ორშაბათი, 29.04.2024, 21:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ირაკლი გოგატიშვილი – “ქართულ გვართა ერთი წარმოების გამო”.
14:32
ირაკლი გოგატიშვილი – “ქართულ გვართა ერთი წარმოების გამო”.
საუბარი შეეხება ძველქართულ გვართა მაწარმოებელ ერთ-ერთ სუფიქსს, –თ–ს, რომელიც წარმოშობით არის მრავლობითობა–კრებითობის მაწარმოებელი ელემენტი. იგი გამოიყენება გეოგრაფიულ და საგვარეულო სახელთა საწარმოებლადაც:
გეოგრაფიული: მესხ–ეთ–ი, კახ–ეთ–ი, სვან–ეთ–ი, ჰერ–ეთ–ი და სხვ.
გვარები: ფაჩუ–ეთ–ი (მე–12 ს. კორიდეთის საბუთები), აბესლამ-ეთ-ი, გორგაძ-ეთ-ი, გვიან-ეთ-ი, ვაშან-ეთ-ი, ვასას-ეთ-ი, ზაქი-ეთ-ი, თევთი-ეთ-ი, კანჯარ-ეთ-ი, კეჟერ-ეთ-ი, მეფუტკრ-ეთ-ი, ჩავლა-ეთ-ი, ჯარდენ-ეთ-ი, ტიბორ-ეთ-ი, ცხადი-ეთ-ი, სიკალ-ეთ-ი, ვაცი-ეთ-ი, დოლი-ეთ-ი, გოგლა-ეთ-ი, თავხელ-ეთ-ი, გოგან-ეთ-ი და სხვ. (ტბეთის სულთა მატიენე: 12-17 ს.ს.)
საინტერესოა, რომ ამ წყაროებში მოხსენიებულ გვართა ერთი ნაწილი სხვაგვარად ბოლოვდება დღესდღეობით:
ფაჩუ–ეთ–ი –– ფაჩუ–ა–შვილი
დოლ-ი–ეთი–ი ––> დოლ-ი–ძე
თავხელ–ეთი–ი ––> თავხელ–ი–ძე
ვაშან–ეთ–ი ––> ვა(რ)შან–ი–ძე
ცხად–ი–ეთ–ი ––> ცხად–ა–ძე
ვაც–ი–ეთ–ი ––> ვაც–ა–ძე
და სხვ.
თვით ტბეთის მატიანეში, არაერთი გვარი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ბოლოსართით ფიქსირდება. მაგალითად უფრო ძველი – (ე)თ დაბოლოებიანი გვარები მოგვიანებით –ძე–თი, ან შვილ–ით ბოლოვდება.
მესხეთში (კერძ. სამცხესა და შავშეთში) დღემდეა შემონახული ამგვარი წარმოება გვარებისა. ი. მაისურაძე მიხეილ თამარაშვილზე (თამარათი) დაყრდნობით შემდეგ მესხურ გვარებს იხსენიებს:
ტლუკაანთი, ბაღინაანთი, ჯიგნიანთი, ორბელიანთი, გოდიკაანთი, თუმანიანთი, ხუციანთი, ხოჯოანთი, ვარამანთი, დავითიანთი, გაბანთი, ნავროზანთი, თამარათი (იხ. ი. მაისურაძე: ქართული გვარ–სახელები – თბ. 1990)
თავად ი. მაისურაძე უმატებს მესხურ გვარებს: კაჟილოტი||კაჟილოთი (წარმოშობით ახალციხიდან) და გოჟილათი (წარმოშობით ახალციხიდან). ორივე გვარს ფუძედ საკუთარი სახელის კნინობითი ფორმა უდევს.
კაჟ–ა –> კაჟ–ილ–ო –> კაჟილო–თ–ი
გოჯ–ა –> გოჟ–ილ–ო –> გოჟილ–ათ–ი
შდრ. მამ-ა –> მამ–ილ–ო, დედ–ა –> დედ–ილ–ო, გიგ-ა||გიგ–ი –> გიგ–ილ–ო, გივ–ი –> გივ–ილ–ო და სხვ.
შავშეთში:
ზუბიენთი, მჭედლიენთი, თეთრიენთი, ბეზგიენთი, მიღმიენთი, მოლიენთი, ბახმიენთი, გორგიენთი, გოჩიენთი, დაბელიენთი (სოფ. ბაზგირეთი)
კულულიენთი, იბისიენთი, გორგვიეთი, ჭივიეთი, კოვიეთი, კორტოხიენთი, ილემიენთი (სოფ. უბე)
გოგიანთი, აბრამიანთი, მეგრელიანთი, ჯმუხიანთი, რევაზიანთი (სოფ. ხევწვრილი)
და სხვ.
ჩემი აზრით, მსგავსი წარმოების გვარებს უნდა განეკუთვნებოდეს: ღლონტი და ჟღენტი. სამწუხაროდ, ამ გვართა უადრესი ხსენების შესახებ მასალები არა მაქვს, შესაძლოა ღლონტი–ს ძირი იყოს ღლავი (თევზის სახეობა. ღლავ–ეთ–ი –> ღლოენთი –> ღლონტი. შდრ. კალმახ–ი–ძე, თევზ–ა–ძე), ხოლო ჟღენტისა –– ჯიხა (მეგრ.–ლაზ.: ციხე. ჯიხ–ეთ–ი –> ჯიხენთი –> ჯღენტი||ჟღენტი. შდრ. ციხ–ის–ელ–ი, ციხ–ელ–ა–შვილ–ი). ჯიხ– –> ჯხ- –> ჯღ- ი–ს ჩავარდნისა და ხ–ს გამჟღერების შედეგად.
ზოგიერთ შემთხვევაში, -თ||–ტ დაბოლოებიანი გვარები თავად ქცეულა გვარის ფუძედ:
ხუბუ–ტი–ა, ჩხ–ეტ–ი–ა, ჩხ–ეტ–ი–ან–ი, ჩხ–ეტ–ი–ძე (–>ჩხეიძე), გოგ–იტ–ი–ძე, ჩიქუ–ტი–ძე (შდრ. ჩიქუ–ან–ი) და სხვ.
ჩხეტ- ძირი მიმაჩნია ადგილის სახელ ჩიხა–დან მომდინარედ:
ჩიხ–ა –> ჩიხ–ეთ–ი||ჩიხ–ეტ–ი –> ჩხეტი –> ჩხეტ–ი(ს)–ძე –> ჩხეიძე
ჩხეტიძე იყო გვარად აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ (†1578).
ჩიხა ზემო იმერეთის უძველესი ტოპონიმია და უნდა აღნიშნავდეს ციხეს (შდრ. ძ’იხ–ე (ქართ.–ზან.) – ჯიხა (მეგრ.–ლაზ.) – ციხე (ქართ.)). აქ იყო არგვეთის მთავართა რეზიდენცია. დღეს, სოფელი საჩხერეში. ჩიხა–დან არის ნაწარმოები ზემოიმერული გვარი ჩიხ–ელ–ი–ძე (ჭიათურა, კაცხი).
აქვე საინტერესოა ლაზეთის მონაცემებიც: მიხეილ პანარეტის "ტრაპიზონის ქრონიკაში” მოხსენიებულია ტრაპიზონის სამეფოს წარჩინებული გვარები (სავარაუდოდ ლაზური წარმოშობის): ტზანიხიტი (ჭანიხიტი?), მაზიმატი (შდრ. მაზმიშვილი), კომახიტი (შდრ. კომახიძე აჭარაში), კავაზიტი (დღემდე შემორჩა ლაზეთში კავაზ- ძირის გვარი, კავაზ-ეფ-ე, ანუ კავაზ-ებ-ი-ს ეძახიან). დღესაც არის ამგვარი წარმოება შემონახული. მაგ. ვალერ–იტ–ი (სოფ. შამგული, არტაშენთან)… ამჯერად გაურკვეველია, აქ ბერძნული სუფიქსი გვაქვს, თუ ქართველური, მაგრამ სრულებით შესაძლებელია აქაც -თ||-ტ დაბოლოებასთან გვქონდეს საქმე…

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1453 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები