ორშაბათი, 29.04.2024, 21:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » ონფუცი – ყველაზე დიდი ჩინელი, რომლის დაბადება მარტორქამ იწინასწარმეტყველა
01:41
ონფუცი – ყველაზე დიდი ჩინელი, რომლის დაბადება მარტორქამ იწინასწარმეტყველა

კონფუცი (ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ – გ. ძვ. წ. 479) – ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (”მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი – "მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო)

ადამიანთა უმრავლესობისთვის კონფუცი ძალზე ცნობილი სახელია, თუმცა მისი 5 წიგნიდან ერთიც კი ალბათ ცოტას წაუკთხავს. მიუხედავად ამისა 2400 წლის განმავლობაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი მის გამონათქვამებს ხშირად იმოწმებს. ჩინელი ბრძენი საკუთარ აზრებს არასოდეს იწერდა, მხოლოდ წარმოთქვამდა, მღეროდა კიდეც და საკუთარ თავს გიტარის ტიპის სიმებიან საკრავზე აკომპანიმენტს უკეთებდა. სიკვდილის წინ განაცხადა, რომ მის აზრებს ვერავინ იგებდა. გარდაცვალების შემდეგ 3000 მიმდევარი დარჩა. წიგნები, რომლებშიც მისი გამონათქვამებია, სწორედ მათ შეადგინეს.

კონფუცი პირად ცხოვრებაში არც ისე ბედნიერი იყო. ზოგიერთი ცნობით, ცოლსაც კი გაეყარა. ქალებთან ურთიერთობას ერიდებოდა და ამბობდა: ”ქალებთან და სულმოკლე ადამიანებთან ურთიერთობა ძალზედ ძნელია, თუ მათთან ახლოს ხარ ჭირვეულები ხდებიან, დასცილდები და ბუზღუნებენ”.

ჩინელებს მიაჩნიათ, რომ კონფუციზე დიდი დედამიწაზე არ გაჩენილა, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. იყო დრო, როცა კონფუცის 100 000 მიმდევარი ჩინეთის ერთმა იმპერატორმა ცოცხლად დამარხა და მისი წიგნების დაწვის ბრძანება გასცა, მეორემ კი მისი სახლი ტაძრად გამოაცხადა და წმინდა ადგილად აქცია. მისი დაბადების ადგილს დღესაც უამრავი ხალხი ნახულობს. ტაძარში ყოველწლიურად მის რიტუალს ატარებენ. ცერემონიალმაისტერი წარმოთქვამს სიტყვებს, რომლებიც ჩინელებს წმინდად მიაჩნიათ : ” დაე ქვეყნის მმართველმა ქვეყანა მართოს, მამა მამა იყოს და შვილი-შვილი” ეს ერთი შეხედვით გულუბრყვილო ფრაზა იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ტრადიციის მიხედვით უნდა იცხოვროს და მაშინ იქნება ერი ბედნიერი.

ჩინეთში მისი სახელის მქონე არაყი გამოდის და მის მშობლიურ პროვინციაში ყოველ მეოთხეს თავი კონფუცის შთამომავლად მიაჩნია. რამდენიმე წლის წინ ერთი სკანდალიც მოხდა, კონფუცის საფლავი გახსნეს, იქ ვერაფერი აღმოაჩინეს და ეჭვიც კი შეიტანეს იმაში, არსებობდა თუ არა ძვ.დროის უდიდესი ფილოსოფოსი. ჩინელები მას რას არ უმადლიან, ამბობენ, რომ ჩაის სმის სახელგანთქმული დღევანდელი რიტუალიც კი კონფუცის დადგენილია. ეს ცერემონიალი ზუსტი და მკაცრია. მისი რჩევით ფურცლებს ჯერ მდუღარეს ასხამდნენ. პირველი ნაყენის დალევა ცუდ ტონად ითვლებოდა. კონფუცი მეორეს აფასებდა. ჩაის განსაკუთრებული ჭურჭლით სვამდა და ქლიავის ჩირს ან მზესუმზირას ატანდა.

ლეგენდის თანახმად კონფუცის დაბადება მარტორქამ იწინასწარმეტყველა. მას პირით ფირფიტა ეჭირა, რომელზეც წინასწარმეტყველება იყო ამოტვიფრული – ”დაიბადება კრისტალივით სუფთა ბავშვი იმისათვის, რომ დასუსტებული ჩოუს დინასტია გააძლიეროს და გახდეს მეფე სამეფოს გარეშე” იგი მართლაც ჩოუს დინასტიის მმართველობისას ძვ. წ-აღ-ის 551 წელს, ლუს შტატში პატარა ქალაქში დაიბადა.მისი მამა შულიანხე ადგილობრივი მმართველი იყო, დედა ღარიბი, მაგრამ წარჩინებული ოჯახის შვილი. კონფუცის უფროსი და-ძმა ჰყავდა. 3 წლისას მამა გარდაეცვალა, დედა აღარ გათხოვილა

.ამ ტრაგედიამ ოჯახი დიდ გაჭირვებაში ჩააგდო. ამის მიუხედავად კონფუცი მაინც ხალისიანი ბავშვი იყო. 16 წლისამ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანი, რომელიც ერთ დღეს უდიდეს ფილოსოფოსად აღიარეს, საქონელსაც მწყემსავდა, კლერკიც იყო და ბაზრის ზედამხედველიც.

დამოუკიდებელი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა, რადგან მაშინ ადამიანის მდგომარეობას მისი წარმოშობა განსაზღვრავდა. კონფუციმ მამის ადგილი ვერ დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გონიერება მის წარმოშობას კომპენსირებას უკეთებდა. უჭკვიანესმა, ძლიერმა, აღნაგობით მაღალმა კონფუციმ ყველაფერი თვითონ შეისწავლა. იმედი ჰქონდა ეს ცოდნა , როდესმე ოჯახის გამოკვებასა და კარიერში დაეხმარებოდა. იმ დროს ჩინეთში განათლებულად ის მიაჩნდათ, ვინც შემდეგ 6 სფეროში ერკვეოდა: რელიგიური რიტუალების შესრულება შეეძლო, მუსიკაში ერკვეოდა, მშვილდიდან ისროდა, ერთს მართავდა, კითხვა და თვლა იცოდა. კონფუცი თითოეულს ახალგაზრდობაში დაეუფლა.

19 წლისამ ახალგაზრდა გოგონა შეირთო ცოლად სუნის სამეფოდან. ერთ წელიწადში ვაჟი შეეძინათ, შემდეგ – ქალიშვილი. იმ ხანად კონფუცის სხვადასხვა პატარ-პატარა თანამდებობა ეკავა : ფერმებსა და მინდვრებს ზედამხედველობდა. მალე დედა გარდაეცვალა, გლოვის გასვლის შემდეგ მასწავლებლობა გადაწყვიტა. ამავე დროს მსხვერპლშეწირვის ცერემონიალშიც მონაწილეობდა.

სწორედ მაშინ გახდა ცნობილი. კონფუცი ლუს სამეფოს მმართველთთან დაახლოებული და ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გახდა. სასახლის მიღებებს ყოველთვის ესწრებოდა, არისტოკრატებს ეს აღაშფოთებდათ. სამეფოს 3 არისტოკრატი გვარს შორის უთანხმოება მოხდა, დაიწყო ბრძოლა.ლუს მმართველი დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო, მას კონფუციც გაჰყვა.

კონფუცის სკოლაში სხვადასხვა ფენის წარმომადგენელები სწავლობდნენ – არისტოკრატებიც და უიღბლო ადამიანებიც. იგი დიდ გადასახადს არ მოითხოვდა. ზოგიერთი მოსწავლე სწავლების საფასურად მხოლოდ ერთ ნაჭერ დამარილებულ ხორცს სთავაზობდა მასწავლებელს. ეს პერიოდი 10 წელი გაგრძელდა. მას 50 წელი შეუსრულდა და თქვა : ” 50 წლისამ უზენაესის ნების შეცნობა ვისწავლე”.

გადაწყვიტა ადმინისტრაციულ სფეროშიც ეცადა ბედი. 1 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიას მართავდა. მისი მმართველობისას დანაშაული აღარ ხდებოდა. რჩევის საკითხავად მეზობელი სამეფოებიდანაც კი აკითხავდნენ. სასამართლო საქმეებსაც იძიებდა. იგი სამეფოს მთავრის , დინ გუნის, პირველ მრჩევლად დანიშნეს. თითქმის განუსაზღვრელი მძალაუფლება ჰქონდა. გავიდა დრო და დინ გუინი სამეფოზე საერთოდ აღარ ზრუნავდა, ერთი მოცეკვავე ქალი შეუყვარდა და მთელ დროს მასთან ატარებდა.ერთი ინციდენტის შემდეგ არისტოკრატებთან , კონფუციმ თანამდებობაზე უარი განაცხადა და სამეფო დატოვა.

მას შემდეგ სულ დახეტიალობდა. 13 წლის განმავლობაში ჩინეთის 10 სამეფოს მმართველს საკუთარ სამსახურს სთავაზობდა, მაგარმ ამაოდ.
სიცოცხლის ბოლოს კონფუცი მშობლიურ ადგილებში დაბრუნდა. 3 წლის შემდეგ 72 წლისა გარდაიცვალა. მის მიმდევრებს კონფუციანელები უწოდეს, რომლებმაც ჩინეთის ყველა ქალაქში აუგეს მასწავლებელს ტაძარი. კონფუცს ცხოვრების მარტივი პრინციპები ჰქონდა : ნებისმიერი ადამიანის სიყვარული, მშობლების სიყვარული.

როგორი იყო გარეგნულად დიდი ფილოსოფოსი არავინ იცის. ჩინეთში მისი უძველესი ხის ქანდაკებაა შემორჩენილი. ამბობენ, რომ კონფუცის იგი მოწაფეებმა და თანამედროვეებმა დაუდგეს. მისი საუბრებიდან და დისკუსიებიდან კი იქმნება მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც თავი ღირსეულად და ოფიციალურად ეჭირა, ელეგანტური მანერები ჰქონდა, მკაცრიც იყო და გულმოწყალეც, პიროვნება , რომელიც განათლებითა და აზროვნებით საკუთარ დროს საუკუნეებით უსწრებდა.

გთავაზობთ მის რამოდენიმე გამონათქვამს:

ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი, გამოცდილება – ყველაზე ძნელი.

სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო.

უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

იცვალე, რათა შეინარჩუნო – მთავარი პრინციპი.

ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა; არ გამოასწორო შენს მიერ ჩადენილი შეცდომები.

მხოლოდ ნამდვილ ადამიანურ ადამიანს შეუძლია სიყვარული და სიძულვილი.

ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.

ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძველი მეთოდით, რაიმე ახლის აღმოჩენა, ღირსია მასწავლებელი ერქვას.

ადამიანი აფართოებს გზას და არა გზა აფართოებს ადამიანს.

მე გავიგონე და დამავიწყდა.
მე დავინახე და დამამახსოვრდა.
მე გავაკეთე და გავიგე.

რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები.

აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევთ მუშაობა.

ქვეყანაში, რომელსაც კარგად მართავენ, რცხვენიათ სიღარიბის, ხოლო ქვეყანაში, რომელსაც ცუდად მართავენ, რცხვენიათ სიმდიდრის.

ის, რასაც სრულყოფილი ეძებს – თავად მასშია, ის რასაც ეძებს არასრულყოფილი – სხვებში.

შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შესძლებთ.

მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან.

ადრე ხალხი სწავლობდა, რათა სრულ-ეყო საკუთარი თავი. დღესდღეობით კი მხოლოდ იმისთვის სწავლობენ, რომ სხვებთან თავი მოიწონონ.

როგორ შევძლებთ გავიგოთ, რა არის სიკვდილი მაშინ, როცა ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რა არის სიცოცხლე?

ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენ არ გაქვს მაღალი ჩინი. იდარდე იმაზე, იმსახურებ თუ არა მაღალ ჩინს. ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი. შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ.

მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები.

საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება.

განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1150 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები