივით. ვგრძნობდი იმ კაცის სიხარულს, რომელსაც თავდავიწყებისკენ მიაქანებდა უზარმაზარი თბილი ტალღა.

მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. რაღაც უზარმაზარი დამეტაკა თავში და მოვკვდი.

სიკვდილთან პირველი შეხებები მაკვირვებდნენ იმით, როგორ მორჩილად იტანენ მას მკვდრები. წვანან ისე ზრდილად და ჩუმად, ჩაფლულნი ზემიწიერ ფიქრებში. არადა, ახლა სულ მცირე ძალისხმევაა საჭირო, რომ დაამსხვრიონ ბორკილად ქცეული ყინულები და ირგვლივ მყოფთა შიშსა და სიხარულში აღდგნენ! ჩემთვის გაუგებარი იყო მკვდრების გულგრილობა და სიზარმაცე. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როგორი ძლიერია სიკვდილი, როგორ ებღაუჭება ადამიანებს წასაყვანად. მე ახლა მთელი მიწის ძალაც, მიწის კი არა, მთელი სამყაროსი, ვერ შემაძლებინებს, რომ თუნდაც მხოლოდ ერთი თითი ოდნავ გავანძრიო. ჩემში ყველაფერი გაჩერდა საიმედოდ, მყარად და, როგორც ჩანს, სამუდამოდ. ამიერიდან ვეღარაფერი შეძლებს ჩემს ამოქმედებას.

ირგვლივ კვამლი და მტვერი იყო. ღრჭიალი, გრუხუნი. ტანკები უკვე მაღლობზე არიან. ოდნავ ქვემოთ გადამხტარს, გაჯავრებული ტყვია მცდება – გადავრჩი...

თვალები, ხელები, ფეხები – აი, სულ ეს ხარ, და კიდევ ტვინი, რომელიც ჩვეულების მიხედვით ისევ აგრძელებს მთელი ამ უბრალო მეურნეობის მართვას. სული კი მას შორდება და გვერდით გადადის ერთი მომადუნებელი მოქმედებით. ის საჭირო აღარ არის. რაღაც ცოცხალი, სევდიანი გაკრთება შენში და – უკვე აღარ ხარ, უკვე გვამი ხარ. შენკენ გაცოფებული სისწრაფით მოფრინავდა რკინის ნაგლეჯი, მაგრამ შენც იგივე რკინა ხარ, ოღონდ, პირველისგან განსხვავებით, რბილი და დამყოლი. ტყვიები – გუნდებად. მათთან შესახვედრად – ჩვენი რბილი, ქედმოუხრელი სულებით სავსე სხეულები. გამოუსწორებელი შეცდომების ტკივილი სიცოცხლეს გვიბრუნებდა – სულებს გვიღვიძებდა: ჩვენი დასახიჩრებული, დაგლეჯილი სხეულები თავიდან ივსებოდნენ სიკვდილის მოურჯულებელი და უძველესი შიშით. სანამ აქამდე მიხვალ, არ გაქვს უფლება, იმედი გქონდეს. იმედი ჯარისკაცისთვის ის ტვირთია, რომელსაც ვერ მოერევა. მე თავიდანვე დავემშვიდობე მას, წარსულს დავუტოვე, როგორც უსარგებლო, ჩაკლული გრძნობა.

ვინმე რომ დამმარხავდეს... ღრმად არ არის საჭირო, მიწა მაინც ქვასავითაა. სამხედრო ნიჩბით წამაყრიან მიწას და ესეც საფლავია. მთავარია, სხეული დაიფაროს. არ არის ლამაზი, როცა გვამი ასე ცის ქვეშაა. სიკვდილის ასეთი სიშიშვლე აფუჭებს სურათს. 

და მეც მინდა, რომ ჩემი სხეული ჩაიმალოს მიწის ღრმა და ბნელ სიგრილეში. მდინარის პირას ბორცვზე ჩვენი საგვარეულო სასაფლაოა. ჩემი წინაპრები ანგარიშებს უსწორებდნენ ცხოვრებას და მერე ამ სიმაღლეზე ადიოდნენ, როგორც დაუზარელი მეზობლები და უნუგეშო ნათესავები. იქ, მიწის სიღრმეში, იყო გაჭრილი კარი...

იწვე ნათესავთა ძვლებს შორის, თანდათან იფერფლებოდე და იქცეოდე მიწად – რა უნდა იყოს ამაზე სასურველი. მაგრამ რა შორს ვარ აღთქმული ბორცვისგან და რა დაუნდობელია მზე! თეთრი ძვლების ნარჩენები – აი, რასაც მიიღებს ბორცვი გულგრილად; და თავად ძვლებიც მარტოსულები და გაუცხოებულები ჩაწვებიან მიწაში, რადგან მათ არ შემოსავს სანათესაო სხეულების სიმშვიდის მომგვრელი ხსოვნა.

ყველაფერი ნათელი იყო. არავითარი ორაზროვნება. და ამავე დროს ომის ყოველი ახალი დღე ათას ღამეზე უფრო მეტად აბნელებდა ჩემს სულს. ჩემში იბუდებდა დაუსრულებელი ღამე. მაგრამ მე ვიცნობდი სინათლესაც. სინათლე იყო ომის ბოლოს. სადაც მშვიდობა იყო. და ძალიან მინდოდა, მიმეყვანა თავი მასთან, არ მოვმსპარიყავი. სული კი, ჩემს ღამეში გზააბნეული, გადარჩება ცოცხალი და ნაზი. მჯეროდა. ოღონდ სხეული, თავისი ხორცით და ძვლებით, მიმატანინა იქამდე, მას თან სულიც როგორმე წაჰყვება.

ნეტა უწინ ტკივილს მოვეკალი, სანამ სიკვდილი მომკლავდა. და სიკვდილიც კეთილს ინებებდა და მოიბუზებოდა კართან, რომელიც იქნებოდა საიმედოდ ჩარაზული და ჩაკირული ჩემი გაუვლელი წლებითა და განუცდელი ტკივილებით.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები