ორშაბათი, 06.05.2024, 19:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ლიტერატურა: არჩილსაც უყვარდა...
14:37
ლიტერატურა: არჩილსაც უყვარდა...


ლიტერატურა: არჩილსაც უყვარდა...იცით სიმღერა ჟღალ მიმინოზე, ერთხელ გატანილ ლელოსა და სიყვარულის სიზმარზე?!
თითქმის ყველა ქართველის საყვარელი სიმღერის ლექსის ავტორი არჩილ სულაკაურია. ის თუ გაგიგიათ, ქონდარეთი რა ქვეყანაა? ეს კეთილი სალამურას სამშობლოა. ეს ლამაზი ზღაპარიც არჩილ სულაკაურმა დაგვიწერა. ის ერთნაირი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და გულმოდგინებით წერდა როგორც ჩვენთვის, ასევე პატარებისთვის. რამდენიმე დღის წინ მას ოთხმოცდასამი წელი შეუსრულდებოდა. სამოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა. უცებ, მოულოდნელად, სახეზე წყალი შეისხა და მორჩა. მწერალზე დღეს შვილი გიგი სულაკაური და მეუღლე , მერი სულაკაური საუბრობენ.

მამაჩემი, არჩილი.


„ ჩვენ არ ვიყავით მხოლოდ მამა-შვილი. ის ჩემი მეგობარიც იყო. ერთხელ მკითხა, ხომ არ გინდა, შენ შეადგინო ჩემი კრებულიო. ხმა არ ამომიღია. როგორც გინდა, ნება შენიაო, მხოლოდ ეს თქვა. 

დიდხანს მწყდებოდა გული, უარი რომ ვუთხარი, მაგრამ მერე თავს ვიმშვიდებდი: რა ნიშნით, როგორ უნდა შემედგინა-მეთქი. ყველა ლექსს მიკითხავდა, დამირეკავდა ხოლმე და მეტყოდა, ხომ არ მოხვიდოდი, გიგი. უკვე ვიცოდი, მამასთან ახალი ლექსები ან მოთხრობა მელოდა. ყველა მისი ლექსი ჩემი ნაწილიც ხდებოდა. საუკეთესო დრო იდგა ჩვენს ცხოვრებაში. პატარები რომ ვიყავით, მაშინაც, მე და ჩემს ძმას დაგვსვამდა და თავის დაწერილ ზღაპრებს პირველად ჩვენ წაგვიკითხავდა. მერე გვაკვირდებოდა. ყველა ჩვენს რეაქციას სწავლობდა, ითვალისწინებდა, ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოეპარებოდა. 
მტკვარი უყვარდა ძალიან. მტკვის სანაპიროზე გაიზარდა, ჩუღურეთში, სადაც ყოფილი ვორონცოვის ხიდიდან მუხრანის ხიდამდე მდინარის წისქვილები იყო ჩამწკრივებული. ზეპირად იცოდა, წელიწადის რომელ დროს როგორ იცვლიდა ფერს მტკვარი, როდის დიდდებოდა. ნათქვამიც აქვს: მტკვარი რომ არა, მე სხვა ადამიანი ვიქნებოდიო. 

ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, ბევრ კარგ ქართველსაც, მაგრამ ძალიან ცოტა მინახავს ისეთი, ვისაც არჩილივით უყვარდა თავისი ქვეყანა. თბილისის ომის ამბებს ძალიან განიცდიდა. სწორედ იმდროინდელ მოვლენებს მიუძღვნა სატირული ნაწარმოები „ანდერძი", მაშინდელ პარლამენტარებზე დაწერა, „ლიტერატურულ საქართველოში" გამოაქვეყნა და გვარი არ მიუწერია. ატყდა ერთი ამბავი. დაიწყეს ძიება, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ლიტერატურულად ძალზედ დახვეწილი ნაწარმოების ავტორი. მახსოვს, ბესიკ ხარანაული მოვიდა და დედას უთხრა, „ანდერძის" სიღრმეები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არისო. მერე, რა თქმა უნდა, გაირკვა, რომ ნაწარმოები მამაჩემის იყო. თბილისის ომს იმდენად განიცდიდა, ხანდახან ვფიქრობ, შესაძლოა, მაგანაც მოუღო ბოლო-მეთქი. 
ჟურნალ „ნაკადულის" რედაქტორი იყო, მერე „მნათობში" მუშაობდა. ორივეგან ბევრი კარგი წიგნი აქვს გამოცემული. „ნაკადულში" მუშაობის" დროს ქართული პოეზიის ანთოლოგია თხუთმეტ ტომად გამოსცა, „სერაფიტას" სერიული გამოცემებიც ამ დროს დაიბეჭდა, ეს იყო წიგნები გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებაზე. 
მერე „მნათობში" იყო...

ერთ დღეს გამომცემლობაში გვიანობამდე შემოვრჩით. არ ვიყავით გუნებაზე. ოტია პაჭკორია ახალი გარდაცვლილ იყო. წამო, თითო ჭიქა დავლიოთო, - მითხრა. კაფე „თბილისში" გადავედით. მთელი თბილისის ახალგაზრდა თაობის მწერლები იმ დროს იქ იკრიბებოდნენ. 
იცი, ამათ ადგილზე რას ვიზამდიო, – მითხრა (კაფის ადმინისტრაცია იგულისხმა), – კედელს დავაწერდი, აქ უყვარდათ სიარული ედიშერ ყიფიანს, თამაზ მელიავას, გურამ ასათიანს, ...ოტია პაჭკორიას, – ეს სახელი ხაზგასმით და ძალზე დაღონებულმა წარმოთქვა. როცა გარდაიცვალა, იმის მერე „თბილისთან" რომ ჩავივლიდი ხოლმე, ვფიქრობდი: უკვე არჩილს, არჩილსაც უყვარდა- მეთქი. „



„მაპატიე, ეს პირველი წიგნია უშენოდ", – მერი სულაკაური


„უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი. არჩილი ასპირანტურაში სწავლობდა, მე მეორე კურსზე ვიყავი. მას მერე ერთად მოვდიოდით. ყველას აზრის მოსმენა და შენიშვნების გათვალისწინება უყვარდა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მის ნაწერებს კითხულობდა და აფასებდა. მისმენდა და მიჯერებდა ხოლმე. რომ გარდაიცვალა, მასზე მოგონებები, წერილები, სამძიმარზე ნათქვამი სიტყვები ერთად შევკრიბე და წიგნად გამოვეცი."

ამ წიგნს ‘’ოთხივე მხრიდან" ჰქვია და ასეთი მინაწერი აქვს: „არჩილ, ეს პირველი წიგნია, რომელიც შენ არ შეგიდგენია. უფრო სწორად, შენი გემოვნებით, მწერლის დაკვირვებული თვალით არ გადაგიხედავს. მაპატიოს ჯერ შენმა მაღალმა სულმა, თუ რაიმე შემეშალა და მერე,-მკითხველმა." მერი სულაკაური.
კრებული ლამაზად ნაცხოვრებ ერთ ქართველ მწერალზე მოგონებებს აერთიანებს. ამ ოჯახიდან სახსოვრად მე კიდევ ერთი წიგნი დამრჩა. კითხვა რომ დავიწყე, ზუსტად მივხვდი, რატომ იყო ბედნიერი ჩვენი მშობლების თაობა – იმიტომ, რომ მათ გვერდით ძია კოსტია, სუმბათა, მარუსია, ქალბატონი უსისკინა და კიდევ ბევრი სხვა თბილი ადამიანი ცხოვრობდა. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებს" და ყველაფერი გაგახსენდებათ, ხოლო თუ არ მოსწრებიხართ იმ კეთილ დროს, ეს გმირები ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, თქვენი სახლების კეთილ სტუმრებად იქცევიან.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1186 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები