სამშაბათი, 30.04.2024, 01:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » წმინდანები II
16:28
წმინდანები II
თამარ მეფე



თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.
თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგებლად. მათ აჯანყებულებს ურჩიეს, წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გაჭრა მანდილოსნების შუამავლობამ და აჯანყებულები დაშოშმინდნენ.

შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებას, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქაელი იყო ანგარებიანი, მექრთამე ადამიანი. სამღვდელოებაშიც გავრცელდა ეს სენი. თამარმა საეკლესიო კრება მოიწვია და მის თავმჯდომარედ იერუსალიმიდან ჩამოაყვანინა ნიკოლოზ გულამბერიძე, კაცი წმინდა და ფრიად განსწავლული. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და მღვდელი გადააყენა და საქართველოს ეკლესიაში სრული წესრიგი დაამყარა.

საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს დაოჯახებულიყო. მეფეც დაჰყვა მათ ნებას. ქმრად ამოურჩიეს რუსი ბატონიშვილი გიორგი (იური რუსი), რადგან ეგონათ, რომ ეს ქორწინება განამტკიცებდა კავშირს საქართველოსა და რუსეთს შორის. თავიდან თამარი უარზე იყო, უცხოსა და უცნობს როგორ მივთხოვდეო, მაგრამ იგი დაარწმუნეს, რომ საქართველოსათვის ეს სიკეთის მომტანი იქნებაო და ჯვარი დასწერეს რუს უფლისწულზე.

საუბედუროდ, გიორგი რუსი მეტად უზნეო გამოდგა. სამეფოს სიკეთეზე სრულიად არ ფიქრობდა, დროს ქეიფში, ლოთობასა და გარყვნილებაში ატარებდა და ცუდ მაგალითს უჩვენებდა თავის ქვეშევრდომებს. თამარი ბევრს ეცადა მეუღლის გამოსწორებას, მაგრამ ვერას გახდა და იძულებული შეიქნა, გაჰყროდა ქმარს და საქართველოდან გაეძევებინა.

თამარმა მეორედ იქორწინა. მან მეუღლედ დავით სოსლანი ამოირჩია. ეს იყო შვილი ოსეთის მბრძანებლისა და ჩამომავლობით ბაგრატიონი. დავითი პატარაობაში დაობლდა და იგი თამარის მამიდამ გაზარდა. ენით, ჩვეულებით, ხასიათით სოსლანი ნამდვილი ქართველი იყო, თანაც თამარი და დავითი პატარაობიდანვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და მოსწონდათ კიდეც ერთმანეთი.

მაგრამ გიორგი რუსი როდი შეურიგდა ბედს. მან დაკარგული ტახტის დაბრუნება მოინდომა და უცხო ჯარით საქართველოს შემოესია, მას მიემხრო თამარზე განაწყენებული ზოგიერთი დიდებულიც. მაგრამ თამარის ჯარმა მოღალატეებს სასტიკი დამარცხება აწვნია და ყველანი ტყვედ ჩაიგდო. მათ შეწყალება ითხოვეს. თამარი მეტად კაცთმოყვარე გულის პატრონი იყო და ყველანი თავთავიანთ მამულებში დააბრუნა, გიორგი რუსი კი გაგზავნა უკან კონსტანტინეპოლში.

როცა თამარმა შინაური საქმეები მოაწყო და სრული მშვიდობა და ერთობა დაამყარა ქართველთა შორის, მოისურვა გარეშე მტრები აელაგმა და დაემორჩილებინა. ამ განზრახვით მან არაერთხელ გაგზავნა ჯარით დავით სოსლანი სპარსეთსა და ოსმალეთში. ქართველი ჯარის ყოველი ლაშქრობა ბრწყინვალე გამარჯვებით მთავრდებოდა. მტერი საშინლად მარცხდებოდა ხოლმე, ქართველები გამარჯვებულნი გამოდიოდნენ ყველა ომიდან და აუარებელ ნადავლს შოულობდნენ. მთელი საქართველო აივსო ნადავლი ოქროთი, ვერცხლით და ყოველგვარი სიმდიდრით.
როგორც ფრიად ღვთისმოყვარე გვირგვინოსანი, თამარი დაუცხრომლად ზრუნავდა ქრისტიანობის გაძლიერებასა და გავრცელებაზე. ყოველი ბედნიერი ლაშქრობის შემდეგ აშენებდა დიდებულ მონასტრებსა და ეკლესიებს ღვთისა და წმინდანების სახელზე, რომელთა მფარველობითა და შეწევნითაც ყვაოდა მისი სამეფო. თამარი ცდილობდა კავკასიელი ხალხების გაქრისტიანებასაც. არაერთი ეკლესია ააგო დაღესტანში, ოსეთსა და ჩერქეზეთში და გაავრცელა ქრისტიანობა თვით მიუვალ კავკასიის მთებში.

სარწმუნოების შემდეგ თამარი ყველაზე მაღლა აყენებდა განათლებას და ძალიან უწყობდა ხელს მწერლობისა და მწიგნობრობის გაძლიერებას. მას ჰყავდა ცალკე მინისტრი განათლებისა, რომელსაც ერქვა მწიგნობართუხუცესი. თამარის დროს გამოირჩეოდა პოეტი შოთა რუსთაველი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი პოემა „ვეფხისტყაოსანი".
თამარ მეფე იყო მეტად კაცთმოყვარე და მიმტევებელი ადამიანი. ამიტომ მან გააუქმა სიკვდილითა და დასახიჩრებით დასჯა, რაც მეტად იყო გავრცელებული ევროპაშიც. დამნაშავეებს ტანჯვა-წამებით კლავდნენ, ან ჭრიდნენ ხელებს, სთხრიდნენ თვალებს. თამარის დროს აიკრძალა ამგვარი რამ. მისი მეფობის პერიოდში არავინ მოუკლავთ და დაუსახიჩრებიათ. ამიტომ იგი მთელს ქართველობას უზომო სიყვარულით უყვარდა.
მაგრამ თამარის ნაზმა აგებულებამ ვერ გაუძლო დიდხანს დაუცხრომელ მზრუნველობას სამეფოსთვის, ხშირად ცხენით სიარულს ლაშქრობის დროს და მოგზაურობას საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში. ჯერ ორმოცდაათი წლისაც არ იყო, რომ გამოაჩნდა მძიმე დედობრივი სნეულება. საუკეთესო ექიმები დაეხვივნენ თავს, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

სარწმუნოებისა და სამშობლოს წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისათვის თამარი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანთა თანა შერაცხა.


დავით გარეჯი


დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემლი.

6000 გარეჯელი მოწამე


დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი").

XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.

გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.

წმ. მამა დავით გარეჯელის საფლავი


XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.

XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.

1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.

XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები.

XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1173 | დაამატა: Snookie | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები