ორშაბათი, 29.04.2024, 23:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » წესები
15:49
წესები
წესები გუნდებისათვის

სეზონი: 2010 წ.






1.საერთო მდგომარეობანი

1.1 თამაშში მონაწილეობას იღებს 2 გუნდი - „ტელემაყურებელთა გუნდი" (ტელემაყურებლები) და „მოაზროვნეთა გუნდი" (მოაზროვნეები).

1.2 ტელემაყურებლები მოაზროვნეებს უსვამენ კითხვებს. მოაზროვნეებს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევათ ერთი წუთი.
– თუ მოაზროვნეები სწორად პასუხობენ დასმულ კითხვას, ისინი ეუფლებიან ქულას;
– თუ მოაზროვნეთა პასუხი მცდარია, ქულა ერიცხება ტელემაყურებლებს. ქულის გარდა, ტელემაყურებელი, რომლის კითხვაზეც მცდარი პასუხი იქნა გაცემული, ღებულობს ფულად ჯილდოს სპონსორისგან;
– პასუხის სისწორეს განსაზღვრავს თამაშის წამყვანი. საკამათო ან არასაკმარისი კონკრეტიკის შემცველი პასუხის დროს, წამყვანს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს სტუდიაში დამსწრე ნებისმიერ პირს (როგორც წესი, უხუცესებს, სპონსორებს, ექსპერტებს და ა.შ.). ქულის ჩათვლა / არ ჩათვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თამაშის წამყვანი.

1.3 სათამაშო მაგიდა გაყოფილია 12 სექტორად. მოაზროვნეებისთვის დასასმელ კითხვას „განსაზღვრავს" ბზრიალას ისარი. თუ ისარი მიუთითებს იმ სექტორზე, რომელმაც უკვე ითამაშა, მოაზროვნეებს დაესმება კითხვა მომდევნო სექტორიდან, რომელიც გადაითვლება საათის ისრის მიმართულებით;

1.4 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სტუმარი". ამ რაუნდში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს დარბაზში უშუალოდ მყოფი საპატიო სტუმარი (საქართველოში საზოგადოდ ცნობადი ადამიანი ან უცხოეთიდან მოწვეული ცნობილი „ზნატოკი");

1.5 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სუპერბლიცი". ამ რაუნდში თამაშდება 3 კითხვა. სათამოშო მაგიდასთან რჩება მხოლოდ ერთი მოაზროვნე (კაპიტნის გადაწყვეტილებით). წამყვანი უსვამს მოაზროვნეს ტელემაყურებლების კითხვებს, მოაზროვნეს თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევა 20 წამი. სუპერბლიცის სექტორში გასამარჯვებლად მოაზროვნემ სწორი პასუხი უნდა გასცეს სამივე კითხვას;

1.6 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „ბლიცი". ამ რაუნდში თამაშდება 3 კითხვა. რაუნდს გუნდი თამაშობს სრული შემადგენლობით. წამყვანი უსვამს მოაზროვნეებს ტელემაყურებლების კითხვებს, მოაზროვნეებს თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევათ 20 წამი. ბლიცის სექტორში გასამარჯვებლად მოაზროვნეებმა სწორი პასუხი უნდა გასცენ სამივე კითხვას;

1.7 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „ზერო". ამ რაუნდში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს „ბატონი წამყვანი";
– პროგრამის წამყვანს უფლება აქვს გამოაცხადოს სექტორები „სტუმარი" და „ზერო" ნებისმიერ რაუნდში, იმის მიუხედავად რომელ სექტორზე გაჩერდა ისარი.

1.8 თამაში გრძელდება 6 ქულამდე.

1.9 მოაზროვნეებს უფლება აქვთ უპასუხონ დასმულ კითხვას მოსაფიქრებელი წუთის გამოუყენებლად. პასუხის სისწორის შემთხვევაში მოაზროვნეები იღებენ მოსაფიქრებლად „დამატებით წუთს", რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ამავე თამაშის მომდევნო რაუნდებში, ოღონდ არა „გადამწყვეტ რაუნდში".

1.10 თამაშის მსვლელობისას მოაზროვნეებს ერთხელ შეუძლიათ ისარგებლონ „კლუბის დახმარებით". ძირითადი განხილვის წუთის გასვლის შემდეგ გუნდის კაპიტანს შუძლია აიღოს „კლუბის დახმარება";
– „კლუბის დახმარების" აღება არ შეიძლება, როცა მოაზროვნეების გუნდი იგებს ან როცა ანგარიში საყაიმოა, აგრეთვე „გადამწყვეტ რაუნდში", რაუნდებში „ბლიცი" და „სუპერბლიცი";
– კლუბს (ანუ დარბაზში დამსწრეებს) ეძლევა 20 წამი მოთამაშე გუნდის დასახმარებლად. კლუბის წევრები მოაზროვნეების გუნდს სთავაზობენ საკუთარ ვერსიებსა და აზრებს. ამის შემდგომ გუნდმა უნდა გასცეს პასუხი. „კლუბის დახმარებაში" მონაწილეობის მიღება შეუძლია დარბაზში მყოფ ყველა პიროვნებას (გარდა შემოქმედებითი ჯგუფის თანამშრომლებისა და სპონსორების წარმომადგენლებისა).

1.11 მოაზროვნეებს 5 ქულის დაგროვების შემთხვევაში ეძლევათ უფლება ითამაშონ „გადამწყვეტი რაუნდი". ამ შემთხვევაში ანგარიში ხდება 0:0, და სათამაშო მაგიდასთან რჩება მხოლოდ ერთი მოაზროვნე (გუნდის კაპიტნის არჩევანის შესაბამისად). გადამწყვეტ რაუნდში სწორი პასუხი ფასდება 6 ქულით;
– გადამწყვეტ რაუნდში არ შეიძლება არც ”დამატებითი წუთის” და არც ”კლუბის დახმარების” გამოყენება.

1.12 2010 წლის სეზონის ზოგიერთ სერიაში შესაძლოა აღდგეს „მცდარი პასუხისთვის მოთამაშის გაძევების წესი". თუ გუნდმა არასწორად უპასუხა ტელემაყურებლის შეკითხვას, პასუხის გამცემი მოაზროვნე დისკვალიფიცირდება (ტოვებს სათამაშო მაგიდას) მისი გუნდის პირველივე სწორ პასუხამდე. თუ შემდეგ რაუნდში მოაზროვნეებმა კვლავ გასცეს მცდარი პასუხი, გაძევებული იქნება კიდევ ერთი მოპასუხე მოთამაშე და ა.შ. პირველივე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა გაძევებული მოაზროვნე უბრუნდება სათამაშო მაგიდას.

1.13 კლუბის უხუცესები
– კლუბის უხუცესები არიან „ყოფილი მოაზროვნეები", რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ კარიერულ წარმატებას და შეწყვიტეს „რა? სად? როდის?" აქტიური თამაში. უხუცესებს პერსონალურად იწვევს წამყვანი.

1.14 დისციპლინარული სასჯელი
– დარბაზის განმკარგულებლებს გააჩნიათ წითელი ბარათები, რომელიც შეიძლება ნაჩვენები იქნას არაკორექტული ქმედების ან კარნახის (კარნახის მცდელობის) შემთხვევაში;
– დარბაზში მაყურებლის სტატუსით მყოფი მოაზროვნე, რომელიც მიიღებს წითელ ბარათს მაგიდასთან მოთამაშე გუნდისთვის კარნახის ან კარნახის მცდელობისთვის, გაძევებული იქნება დარბაზიდან და ავტომატურად დისკვალიფიცირდება 2012 წლამდე. აღნიშნული მოაზროვნე აღარ დაიშვება არც 2010 წლის დარჩენილ თამაშებზე და არც 2011 წლის კასტინგში;
– დარბაზში მაყურებლის სტატუსით მყოფი პირი, რომელიც მიიღებს წითელ ბარათს მაგიდასთან მოთამაშე გუნდისთვის კარნახის ან კარნახის მცდელობისთვის, გაძევებული იქნება დარბაზიდან და ავტომატურად დისკვალიფიცირდება 2012 წლამდე;
– თუ დისკვალიფიცირებული მოაზროვნის გუნდს უწევს თამაში 2010 წლის სეზონში, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვაკანტური ადგილის სხვა მოაზროვნით შევსების შესახებ.


2. 2010 წლის სეზონის სტრუქტურა

2.1 სეზონი შედგება 3 სერიისგან: გაზაფხულის დიდი სერია, შემოდგომის სერია და ფინალური (ზამთრის) სერია – სულ 21 ტელეგადაცემა.

2.2 გაზაფხულის დიდი სერია (10 ტელეგადაცემა)

2.3 გაზაფხულის დიდი სერიის მონაწილე 6 გუნდს ასახელებს პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი 2010 წლის 1 თებერვლამდე. სერიის დაწყების წინ მათ ენიჭება ადგილები გუნდების მიმდინარე რეიტინგში (შემდგომში - გმრ) 1-დან 6-ის ჩათვლით. გმრ-ს წინასწარ აქვეყნებს პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი.

2.4 სერია შედგება 3 ეტაპისგან პრინციპით: 6 (შესარჩევი თამაში) + 3 (შესარჩევი თამაში) + 1 (ფინალი) = 10. პირველ ეტაპზე ყველა გუნდი მონაწილეობს თითო შესარჩევ თამაშში. მეორე ეტაპზე კიდევ თითო შესარჩევ თამაშს ატარებს 3 გუნდი, რომლებიც პირველი ეტაპის შედეგად, გმრ-ში იკავებენ ადგილებს მესამედან პირველის ჩათვლით. მესამე ეტაპზე (ფინალი) ითამაშებს გუნდი, რომელიც მეორე ეტაპის შემდეგ, გმრ-ში იქნება პირველ ადგილზე.

2.5 სერიის დაწყების წინ გუნდის კაპიტნები ირჩევენ შესარჩევი თამაშების პირველი ეტაპის რიგით მერამდენე თამაშში სურთ მონაწილეობა. არჩევის პრიორიტეტით სარგებლობს კაპიტანი, რომლის გუნდიც უფრო მაღლა დგას გმრ-ში. იგივე წესი მოქმედებს შესარჩევი თამაშების მეორე ეტაპზეც.

2.6 თუ მოაზროვნეთა გუნდი იგებს თამაშს (ნებისმიერი ანგარიშით), ის ავტომატურად აინაცვლებს გმრ-ს პირველ საფეხურზე, ხოლო დანარჩენი გუნდები (რომლებიც გმრ-ში მოცემულ გუნდზე მაღლა იმყოფებოდნენ) დაქვეითდებიან ერთი პუნქტით.

2.7 თუ მოაზროვნეთა გუნდი მარცხდება თამაშში (ნებისმიერი ანგარიშით), ის ავტომატურად ჩაინაცვლებს გმრ-ს მეექვსე საფეხურზე, ხოლო დანარჩენი გუნდები (რომლებიც გმრ-ში მოცემულ გუნდზე დაბლა იმყოფებოდნენ) აღზევდებიან ერთი პუნქტით.

2.8 გაზაფხულის დიდი სერიის დასრულების შემდეგ დგება საბოლოო გმრ. გმრ-ში პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები მოიპოვებენ ფინალურ (ზამთრის) სერიაში თამაშის უფლებას.

2.9 შემოდგომის სერია (5 ტელეგადაცემა)

2.10 შემოდგომის სერია შედგება 4 შესარჩევი თამაშისა და ფინალური თამაშისგან.

2.11 სერიის მონაწილე 4 გუნდს ასახელებს პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფი 2010 წლის 1 ივნისამდე. შესარჩევი თამაშების თანმიმდევრობა დგინდება წილისყრით.

2.12 შესარჩევი თამაშების შედეგად სერიის ფინალში გადის მოაზროვნეების გუნდი, რომელმაც მოუგო ტელემაყურებლებს საუკეთესო შედეგით (უფრო დიდი ანგარიშით). შესარჩევ თამაშებში ერთნაირი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების შემთხვევაში, ფინალში გადის გუნდი, რომელიც სხვებზე ადრე ატარებდა თამაშს.

2.13 შემოდგომის სერიის ფინალურ თამაშში ვლინდება გამარჯვებულის ვინაობა - „ტელემაყურებლები" ან „მოაზროვნეები";
– შემოდგომის სერიის თამაშებში (როგორც შესარჩევი, ასევე ფინალი) დამარცხებული გუნდები აღარ მონაწილეობენ 2010 წლის სეზონის თამაშებში;
– შემოდგომის თამაშებში „გადამწყვეტ რაუნდში" დამარცხებული გუნდის მოთამაშეები არ დაიშვებიან 2011 წლის სეზონის კასტინგში;

2.14 თუ შემოდგომის სერიის შესარჩევ თამაშებში მოაზროვნეთა ყველა გუნდი დამარცხდა, მაშინ ფინალში ითამაშებს კლუბის „უხუცესების" მიერ შედგენილი „ნაკრები", რომელიც დაიცავს კლუბის ღირსებას.

2.15 ფინალური (ზამთრის) სერია (6 ტელეგადაცემა)
– ფინალური სერია შედგება 5 შესარჩევი თამაშისა და ფინალისაგან.
– ფინალურ სერიაში მონაწილეობას იღებენ გაზაფხულის დიდი სერიის გმრ-ს პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები, აგრეთვე შემოდგომის სერიის ჩემპიონი გუნდი + Wild Card-ის პრინციპით დაშვებული გუნდ[ებ]ი.
– ფინალური სერიის პირველ შესარჩევ თამაშს ატარებს ე.წ. „ცნობადი სახეებით" დაკომპლექტებული გუნდი (ეს გუნდი იქმნება გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ);
– ფინალურ სერიაში მოთამაშე დანარჩენი 4 გუნდის თანმიმდევრობა დგინდება წილისყრით.
– Wild Card-ს ანიჭებს პროგრამის წამყვანი (წამყვანს აქვს უფლება მიანიჭოს Wild Card იმ გუნდსაც, რომელსაც არ უთამაშია 2010 წლის სეზონში, ამავე დროს წამყვანს არა აქვს უფლება მიანიჭოს Wild Card შემოდგომის სერიაში დამარცხებულ გუნდს).

2.16 შესარჩევი თამაშების შედეგად სერიის ფინალში გადის მოაზროვნეების გუნდი, რომელმაც მოუგო ტელემაყურებლებს საუკეთესო შედეგით (უფრო დიდი ანგარიშით). შესარჩევ თამაშებში ერთნაირი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების შემთხვევაში, ფინალში გადის გუნდი რომელიც სხვებზე ადრე ატარებდა თამაშს.


3. ინდივიდუალური ჯილდოები

3.1 2010 წლის სეზონის ყველა თამაშში (როგორც შესარჩევი, ასევე ფინალური) „ტელემაყურებელთა ინტერესების დამცველი" ასახელებს დღის საუკეთესო ტელემაყურებელს ანუ საუკეთესო შეკითხვის ავტორს (იმის მიუხედავად, ვინ მოიგო თამაში).

3.2 2010 წლის სეზონის ყველა თამაშში (როგორც შესარჩევი, ასევე ფინალური) „მოაზროვნეთა ინტერესების დამცველი" აჯილდოვებს დღის საუკეთესო მოაზროვნეს (იმის მიუხედავად ვინ მოიგო თამაში).

3.3 თუ მოაზროვნეების გუნდმა გაიმარჯვა გაზაფხულის დიდი სერიის, შემოდგომის ან ფინალური (ზამთრის) სერიების ფინალურ თამაშებში, მაშინ ამ გუნდების შემადგენლობიდან სახელდება სერიის საუკეთესო მოთამაშე. ის ხდება „ბროლის ბუს" მფლობელი, ხოლო სპონსორისგან ჯილდოვდება პრიზით.
– „ბროლის ბუს" მფლობელის ვინაობას ასახელებს პროგრამის წამყვანი.

3.4 თუ ტელემაყურებლების გუნდმა გაიმარჯვა გაზაფხულის დიდი სერიის, შემოდგომის ან ფინალურ (ზამთრის) სერიების ფინალურ თამაშებში, მაშინ სახელდება სერიის საუკეთესო ტელემაყურებელი. ის ხდება „ბროლის ბუს” მფლობელი, ხოლო სპონსორისგან ასევე ჯილდოვდება ფულადი პრიზით.
– „ბროლის ბუს" მფლობელის ვინაობას ასახელებს პროგრამის წამყვანი „ტელემაყურებელთა სპონსორის" წარმომადგენელთან შეთანხმებით.

*- შენიშვნა: 2010 წლის სეზონის განმავლობაში შესაძლებელია წესების შესწორება ან კორექტირება, რაც გუნდებს ეცნობებათ დამატებით.

ყურადღება! 2011 წლის სეზონის წინ მოხდება განვლილი 3 სეზონის გადახედვა-ანალიზი, გაუქმდება უკვე არსებული ტელე-გუნდები, განულდება ნაჩვენები შედეგები, შემცირდება სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა. გუნდების ფორმირება მოხდება ახლიდან და ახალ პრინციპებზე დაყრდნობით.
კატეგორია: არქივი | ნანახია: 1087 | დაამატა: Snookie | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები