ორშაბათი, 06.05.2024, 20:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან.
14:38
ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან.

ლიტერატურა: იქ, სადაც გველოდებიან"ავდექი, აივანზე წინდებისამარა გავედი და სიგარეტი გავაბოლე. თოვლში ვიდექი და ვეწეოდი. უცებ რამ წამომიარა, ბიჭო, არ ვიცი, სიგარეტი მოვისროლე, მოაჯირს გადავევლე და წავედი. ალბათ, ვერასდროს გავიგებ, რა პრინციპით და კანონზომიერებით ჰქონდათ მეზობლებს სარეცხის თოკები დაყენებული...
- რა გინდოდა, ძმაო, რას დაეძებდი, საკუთარ თავზე თუ არა, დედაშენზე მაინც გეფიქრა, შენს მეტი არავინა ჰყავს ამ სამყაროში.
- იცი, ბიჭო, მაინტერესებდა, სისხლი ცხელია თუ არა.
- ახლა ხომ გაიგე, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი.
- არა, ძმაო, მე დავრწმუნდი, რომ სისხლი მტკივნეულია."
"თამაში რევოლვერით” - ასე ჰქვია გიგი სულაკაურის ბოლო კრებულს. მისი ცხოვრებაც ამგვარ თამაშს ჰგავს: რისკიანს, ლაღს, ოდნავ დარდიანს. გიგი სულაკაურის ყველა გმირი "ნაღდია," ისინი, ვინც სიმართლით ცხოვრობენ და ისინიც, ვინც იტყუებიან, ისინი, ვისაც კლავენ და ისინიც, ვინც ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ. 
17 მოთხრობა, რომლებშიც რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს საერთო ტკივილი აქვთ. თავად გიგი სულაკაურია ყველაში და ყველაა მასში. საბურთალოზე ცხოვრობს. კოსტავას 75 ნომერში. მოთხრობებში ტრისტანას დუქნის ხშირი სტუმარია, რეალობაში - იქვე სახლთან მდებარე კაფეში ჯდომა უყვარს. სახელი არ ახსოვს, მაგრამ თავად "მწვანე კაფე" შეარქვა. ხან მარტო ყავას სვამს, ხანაც - სვამს.... ხანდახან სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად. მერე მუზებიც მოდიან, ოღონდ მათ ფურცელზე გადატანას არ ჩქარობს. ჩანაწერებს სიმთვრალეში არასოდეს აკეთებს, ჯერ ფიქრები უნდა დაღვინდნენ, ფორმა მიიღონ და საკუთარი ადგილი იპოვონ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საინტერესო დეტალები მთელი ცხოვრების მანძილზე ამახსოვრდება. როცა უნდა, მაშინ დაწერს. თუ არც წერს და არც კაფეშია, ესე იგი თავის ახალგაზრდა მეგობრებს წიგნებსა და ცხოვრებაზე ესაუბრება, ქუჩაზეც... მათ, ვისაც "ეწერება" და ჰგონიათ, რომ პირდაპირ გიო ახვლედიანივით დაწერენ, უხსნის, რომ ასე ვერ იქნება, რომ ეს ურთულესი გზაა და თავადაც ახლა სწავლობს ქართულ ენას. მათ, ვისაც ქუჩაში დგომა უსაქმურობა ჰგონია, განუმარტავს, რომ ცდებიან, რომ ეს კარგი გამოცდილებაა, რომელსაც მერე სულ იყენებ და გახსოვს. ეხლაც, 52 წლის ასაკში, მიიჩნევს, რომ ეს გზა ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს, ვინც აზროვნებს - გადარჩება, ვინც ვერა - დაიღუპება. თვლის, რომ ამ მხრივ არც ახლა შეცვლილა რამე და ახლანდელი "ქუჩის ბიჭებიც" მისი დროის "ქუჩის ბიჭებისგან" დიდად არ განსხვავდებიან. არ უყვარს სიტყვა ინტელიგენტი, თუმცა თავად სულით ხორცამდე ასეთია. სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. ის არჩილ სულაკაურის შვილია. თამაზ ჩხენკელის, ოტია პაჭკორიას, მორის ფოცხიშვილის, მუხრან მაჭავარიანის გარემოცვაში იზრდებოდა. პირველი მოთხრობა შვიდი წლის ასაკში დაწერა, რუსულიდან ანდერსენის "ცუდი ბიჭები" თარგმნა. მერე საკუთარი მუზები "აფრთხიალდნენ” და ლექსი დაიწერა, მართალია, ქართულის მასწავლებლის შეკვეთით, მაგრამ აკროსტიხითა და სახელწოდებით "გაზაფხული". ეს – 14 წლის ასაკში. მას მერე შეკვეთით არაფერი შეუქმნია. ბევრი სკოლა გამოიცვალა და ღამის სკოლაშიც ისწავლა. მერე იმასაც დაწერს, როგორ ესიზმრებოდა გრძელტარიან ცოცხებზე ამხედრებული მასწავლებლები ("იქ, სადაც გველოდებიან"), თუმცა მანამდე იყო ლექსები. მისი პირველი ლექსები ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. აქედან დაიწყო. მამის მეგობრებმა, დიდმა მწერლებმა, ის კაფე "თბილისში" დაიბარეს (იქ, სადაც ახლა სასტუმრო "მერიოტია") და პირდაპირ "დავალება" მისცეს: გააგრძელე. ასე შეიქმნა კრებულები: "საგნები თოვლში", "კედელი", "ზოდიაქოს ბორბალი", "ხეები, ბიჭი და სხვ.”, "ქუჩის ბიჭების გასაგონად". 2009 წელს პრემია "საბას” მფლობელი გახდა, კრებულისთვის "თამაში რევოლვერით". ეს არის მწერალი, რომელიც მაშინვე წყვეტს წერას, როცა ხვდება, რომ რაღაცას კეკლუცობს, როცა აღმოაჩენს, რომ განცდილი და ფურცელზე გადატანილი ერთმანეთს არ ემთხვევა. "დილიდან საღამომდე შეუსვენებლად არასოდეს მიწერია, თუ ვხვდები, რომ "პრანჭიაობას” ვიწყებ, ვდგები. კიდევ ერთი ჩემებური წესი მაქვს, დაწერილს იმ დღესვე არ ვკითხულობ, ძალიანაც რომ მინდოდეს, მხოლოდ მეორე დღეს ვუბრუნდები. წერის დროს აბსოლუტურად ფხიზელი გონება უნდა მქონდეს. ადრე უფრო ღამით ვმუშაობდი, ახლა წერა დილით მირჩევნია, მაშინ, როცა ყველაზე საღად ვაზროვნებ". 
"შენ ოფელია არა ხარ, რამაზ, მაგრამ აქ ლარიანი არყით ლოთობას, წადი, წადი რა მონასტერში, სულის სიმშვიდეს მაინც იპოვი..." ("სიბრძნე სიკვდილასი").
გადარჩენის გზა ყველას თავისი აქვს. გიგი სულაკაურისთვის ეს გზა ადამიანებზე დაკვირვება, მათთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობებიდან მიღებული ემოციების ფურცელზე გადმოტანაა. მერე კითხულობ წიგნს და შენც ხედავ, როგორ იხატება ქვიშისფერ ცაზე ყვავილები, გრძნობ, როგორ "ფქვავს თბილისი თავის რჩეულებს, პრესავს, აქუცმაცებს, შებოლავს და საბოლოოდ დაფასოებულებს გულში იხუტებს" ("ნაბიჯები ნასესხებში"), როგორი მძიმეა ნაბიჯები ნასესხებში, რომ ჩვენს ქალაქში ქარის მოტანილ, უმისამართოდ ამოსულ მზეს ქარი ვერ მოერევა, რომ აქ ყველას თავისი ტრიუმფალური თაღი აქვს, გრძნობ, რომ ცხოვრება ტკბილია და სისხლი ცხელი. მერე რა, რომ აივნიდან თავით არ გადაშვებულხარ. გიგი სულაკაურთან ცხოვრება მრავალწახნაგოვანი ყოველდღიურობაა, ხან მზისფერი და ხანაც ნაცრისფერი. 
"მეზობლის ნათელ ლოჯიიდან ვძვრები ოთახში, ჩემს ბნელ ოთახში... და კარს ვუღებ მას, ჩემივე თავს, გარეთ რომ დგას და გასაღების დაკარგვას დარდობს." ეს ვოვა მაჩაიძის ლექსია, მას "ლურჯი მაკინტოში აცვია და გაყვითლებული ფოთლისფერი თმითა და ულვაშით უცნაურად გამოიყურება" ("იქ, სადაც გველოდებიან"), თუმცა, მათ, ვისაც ბირჟაზე ყოველდღე ხვდება, არც კი იციან, რომ ვოვა ლექსებს წერს. ვოვას ლექსებს ბევრი მისი სიკვდილის შემდეგ კითხულობს. მერე რა, რომ მასთან ერთად "ხეტიალის აბსურდზე" მსჯელობდნენ ხოლმე მაშინ, როცა ჰაერში ლამპიონივით ანათებდა მარადიული შეკითხვა: რა ვქნათ?! ამ კითხვაზე პასუხს გიგი სულაკაურთან ნამდვილად იპოვით. იფიქრეთ ყველაფერზე, რაც აგაღელვებთ, აქციეთ ცხოვრების ყველა დეტალი ზღაპრად მოხეტიალე მზეჭაბუკებსა და კეთილ ფერიებზე, და ამ ზღაპარში თუნდაც ბევრი ეძინოთ მზეჭაბუკებს, ფერიები კი გადაბერდნენ და მეხსიერება ღალატობდეთ. თქვენ წვიმა გამოგაფხიზლებთ და იქ მიგიყვანთ, სადაც გელოდებიან. გიგი სულაკაურის კრებულის წაკითხვის შემდეგ იქნებ შეძლოთ დროსა და სივრცეში გადახტომა მაშინ, როცა ბედი გიმუხთლებთ და ლიფტში გაიჭედებით, როცა სიბნელეში ვირთხის სუნი გამძაფრდება, სიგარეტი გამოგელევათ და მდარე კონიაკის ბოლო "ყლუპსაც" გადაკრავთ, აბა, სცადეთ და მცხეთის მზით განათებულ სადგურზე აღმოჩნდით, თუნდაც იქ საზეიმო მარში ისმოდეს და "დევქალი ზედამხედველები" ბრძანებებს გასცემდნენ. ამ დროს შეიძლება ფიდელ კასტრომაც დაგიძახოთ და საუბარში ხრუშჩოვი ჩაერთოს ("ბელადების მარში"). აქ აღმოაჩენთ, რა ადვილია სიკვდილი მაშინ, როცა სახეზე ფოთოლი გაქვს აფარებული" (ფოთოლი სახეზე"), რა გარდაუვალია ბედისწერა, როცა რევოლვერით თამაშობ. იფიქრებ იმაზეც, რომ ამ თამაშის დროს ერთი ადამიანის სიკვდილი მეორის ბრალი ვერ იქნება, რომ ეს ორი ამოუცნობი რამ, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, მხოლოდ Pპირადი საკუთრებაა. ეს კრებული დაგანახებთ, როგორ შეიძლება გადაშენდეს ადამიანი, ჯერ დაიჭმუჭნოს, დაიშრიტოს, დაცარიელდეს და მერე გადაშენდეს, სულ უბრალო მიზეზის გამო, მაგალითად, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ვიღაცამ სახეში სილა გაარტყა.
ეს კრებული აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, მაშინაც, თუ გინდათ, რომ ცხოვრებისეული ტკივილები უბრალო ამბად მოგეჩვენოთ. მერე რა, რომ სერგიას განუყრელი მეგობრები განუდგნენ. გზააბნეული პერსონაჟის ცხოვრებაზე მწერალი ისე სადად გვიყვება, ისე მარტივად... და ეს სიმარტივე ბოლოს ასეც შეიძლება დამთავრდეს: "სერგია ფსიქიატრიულშია და ჯერჯერობით სეირნობის ნებას არ რთავენ, _ აწყვეტილი გიჟია" ("უბრალო ამბავი"). გიგი სულაკაურთან კარგად დაინახავთ, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო რამემ როგორ შეიძლება წონასწორობა დაგირღვიოთ, საკუთარი უმწეობა გაგრძნობინოთ, გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოთ. მაგრამ გამოსავალი მწერალთან ყოველთვის არის, ისევე, როგორც ცხოვრებაში. თუმცა აქ ეს გამოსავალი უფრო ნამდვილია, ვიდრე რეალობაში. აქ ახალი იმედი მეორე ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვებით იბადება: "– მე ვილოცებ, შენთვის, – მტკიცედ ამბობს ლევანა, ეს ყოვლად უღმერთო ადამიანი". ხანდახან კი შველა "უმარტივესი უჯრედივით უმარტივესი საზოგადოებიდან გამოყოფაა" ("ყვავები და ყაყაჩოები"). ყველაზე მაგრები კი ისინი არიან, ვისაც არც "სიფათი ჩამოსტირით და არც იუმორის გრძნობას კარგავენ" ("ღვინო და ყვავილები"). ზუსტად ასეთები არიან გიგი სულაკაურის გმირები, ასეთია თვითონაც. კითხვაზე, ვინ არის გიგი სულაკაური, თავად ასე პასუხობს: "ეს არის ნიკო ფიროსმანიც, პიკასოც, ტოლსტოი, ჰემინგუეი, დავით ყიფიანი, და ბევრი, ბევრი კიდევ სხვა ვინმე. ჰერმან მელვილის "მობი დიკი" მისი საყვარელი წიგნია. ამბობს, რომ ნაღდ მკითხველს გამხნევება არ სჭირდება, სხვებს ურჩევს, ბევრი იკითხონ. სულ ფორმაში ყოფნას გვპირდება. ...ოღონდ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამისთვის ყოველდღე წერაა საჭირო, არ ეთანხმება. მერე ერთი ბრიტანელი პოეტის კრედოდ ქცეულ ფრაზას იხსენებს: "ადამიანი არ არის კუნძული, თავის თავში ჩაიკეტოს” და ყვება სხვა ჯურის კაცებსა და სხვა ჯურის ქალებზეც. ჰო, ქალები. ეს ის თემაა, რომელსაც ძალიან უფრთხილდება, რომელსაც ინახავს და მკითხველისთვის სამომავლოდ ამზადებს. მის მოთხრობებში ქალი უბრალოდ ჩაგიქროლებს ან "გაგაქროლებს." ჯიმი (მოთხრობა "იქ, სადაც გველოდებიან") ტაქსისტ ქალებთან კონტაქტს ვერაფრით ამყარებს, მათთან თავს უხერხულად გრძნობს და სულიერ დისკომფორტს განიცდის. სხვა პერსონაჟი მაიკოსთან ერთად ფიფქებზე საფეხურებივით ადის და მათ სამშობლოს პოულობს ("ნიმფები, კენტავრები"). გიგი სულაკაური ორივეა. ერთგან ღმერთს შესთხოვს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოუვლინოს და მეორეგან ფიფქებს დასდევს. ვერც ლილის პირველ შეხებას ივიწყებს და ვერც ლიზას, რომელიც "შმოტკებითა" და მანგოს ნივთებით სავსე ჩანთით სადღაც მიემგზავრება. სვეტაც არის, კლასელი ნაშა. მასთან ერთად გაჩერებაზე დგას და ავტობუსს ელოდება, "ცხოვრების ბანკში" სიყვარულის შესატანად. ქალები ერთნაირად მსუბუქად, მაგრამ სხვადასხვა ემოციით "გაირბენენ" სტრიქონებს შორის. ყველა ქალი უყვარდა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია. ამ თემაზე მეტი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, გაეღიმა, და მე მომეჩვენა, რომ რაღაც თავისთვის საგულდაგულოდ დაიტოვა. ალბათ დაწერს. და, ალბათ, ეს იქნება სულ სხვა რამ, ვიდრე სიყვარულის გაცვეთილი ისტორიაა
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1159 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები