ორშაბათი, 29.04.2024, 21:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » იბერიის მეფეები – Kings of Iberia (ძვ. წ. IV-III სს – ა.წ. 537 წ).
14:35
იბერიის მეფეები – Kings of Iberia (ძვ. წ. IV-III სს – ა.წ. 537 წ).

ლეონტი მროველი – ცხოვრება ფარნავაზისი რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი.


მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.

ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა.

ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: "შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ”.

და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: "შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა.

და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წარსლვა ასპანისა. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსლვა. მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ჴელი მისი, მოჰჴოცა ცუარი პირსა მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკჳრდა, და თქუა: "სიზმარი იგი, ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი”.

ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.

ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქჳთა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამთარღჳა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მას. და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი.

მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თჳსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი საჴედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა. ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა.

მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: "მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა, და არს ჩემთანა ხუასტაგი დიდ-ძალი. აწ ინებო, რათა მით ხუასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩუენ ძმა და ვიჴმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთა-ვე. გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი”.

მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: "აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ. რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან”.

მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა, და რომელი შესაძლებელ იყო განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედა-ცა და დანი მისნი მისთანა. და მივიდა ქუჯის თანა და რქუა მას ქუჯი: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი”.

მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა.

მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა.

ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი. და მას-ვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა.

ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს.

ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერის-თავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწდეს ორგნით-ვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.

და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონის-ცა, და იქმნა სიმდიდრე გარდარეული.

ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა იგი ერის-თავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.

მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.

ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.

და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.

მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.

მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.

მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.

მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა.

ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.

ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.

და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი.

ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოჴრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.

და ვერ-ღა-რა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა.

და ამან-ვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთჳს აღმართებულისა.

ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.

ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისა — წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.

ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.

და რათგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ რომელ შესწირიან კერპსა მსხუერპლად. იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათჳს ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: "ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიჴადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქუელითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა.

ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.

და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.

და მოკუდა ფარნავაზ, და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1228 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები