სამშაბათი, 30.04.2024, 00:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ფილოსოფიური წერილები2.
16:50
ფილოსოფიური წერილები2.

სისხლიანი ცრემლები და წლები, მხატვარი ზურა ბალანჩივაძე.


სიკვდილი და სიცოცხლე

"არავინ იცის, რა არის სიკვდილი, და არის თუ არა იგი უდიდესი სიკეთე ადამიანისათვის, მიუხედავად ამისა, მისი ეშინიათ, თითქოსდა იციან, რომ იგი უდიდესი ბოროტებაა”
პლატონი

"ყველამ იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ რაკი ის მოახლოებული არ არის, არავინ მის შესახებ არ ფიქრობს”
არისტოტელე

"ბოროტებათაგან უსაშინლესი – სიკვდილი – ჩვენ სრულიად არ გვეხება, რადგან როცა ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როდესაც სიკვდილი არის, ჩვენ აღარ ვართ. ასე რომ, იგი სრულებით არ ეხება არც ცოცხლებს, არც მკვდრებს, რადგან პირველთათვის იგი არ არსებობს, მეორენი კი უკვე აღარ არსებობენ”.
ეპიკურე

"სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”.
გოდერძი ჩოხელი

"სიცოცხლე ცვლაა… ყველაფერი ცვლაა… ამ ცვლაში არა რჩება რა… რჩება?! მაგრამ მისი ხელშეხება ძნელია… სიცოცხლის სიტკბო კი ეს ხელშეხებაა”.
გრიგოლ რობაქიძე

"ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს, სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო, სიცოცხლე და ა.შ., მაგრამ ვერვინ ვერ წაართმევს სხვას მის სიკვდილს”.
ჰაიდეგერი

"უმაღლესი და დიადი სიბრძნე, რომელსაც ადამის ძემ შეიძლება მიაღწიოს, ისაა, რომ ყოფნას არავითარი უპირატესობა არ გააჩნია არყოფნასთან, სიცოცხლეს – სიკვდილთან”.

"ეჭვი და გაკვირვება ფილოსოფიის დასაბამია, სიკვდილი კი – მისი მარადიული მუზა”.
ნაპო კვარაცხელია

გურამ რჩეულიშვილის ფილოსოფიურ-ექსისტენციალური ესსეს "სიკვდილი მთებში”, მთავარი გმირი ალფრედ კურელა ცოლ-შვილთან ერთად ხევსურეთში მოგზაურობს. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მისი მეუღლე იღუპება. ალფრედ კურელა "თხემით-ტერფამდე” ჭეშმარიტი გერმანელია, თავდაჭერილი, გაწონასწორებული. მას სიკვდილი არ აშინებს და ცივი გონებით აღიქვამს მომხდარს: "ჰო, სამწუხაროდ, არ იყო ავად, არ იყო მოხუცი, იჯდა ცხენზე ბედნიერი, მხიარული, თავის საყვარელ ქმარ-შვილთან ახლოს, საუბრობდა და უცებ მოხდა ყველაფერი. ეს უკვე მოხდა. ამას ვთვლი მე ერთ-ერთ ბედნიერ სიკვდილად, თუ შეიძლება ასე დაერქვას სიკვდილს”.
სულ რამდენიმე წუთის წინ მისი სიცოცხლით სავსე მეუღლე მასთან ერთად ტკბებოდა ცადაზიდული, ბუმბერაზი მთების მკაცრი სილამაზით, მასთან ერთად სახავდა მომავალი მოგზაურობის გეგმებს და ასეთი სიმშვიდე?
"რა ყოჩაღი ხალხია, კაცო, ქართველი ალბათ თავს მოიკლავდა მის ადგილას”, უკვირთ ქართველებს, "ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერი გრძნობა; მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები”.
უფრო საკვირველი ის იყო, რომ მათი პატარა შვილიც არ განიცდიდა დედის სიკვდილს: "ჩვენ ასე გავზარდეთ შვილები; მოკვდა, ესე იგი მოკვდა… … მკვდარს რას უშველი მაგითი? ვერაფერს. სიკვდილი ხომ სიცოცხლესთან ერთად იბადება. მე ასე მწამს, შვილები უფრო მკაცრად აღზარდეთ, მაგ პრინციპით”.
ავტორს გარკვეულწილად მოსწონს მომხდარისადმი გერმანელი მწერლის დამოკიდებულება, რომელიც ყველანაირად იკავებს თავს, რომ თავისი დარდით სხვა არ შეაწუხოს. შესამოწმებელია მხოლოდ ერთი რამ: როდესაც კურელა მარტო დარჩება საკუთარ თავთან, საყვარელი მეუღლის მოგონებასთან, მის სულთან, როდესაც მოიხსნის ნიცშესეულ ნიღაბს, რას იზამს მაშინ, გაუმკლავდება კი სიკვდილის ძალას? ქალაქში დაბრუნებული ალფრედ კურელა სასტუმროს ნომერში "იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზედაც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული. გურამმა რაღაც იგრძნო ტკივილივით: იქით ოთახიდან ხმამაღლა ქვითინი მოისმა. სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა”.
სიკვდილს ვერაფერი დაამარცხებს! მის წინაშე ყველა თანასწორია.
სიკვდილის პრობლემა ფილოსოფიაში ერთ–ერთი უმთავრესი, შეიძლება ითქვას, კლასიკური თემაა. ანტიკურ ფილოსოფიაში უკვალოდ გაქრობის საშიშროების, სიკვდილის გონივრული გააზრების ცდა სოკრატესთანაა მოცემული. იგი რადიკალურად უდგება სიკვდილს და თვლის, რომ სიკვდილი სიცოცხლის უარყოფა არ არის. სიკვდილი სულის გაყრაა სხეულთან, მისი გათავისუფლებაა საპყრობილედან, სადაც იგი მიწიერი ცხოვრების მანძილზე იმყოფებოდა. ეს მართლაც რომ სიკეთეა, ან ტკბილი მარადიული ძილი.
პლატონის კონცეფციაში სიკვდილი ძილი არ არის; ძილი სიცოცხლეა. თავისუფლდება რა სხეულისაგან, სული ჭეშმარიტებას სწვდება, ბევრად უკეთ აზროვნებს, ესმის და გრძნობს, ვიდრე სხეულის ტყვეობაში ყოფნის დროს. ადამიანს შეუძლია "ბედნიერად დაასრულოს თავისი დღენი”, ანუ მოიპოვოს უკვდავება, თუკი ჩაუღრმავდება, მიმართავს თავის სულს და თავად შექმნის ისეთ წანამძღვრებს, სულს რომ მისცემს შესაძლებლობას დაუბრუნდეს ღვთაებრივ ბუნებას.
სიკვდილის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს სტოიციზმი. სტოელების აზრით, ყოველ დღეს სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ეს ტრაგიკული წამი მიზნად არ უნდა დავისახოთ, არ უნდა მივისწრაფვოდეთ მისკენ. ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თავად სიცოცხლე შეიცავს სიკვდილს. "ამიტომ საბედისწერო ჟამთან მიახლოება მხოლოდ პროცესია, რომლის დროსაც სიკვდილმა თავი აუცილებლად უნდა იჩინოს. იგი ისევე აღმოცენდება სიცოცხლისაგან, როგორც კოკორიდან ყვავილი.
"სიკვდილი – ჭეშმარიტად გენიოსი – სულის ჩამდგმელია, ან ფილოსოფიის მუზაგეტია”, აღნიშნავდა არტურ შოპენჰაუერი. მისი აზრით, მარადიული განსვენება რომ არ იყოს, ფილოსოფიაც არ იარსებებდა – საკუთარი არსებობის სასრულობას რომ განიცდის ადამიანი, იგი თავისთავს უღრმავდება და ყოფიერების საიდუმლოებებზეც ფიქრდება.
ნეტარი ავგუსტინე ასე ახასიათებს ადამიანის არსებობას სიკვდილის წინაშე: დაწყებული იმ წამიდან, როდესაც ჩვენ მოკვდავ სხეულში აღვმოჩნდებით, ადამიანი მიდის იმ გზით, რომელსაც სიკვდილთან მივყევართ. სიკვდილი მისთვის ერთი წლის შემდეგ უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ერთი წლის წინ, ხვალ უფრო ახლოს იქნება, ვიდრე გუშინ ან დღეს, რამოდენიმე ხნის შემდეგ უფრო ახლოს, ვიდრე ახლა და ახლა უფრო ახლოს, ვიდრე ერთი წუთის წინ. ყოველდღე მცირდება მანძილი ადამიანსა და სიკვდილს შორის.
რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? სიკვდილის შიშის ახსნისას მიშელ მონტენი წიგნში "ცდები” იშველიებს მითოლოგიური პერსონაჟის ტანტალოსის მაგალითს. ტანტალოსი ღმერთებმა იმით დასაჯეს, რომ იგი თოკზე მობმული მოათავსეს დიდი კლდის ქვეშ. ტანტალოსი ყოველ წამს განიცდიდა შიშს, რომ თოკი გაწყდებოდა და იგი გაიჭყლიტებოდა. ასეთივე მდგომარეობაშია, მონტენის აზრით, ადამიანი – იგი მთელი ცხოვრება სიკვდილის შიშის ქვეშ იმყოფება და არ იცის როდის გაიჭყლიტება მისი სიმძიმით. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ თავი დააღწიოს ამ შიშს, გათავისუფლდეს ამ შიშზე ფიქრისაგან? მონტენი შემდეგ გამოსავალს გვთავაზობს: "ჩვენს დაბადებასთან ერთად დაიბადა ჩვენთვის მთელი სამყარო და, ზუსტად ასევე, მთელი სამყარო ჩვენს სიკვდილთან ერთად მოკვდება. ამიტომ ჩვენთვის ტირილი იმის გამო, რომ ასი წლის შემდეგ აღარ ვიქნებით, ისეთივე სიბრიყვეა, როგორც მოთქმა-გოდება იმის გამო, რატომ ასი წლის წინ არ ვცხოვრობდითო. სიკვდილი ახალი სიცოცხლის დასაბამია”. ე.ი. სიკვდილი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია და სწორედ მასში უნდა გამჟღავნდეს ცხოვრების საზრისი?
"დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი” (კონსტანტინე გამსახურდია, "დიდოსტატის მარჯვენა”).
კონსტანტინე გამსახურდიამ ნოველაში "ზარები გრიგალში” "იდეალური სიკვდილის” გენიალური სურათი დახატა: მნათე ოქროპირას მთელი ცხოვრება იმედში ცხოვრება იყო, რადგან არასოდეს ქონია იგი. მნათე ნებაყოფლობითი მგლოვიარეც იყო, რადგან არ ეკუთვნოდა იგი ამ ქვეყანას, ამ სინამდვილეს. იმ დიდ ხუთშაბათს, როდესაც ყოფილი მნათე სამრეკლოზე ავიდა, რათა ზარები ჩამოერეკა, მოვარდა ქარი, ეძგერა სამრეკლოს, შეარყია, შეატორტმანა და მნათესთან ერთად მიწაზე დაანარცხა. "ეს იყო: მოვიდნენ მეზარის საფლავზე ათასი წლების მიცვალებულნი. იტირეს, იგლოვეს, ვინც გლოვად არ ღირდა და ვისი სიცოცხლე მთლად იყო გლოვა… არ ვიცი, სად წაიყვანეს მნათე ოქროპირას საბრალო სული. ჩემთვის ეკითხათ. მე ვიტყოდი: ასწიეთ ადამიანი მაღლა, სულ მაღლა და დასვით მნათე ოქროპირ შემოქმედის მარჯვენა მხარეს, რადგან სიბნელეში დაბრმავებულმა ერთხელ მაინც იგრძნო აღტაცება და ექსტაზში დაიღუპა”.
"იდეისათვის სიცოცხლე-სიკვდილი ადამიანს ბედნიერს ხდის”, აღნიშნავდა გოეთე.
ლევ ტოლსტოის აზრით, "თუ სიცოცხლე სიკეთეა, სიკვდილიც სიკეთეა, რადგან იგი აუცილებელი პირობაა სიცოცხლისა”; ან "თუ სიკვდილი საშინელია, ამის მიზეზი ჩვენშია და არა სიკვდილში, რამდენადაც უკეთესია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ეშინია მას სიკვდილისა”. ეშინოდა თუ არა თავად ტოლსტოის სიკვდილის? თომას მანს ამის თაობაზე მეტად საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული: ტოლსტოი იასნაია პოლიანადან სიკვდილს გაექცა, რადგან იგრძნო, რომ მიქელ გაბრიელმა მოაკითხაო. გაექცა, მაგრამ მას სიკვდილი გზაში, რკინიგზის ერთ პატარა სადგურში მაინც დაეწია.
სიკვდილის ფენომენი მეტად თავისებურად და საინტერესოდ არის გააზრებული ექსისტენციალიზმში, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში. ექსისტენციალიზმის ყველა წარმომადგენლისათვის ფილოსოფიის მთავარ პრობლემას არსებობის პრობლემა წარმოადგენს. გამოყოფენ პრობლემათა რიგს, რომლებიც ექსისტენციასთან ანუ ჭეშმარიტ არსებობასთან არის დაკავშირებული: მარტოობა, უიმედობა, ადამიანური არსებობის "კრახი”, მისი ყოფიერება სიკვდილისათვის და სხვა. ამ მიმდინარეობისათვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის, თუ როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს "მე” და აქედან – სამყაროს, რომელიც ყოველთვის ჩემია და უჩემოდ უაზრობაა. არსებობა არის ყოფიერება სამყაროში, სამყარო კი არსებობის ჩარჩოებია.
ადამიანის სტრუქტურა, როგორც "სამყაროში ყოფნა” არის შიში. შიში ჩვეულებრივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით შიში სიკვდილის წინაშე. ადამიანი არასოდეს განიცდის სხვის სიკვდილს. სიკვდილი, ისევე როგორც არსებობა, ყოველთვის ჩემია. ადამიანის არსებობა არის სიკვდილის წინა ყოფნა. ადამიანი განიცდის შიშს იმიტომ, რომ ის არ არის თავის "სახლში”, იგი არის "სამყაროს ყოფნაში”, სადაც ძრწოლვას განიცდის. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჰაიდეგერის გაგებით, ადამიანი კი არ განიცდის შიშს, არამედ მისი (ადამიანის) არსებობა თვით არის შიში. ე.ი. ადამიანისათვის შიში გარეგანი რამ კი არ არის, არამედ შინაგანი. ანალოგიურია სიკვდილიც. იგი ყოფიერების თავისებური ფორმაა და არსებობას თავიდანვე ახასიათებს – "დაიბადა თუ არა ადამიანი, ის უკვე საკმაოდ მოზრდილია სიკვდილისათვის”. ამიტომ ადამიანი ვერ გაექცევა სიკვდილს, იგი თავიდანვე გადასროლილია სიკვდილში. სიკვდილი არ ემართება ადამიანს, იგი მისი არსებითი მომენტია.
როგორ ცდილობს ადამიანი სიკვდილის შიშისაგან თავის დაღწევას? იგი გარბის თავის თავიდან და თავშესაფარს საზოგადოებაში ეძებს. აქ იგი ხდება ისეთივე, როგორც ყველა, არაფრით გამოირჩევა სხვებისაგან; ისევე როგორც ყველა სხვა, ისიც დადის სამსახურში, კითხულობს გაზეთებს, ესწრება კინოსეანსებს, სპექტაკლებს და სხვების დარად ისიც მსჯელობს მათზე; სტუმრობს მეგობრებს, უყურებს ტელევიზორს; როგორც ყველა სხვა, განიცდის სიამოვნებას, კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას, ანუ ადამიანი ითქვიფება სხვა ადამიანებში, კარგავს ინდივიდუალობას და გადაიქცევა ჩვეულებრივ საშუალო, უპიროვნო ადამიანად. ასეთი არსებობა ადამიანისათვის დამამშვიდებელია, მაგრამ სიკვდილის წინაშე შიშს მაინც ვერ ძლევს და უბრალოდ თავს იქცევს, ვიდრე სიკვდილი ეწვევა. საიდუმლოება კარგავს მნიშვნელობას. ადამიანი უკვე აღარ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი არსებობის წინაშე. იგი თავისუფლდება თავისი არსებობისაგან. ყველა არის "სხვები” და არავინ არის "ის თავად”. ლაყბობა, ცნობისმოყვარეობა, თვალთვალი, დასმენა… სწორედ ეს არის ადამიანის ყოველდღიური არსებობა საზოდადოებაში. ეს ამშვიდებს ადამიანს. ყოველდღიური ადამიანური არსებობისათვის სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ "შემთხვევაა”. სამყაროში ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიღაც კვდება. სიკვდილი ყველაზე ხშირი ფაქტია ამ ქვეყანაზე. ექსისტენციალისტები თვლიან, რომ სწორედ სიკვდილის მომენტში ვლინდება ადამიანის ჭეშმარიტი "მე”, სწორედ მაშინ შეიცნობს იგი სიღრმისეულად საკუთარ თავს და სამყაროს მთლიანად. უპიროვნო ადამიანი სხვის სიკვდილს არ განიცდის, ეს მას არ ეხება. მან იცის, რომ "სხვები” კვდებიან, მაგრამ "ვიღაცა, მე ხომ ჯერ არა, მე მერე, ოდესმე”. ეს "მე ჯერ არა”, გარკვეულწილად, არის თავის დამშვიდება სიკვდილის წინაშე.
ექსისტენციალიზმის წარმომადგენლები მიუთითებენ ლევ ტოლსტოის მოთხრობაზე "ივან ილიას ძის სიკვდილი”, სადაც სიღრმისეულად არის განხილული ადამიანის ძრწოლვა სიკვდილის წინაშე. ლოგინად ჩავარდნილმა, განუკურნებელი სენით დაავადებულმა ივან ილიას ძემ იცის, რომ მალე უნდა მოკვდეს, მაგრამ მაინც არ უნდა. ის ვერ იჯერებს ამ რეალობას. მას ახსენდება გიმნაზიაში ნასწავლი სილოგიზმი – "ყველა ადამიანი მოკვდავია; კაიუსი ადამიანია, ე.ი. კაიუსი მოკვდავია”. იგი ამ სილოგიზმს ყოველთვის ჭეშმარიტებად თვლიდა, მაგრამ მხოლოდ ვიღაც კაიუსისათვის და არა მისთვის, ივან ილიას ძისათვის. ასე გაურბოდა სიკვდილთან შეხვედრას ივან ილიას ძე, მაგრამ სიკვდილმა მასაც მიაკითხა და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ იგი "კაიუსი” ხდებოდა. ეს კი ტანჯავდა მასაც და მის ახლობლებსაც. იგი ვერ ხვდებოდა, ვერ აცნობიერებდა, როგორ იარსებებს სამყარო მის გარეშე, ვისთვის ამოვა მზე, ვისთვის გაიშლება ყვავილი, ისე, როგორც მას ვის ეყვარება დედა, ცოლი, შვილები… ეს შეუძლებელია! ანუ "სამყარო ყოველთვის ჩემია და ჩემს გარეშე უაზრობაა!”
მაგრამ რეალობა იმარჯვებს – სიცოცხლე შობს სიკვდილს. ადამიანი სიკვდილს ვერ გაექცევა, ეს მისი ცხოვრების ლოგიკური დასასრულია. ესაა მხოლოდ, რომ იგი ვერ ეგუება ამ აზრს, მის გარეშე ცხოვრებას იგონებს და ამით თავს იმშვიდებს, რადგან სიკვდილი ისეთი ღირებულებაა, რომელზე დაფიქრებაც კი აგონიას, დარდს, შეშფოთებას იწვევს. ძნელია სძლიო მას. მაგრამ, ალბათ, აუცილებელია, გავითავისოთ და გავაცნობიეროთ, რომ "ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში” (ეკლესიასტე, 3.1).

გოდერძი ჩოხელი "სიკვდილთან ღრეობა”
ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავში დღესასწაულზე "საუცხოო გარეგნობის ყმაწვილი კაცის სახით”, "ტანზე გაზაფხულის პეპელაის ფერის სამოსელით” მოსული სიკვდილი ადამიანებს მის სიკეთესა და აუცილებლობაში არწმუნებს: "იცი რა, დედი, მე კი არ გკლავთ, თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. მე ვასრულებ იმას, რაც უნდა მოხდეს, ანდა ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია … აუცილებლობა კი სრულიად არ გამორიცხავს შემთხვევითობას… მოდი, მანამ ცოცხალი ვარ, დაივიწყეთ სიკვდილი; იცით, თუ გინდათ, ერთ საიდუმლოს გეტყვით: დღეს მარტო ჩემი მოკვლა შეგიძლიათ, თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ, უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოცხლე. აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული…”
თემის ერთ-ერთი წევრის ჯღუნას მიერ ცეკვის დროს სიკვდილის მოკვლამ ადამიანებში დიდი წუხილი და სინანული გამოიწვია. ბერი ტირილით დაეკონა სიკვდილს და გულიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი… შავოსანმა დედაბერმა კი ხმით დაიტირა… სასწრაფოდ გათხარეს მიწა და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენეს სიკვდილი, მერე ზემოდანაც ყვავილები დააყარეს და დიდხანს ვერავინ ბედავდა მიწის მიყრას.
"მეორე დღით კი ამოვიდა მზე, ოღონდ იქიდან კი არა, საიდანაც ამოდიოდა ხოლმე, გუშინდელი საფლავიდან ამოვიდა, აიწია, აიწია და საშუადღეოდ დაჯდა ცაზე”.
გოდერძი ჩოხელი კითხვებზე რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? პასუხობს: სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა, სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
ასეთი სიკვდილი აღდგომის ტოლფასია, ასეთია მწერლის დასკვნა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 3530 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები