სამშაბათი, 07.05.2024, 06:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
21:22
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში
Ambebi.Ge
სილამაზეს იღბალი გერჩივნოსო" - ეს ანდაზა, რა თქმა უნდა, ამართლებს, მაგრამ არა ყოველთვის. ყველა ქალს სურს, ლამაზი იყოს, კარგი სახის კანი ჰქონდეს და რაც შეიძლება გვიან დაეტყოს ასაკი. გვესაუბრება კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე:


- კანი ერთგვარი მანტიაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი ნეგატიური ფაქტორია  - მტვერი, ეკოლოგიური დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორ კვებაზე, სტრესებსა და მძიმე დღის რეჟიმზე.

განსაკუთრებული მოვლა სახის კანს ზამთარში სჭირდება: სიცივე და ქარი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა... გამათბობელი ოთახის ჰაერს აშრობს, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე, ამიტომ ეცადეთ, ოთახი ორ-სამ საათში ერთხელ მაინც გაანიავოთ. თუ კანი გამოშრა, ის მალე დაკარგავს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.

- რას ურჩევდით ქალბატონებს?
- დილით, შინიდან გასვლის წინ, დღის დამატენიანებელი კრემი წაისვან, ძილის წინ კი სახეს ნუ გაიწმენდენ ლოსიონით და წყლითაც ერიდონ სახის ჩამობანას. უმჯობესია, კოსმეტიკური რძით გაიწმინდონ. თუ ატყობენ, რომ სახე მტვრიანი აქვთ და დისკომფორტის შეგრძნება არ ასვენებთ, დაბანის შემდეგ ღამის მკვებავი წაისვან, დილით ისევ ნელთბილი წყლით ჩამოიბანონ და ახლა უკვე დღის მკვებავით დაინოტივონ.

- შესაძლოა თუ არა, ზამთარში სახის კანის მოუვლელობამ ნაადრევი ნაოჭების გაჩენას შეუწყოს ხელი?
- რა თქმა უნდა. როდესაც სახე მშრალია, ნაოჭებიც ადვილად ერევა. მაგრამ როდის და რა ინტენსივობით გაჩნდება ნაოჭები, გენეტიკაზე, ცხოვრების სტილსა და გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული.

- რა ხდება, როდესაც კანი ბერდება?

- პირველად ყოველთვის მიმიკური ნაოჭები ჩნდება. მათ წარმოქმნას ის განაპირობებს, რომ სახის განსაზღვრული უბნების კუნთები შემაერთებელი ქსოვილის ელასტიკურ ბოჭკოებს ჭიმავს. კანის დაბერება შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენურ ბოჭკოებსაც უკავშირდება: ასაკთან ერთად მათი რაოდენობა მცირდება, დარჩენილებს კი აღარ შესწევთ უნარი, იმდენი სინოტივე შეინარჩუნონ, რამდენის შენარჩუნებაც ახალგაზრდა კანს შეუძლია. კანის დაბერებას აძლიერებს გარეგანი ფაქტორებიც. ერთ-ერთი მათგანია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება. დროთა განმავლობაში კანი ელასტიკურობასაც კარგავს. პირველ რიგში, ეს ლოყებსა და ყელს ეტყობა.

- როდის ბერდება კანი დროზე ადრე?
- დერმატოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კანის ბიოლოგიური დაბერება 60 წლიდან იწყება. ნაადრევი ნაოჭები, ლოყებისა და კისრის, ასე ვთქვათ, ჩამოკიდება კი გაცილებით გვიანი ასაკის პრობლემებია. თუ ასეთმა პრობლემებმა ადრე იჩინა თავი, ეს სხვა მიზეზების ბრალია. როგორც უკვე გითხარით, კანის დაბერების შინაგან მიზეზთა შორის გენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თანდაყოლილი შეიძლება იყოს არა მარტო კანის ტიპი, არამედ ხარისხიც. 

ეს გენეტიკურად გადაეცემა და ამას ვერ შევცვლით, მაგრამ ამ პროცესის შეჩერება არა მარტო თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებებით (პლასტიკურ ოპერაციებს კი არ ვგულისხმობ, არამედ ხარისხიან მკვებავ და დამატენიანებელ კრემებსა და ნიღბებს), არამედ ცხოვრების წესითაც შეიძლება, ეს კი, პირველ რიგში, სიმშვიდესა და ჯანსაღ კვებას გულისხმობს.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ დაბერების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხანგრძლივი სტრესია. ხშირი დაძაბულობა სახის კუნთების დაჭიმულობას განაპირობებს. ელასტიკური ბოჭკოები ნორმაზე მეტად იჭიმება. გარდა ამისა, სტრესის ჰორმონი ადრენალინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ეს კი კანის ზედა ფენის წვრილ კაპილარებზე ახდენს გავლენას. ხანგრძლივი სტრესის დროს კანი ვერ იღებს საჭირო საკვებსა და ჟანგბადს. სტრესის მეორე ჰორმონი კორტიზონი (ადრენალინის ანტაგონისტი) აფერხებს უჯრედების გამრავლების პროცესს და კოლაგენური უჯრედების წარმოქმნას.

თუ თქვენი პროფესია და ოჯახური პირობები მაინც სტრესის ქვეშ ყოფნას გაიძულებთ, განმტვირთავ სავარჯიშოებს მაინც უნდა მიმართოთ. სპორტთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება, კარგი ძილი. მართალია, ეს ყველაფერი უკვე არსებულ ნაოჭებს ვერ გააქრობს, მაგრამ ახლის წარმოქმნას ხელს შეუშლის.

- კიდევ რა უწყობს ხელს ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას?
- ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას განსაკუთრებით უწყობს ხელს ნიკოტინი. გამოკვლევის თანახმად, მწეველი ქალების სახის კანი ოთხჯერ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე არამწევლისა. ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, რაც კანის სისხლით მომარაგებას უშლის ხელს, კანს არ მიეწოდება ვიტამინების საკმარისი რაოდენობა. 

მწეველ ქალებს განსაკუთრებით აკლიათ ც ვიტამინი, რომელიც აუცილებელია კანის კოლაგენის წარმოქმნისთვის. თუ მოწევას თავს ვერ ანებებთ, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ვიტამინი მიიღოთ, განსაკუთრებით კი A, E და C. სახის კანს ვნებს ალკოჰოლიც - ის კანს აუცილებელ მინერალებს ართმევს. გარდა ამისა, ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, მათ შორის - სახის კანის კაპილარებსაც, ეს კი წითელი ლაქებისა და სისხლჩაქცევების წარმოქმნას განაპირობებს.
ალკოჰოლი ასევე მავნედ მოქმედებს ღვიძლზე, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა კი სახის კანზეც აისახება.

ყავა და ჩაი განსაკუთრებული მავნე ზემოქმედებით არ გამოირჩევა, მაგრამ დიდი დოზებით არც მათი მიღებაა მიზანშეწონილი.


ცნობისათვის

სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს  გამონაბოლქვი და დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელი უამრავი სხვა მომწამლავი ნივთიერება, ამიტომ სუფთა ჰაერზე სეირნობა კანისთვის სასარგებლოა. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, დამცავი დღის კრემები იხმარეთ.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც დიეტის დაცვას ცდილობენ. თუ გსურთ, თქვენმა კანმა სინორჩე დიდხანს შეინარჩუნოს, 30 წლის შემდეგ ნუ იშიმშილებთ. ყველაზე ცუდად სახის კანზე  ხშირი გახდომა-გასუქება მოქმედებს - ეს ელასტიკური ბოჭკოების დაჭიმვას უწყობს ხელს და კანი დროზე ადრე იწყებს დაბერებას, ამიტომ თუ დიეტას იცავთ, კვების რაციონი თქვენს დიეტოლოგთან შეათანხმეთ, გაითვალისწინეთ ვიტამინები და ვარჯიშები.


ხშირად გაიწმინდეთ კანი


ნებისმიერი ტიპის კანის გაწმენდა აუცილებელია. გაწმენდილი კანი არ შრება და ელასტიკურობას ინარჩუნებს. აიღეთ ბამბის ქულა, ჯერ ცხელ წყალში დაასველეთ, გაწურვის შემდეგ კი მცენარეული ზეთით. ზეთი შეიძლება იყოს როგორც მზესუმზირის, ასევე ზეითუნის. გაიწმინდეთ ამ ბამბის ქულით სახე და კისერი. 1-2 წუთში სახე ჩაიში ან ისევ ცხელ წყალში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ.

რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე პროდუქტები შეარჩიეთ მის გასაწმენდად. მშრალი ბამბის ქულა დაასველეთ მჟავე მაწონში ან რძეში და სახე გაიწმინდეთ. შემდეგ ბამბის ქულა გამოცვალეთ და სახე კიდევ ერთხელ გაიწმინდეთ. თუ კანი მშრალია, ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით, თუ ცხიმიანია, რძის ან მაწვნის ზედა ფენა დილამდე დაიტოვეთ.



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1021 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები